საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-272-259-2016 21 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – დ. ბ-ა(მოსარჩელე), შპს ,,კ- ი’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ე, ა. მ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დ. ბ-ას სარჩელის დაკმაყოფილება, ნ. ბ-ისა და ა. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, წილის დაბრუნება, პუბლიკაციების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „კ-ი“ (შემდეგში: საწარმო, მეორე მოპასუხე ან კასატორი) იურიდიულ პირად დარეგისტრირდა 2013 წლის 21 ოქტომბერს. რეგისტრაციის მომენტისათვის საწარმოს ერთადერთ დამფუძნებელ პარტნიორსა და იმავდროულად დირექტორს წარმოადგენდა დ. ბ-ა (შემდეგში: საწარმოს დამფუძნებელი, დირექტორი, პირველი პარტნიორი ან კასატორი - იხ. ტ.1, ს.ფ. 23-25, 31-32; “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის, შემდეგში:მეწარმეთა კანონის 2.1, მე-4 მუხლები).
2. საწარმოს 2014 წლის 6 იანვრიდან, საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭ-ში (ტ.1, ს.ფ.20-21). მის დამფუძნებელსა და დირექტორს სურდა, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, კომერციული მიზნებისათვის, გაზგასამართი სადგურის აშენება, თუმცა, საჭირო ფინანსური სახსრები არ გააჩნდა და ეძებდა ბიზნესპარტნიორს. საწარმოს დამფუძნებელი დაუკავშირდა თავის ნაცნობს - ზ. ბ-ეს (შემდეგში მეორე პარტნიორის მამა ან მოწმე), რომელმაც მოიწონა ბიზნესიდეა და საწარმოს 50% წილის სანაცვლოდ, რომელიც მის შვილზე - ნ. ბ-ეზე (შემდეგში: მეორე პარტნიორი) უნდა გადაფორმებულიყო, თანხმობა განაცხადა საწარმოს დამფუძნებლისათვის, მატერიალურ-ტექნიკური (შესაბამისი დანადგარების მიწოდების) სახით დახმარების გაწევაზე. მხარეთა შეთანხმება, საწარმოს 50 %-იანი წილის სანაცვლოდ, მეორე პარტნიორის მიერ ნაკისრი ვალდებულების თაობაზე წერილობით გარიგებაში არ ასახულა.
3. საწარმოს დამფუძნებელმა (იმავდროულად დირექტორმა) და მე-2 პუნქტში დასახელებულმა მეორე პარტნიორმა 2014 წლის 24 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს სახელწოდებით: საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საწარმოს დირექტორმა იკისრა ვალდებულება, 100%-იანი წილიდან 50% საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მეორე პარტნიორისათვის და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ცვლილება შეიტანეს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში (შემდეგში: სამეწარმეო რეესტრი; იხ.ტ.1, ს.ფ. 31-33; მეწარმეთა კანონის 5 1 მუხლი).
4. მეორე პარტნიორმა შეიტანა საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარი ა. მ-ის (შემდეგში: მესამე პარტნიორი) მეშვეობით, რის გამოც ამ უკანასკნელს, წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე, მეორე პარტნიორმა გაუფორმა საწარმოში მისი კუთვნილი 50%-იანი წილის ნახევარი - 25%, რაც დასტურდება ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 34-37; სსკ-ის 198-ე, 199-ე მუხლები, მეწარმეთა კანონის 5 1 მუხლი).
5. გაზგასამართი სადგურის მშენებლობა და შემდგომი ფუნქციონირება საჭიროებდა გარკვეულ თანხებს, შესაბამისად, დამფუძნებელმა პარტნიორმა და დირექტორმა, საწარმოს 100%-იანი წილის გასხვისებამდე, აიღო საბანკო კრედიტი, რომლის დაფარვაც ხდება წინსწრებით, საწარმოს ფინანსური აქტივებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მეორე და მესამე პარტნიორებს წარმოეშვათ პრეტენზიები, გარდა ამისა, პარტნიორები ვერ თანხმდებოდნენ საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებზე (მაგალითად - გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დანადგარებზე, აგრეთვე საწარმოს დოკუმენტაციის გაცნობის შესახებ), რისთვისაც შედგა პარტნიორთა კრებაც, თუმცა, უშედეგოდ (ტ.1, ს.ფ. 64-79).
6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2014 წლის 3 ოქტომბერს აღძრული სარჩელით პირველი პარტნიორისა და საწარმოს წინააღმდეგ, მეორე და მესამე პარტნიორებმა მოითხოვეს საწარმოს დირექტორის გათავისუფლება თანამდებობიდან, ასევე, საწარმოს სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაციის და დოკუმენტაციის, საწარმოს ყველა პუბლიკაციის მათთვის გადაცემა.
7. იმავე წლის 15 დეკემბერს სარჩელი აღძრა საწარმოს პირველმა პარტნიორმაც მეორის წინააღმდეგ და მოითხოვა დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა, მისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან მეორე პარტნიორისათვის 50%-ის გადაცემის თაობაზე, 25%-ის ნაწილში, შესაბამისად, საწარმოს წილების პარტნიორთა საკუთრებად აღრიცხვა სამეწარმეო რეესტრში შემდეგნაირად: 75%- პირველ პარტნიორს, 25%-მესამე პარტნიორს (იხ. პირველი პარტნიორის სარჩელი - ტ.2, ს.ფ. 2-14).
8. საწარმოს დამფუძნებელმა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის მოტივაციად მიუთითა, რომ მეორე პარტნიორისათვის 50%-იანი წილის გადაცემა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) მოხდა თვალთმაქცური გარიგებით, ამ გარიგებით დაიფარა გარიგება, რომლის თანახმად, საწარმოს 25 % მეორე პარტნიორის საკუთრებაში გადავიდოდა მშენებლობის ხარჯების შესაბამისი თანხის პირველი პარტნიორისათვის გადაცემის შემდეგ, ხოლო დარჩენილი 25 % - მეორე პარტნიორის საკუთრებაში გადავიდოდა, გაზგასამართი სადგურის მოსაწყობად, მესამე პარტნიორის (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) მეშვეობით, საწარმოსათვის გაზის დანადგარების მიწოდების შემდეგ. ამდენად, სახეზე იყო სსკ-ის 188-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები (პირობადებული საკუთრება), მეორე პარტნიორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც პირველი პარტნიორი უარს ამბობდა ხელშეკრულებაზე.
9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, მეორე და მესამე პარტნიორთა მიერ აღძრული სარჩელი (საქმე №2/462-14), საწარმოსა და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ, ერთ წარმოებად გაერთიანდა, საწარმოს დამფუძნებლის ინიციატივით, მეორე პარტნიორის წინააღმდეგ დაწყებულ, წარმოებაში არსებულ საქმესთან (№2/708-14), დავის სწრაფად და დროულად გადასაწყვეტად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე: „თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე მხარეები ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა“ და საქმეს მიენიჭა საერთო ნომერი 2/462-14 (იხ. განჩინება - ტ. 1, ს.ფ.145-146).
10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მეორე და მესამე პარტნიორთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საწარმოდან გამოთხოვილი იქნა სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, მ/წლის გაწეული ხარჯები, საბუღალტრო ჩანაწერები, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საწარმოს ყველა პუბლიკაცია. სასამართლომ უარჰყო მოსარჩელეთა მოთხოვნა საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, უსაფუძვლობის გამო.
11. სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აგრეთვე, საწარმოს დამფუძნებლის (პირველი პარტნიორის) მოთხოვნა და თვალთმაქცურ გარიგებად (სსკ-ის 56.2-ე მუხლი) იქნა ცნობილი ამ უკანასკნელსა და მეორე პარტნიორს შორის გაფორმებული შეთანხმება წილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), მასზე გავრცელდა დაფარული გარიგების - წილის ნასყიდობის ხელშეკრულების წესები, ხოლო სამეწარმეო რეესტრში პარტნიორთა წილები უცვლელად დარჩა: პირველს - 50%, მეორეს-25%, მესამეს-25% (იხ. ტ.1.ს.ფ.34-35).
12. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითა:
12.1. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით, მეორე პარტნიორისათვის 50 %-იანი წილის გადაცემა რეალურად განხორციელდა, რაც დარეგისტრირდა კიდეც სამეწარმეო რეესტრში. მეორე პარტნიორს სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა გაზგასამართი სადგურის მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობის და ამ სადგურის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების მიწოდების ვალდებულება. მანამდე მას საწარმოს ან პირველი პარტნიორის მიმართ რაიმე ვალდებულება, რასაც შედეგად წილის გადაცემა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, არ შეუსრულებია. ეს გარიგება მხარეებმა დაფარეს და 2014 წლის 24 აპრილს ხელი მოაწერეს თვალთმაქცურ გარიგებას სათაურით: საწარმოს პარტნიორის გადაწყვეტილება. სინამდვილეში ამ დოკუმენტზე ხელს აწერს გარიგების ორივე მხარე: პირველი და მეორე პარტნიორი. ხელშეკრულების მიხედვით, პირველი პარტნიორი მეორეს გადასცემს საწარმოში მისი კუთვნილი 100%-იანი წილიდან 50 %-ს, ხოლო მეორე თანახმაა, მიიღოს ეს წილი. რაიმე პირობა, რასაც შეიძლებოდა გადაცემულ წილზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ამ პირობის შესრულებამდე, გადაწევა გამოეწვია, მხარეებს შორის არც წერილობით და არც ზეპირად არ ყოფილა დათქმული. პირიქით, მხარეებმა მიუთითეს, თითქოსდა წილის გადაცემა უსასყიდლოდ მოხდა და ამ გარიგების რეესტრში რეგისტრაციის გზით აღასრულეს მათ მიერ გამოხატული ნება საწარმოში წილების განაწილებასთან დაკავშირებით;
12.2. მეორე პარტნიორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა ჯეროვნად. გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ხარჯის დაფინანსებაში მას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, შეიტანა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარი მესამე პარტნიორის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც, ამ უკანასკნელს დაუთმო საწარმოში მისი კუთვნილი 50%-იანი წილიდან 25% და, საბოლოოდ, საწარმოს პარტნიორებს შორის წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი პარტნიორი-50%, მეორე-25%, მესამე-25%. მიწოდებული გაზის დანადგარების (რომლის სანაცვლოდ მესამე პარტნიორი გახდა საწარმოს 25% წილის მფლობელი) საბალანსო ღირებულებამ, ბუღალტრული მონაცემებით, შეადგინა 148 737 ლარი;
12.3. მეწარმეთა კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს-ის დირექტორებმა, პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. შესაბამისად, სამართლებრივად დასაბუთებულია მეორე და მესამე პარტნიორების მოთხოვნები საწარმოს სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის, მ.შ. ხელშეკრულებების, მ/წლის გაწეული ხარჯების, საბუღალტრო ჩანაწერების, საზოგადოების კრედიტორებისა და მოვალეთა შესახებ ინფორმაციის და დოკუმენტაციის, საწარმოს ყველა პუბლიკაციის გადაცემის შესახებ;
12.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელეები დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ ისეთ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებსაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია;
12.5. იმის გათვალისწინებით, რომ წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების დადებისას პირველ პარტნიორს არ ჰქონდა მეორე პარტნიორისათვის წილის უსასყიდლოდ გადაცემის განზრახვა, სინამდვილეში წილის გადაცემის სანაცვლოდ, მან იკისრა გარკვეული ვალდებულებები, სასამართლომ დაასკვნა, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, მოსაჩვენებლად დაიდო მხარეთა შორის გარიგება და ამით დაიფარა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (სსკ-ის 477.1-ე მუხლი);
12.6. პირველმა პარტნიორმა ვერ დაამტკიცა შეთანხმების არსებობა პირობაზე, რომლის შესრულების შემდეგ, მეორე პარტნიორს წარმოეშობოდა მიღებულ წილზე საკუთრების უფლება;
12.7. სსკ-ის 188.1-ე მუხლით: „თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ“. შესაბამისად, დაუსაბუთებელია დასახელებულ ნორმაზე დაფუძნებული მოთხოვნა წილის 25 %-ის პირველი პარტნიორისათვის დაბრუნების თაობაზე იმ მოტივით, რომ შემძენმა გააჭიანურა საფასურის გადახდა, ხოლო გამსხვისებელი უარს ამბობს ხელშეკრულებაზე;
12.8. სასამართლომ, სსკ-ის 352.1-ე მუხლზე მიუთითა, რომლითაც განსაზღვრულია ზოგადად, ხელშეკრულებაზე უარის თქმისას, მხარის მიერ მიღებული შესრულებისა და სარგებლის ნატურით დაბრუნება, თუმცა, ასეთი შემთხვევისთვის კანონმდებელი იმპერატიულად მიუთითებს, რომ მხარეებმა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის უნდა დაიცვან ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნები. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით: „თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი“. სასამართლომ დაასკვნა, რომ დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად პირველ პარტნიორს მეორე პარტნიორისათვის არ დაუწესებია, არც მასთან გათანაბრებულ გაფრთხილებას ჰქონია ადგილი. ხელშეკრულებიდან გამსვლელი მხარის ამ ვალდებულებას ვერ გააქარწყლებს ის გარემოებაც, რომ შესრულებამ მხარისათვის ინტერესი დაკარგა.
13. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეთაგან სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა პარტნიორმა და საწარმომ, ასევე, მეორე პარტნიორმა.
14. პირველმა პარტნიორმა (საწარმოს დირექტორმა) და საწარმომ მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი) უარყოფილ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ტ.3, ს.ფ.193-205), ხოლო მეორე პარტნიორმა სარჩელის (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი) უარყოფილ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (იხ.ტ.3, ს,ფ.181-190).
15. პირველი პარტნიორისა (საწარმოს დირექტორის) და საწარმოს სააპელაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს მოიცავს:
15.1 სასამართლოს, ერთი მხრივ, დადგენილად მიაჩნია, რომ მეორე პარტნიორს ჰქონდა მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობის ვალდებულება, მაგრამ მეორე მხრივ, აღნიშნული ვალდებულება არ მიაჩნია წილზე საკუთრების უფლების გადასვლის პირობად. შესაბამისად, სასამართლომ მხარეთა მიერ დადებული გარიგება მიიჩნია ჩვეულებრივ ნასყიდობის ხელშეკრულებად, როდესაც გამყიდველი ვალდებულია, გადასცეს ნასყიდობის საგანი, ხოლო მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს ნასყიდობის ფასი, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო ნასყიდობის ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც პირველ პარტნიორს მიენიჭა ნასყიდობის ფასის მოთხოვნის და არა რესტიტუციის უფლება. სინამდვილეში, როგორც სასამართლომაც დაადგინა, მეორე პარტნიორს მონაწილეობა უნდა მიეღო მშენებლობის დაფინანსებაში და მოეწოდებინა დანადგარები, ანუ მას თანხა უნდა გადაეცა და დანადგარები მოეწოდებინა ინვესტიციის განხორციელების მიზნით. გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, აღნიშნული ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელი იყო, რის გამოც დათქმული იყო პირობა, რომ მყიდველი წილზე საკუთრებას მოიპოვებდა მას შემდეგ, რაც ის მშენებლობას დააფინანსებდა და დანადგარებს მიაწოდებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის თავის უფლებებს დაკარგავდა. პრაქტიკულად, პირველ პარტნიორს დატოვებული ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ მეორე პარტნიორი არ შეასრულებდა ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით დაკისრებულ ვალდებულებებს;
15.2 ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარიგება, რომლის თანახმად, მეორე პარტნიორმა პირველი პარტნიორისგან მიიღო საწარმოს 50% წილი, საწარმოს კაპიტალში გაზის დანადგარების მიწოდება-გამართვის გზით, ქონებრივი შენატანისა და იმავე ღირებულების შესაბამისი თანხის გაზგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გადაცემის პირობით;
15.3. სასამართლომ არ შეაფასა, რომ პარტნიორთა კრებაზე მეორე პარტნიორის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს კატეგორიული პოზიცია, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობის ვალდებულება და სადგურის მშენებლობა და მისი დაფინანსება მხოლოდ პირველი პარტნიორის ვალდებულება იყო;
15.4. სასამართლომ არ დაადგინა, საწარმოში არსებული რომელი კონკრეტული დასახელებისა და პერიოდის პუბლიკაციის, დოკუმენტისა და ინფორმაციის მიღებაში შეექმნათ პარტნიორებს პრობლემა, რომელი პარტნიორის განცხადება (მოთხოვნა) არ დაკმაყოფილდა საზოგადოების კონკრეტული პუბლიკაციის, დოკუმენტისა და ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. რეალურად, პარტნიორს დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნაზე უარი არ ეთქვა, გარდა ცალკეული შემთხვევისა (მაგ., სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში), როდესაც ისინი მოითხოვდნენ ისეთი დოკუმენტისა და ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც საწარმოში არ ინახებოდა;
15.5. სასამართლომ მიუთითა, მაგრამ არ გამოიყენა სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილი, ფაქტობრივი უსწორობების გრაფაში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმა უნდა გამოეყენებინა, თუნდაც, კანონის ანალოგიით;
15.6. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 359-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულება დადებულია იმ დათქმით, რომ მოვალემ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაკარგოს თავისი უფლებები, თუკი იგი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ კრედიტორს ამ შემთხვევის დადგომისას შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან. მხარეებს შორის დადებული წილის ნასყიდობის გარიგება, გულისხმობდა სამეწარმეო საზოგადოებაში, წილის სანაცვლოდ, კონკრეტული მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობას და დანადგარების მიწოდებას. მშენებლობის დასრულებისა და დანადგარების სხვა გზით მიღების შემდეგ, ცხადია, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებას აზრი არ ჰქონდა და თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ იგი თავის უფლებებს დაკარგავდა. შესაბამისად, სასამართლოს მოცემული ნორმა უნდა გამოეყენებინა;
15.7. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 508-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას, ყოველი მხარე ვალდებულია, დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია. მოცემული ნორმა შეეხება ნასყიდობას გადახდის განვადებით, როგორც მხარეებს შორის არსებული დაფარული გარიგება (წილის სანაცვლოდ ინვესტირება) იყო;
15.8. სასამართლომ მიუთითა, მაგრამ არ გამოიყენა სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული პირობები (იხ. ამ განჩინების 12.8 ქვეპუნქტი), თუმცა, ინტერესის დაკარგვა შეეხებოდა მეორე პარტნიორის ვალდებულებათა იმ ნაწილის გამოყოფას, რომელიც მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობას უკავშირდებოდა;
15.9. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები. პარტნიორთა კრებამდე და კრებაზეც, მოპასუხე კატეგორიულად უარყოფდა, რომ მას საერთოდ გააჩნდა ვალდებულება. შესაბამისად, აშკარა იყო, რომ დამატებითი ვადის დაწესებასა და გაფრთხილებას არავითარი შედეგი არ ექნებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოვალეს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ჰქონდა. შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო მშენებლობის დასრულებამდე და ურთიერთობის გაგრძელება სწორედ ვალდებულების დროულ შესრულებას უკავშირდებოდა;
15.10. სასამართლომ არ გამოიყენა მეწარმეთა კანონის ნორმები, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში, გარიგება 50% წილის გადაცემის შესახებ, გაფორმებულია 100% წილის მფლობელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, რომელსაც ეთანხმება 50% წილის მიმღები პარტნიორი და მოცემული გადაწყვეტილება რეესტრში რეგისტრირებულია. იმავდროულად, ,,უსასყიდლოდ გადაცემის“ პირობით დაფარულია 50 % წილის მიმღები პარტნიორის ვალდებულებები დანადგარებისა და თანხის შენატანთან დაკავშირებით. ამ პარტნიორს მოცემული ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, სასამართლოს ამ თვალსაზრისითაც უნდა ემსჯელა საზოგადოებაში წილების გადანაწილებაზე;
15.11. სასამართლომ მართებულად მიუთითა მეწარმეთა კანონის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილზე და 46-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მაგრამ არასწორად გამოიყენა მითითებული ნორმების დანაწესები.
16.მეორე პარტნიორმა შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მიუთითა:
16.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2. პუნქტი-ტ.3, ს.ფ.168-169), რომ თუ ბიზნესპარტნიორი გახდებოდა მეორე პარტნიორი, მისი მამა უზრუნველყოფდა გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირებას (მშენებლობის დაფინანსებაში მონაწილეობას და საჭირო დანადგარების მიწოდებას). მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მეორე პარტნიორს გაზის დანადგარების და მათი მონტაჟის (სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების) გარდა, საწარმოსადმი სხვა ვალდებულება არ უკისრია. დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მეორე პარტნიორს 24.04.2015წ. (წილის დათმობის დროისათვის) გაზის დანადგარების ძირითადი ნაწილი უკვე მიწოდებული ჰქონდა საწარმოსთვის, ხოლო გაზგასამართი სადგურის მშენებლობა საწარმოს მიერ ფაქტობრივად დასრულებული იყო, რაც დასტურდება იმით, რომ 06.06.15წ. (10 დღეში) გაზგასამართმა სადგურმა დაიწყო ფუნქციონირება;
16.2 საწარმოში ინვესტიციის განხორციელების გამო (რაც გულისხმობს გაზის დანადგარების მიწოდებას და მათ მონტაჟს) პირველმა პარტნიორმა უსასყიდლოდ დაუთმო 50% წილი მეორე პარტნიორს;
16.3. გარიგების თვალთმაქცურად მიჩნევის შემთხვევაში, მხარემ უნდა მიუთითოს, რა გარიგება დაიფარა სადავო გარიგებით, თუ მოჩვენებითია გარიგება, ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგემ უნდა დაასაბუთოს, როგორ მიიღო და შემდგომ როგორ განკარგა კუთვნილი ქონება, ვინაიდან სადავო აქტის მოჩვენებითობა გამორიცხავს შედეგის დადგომას;
16.4. მხარე სადავოდ არ ხდიდა მესამე პარტნიორისთვის 25% წილის გადაცემის ფაქტს, რაც, ასევე, გამორიცხავს პარტნიორის გადაწყვეტილების მოჩვენებითობას და თვალთმაქცურობას. პირველმა პარტნიორმა სწორედ აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა სადავო ხელშეკრულების ბათილობა, მაგრამ არ მიუთითა სარჩელში, რა გარიგება დაიფარა და რა პირობებით. სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, დაადგინა გარემოებები, რომელთა შესახებ მოთხოვნა არ ჰქონია მხარეს;
16.5. სასამართლომ ისე დაადგინა სამმხრივი გარიგება, ერთი მხრივ, მეორე პარტნიორს და, მეორე მხრივ, პირველ პარტნიორსა და საწარმოს შორის, რომ ეს უკანასკნელი დავაში (მოპასუხედ ან მესამე პირად) მოწვეული არ ყოფილა.
17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით, მოდავე მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, სინამდვილეში, პირველ და მეორე პარტნიორს შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (სსსკ-ის 390.3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).
19. სასამართლომ განჩინება შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე დაამყარა:
19.1. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახად, ნების გამოვლენის განმარტებისას, ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სადავო ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოხატული ნების გონივრული განსჯა საქმეზე დადგენილი გარემოებების შეფასებით უნდა მოხდეს. მხარეები ადასტურებენ, რომ კუთვნილი წილი პირველ პარტნიორს მეორე პარტნიორისათვის უსასყიდლოდ არ გადაუცია. სინამდვილეში, მიღებული ქონების სანაცვლოდ, მეორე პარტნიორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის ვალდებულება აიღო, ოღონდ ეს საზღაური მას არა ფულადი სახით, არამედ ნატურით უნდა გადაეხადა.
19.2 სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, გაცვლის ხელშეკრულებით, მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ამავე კოდექსის 523-ე მუხლის მიხედვით, კი გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო გარიგების მიმართ წილის ნასყიდობის წესების გამოყენების ნაწილში მართებულია. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის, რომ გარდა საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარის გადაცემისა, მეორე პარტნიორს პირველი პარტნიორის სასარგებლოდ სხვა შესრულების ვალდებულებაც ჰქონდა, რაც ამ უკანასკნელს უნდა დაემტკიცებინა, საკუთარი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. პირველ პარტნიორს ისიც კი არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად რა ვალდებულება უნდა შეესრულებინა დამატებით მეორე პარტნიორს, მის მიერ მიღებული წილის სანაცვლოდ, რა ოდენობის თანხა უნდა გადაეხადა მას, როგორ და ვის სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო ანაზღაურება და ა.შ. საქმის მასალებით მხოლოდ ის მტკიცდება, რომ მიღებული წილის სანაცვლოდ, მეორე პარტნიორს საწარმოსთვის შესაბამისი დანადგარები უნდა გადაეცა. ამ ვალდებულების შესრულებას კი პირველი პარტნიორი სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მეორე პარტნიორის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი პირველმა პარტნიორმა ვერ დაამტკიცა.
19.3. სსკ-ის 352.1-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან პირველმა პარტნიორმა მეორე პარტნიორის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი ვერ დაამტკიცა, მისი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე უსაფუძვლო იყო. ამიტომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამეწარმეო რეესტრში არსებული წილების უცვლელად დატოვების ნაწილში, არსებითად, მართებული იყო.
19.4. მეწარმეთა კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოს არ წარუდგენია მისი პარტნიორების მიერ მოთხოვილი საბუთების გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, პუბლიკაციების გადაცემის დავალდებულების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა პარტნიორმა და საწარმომ. მათ მოითხოვეს განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდა პირველი პარტნიორის სარჩელი საწარმოში მეორე პარტნიორის 25%-იანი წილის პირველი პარტნიორისათვის გადაცემის თაობაზე და დაკმაყოფილდა მეორე და მესამე პარტნიორების სარჩელი საწარმოს დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ. კასატორებმა, გასაჩივრებული განჩინების შეცვლით, ახალი გადაწყვეტილების მიღება და პირველი პარტნიორის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების გზით, სამეწარმეო რეესტრში საწარმოს პარტნიორთა წილების შემდეგი სახით აღრიცხვა: პირველი პარტნიორი - 75%, მესამე პარტნიორი - 25% მოითხოვეს; კასატორებმა, ასევე, მოითხოვეს საწარმოს დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ მეორე და მესამე პარტნიორის დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა.
21. საკასაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს მოიცავს:
21.1. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მეორე პარტნიორის ვალდებულებათა მოცულობასთან დაკავშირებით. მეორე პარტნიორის ვალდებულებებს წარმოადგენდა მესამე პარტნიორისათვის 25 % წილის გადაცემა და მისი მეშვეობით საწარმოსათვის გაზის დანადგარების მიწოდება-გამართვის უზრუნველყოფა და, მის მფლობელობაში დარჩენილი 25% წილის სანაცვლოდ, საწარმოსათვის აღნიშნული დანადგარების ღირებულების შესაბამისი თანხის - 150 000 ლარის გადაცემა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ მეორე პარტნიორს მხოლოდ დანადგარების მიწოდების ვალდებულება გააჩნდა;
21.2. სასამართლოს სადავო გარიგება კლასიკურ გაცვლის ან ნასყიდობის ხელშეკრულებად კი არ უნდა დაეკვალიფიცირებინა, არამედ როგორც სამეწარმეო შეთანხმება (საინვესტიციო ხელშეკრულება), რომელიც გაცვლის/ნასყიდობის ელემენტებსაც შეიცავდა. მართალია, მეორე პარტნიორი შეთანხმების დადების მომენტში არ იყო საწარმოს პარტნიორი, მაგრამ მას თავისი ვალდებულება პარტნიორის სახით უნდა შეესრულებინა და მისი პარტნიორად დარჩენა სწორედ ამ ვალდებულებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული;
21.3. მხარეთა შეთანხმება მესამე პირის - საწარმოს სასარგებლოდ დადებული გარიგებაა, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო როგორც ფაქტობრივ გარემოებათა შემოწმება, ისე მათი სამართლებრივი შეფასება;
21.4. სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა ის გარემოება, თუ რა მოცულობის ვალდებულებას წარმოუშობდა წილის მყიდველს საინვესტიციო ხელშეკრულება. თუ წილი გაიყიდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით, მაშინ მყიდველს საზღაურის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა გამყიდველის წინაშე და ეს საწარმოს კაპიტალზე გავლენას არ მოახდენდა, მაგრამ თუ წილი გაიყიდებოდა საინვესტიციო ხელშეკრულებით, მაშინ მყიდველს წარმოეშობოდა საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელების ვალდებულება, რომლის შესრულებით საწარმოს კაპიტალიც იზრდებოდა და მისი წილის ღირებულებაც. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან პირველი პარტნიორის 100 % წილის ღირებულება დაახლოებით 300 ათასი ლარი იყო, მისი წილის შუაზე გაყოფამ განაპირობა ის, რომ იმდენივე შენატანი უნდა განხორციელებინა მეორე პარტნიორსაც - 150 000 ლარი ნატურით (მესამე პარტნიორის მეშვეობით) და 150 000 ლარი - ფულით;
21.5. სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მხარეებს შორის დადებული გარიგების თანახმად, მეორე პარტნიორმა პირველისაგან მიიღო საწარმოს 50 % წილი, საწარმოს კაპიტალში მესამე პარტნიორისათვის 25 %-ის გადაცემის სანაცვლოდ, მისივე მეშვეობით დანადგარების მიწოდება-გამართვის გზით ქონებრივი შენატანის განხორციელებისა და მის მფლობელობაში დარჩენილი 25 %-ის სანაცვლოდ იმავე ღირებულების შესაბამისი თანხის გადაცემის პირობით;
21.6. გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო გასცდა მხარეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს. მხარეთა არცერთი სააპელაციო მოთხოვნის საგანი არ ყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების შეცვლა მეორე პარტნიორის ვალდებულების თაობაზე; სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, მესამე პარტნიორთან დადებულ ხელშეკრულებასა და მის მიერ დანადგარების მიწოდებასთან დაკავშირებით;
21.7. სასამართლომ არ დაადგინა (მათ შორის ექსპერტიზის მეშვეობით) საქმისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა წილის ერთმანეთისათვის გადაცემის მომენტში მისი ღირებულება და პარტნიორთა წილების ღირებულებათა შესაბამისობა მათ მიერ განხორციელებულ შენატანებთან (ინვესტიციებთან);
21.8. საწარმოდან დოკუმენტაციის გამოთხოვა ფაქტობრივად და იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი არ არის პარტნიორებმა კონკრეტულად რა სახის დოკუმენტაცია ვერ მიიღეს და რის საფუძველზე იქნა შედგენილი მათ მიერ წარდგენილი აუდიტორული ანგარიშები. სასამართლომ იურიდიულად არ დაასაბუთა, რატომ არ იყო აუცილებელი დოკუმენტაციის პერიოდისა და კონკრეტულ დოკუმენტთა დასახელებების მითითება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით, პირველი პარტნიორისა და საწარმოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 17 ივნისის განჩინებით, დასაშვებად ცნო, დასახელებული ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობისა და დასკვნების დასაძლევად.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია ეხება მეორე პარტნიორის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას, რამაც პირველ პარტნიორს წარმოუშვა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. პირველი პარტნიორის მტკიცებით, მეორე პარტნიორისათვის საწარმოს 50 % წილის გადაცემა განპირობებული იყო იმით, რომ ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება, 25 % წილის სანაცვლოდ, საწარმოსათვის გადაეცა გაზის დანადგარები, ხოლო დარჩენილი 25% წილის სანაცვლოდ - ფული (იხ. 21.4 ქვეპუნქტი), რაც მეორე პარტნიორმა არ შეასრულა.
25. საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობასა და დასკვნებს, რომ პირველ და მეორე პარტნიორებს შორის რეალურად დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ არის უსასყიდლო, რადგან საწარმოს 50 % -ის მფლობელ მეორე პარტნიორად რეგისტრაციას დაუკავშირდა, ამ უკანასკნელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, რაც გამოიხატა გაზგასამართი სადგურისათვის საჭირო დანადგარების მიწოდებაში, რაც ამ კონტექსტში სადავო არ არის მხარეთა შორის (იხ. წინამდებარე განჩინების 18-19 პუნქტები). რაც შეეხება, საკითხს, თუ რა ფორმით, ვისი მეშვეობით შეასრულა მეორე პარტნიორმა საწარმოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მოცემულ შემთხვევაში და არ წარმოშობს ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, ამასთან, საწარმოში მეორე პარტნიორის კუთვნილი 50%-იანი წილიდან 25%-ის შესატყვისი შესრულება არ არის სადავო პირველი პარტნიორისა და საწარმოს მხრიდან, არც მესამე პარტნიორს დაუყენებია მოთხოვნა მის მიერ მეორე პარტნიორის ნაცვლად შესრულებული ვალდებულების ნაწილის სანაცვლოდ არათანაზომიერი წილის მიღების გამო, ხოლო მხარეთა ნება კუთვნილი წილების გადანაწილებაზე, კანონით დადგენილი წესით, როგორც რეგისტრაციასავალდებულო ფაქტი, ასახულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 5 ივნისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 34-35).
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს, ასევე, ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ პირველმა პარტნიორმა მეორე პარტნიორის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი ვერ დაამტკიცა, მისი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე უსაფუძვლო იყო, რადგან სასამართლომ ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია მტკიცებულებები და ის გარემოებები, რაზედაც აპელირებდნენ მოწინააღმდეგე მხარეები, შესაბამისად, მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილებით, მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, ემტკიცებინათ სწორედ ის გარემოებები, რაც მათი კუთვნილი მტკიცების ნაწილს წარმოადგენდა. პირველმა პარტნიორმა ქვემდგომ სასამართლოებში ვერ წარადგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ მეორე პარტნიორის ვალდებულება, 50 % - იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრაციის სანაცვლოდ, მატერიალურ-ტექნიკური დანადგარების გარდა, იყო ფინანსური სახსრების შეტანა საწარმოში. ამდენად, სავსებით დასაბუთებულია და კანონიერი გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები (იხ. ამ განჩინების 19.3 ქვეპუნქტი). იმ შემთხვევაში, თუკი კასატორი დაამტკიცებდა მეორე პარტნიორის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას, მას, პირველადი მოთხოვნის სახით, წარმოეშობოდა მოწინააღმდეგისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნა. ამდენად, საკასაციო განაცხადი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა, ისევე, როგორც ამ განჩინების 21.7 ქვეპუნქტში მითითებული პრეტენზია, რადგან თუკი მხარე ვერ ამტკიცებს, რომ მეორე პარტნიორს საწარმოში ფულადი შენატანის განხორციელების ვალდებულებაც ჰქონდა, ნატურით განხორციელებული (მესამე პარტნიორის მეშვეობით) შენატანის გარდა, ე.წ. დარჩენილი 25 %-იანი წილის სანაცვლოდ, შესაბამისად, საკვლევი და დასადგენი არ არის წილის ამ ნაწილის ღირებულება.
27. საკასაციო სასამართლო, 26-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (იხ. ამ განჩინების 19.3 ქვეპუნქტი), რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამეწარმეო რეესტრში არსებული წილების უცვლელად დატოვების ნაწილში, არსებითად, მართებული იყო, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (იხ. ტ.3, ს.ფ. 174, ასევე, ამ განჩინების მე-11 პუნქტი), რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი პარტნიორის სარჩელი (ამ უკანასკნელსა და მეორე პარტნიორს შორის საწარმოს წილის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური, ბათილად იქნა ცნობილი და მასზე გავრცელდა დაფარული გარიგების - წილის ნასყიდობის ხელშეკრულების წესები), რეალურად, არ მოჰყოლია მოსარჩელის მთავარი იურიდიული ინტერესის - პარტნიორთა წილების ცვლილების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან სამეწარმეო რეესტრში უცვლელად დარჩა საწარმოს წილთა რეგისტრაცია. პრაქტიკულად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან ხელშეკრულების ბათილად ცნობით სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა პირველი პარტნიორისათვის.
28. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აქვს განმარტებული, რომ სარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია:
“1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი -მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას ოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლებისდაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. სუსგ # ას- 125-121-2016, 21.04.2016წ.; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილების 55-56 პუნქტები).
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის „თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი ქცევის წესები (თვალთმაქცური გარიგება)“ დეფინიციით, თვალთმაქცური გარიგება, როგორც მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობა, გარიგების მონაწილეთა ნების - „მხარეებს სურთ“ შედეგია. „თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა“ (იხ. სუსგ # ას- 487-461-2015, 17.06.2015წ.). .განსახილველ შემთხვევაში, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველ და მეორე პარტნიორებს შორის დადებული გარიგების ნასყიდობის ხელშეკრულებად მიჩნევის ნაწილში, მართებულია, როგორც ეს მიუთითა სააპელაციო სასამართლომ, თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გარიგების მხარეთა (ნების გამომვლენი და ნების მიმღები) ნება იყო, ერთობლივი ქმედებით დაეფარათ სხვა გარიგება (მოცემულ შემთხვევაში) ნასყიდობა. ასეთ შემთხვევაში, უნდა დასტურდებოდეს, რომ საწარმოს წილის გამსხვისებლისა და მისი შემძენის ნება მიმართული იყო, საწარმოს წილის შეძენის სანაცვლოდ, როგორც ნატურით, ისე, ფულადი საზღაურის გადახდისაკენ. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით კი, მხარეები ადასტურებენ, რომ კუთვნილი წილი პირველ პარტნიორს მეორე პარტნიორისათვის უსასყიდლოდ არ გადაუცია. მიღებული ქონების სანაცვლოდ, მეორე პარტნიორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის ვალდებულება აიღო, ოღონდ ეს საზღაური მას არა ფულადი სახით, არამედ ნატურით უნდა გადაეხადა (იხ. ამ განჩინების 19.1- 19.2 ქვეპუნქტები). ამასთან, პირველი პარტნიორი სადავოდ არ ხდიდა მესამე პარტნიორისთვის 25% წილის გადაცემის ფაქტს, რაც, ასევე, გამორიცხავს პარტნიორის გადაწყვეტილების თვალთმაქცურობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას განსახილველი დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 52-ე, 521-ე, 523-ე, 477-ე მუხლების მისადაგების თაობაზე. თვალთმაქცური გარიგების დროს მოსარჩელის კუთვნილი მტკიცების საგანია ის ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელმაც განაპირობა ასეთი გარიგების დადება და მითითება იმ რეალურ გარიგებაზე, რომელიც დაფარულია თვალთმაქცურით. პირველმა პარტნიორმა ვერ უზრუნველჰყო სამართლებრივად ვარგისი მტკიცების შეთავაზება სასამართლოსათვის, რაც შესაბამისი დასკვნის საფუძველი გახდებოდა, რადგან მეორე პარტნიორის მიერ ფულადი შენატანის გადახდის ვალდებულების არსებობა არ დადასტურებულა.
30. კასატორთა პრეტენზია, საწარმოდან დოკუმენტაციის გამოთხოვის ნაწილში მეორე და მესამე პარტნიორების სარჩელის დაკმაყოფილების გამო, ასევე, დაუსაბუთებელია, რადგან ამ უკანასკნელთა მოთხოვნა მეწარმეთა კანონიდან გამომდინარეობს, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნაში (იხ. 19.4 ქვეპუნქტი).
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და დასაბუთებული, არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობა, საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დასაბრუნებლად, რადგან ფაქტობრივი გარემოებები სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არის გამოკვლეული და იურიდიულად დასაბუთებული დასკვნებია გამოტანილი, ხოლო კასატორის პრეტენზია მოკლებულია ფაქტობრივ-იურიდიულ საფუძველს, რის გამოც პირველი პარტნიორისა და საწარმოს საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
32. კასატორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ბ-ასა და შპს "კ-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. კასატორების მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე