Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-164-160-2016 28 ივლისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

პირველი კასატორი – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტო" (საქმე N2/178-15 მოპასუხე, საქმე N2/334 მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ზ" (საქმე N2/178-15 მოსარჩელე, საქმე N2/334 მოპასუხე, მეორე კასატორი)

წარმომადგენელი - ზ. ფ-ე

პირველი კასატორის მიერ გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება

მეორე კასატორის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსა” (შემდეგში სააგენტო, შემკვეთი, მოსარჩელე ან პირველი კასატორი) და შპს ,,ზ- ს” (შემდეგში საწარმო, მოპასუხე, მენარდე ან მეორე კასატორი) შორის, 2012 წლის 24 ივლისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №ეტ 2 ხელშეკრულება (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ.1, ს.ფ. 17-25; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი).

2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით, მის საგანს წარმოადგენს ოკაცეს კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ხოლო 3.2. პუნქტით, ხელშეკრულების ღირებულება 4 850 000 (ოთხი მილიონ რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარია.

3. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2013 წლის 19 ივნისამდე, წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების 4.6, 5.1, .5.2 პუნქტებით განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენა შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის (ფორმა #2) და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის (სპეციალისტის ცნობის) საფუძველზე. სამუშაოს შესრულება განხორციელდებოდა „მიმწოდებლის“ (მენარდის) მიერ წარმოდგენილი, მხარეთა შეთანხმებით დამტკიცებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (დანართი # 3 - სამუშაოების შესრულების გრაფიკი). სამუშაოს შესრულების გრაფიკში ცვლილების შეტანა შესაძლებელი იქნებოდა ურთიერთშეთანხმებით, წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მოტივირებული წერილობითი ინიციატივის საფუძველზე.

4. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის (შემდეგში სამთავრობო კომისია) 2013 წლის 2 სექტემბრის სხდომის #3 ოქმის მიხედვით, კომისიამ სააგენტოს მისცა რეკომენდაცია, უზრუნველეყო მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება 2014 წლის 1 ივნისამდე (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ.1, ს.ფ. 38-39) .

5. სამთავრობო კომისიამ, 2013 წლის 18 დეკემბრის №5 ოქმის მიხედვით, გასცა რეკომენდაცია მენარდის გათავისუფლების შესახებ, ყველა იმ პირგასამტეხლოს გადახდისაგან, რომელიც მას დაუგროვდა 2013 წლის 18 დეკემბრამდე, 2012 წლის 24 ივლისის ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, მხოლოდ იმ პირობით, თუკი ობიექტის მშენებლობას დაასრულებდა 2014 წლის 1 ივნისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სრულად უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო. იმავე კომისიამ გასცა რეკომენდაცია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართვის შესახებ. პროექტში ცვლილებების შეტანა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ხოლო სამშენებლო პროცესების პარალელურად, დამატებით ყველა საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი - საბოლოო პროექტის წარდგენა მოხდებოდა. კომისიამ მშენებლობის დასრულება 2013 წლის 19 ივნისისათვის მიიჩნია შეუძლებლად და გასცა რეკომენდაცია, სამუშაოთა შესრულების ვადა განსაზღვრულიყო 2014 წლის 1 ივნისამდე (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ.1, ს.ფ. 45-36) .

6. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა შემკვეთმა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 ივნისი.

7. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ვალდებულება, 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულებით, იკისრა შპს ,,გ- მა” (შემდეგში ზედამხედველი კომპანია - იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ.1, ს.ფ. 48-56) .

8. ზედამხედველი კომპანიის 2014 წლის 29 სექტემბრის წერილში მითითებულია: ”მშენებლობის პროცესში თავი იჩინა რიგმა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა, რამაც მშენებლობის მიმდინარეობა საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული მოცულობების მიხედვით გახადა შეუძლებელი“ (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 57-58).

9. მხარეთა შორის 2014 წლის 21 მაისს გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო იმავე წლის 2 ივნისს მენარდემ აცნობა შემკვეთს, რომ 1 ივნისს დამთავრებული იყო სამშენებლო სამუშაოები, მოითხოვა წარმომადგენლების მივლენა შესრულებულ სამუშაოთა ჩასაბარებლად (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 129-131).

10. იმავე წლის 7 ივნისს შეკრებილმა სამთავრობო კომისიამ დააფიქსირა გარკვეული ხარვეზები და შეუსრულებელი სამუშაოები, რომელთაგან ნაწილს, პროექტი არ ითვალისწინებდა. ზედამხედველ კომპანიას დაევალა, მენარდისათვის განესაზღვრა გონივრული ვადა სამუშაოების საბოლოოდ დამთავრებისთვის, რაც დადგინდა კიდეც და 40 კალენდარული დღე მიეცა მენარდეს (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 138-140, 166).

11. მენარდემ ხარვეზები აღმოფხვრა და სამუშაოები საბოლოოდ დაასრულა 2014 წლის 31 ივლისს.

12. შემკვეთმა, 2014 წლის 29 დეკემბერს, სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა, ამ უკანასკნელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 887 180 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ასოთხმოცი) ლარის დაკისრება, სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე, ასევე, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 53-ე მუხლის შესაბამისად (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 1-16).

13. მენარდემ არ ცნო სარჩელი და შესაგებელში აღნიშნა, რომ ობიექტის სრული საპროექტო დოკუმენტაცია არ გადაუცია მისთვის შემკვეთს, ხოლო პროექტის გარეშე საწარმო ვერ იწყებდა საქმიანობას, რაც, თავის მხრივ, საავანსო გარანტიის დაგვიანებით წარდგენის მიზეზი გახდა. მენარდე თვითონ ათანხმებდა პროექტს საპროექტო ორგანიზაციასთან. ამ ფაქტებს ადასტურებს მენარდის არაერთი წერილი, მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის წერილი, სამთავრობო კომისიის ოქმი. რეალურად, სამუშაოები მენარდემ დათქმულ ვადაში, ანუ 2014 წლის 1 ივნისს დაასრულა, რასაც ადასტურებს მისივე 2 ივნისის წერილი შემკვეთისადმი. დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური დათვალიერების აქტიდან ირკვევა, რომ სამუშაოები დასრულებულია, ხოლო რიგი გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად, განისაზღვრა 40 დღე. სამუშაოების დასრულების ვადად 2014 წლის 31 ივლისის მიჩნევის შემთხვევაშიც, პირგასამტეხლოს დაანაგარიშება უნდა მოხდეს არა პირვანდელი ვადის (2013 წლის 19 ივნისი), არამედ საბოლოოდ განსაზღვრული 2014 წლის 1 ივნისიდან, სამუშაოთა დასრულების ვადის გათვალისწინებით.

14.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, შემკვეთის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მენარდეს დაეკისრა 116 400 (ასთექვსმეტი ათას ოთხასი) ლარის გადახდა, ასევე, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3 492 (სამი ათას თხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი.

15. რაიონულმა სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად იხელმძღვანელა სსკ-ის 398-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით, სსსკ-ის 53-ე მუხლით.

16. სასამართლოს მსჯელობა შეეხო იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მართალია, შეუსრულებელ სამუშაოთა ნაწილს არ ითვალისწინებდა პროექტი და ამ სამუშაოთა შესრულება აუცილებელი გახდა მშენებლობის მსვლელობისას, თუმცა, 2014 წლის 1 ივნისისათვის შესრულებული სამუშაოების ჩაუბარებლობა სახეზე იყო. მენარდემ სამუშაოები საბოლოოდ დაასრულა 2014 წლის 31 ივლისს.

17. სასამართლომ, სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებზე მითითებით, დაასკვნა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.04%-ის პირგასამტეხლოს გადახდაზე. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა, ხოლო მისი მიზანი - კრედიტორის დარღვეული უფლებების აღდგენა. მოსარჩელემ მიზანშეწონილად ჩათვალა ვალდებულების შესრულების ვადა გაეზარდა მოპასუხისათვის და შეუთანხმდა მოპასუხეს სამუშაოთა შესრულების ახალ ვადაზე. აღნიშნული ვადის განსაზღვრას წინ უძღოდა სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია და სხვა წანამძღვრები, რაც გამომდინარეობდა სამუშაოების შესრულებისას გამოვლენილი სირთულეებიდან. ამდენად, პირგასამტეხლოს განსაზღვრა და ვადაგადაცილებული დღეების ათვლა სამუშაოების შესრულების პირვანდელი თარიღიდან არაგონივრული იყო და პირგასამტეხლო, 2014 წლის 1 ივნისიდან იმავე წლის 31 ივლისამდე დაანგარიშებით უნდა განსაზღვრულიყო.

18. სასამართლომ, ასევე იმსჯელა, გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებაზეც და აღნიშნა, რომ მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის წერილი (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი) შეიცავდა მითითებას სამუშაოების შესრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ, რაც უკავშირდებოდა გაუთვალისწინებელ გარემოებებს, რამაც, თავის მხრივ, საპროექტო დოკუმენტაციაში მითითებული მოცულობების მიხედვით, მშენებლობის მიმდინარეობა შეუძლებელი გახადა.

19. სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ, შეიძლება მოთხოვილი იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

20. სასამართლომ მიიჩნია, რომ გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენა განპირობებული იყო მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ახალი საჭიროებებით და არ არსებობდა ხელშეკრულების 14.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

21. წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტიის დაგვიანებით წარდგენის გამო დასაკისრებელ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის (2014 წლის 1 ივნისი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.04%-ის დაკისრება სრულიად უზრუნველყოფდა პირგასამტეხლოს მიზანსა და ფუნქციას. ამდენად, გარანტიის წარდგენის დაგვიანების ნაწილში, პირგასამტეხლოს დამოუკიდებლად დაანგარიშება არ უნდა მომხდარიყო და ამ თვალსაზრისით პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო.

22. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

23. შემკვეთმა შემდეგ საააპელაციო პრეტენზიებზე მიუთითა:

23.1.ხელშეკრულების 11.4. პუნქტით, მენარდე, წინასწარი ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, წარედგინა წინასწარ გადასახდელი თანხის საბანკო გარანტია, რაც მან 35 კალენდარული დღის დაგვიანებით შეასრულა,რითაც დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

23.2. შესაბამისად, ხელშეკრულების 14.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0, 04 %, რაც 35 დღეზე გაანგარიშებით (35 X 1940 ლარი) შეადგენს 67 900 (სამოცდაშვიდი ათას ცხრაასი) ლარს;

23.3. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები მენარდეს 2013 წლის 19 ივნისამდე უნდა დაესრულებინა, რაც არ მოხდა. მან 2014 წლის 31 ივლისს დაასრულა მშენებლობა, რის გამოც, სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებამ შეადგინა 407 დღე, ხოლო ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლომ - 789 580 (შვიდას ოთხმოცდაცხრა ათას ხუთას ოთხმოცი) ლარი.

23.4. მოპასუხემ, ასევე, დაარღვია ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკი, რაც დასტურდება მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის 2014 წლის 29 სექტემბრის წერილით (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).

23.5. საბოლოოდ, მოპასუხის მიერ გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლომ 594 დღეზე (594 X 50 ლარი) შეადგინა 29 700 (ოცდაცხრა ათას შვიდასი) ლარი. ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, მენარდეს გადასახდელი აქვს 887 180 (რვაას ოთხმოცდაშვიდი ათას ასოთხმოცი) ლარი, საიდანაც დაკმაყოფილებული 116 400 (ასთექვსმეტი ათას ოთხასი) ლარის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნამ 770 780 (შვიდას სამოცდაათი ათას შვიდას ოთხმოცი) ლარი შეადგინა (იხ. შემკვეთის სააპელაციო საჩივარი საქმეზე # ას-933-883-2015, ტ. 2, ს.ფ. 219 -229).

24. მენარდის სააპელაციო პრეტენზიები შემდეგ გარემოებებს ეხება:

24. 1. სასამართლომ არასწორად ცნო დადგენილად ის ფაქტი, რომ მენარდეს 2014 წლის 1 ივნისისათვის სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებია. ეს მსჯელობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან, გაურკვეველია, თუ რა სამუშაო შეასრულა მენარდემ და კონკრეტულად რა სამუშაო დარჩა შესასრულებელი;

24.2. შემკვეთის პოზიცია, თითქოს მენარდეს შეუსრულებელი დარჩა კიდული ბილიკების ვიდეო კონტროლისა და საზოგადოებრივი ტუალეტის ბიოტალის გამწმენდი ნაგებობა, გააქარწყლა დაკითხული ექსპერტის ჩვენებამ. 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც შემკვეთმა ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები. თუკი, 2014 წლის 3 სექტემბერს შესრულებული სამშენებლო სამუშაოები არ მოიცავდა ბიოტალის გამწმენდ ნაგებობას და ბილიკების ვიდეო კონტროლს, მაშინ 2014 წლის 1 ივნისს, ეს სამუშაოები იყო არა შეუსრულებელი სამუშაო, არამედ პროექტიდან ამოღებული სამუშაოები, რომელიც არ უნდა შესრულებულიყო. მშენებლობის განმავლობაში მრავლად იყო პროექტის ზეპირსიტყვიერი ცვლილებები, რასაც ადასტურებს მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის 2013 წლის 3 ივლისის წერილი;

24.3. სასამართლო, ერთი მხრივ, იზიარებს მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის წერილს, რომლის მიხედვითაც დაფიქსირებულია გარკვეული შეუსრულებელი სამუშაოები, რომელსაც პროექტი არ ითვალისწინებდა, თუმცა, საერთოდ არ მსჯელობს ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური დათვალიერების 2014 წლის 8 ივნისის აქტზე, ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ შეუსრულებელი სამუშაოები საერთოდ არ იყო და სახეზე იყო მხოლოდ მცირე ხარვეზები;

24.4. სამუშაოებს, რომელსაც პროექტი არ ითვალისწინებდა, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა დამატებითი დრო. სასამართლო არასწორად განმარტავს 2014 წლის 31 ივლისს მენარდის მიერ სამუშაოების დამთავრების თარიღად, როდესაც მენარდემ დაასრულა არა სამუშაოები, არამედ დაასრულა ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო სამუშაოების დაუსრულებლობა და ხარვეზიანი სამუშაოს შესრულება, ხელშეკრულების თანახმად, განსხვავდება ერთმანეთისგან, აღნიშნულ ვადაში მენარდეს არ უნდა დაჰკისრებოდა პირგასამტეხლო;

24.5. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რა სამუშაოს შესრულების ვადა დაირღვა, ასევე, არასწორად განმარტავს და ერთმანეთში ურევს ხარვეზების აღმოფხვრის ვადასა და სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებას; ერთი მხრივ, იგი იყენებს მშენებლობაზე ზედამხედველი საწარმოს წერილს და ადასტურებს, რომ შემკვეთმა განუსაზღვრა მენარდეს ხარვეზების აღმოფხვრისათვის დრო, მეორე მხრივ, აღნიშნულ ვადაში მაინც აკისრებს პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების 9.5. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელს ხარვეზების ან ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის შემსყიდველის მიერ განესაზღვრა გონივრული ვადა. გონივრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს 14.3. პუნქტით დაეკისრება პირგასამტეხლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილ თითოეულ დღეზე 50 ლარის ოდენობით“. აღნიშნული პუნქტები მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს და განმარტეს, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება სამუშაოს შეუსრულებლობა და ხარვეზიანი შესრულება. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და ხელშეკრულება. მენარდემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შემკვეთის ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა (იხ. მენარდის სააპელაციო საჩივარი საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 2, ს.ფ. 205 -214).

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, მენარდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, საწარმოსათვის, სააგენტოს სასარგებლოდ, 116 400 ლარის დაკისრების ნაწილში უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შემკვეთის სააპელაციო განაცხადი და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მენარდეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით - 420 980 ლარის ანაზღაურება. იმავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაანაწილა მხარეთა მიერ ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟი.

26. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის სამართლებრივი ნორმებით შეაფასა (სსკ-ის 629-ე მუხლი) და, სსკ-ის 639-ე, 641.1-ე, 642.1-ე, 649-ე, 652-ე მუხლებზე მითითებით, იმსჯელა, რომ თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა; ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. სასამართლომ საქმეში განთავსებული მტკიცებულებების საფუძველზე, კერძოდ, ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური დათვალიერების აქტის (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015, ტ. 1, ს.ფ.166), სააგენტოს თავმჯდომარისადმი მშენებლობაზე საზედამხედველი კომპანიის 2014 წლის 10 ივნისის წერილით (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ.138-140), სააგენტოს თავმჯდომარისადმი მენარდის 2014 წლის 30 ივლისის მიმართვით (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ.146-147) დაადგინა, რომ 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოები იყო ხარვეზიანი, რაც მთლიანად აღმოიფხვრა მხოლოდ 2014 წლის 30 ივლისისათვის (კერძოდ, შესრულდა 17 ერთეული სამუშაო). სასამართლომ დაასკვნა, რომ მენარდემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - 2014 წლის 1 ივნისს შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება (ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის დასრულებული მშენებლობა).

27. სააპელაციო სასამართლომ საპროექტო ჯგუფის - შპს ”ლ.დ.იუნიონის” დასკვნებითა და შეთანხმების აქტებით იმსჯელა, რომ ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის საპროექტო დოკუმენტაციასა და ხარჯთაღრიცხვაში, 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტის პერიოდში შევიდა კორექტირება. მათ შორის, კიდული გადასახედი პლატფორმის მშენებლობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების ღონისძიებების გასატარებლად, ნაცვლად სამონტაჟო ვერტმფრენის გამოყენებისა, დადგინდა დროებითი გზის მოწყობა სამშენებლო მოედნამდე დიდგაბარიტიანი ფოლადის კონსტრუქციების ტრანსპორტირებისათვის. დროებითი გზის ხარჯთაღრიცხვა და საპროექტო ორგანიზაციის დასკვნა თან ახლდა შეთანხმების №5 აქტს (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 88-96)

28. შემკვეთისადმი მენარდის 2013 წლის 15 მარტის წერილში დაფიქსირებულია, რომ ვერ ხერხდება ობიექტებამდე მისვლა უგზოობის გამო, ასევე, არ მიუღიათ ვიზიტორთა ცენტრის დეტალური პროექტი, რის გამოც, უწევთ მშენებლობის წყვეტილად წარმოება და, ხშირ შემთხვევაში, გაკეთებულის შეცვლა. გარდა ამისა, ზედამხედველი კომპანიისაგან მიიღეს მკაცრი გაფრთხილება, რომ იმუშაონ მხოლოდ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოს მიღება არ მოხდება (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 118). აღნიშნულ წერილზე სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 2 მაისის პასუხში დაფიქსირებულია, რომ შემკვეთი არ იზიარებს მენარდის პრეტენზიებს იმ მიზეზით, რომ საპროექტო ორგანიზაციამ არაერთხელ გადაუგზავნა მას სრული პროექტის ელ. ვერსიები, მათ შორის, პროექტის ცალკეული ნაწილები, მოთხოვნისამებრ. რაც შეეხება, დროებითი გზის მოწყობას, 2013 წლის 22 მარტის №5 შეთანხმების აქტის თანახმად, გზის გაყვანა მენარდის ვალდებულებას წარმოადგენდა. მშენებლობის საერთო ხანგრძლივობას ეფექტურად განსაზღვრავდა მისი ორი ობიექტის (პანორამული გადასახედი და კიდული ბილიკები კანიონში) მშენებლობის ხანგრძლივობა. ამ ორი ობიექტის მშენებლობა უნდა წარიმართოს პარალელური მეთოდით ისე, როგორც იყო დაგეგმილი. რაც შეხება დანარჩენ ობიექტებს, როგორიცაა საფეხმავლო ბილიკი და საკონტროლო გამშვები პუნქტი, მათი მშენებლობის ვადები ვერ იმოქმედებს მთლიანი სამუშაოების განხორციელების ვადებზე მათი მცირე მასშტაბების გამო (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 120).

29. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის № 002237814 დასკვნით (შემდეგში საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა) ირკვევა, რომ 2014 წლის 14 თებერვლის მდგომარეობით, ჩატარდა მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების შუალედური შეფასება და დადგინდა, რომ სამუშაოების მოცულობების მიხედვით, საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 534 829.05 ლარი. (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 158-161).

30. სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2014 წლის 21 მაისს, შემკვეთსა და მენარდეს შორის, გაფორმდა 2 534 829.05 ლარის სამუშაოთა შესრულებაზე შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 167).

31. სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 2 ივნისს, სააგენტოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა მენარდე საწარმოს დირექტორმა და აცნობა, რომ 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, დამთავრებულია ობიექტის ინფრასტრუქტურის სამუშაოები და, შესრულებული სამუშაოების ჩაბარების მიზნით, წარმომადგენელთა მივლინება მოითხოვა. გარდა ამისა, მენარდემ აღნიშნა, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დეტალურ მოცულობებს და ღირებულებებს, შემკვეთს დასამტკიცებლად წარუდგენდა ორი კვირის ვადაში, რის შემდეგაც გააფორმებდნენ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებს (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 130-131).

32. ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური დათვალიერების აქტში დაფიქსირებულია, რომ 2014 წლის 8 ივნისს, შემოწმების მომენტისათვის ძირითადი სამუშაოები დამთავრებულია, რომელიც მოიცავდა: ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, მასზე დამაგრებული ეზოს კეთილმოწყობით; საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობას, ასევე, მის გარშემო არსებული ტერიტორიის პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანით; საზოგადოებრივი ტუალეტის აგებას, მასთან დაკავშირებული ყველა კომუნიკაციის შესრულებით; მდინარე ოკაცეს ხეობაში დაღმავალი და აღმავალი ლითონის კიბეების მოწყობას; კანიონის გასწვრივ კიდული კონსოლური ბილიკებისა და ლითონის ელემენტებისაგან შედგენილი ჰორიზონტალური ბაქნების მონტაჟს; ასაწყობი კონსტრუქციის ლითონის 36 მ-იანი გადასახედი პლატფორმის აგებას (დღეის მდგომარეობით სრულდება სამღებრო სამუშაოები); ზემოხსენებული ობიექტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბუნებრივი თლილი ქვებისაგან შედგენილი 3000 მ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს პროექტით მოცემულ მოთხოვნებს, თუმცა, 7 ივნისს დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დროულ აღმოფხვრას (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 166).

33. სააგენტოს თავმჯდომარისადმი ზედამხედველი კომპანიის 2014 წლის 10 ივნისის წერილში მითითებულია, რომ ამ უკანასკნელმა ჩაატარა ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე მშენებლობის ტექნიკური დათვალიერება. შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს პროექტით მოცემულ მოთხოვნებს, თუმცა, დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები და შეუსრულებელი სამუშაოები საჭიროებს დროულ აღმოფხვრას. წერილში დაფიქსირებულ სამუშაოთა (40 ერთეული სამუშაო) შესასრულებლად, მისი მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, მენარდეს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რაც უნდა განისაზღვროს 40 კალენდარული დღით (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 138-140).

34. სააგენტოს თავმჯდომარისადმი მენარდის 2014 წლის 30 ივლისის მიმართვაში დაფიქსირებულია, რომ შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი ხარვეზები, დღეის მდგომარეობით, მენარდის მიერ მთლიანად აღმოფხვრილია (შესრულდა 17 ერთეული სამუშაო). რაც შეეხება შეუსრულებელ სამუშაოებს: ავტოსადგომის გაფართოება, გამშვები პუნქტის ტერიტორიის შემოღობვა, კიდულ ბილიკებზე და გადასახედზე ვიდეო კამერების და ხმოვანი სიგნალის მოწყობა, რეინჯერთა თავშესაფარის მოწყობა წყაროსთან, ვიზიტორთა ცენტრის სახურავზე წყალშემკრებ ძაბრში ელექტროსპირალების მოწყობა, კიდულ ბილიკებზე უჟანგავი ლითონის ბადეების მოწყობა, ბაქნის გადახურვა კარბოლუქსის ფილებით, ეს სამუშაოები არის სრულიად ახალი (არ ითვალისწინებს პროექტი), მათი საჭიროება გამოიკვეთა პროექტის დასრულების შემდეგ და მათი განხორციელება მოითხოვს როგორც პროექტირებას, ასევე დამატებით დაფინანსებას. (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 146-147).

35. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5004054414 დასკვნით დადგენილია, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ჩატარდა ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, მენარდის მიერ დასრულებულ სამუშაოებზე, მეორე ეტაპის შეფასება და დადგინდა, რომ სამუშაოების მოცულობების მიხედვით, საერთო ღირებულებამ შეადგინა 2 371 814,44 ლარი (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 ტ. 1, ს.ფ. 162-165). დადგენილია, რომ 2014 წლის 3 სექტემბერს, შემკვეთსა და მენარდეს შორის, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, გაფორმდა 4 850 000 ლარის სამუშაოთა შესრულებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015, ტ. 1, ს.ფ. 168).

36. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2015 წლის 5 მარტის სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის - ა. ნატროშვილის განმარტება, რომ არსებობდა ძირითადი პროექტი მშენებლობის წარმოებისათვის. ვინაიდან თავიდან შეუძლებელი იყო ვანტური ბილიკების მოწყობის ადგილების დეტალური ნახვა და ბილიკების მიმაგრების ზუსტი ადგილების დაფიქსირება, თავდაპირველ პროექტში ცვლილება სწორედ ამ სახით შევიდა, დაზუსტდა მიმაგრების ადგილები. რაც შეეხება სხვა ობიექტებს, მათთან მიმართებაში შევიდა უმნიშვნელო ცვლილებები, ძირითადად, მასალის ხარისხთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებმა და დაზუსტებებმა განაპირობა ხელშეკრულების შესრულების ვადის ერთი წლით გადაწევა, რაც გონივრული და საკმარისი იყო სამუშაოს დასრულებისათვის. დამატებითი ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა სეზონური შეზღუდვები ამინდის თვალსაზრისით.

37. სსკ-ის 417-418-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ იმსჯელა, ხელშეკრულების 14.1 პუნქტისა და ამავე ხელშეკრულებაზე, 2014 წლის 06 სექტემბრის დამატებითი შეთანხმების შესახებ (ტ.1, ს.ფ.40), რომლითაც ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 ივნისი და დაასკვნა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 31 ივლისისათვის, რითაც ვალდებულების საბოლოო შესრულებას გადააცილა 60 კალენდარული დღით (2014 წლის 1 ივნისიდან იმავე წლის 31 ივლისამდე). ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 60 დღის პირგასამტეხლო შეადგენს 116 400 ლარს (60 X 1940=116400), რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკისრა კიდეც მენარდეს, შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების თაობაზე მენარდის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

38. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2014 წლის 30 იანვრის შეთანხმების აქტით (იხ. საქმეზე # 933-883-2015, ტ. 1, ს.ფ. 98), მენარდემ იკისრა ვალდებულება, 2014 წლის 1 ივნისამდე ობიექტის მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, სრულად გადაეხადა 2012 წლის 24 ივლისიდან - 2013 წლის 18 დეკემბრამდე არსებული ყველა პირგასამტეხლო, მათ შორის, პირგასამტეხლო საბანკო გარანტიის წარმოდგენა-დაგვიანებისათვის და სხვადასხვა სამუშაოებზე გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის. მხარეთა შორის სადავო არაა საბანკო გარანტიის 35 კალენდარული დღის დაგვიანებით წარდგენის ფაქტი. სასამართლოს დასკვნით, სსკ-ის 417-418-ე მუხლებისა და 2012 წლის 24 ივლისის ხელშეკრულების 14.1 პუნქტის შესაბამისად, შემკვეთის მოთხოვნა ამ პერიოდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, რაც უნდა დაკმაყოფილდეს და, მის სასარგებლოდ, მენარდეს უნდა დაეკისროს საბანკო გარანტიის წარდგენის ვადაგადაცილების გამო, 35 დღის პირგასამტეხლოს - 67 900 ლარის (35 X 1940=67 900) გადახდა.

39. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 4 850 000 ლარის - 0,04% გონივრული იყო, საბანკო გარანტიის წარდგენის ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი, მისი შემცირების მოტივით, არ გამომდინარეობდა სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნებიდან.

40. სასამართლო, აღნიშნულ დასკვნამდე, მივიდა შემდეგი ფაქტების გაანალიზებით: დადგენილია, რომ თავდაპირველად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2013 წლის 19 ივნისი. სასამართლოს მსჯელობით, ამ დროის შემდეგ, ყოველი დღე, სამუშაოს სრულად დასრულებამდე, ვადაგადაცილებულად ჩაითვლებოდა, თუკი მხარეები სხვა ვადაზე და პირობებზე არ შეთანხმდებოდნენ.

41. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 იანვრის წერილობითი შეთანხმებით მხარეებმა განსაზღვრეს ახალი პირობა, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 ივნისამდე, მენარდის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ობიექტის მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში, მენარდე გადაიხდიდა 2012 წლის 24 ივლისიდან - 2013 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა პირგასამტეხლოს. ვინაიდან, მენარდემ, 2014 წლის 1 ივნისამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად ვერ შეასრულა, იმავე წლის 30 იანვრის წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული პირობისა და სსკ-ის 417-418-ე მუხლების საფუძველზე, მას, შემკვეთის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 2013 წლის 19 ივნისიდან - 2013 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდის - 182 დღის - ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო - 353 080 ლარი (182 X 1940 ლარი).

42. სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის (მოსარჩელის) მოთხოვნა სამუშაოს დასრულების ვადის გადაცილებისათვის 2013 წლის 19 ივნისიდან - 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდისათვის 407 დღის პირგასამტეხლოს მენარდისათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან 2014 წლის 30 იანვრის წერილობითი შეთანხმებით მხარეებმა განსაზღვრეს კონკრეტული, საბოლოო თარიღი - 2013 წლის 18 დეკემბერი, რა დრომდეც უნდა მომხდარიყო ძველი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.

43. სასამართლომ 2013 წლის 18 დეკემბრიდან - 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

44. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-4, მე-5, 103-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. შემკვეთის ამ მოთხოვნაზე მსჯელობისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების შინაარსით ირკვევა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს ცალკეული ეტაპის მიღება-ჩაბარება განხორციელდებოდა ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი მასალებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად. გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი (მენარდე) ვალდებული იყო, სამი კვირის ვადაში გაესწორებინა არსებული ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი, დარღვეულ პერიოდზე (სამი კვირა) სრულად გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ გაცდენილ დღეზე 50 ლარს. მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული (ცალკეული) სამუშაოს შესრულების ჩამორჩენას, რის გამოც შემკვეთის მოთხოვნა, მენარდისათვის დამატებით 594 დღის პირგასამტეხლოს - 297 000 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ.

45. სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის (მოპასუხის) მტკიცება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაში დასრულდა და ცალკეული ხარვეზების არსებობა და შემსყიდველის მიერ მათ აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა არ წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს. სასამართლომ, სსკ-ის 361.2, 639-ე და 642-ე მუხლების შესაბამისად, დაასკვნა, რომ მენარდის მიერ ვალდებულება შესრულებულად რომ ჩაითვალოს 2014 წლის 1 ივნისამდე, შემკვეთისათვის წარდგენილი უნდა ჰქონდეს ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ანუ მის მიერ შესრულებული სამუშაო უნდა იყოს ხარვეზების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, მის მიერ განხორციელებული შესრულება ვერ მიიჩნევა ჯეროვნად. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელ დაცვას, რომელიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. ნარდობის ხელშეკრულებისას, სწორედ შესაბამისი ხარისხის ნივთის გადაცემა ჩაითვლება ჯეროვან შესრულებად, რაც მენარდის მიერ არ მომხდარა.

46. სასამართლომ დაასკვნა, რომ კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2014 წლის 31 ივლისს, რაც დასტურია იმისა, რომ მენარდემ ვალდებულება ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას არ შეასრულა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

47. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების დადასტურების შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების 14.3 მუხლის საფუძველზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარი და არა ხელშეკრულების ღირებულების, 4 850 000 ლარის 0,04%, რაც დღეში 1940 ლარს შეადგენს. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნების გამოვლენის შემოწმების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველ გაცდენილ დღეზე - 50 ლარის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო გეგმა-გრაფიკის დარღვევის, ანუ სამუშაოს ცალკეული ნაწილის (ერთული სამუშაოს) შესრულების ჩამორჩენის შემთხვევაზე, თუკი სამი კვირის ვადაში არ გამოსწორდებოდა არსებული ჩამორჩენა და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოს (ხელშეკრულების საგანი) დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისათვის.

48. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. დადგენილია, რომ მენარდემ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ ობიექტებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ უგზოობისა და ამინდის გაუარესების გამო, ასევე არაერთხელ შეიცვალა მშენებლობის პროექტი, ხოლო ვიზიტორთა ცენტრის დეტალური პროექტი მათთვის წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც, უწევდათ მშენებლობის წყვეტილად წარმოება და, ხშირ შემთხვევაში, უკვე გაკეთებულის შეცვლა. ამ ფაქტის დასადასტურებლად, მენარდე შემოიფარგლა შემკვეთისათვის მიწერილი წერილებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის განმარტებით. სადავო გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

49. სასამართლომ არ გაიზიარა მენარდის მითითება იმის თაობაზე, რომ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო უამინდობით, ვინაიდან, რაიმე სახის მტიცებულება უამინდობისა და ამ მიზეზით მშენებლობის შეფერხების დასადასტურებლად, მას არ წარუდგენია.

50. ასევე არ იქნა გაზიარებული, მენარდის მითითება ვანტური ბილიკების მშენებლობისათვის მისასვლელი გზის მოწყობის დაყოვნებაში შემკვეთის ბრალეულობის შესახებ, ვინაიდან, მოპასუხეს არც ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის და მხოლოდ მითითება, ასევე, მენარდის მიერ გაგზავნილი წერილები, სადაც დაფიქსირებულია ამის თაობაზე, არ იყო საკმარისი.

51. სასამართლომ საქმეზე დართული, 2012 წლით დათარიღებული ობიექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტზე მიუთითა (არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი) იმის დასტურად, რომ პროექტი, მათ შორის, ვიზიტორთა ცენტრის პროექტი, არსებობდა და მენარდე ვალდებული იყო, ამ პროექტის ფარგლებში ემუშავა. გარდა ამისა, სასამართლომ რაიონულ სასამართლოში სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის განმარტებაზეც გაამახვილა ყურადღება (იხ. 36-ე პუნქტი).

52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა 2013 წლის 19 ივნისიდან - 2014 წლის 1 ივნისამდე, დამატებით განსაზღვრულ პერიოდში, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებაში მისი ბრალეულობის გამომრიცხველი გარემოებები, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა მენარდის სააპელაციო საჩივარს და გამორიცხავდა მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ხოლო შემკვეთის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებით, მის სასარგებლოდ მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო - 420 980 ლარი.

53. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც შემკვეთმა, ისე მენარდემ (იხ. საქმეზე # 933-883-2015, ტ.2, ს.ფ. 336-346; ს.ფ. 351- 358);

54. შემკვეთი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირგასამტეხლოს დარჩენილი ნაწილის - 349 800 (სამას ორმოცდაცხრა ათას რვაასი) ლარის დაკისრებას მენარდისათვის, შესაბამისად, სააპელაციო წარმოებაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 7000 (შვიდი ათას) ლარის ანაზღაურებას.

55. მენარდე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ნაწილობრივ, კერძოდ, მისი სარეზოლუციო ნაწილის 1-8 პუნქტებს, მენარდისათვის როგორც 116 400 (ასთექვსმეტი ათას ოთხასი) ლარის დაკისრების ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ დამატებით დაკისრებული 420 980 (ოთხასოცი ათას ცხრაას თხმოცი) ლარის ნაწილშიც.

56. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებებით წარმოებაშია მიღებული ორივე საკასაციო განაცხადი, ამასთან, დასახელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია საქმე # ას-164-160-2016, სადაც მოსარჩელეა მენარდე, რომლის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ მოპასუხეს (სააგენტოს) სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა 42 680 (ორმოცდაორი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი, რაც უცვლელად დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით. ამ საქმეზე კასატორია - სააგენტო, რომელიც ითხოვს მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას. სააგენტო, ასევე, ასაჩივრებს მისთვის მენარდის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - პირველ ინსტანციაში 1280.40 და სააპელაციო სასამართლოში - 1758. 45 ლარის დაკისრებასაც.

57. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო იმავე წლის 6 მაისის განჩინებით, საქმე # ას- 933-833-2015 გაერთიანდა საქმესთან # ას- 164-160-2016 ერთ წარმოებად, სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე და ამ უკანასკნელი რეგისტრაციის ნომრით მიმდინარეობს წარმოება; ამასთან, გაერთიანებულ საქმეზე საკასაციო საჩივრები ცნობილია დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა„ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ხოლო 14 ივნისის განჩინებით განისაზღვრა საქმის ზეპირი მოსმენა, მხარეთა მოწვევით (სსსკ-ის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

58. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეულმა მხარეებმა, წარმოდგენილი საკასაციო განაცხადების მოთხოვნების დასასაბუთებლად, შემდეგნაირად წარმოაჩინეს საკუთარი პოზიციები:

58.1. პირველი კასატორის (შემკვეთის) წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 14.1. პუნქტზე, რომლითაც ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 4 850 000 ლარიდან გამოითვლება პირგასამტეხლო, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,04 % -ით განისაზღვრა. მენარდის მიერ საბანკო გარანტიის ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით, პირველმა კასატორმა განმარტა: მიუხედავად იმისა, რომ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში ცალკე პირგასამტეხლო, ის მაინც არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილი, რომელიც დარღვევით შეასრულა მენარდემ, ანუ ვადაგადაცილებით წარადგინა საბანკო გარანტია და ამიტომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ დაიანგარიშა შემკვეთმა (იხ. საკასაციო სასამართლოს 01.07.2016წ. სხდომის ოქმი - 15:24:19 – 15:46:00). საკასაციო საჩივრის ფასია 349 800 ლარი, საიდანაც გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, ხელშეკრულების 14.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ გაცდენილ დღეზე 50 ლარი, ჯამში შეადგენს 29 700 ლარს. რაც შეეხება შემკვეთისათვის, მენარდის სასარგებლოდ დაკისრებულ პირგასამტეხლოს, გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება. შემკვეთმა მენარდეს 22 დღის დაგვიანებით ჩაურიცხა დარჩენილი თანხა - 230 000 (ორას ოცდაათი ათასი) ლარი, რისთვისაც, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე დაეკისრა პირგასამტეხლო - 42 680 ლარი (22 დღე X 1940 ლარზე).

58.2. მეორე კასატორის (მენარდის) წარმომადგენელმა განმარტა, რომ მათ მთლიანად გაასაჩივრეს როგორც რაიონული, ისე სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რადგან მენარდეს არ დაურღვევია ვალდებულება და დადგენილ ვადაში დაასრულა სამუშაოები ობიექტზე. მეორე კასატორმა ყურადღება გაამახვილა ხელშეკრულების 9.2. პუნქტზე, რომელიც ეხება შესყიდვის მიღება- ჩაბარების წესს და დასახელებული პუნქტი ადგენს, რომ სამუშაოთა ეტაპობრივი და საბოლოო დასრულება დასტურდება მიმწოდებლის (მენარდის) წერილით. 2014 წლის 2 ივნისს (რადგან 1 ივნისი კვირა დღე იყო), მენარდემ წერილობით აცნობა შემკვეთს სამუშაოთა დასრულების თაობაზე, სთხოვა კომისიის წარმოდგენა და 8 ივნისს შედგა სამუშაოთა ტექნიკური დათვალიერების აქტი (იხ. ამ გადაწყვეტილების 9-13 პუნქტებში მითითებული გარემოებები). კასატორმა დასახელებული აქტის შინაარსზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძირითადი სამუშაოები დამთავრებული იყო, მხოლოდ გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითა კომისიამ, თუმცა, ქვემდგომმა სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ეს აქტი, არც ის დაადგინეს, თუ რა სამუშაოები არ ჰქონდა შესრულებული მენარდეს, ისევე, როგორც შემკვეთს არაფერი მიუთითებია არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში. მეორე კასატორი ყურადღებას ამახვილებს, რომ დამატებით განსაზღვრულ ვადაში მან აღმოფხვრა ხარვეზები, თუმცა, მაინც დაეკისრა პირგასამტეხლო, რაც დაუსაბუთებელია. ხარვეზები რომ უმნიშვნელო იყო, არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, სპეციალისტის-ნატროშვილის განმარტებითაც (იხ. 36-ე პუნქტი) დასტურდება. შემკვეთმა აამოქმედა წესი, რომელიც გათვალისწინებული იყო იმისთვის, თუკი დამატებით ვადაში, ანუ - 2014 წლის 31 ივლისს ვერ აღმოფხვრიდა ხარვეზებს მენარდე. ამ უკანასკნელმა მიუთითა ხელშეკრულების 9.5 და 14.3 პუნქტების შინაარსზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით, ყურადღება გაამახვილა ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ 642-644 მუხლებზე (იხ. საკასაციო სასამართლოს 01.07.2016წ. ოქმი - 15:48:33-16:06:44-მდე).

58.3. მენარდემ მის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული პირგასამტეხლოს - 42 680 ლარის შემკვეთისათვის დაკისრების თაობაზე ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების შესახებ განმარტა, რომ 22 დღიანი ვადაგადაცილებისათვის შემკვეთისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო გამომდინარეობს ხელშეკრულების 14.1 პუნქტიდან, რაც ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოიანგარიშება თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,04 %-ით და შემკვეთის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, მხარეთა მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით ჩატარებულ სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებების ერთობლიობით გაანალიზებით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც პირველი კასატორის პრეტენზია ნაწილობრივ, ხოლო მეორე კასატორის საკასაციო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, შემდეგი არგუმენტაციით:

59. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); სსსკ-ის 409-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ, ხოლო 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

60. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით იძლევა მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობას და არ არსებობს სსსკ-ის 412-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, ამასთან, სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა ნარდობის სამართლებრივი ნორმები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორთაგან შემკვეთის პრეტენზია ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მენარდის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - სრულად, შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს თითოეული კასატორის საჩივრის დაკმაყოფილების მოტივაციას.

61. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მენარდის მიერ სამუშაოების დასრულების ფაქტის სამართლებრივი შეფასება, რადგან ამას უკავშირდება მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს მართლზომიერების დადგენა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე გადაწყვეტილების 26-51 პუნქტებშია ასახული და მენარდის მიერ შესასრულებულ სამუშაოთა დასრულების თარიღთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენისას, ცხადია, ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის (იხ. სსკ-ის 639-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრებოდა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენის ვალდებულება. სსკ-ის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად, კერძოდ: „1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. 2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას“. ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობა სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინაში განმარტებულია, როგორც ხარისხიანი ნაკეთობის დამზადება, რაც ნარდობის ხელშეკრულების საგნის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია განსაზღვრული იქნეს ხელშეკრულებით (თანდართული დოკუმენტაციით) ან გარკვეულ ტექნიკურ ნორმატივზე მითითებით. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლებრივად უნდა შეფასდეს, ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობის დამზადება უზრუნველყო თუ არა მენარდემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, რისთვისაც მნიშვნელოვანია ობიექტის ტექნიკური დათვალიერების აქტის შინაარსის შეფასება. მენარდემ 2014 წლის 2 ივნისს წერილობით აცნობა შემკვეთს, რომ სამუშაოები დასრულებული იყო, ხოლო 7 ივნისს, მშენებლობაზე ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელმა და მენარდის სამუშაოთა მწარმოებელმა შეადგინეს დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური დათვალიერების აქტი, რომლის შესახებ მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების 32-34 პუნქტებში.

62. მენარდის კუთვნილი მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა სამუშაოთა 2014 წლის 1 ივნისს დასრულების დამტკიცება, აღნიშნული კი, გარდა მისი განმარტებისა, დადასტურებულია 32-34 პუნქტებში მოხმობილი გარემოებებითა და მტკიცებულებებით (იხ. საქმეზე # 933 – 883-2015, ტ.1, ს.ფ. 138-140). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამუშაოთა 2014 წლის 1 ივნისს დასრულების დამტკიცება (იხ. 48-51 პუნქტები), თუმცა, ამ დასკვნას არ იზიარებს საკასაციო სასამართლო, რადგან შესრულებული სამუშაოების თაობაზე მენარდის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გარდა, თავად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაშია ასახული, რომ 2014 წლის 7 ივნისს შეკრებილი კომისიის მიერ დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები და შეუსრულებელი სამუშაოები, რომელთაგან ნაწილს პროექტი არ ითვალისწინებდა, მშენებლობაზე ზედამხედველ კომპანიას განესაზღვრა გონივრული ვადა სამუშაოების საბოლოოდ დასამთავრებლად, რამაც მათი მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დამატებით 40 დღე შეადგინა, ხოლო საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 5 მარტის სხდომაზე დაკითხულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ არსებობდა ძირითადი პროექტი მშენებლობის წარმოებისათვის და კონკრეტული სამუშაოები თავიდანვე არ განსაზღვრულა, რის გამოც პროექტში შევიდა ცვლილებები, ხოლო მენარდისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა სეზონური შეზღუდვები ამინდის თვალსაზრისით (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების 4.18 -4.19 პუნქტები - საქმეზე # 933 – 883-2015, ტ.1, ს.ფ. 318-319; ასევე, ამ გადაწყვეტილების 36-37 პუნქტები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასებისათვის, სსკ-ის 642-ე მუხლის დეფინიციის (იხ. 61-ე პუნქტი) გათვალისწინებით, 2014 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დასრულებული სამუშაოები უნდა ჩაითვალოს შესრულებულად, რადგან სპეციალისტის შეფასებით, ძირითადი სამუშაოები დასრულებული იყო, ხოლო მცირე ხარვეზებისათვის 40-დღიანი დამატებითი ვადის განსაზღვრა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ არსებითი (ძირითადი) სამუშაოები განხორციელებული იყო (ამასვე ადასტურებს სამუშაოთა წარმოების განმავლობაში შედგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებიც, იხ. 30-31 პუნქტები), ხოლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებით განსაზღვრული ვადა საკმარისი იყო. დამატებითი ვადის დადგენისას, გათვალისწინებული იქნა სეზონური შეზღუდვებიც, რაც აბათილებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომელიც ამ გადაწყვეტილების 50-ე პუნქტშია მითითებული. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ დამატებით ვადაში მენარდემ უზრუნველყო მცირე ხარვეზების აღმოფხვრა.

63. ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობის გამო, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობასაც ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულვები პრეზუმფციის (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ კანონით განსაზღვრულ შესაძლებლობათაგან დამატებითი შესრულების მოთხოვნის არჩევა, კანონითაა დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია. სსკ-ის 642-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია, უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული უფლება მენარდეს არ გამოუყენებია. ამდენად, კანონით გათვალისწინებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან შემკვეთმა თვითონ აირჩია და დამატებითი ვადა განუსაზღვრა მენარდეს, ხოლო ამ უკანასკნელმა დამატებით ვადაში სრულად აღმოფხვრა ნაკლოვანებები, რაც მხარეთა შორის სადავო არაა. მეორე კასატორის პრეტენზია (იხ. ამ გადაწყვეტილების 58.2 ქვქეპუნქტი) დასაბუთებულია, რადგან შემკვეთის მიერ მენარდისათვის დამატებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების დასრულების მიუხედავად, ამ უკანასკნელს მაინც დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, რაც დაუსაბუთებელია ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით.

64. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მენარდისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების საკითხი შესაფასებელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ დამატებითი ვადის გადაცილებით დაასრულებდა მოპასუხე ხარვეზების აღმოფხვრას, რადგან გამოსაკვლევი იქნებოდა, რა ჩაითვლებოდა სამუშაოს შესრულებად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთმა, კანონით დადგენილი წესით, აირჩია დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობა, მენარდე კი დაეთანხმა მას. საბოლოოდ, მენარდემ დამატებით ვადაში უზრუნველყო ნაკლის გამოსწორება, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხავს. ასევე, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მენარდისათვის, ამ უკანასკნელის მიერ საბანკო გარანტიის 35 დღიანი ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც. საბანკო გარანტიის დაგვიანებით წარდგენის გამო, პირგასამტეხლო მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმებული ხელშეკრულებით, ხოლო მისი 14.1. პუნქტის შინაარსიდან (იხ. საქმეზე # ას-933-883-2015 - ტ.1, ს.ფ. 23) არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების ყოველგვარი შეუსრულებლობის გამო იყო დადგენილი პირგასამტეხლოს დაკისრება მხარისათვის, რადგან საბანკო გარანტიის არსია, შემკვეთის ინტერესების ერთგვარი უზრუნველყოფა, ხოლო ხელშეკრულებით მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულება მოიცავდა ტურისტული ინფრაქტრუქტურის მშენებლობას კონკრეტულ ობიექტზე.

65. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მენარდის საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შედეგად სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებით, შემკვეთის სარჩელი უარყოფილია, შესაბამისად, როგორც ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელი, არ კმაყოფილდება შემკვეთის საკასაციო პრეტენზია, რომლითაც მოთხოვნილია, სააპელაციო სასამართლოს ამ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილებით, შემკვეთის სარჩელის უარყოფილი ნაწილის დაკმაყოფილება - 349 800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

66. შემკვეთის საკასაციო პრეტენზია, რომელიც ეხება სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის, 230 000 ლარის, მენარდისათვის 22 დღის ვადაგადაცილებით გადახდის გამო, შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ნაწილობრივ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

67. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან - 4 850 000 ლარი - დაანგარიშებით, მხარეებს შორის შეთანხმდა პირგასამტეხლო ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,04 %, რაც შეადგენს 1940 ლარს. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე, მენარდის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოების დარჩენილი ნაწილის ღირებულების - 230 000 ლარის 22 დღის ვადაგადაცილებით, გადახდისათვის შემკვეთს დაეკისრა პირგასამტეხლო 42 680 ლარი (22 X 1940 ლარი), სწორედ ეს არის სააგენტოს საკასაციო პრეტენზიის საგანი.

68. საკასაციო სასამართლო, სსკ-ის 417-418 მუხლებით დადგენილი პირგასამტეხლოს ფუნქციისა და მიზნიდან გამომდინარე, განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა“ (იხ. სუსგ # ას- 654-620-2015, 17.12.2015წ.). განსახილველ საქმეზე და ანალოგიურ სხვა შემთხვევებში, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. განსახილველ შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებული იყო, 230 000 ლარი გადაეხადა მენარდისათვის, თუმცა, მან 22 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა ვალდებულება, მიუხედავად ამისა, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში კი, 22 დღის დაგვიანებით სამუშაოების ღირებულების ჩარიცხვისათვის ქვემდგომი სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შეამციროს.

69. საკასაციო სასამართლო მენარდისათვის ფაქტობრივად გადასახდელი თანხიდან - 230 000 ლარიდან გამოიანგარიშებს პირგასამტეხლოს 0,04 %-ს, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 92 ლარს, ეს კი 22 დღის ვადაგადაცილებისათვის 2024 ლარია და სწორედ ამ გონივრული ოდენობით დააკისრებს პირგასამტეხლოს შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი „სანქცია“, რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას“ (იხ. სუსგ # ას-654-620-2015, 17.12.2015წ.). აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემკვეთის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს.

70. საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება განაპირობებს, მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილებას, თითოეულის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც ასახულია წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში (სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის განჩინების შეცვლით, მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება და სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" შპს „ზ-ს“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 2024 ლარის გადახდა;

4. შპს „ზ-ს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს სრულად;

5. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

7. შპს „ზ-ს“ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 3719.76 ლარის ანაზღაურება.

8. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" შპს „ზ-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 141.68 ლარის გადახდა.

9. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" (ს/კ 2) დაუბრუნდეს მის მიერ სააპელაციო სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 51.25 ლარი (საგადახდო მოთხოვნა 09377, გადახდის თარიღი - 2015 წლის 27 ოქტომბერი), შემდეგი ანგარიშიდან ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, მიმღები ბანკის კოდი - TRESGE 22, სახაზინო კოდი - 300183150;

10. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ "დაცული ტერიტორიების სააგენტოს" შპს „ზ-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 12 795.68 ლარის გადახდა.

11. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე