საქმე №ას-461-435-2014 30 აგვისტო, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - სს „ს-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აწ გარდაცვლილ ი. ბ-ესა (შემდეგში: დაზღვეული, მამკვიდრებელი ან მოსარჩელის მეუღლე) და სს „ს-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი, ბანკი, დამზღვევი ან კასატორი) შორის, 2012 წლის 22 აგვისტოს გაფორმდა საბანკო მომსახურების №… ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 623-ე, 867-ე მუხლები; იხ. ს.ფ. 32-37).
2. ხელშეკრულების 2.4. პუნქტით, დაზღვეული სარგებლობდა საკრედიტო სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებით (შემდეგში დაზღვევის ხელშეკრულება), რადგან იყო ბანკის იპოთეკური სესხის მომხმარებელი და, 2012 წლის 31 აგვისტოდან, სარგებლობდა იპოთეკური სესხის მომხმარებლებისათვის სიცოცხლის დაზღვევის ღია ოფსეტური პოლისით. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. აღნიშნული პოლისის №… დანართით, დასახელებული სადაზღვევო ხელშეკრულების შესაბამისად, დამზღვევს წარმოადგენს ბანკი, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო კომპანია „ა-ი“ (ამჟამად სს „ს-ი“ შემდეგში: მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია /სსკ-ის 799-ე მუხლი/; იხ. ს.ფ.24-27/).
3. დასახელებული პოლისის დანართის პირობების შესაბამისად, დაზღვეულია დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ (იხ. 2.1. პუნქტი, გვ. 25), ხოლო მე-3 მუხლის (სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესი) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მხარეთა შორის დადგენილი და შეთანხმებულია, რომ: მზღვეველს უნდა წარედგინოს გარდაცვალების (სადაზღვევო შემთხვევის) დამადასტურებელი დოკუმენტები მაქსიმალურად გონივრულ ვადებში: ა) დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა (რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გარდაცვალების თარიღი, ადგილი და დაზღვეულის ასაკი); 3.3. პუნქტის თანახმად, შემთხვევის დამადასტურებელი 3.1. პუნქტში მითითებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარუდგენლობისას, სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ განხილვას და ზარალი არ ანაზღაურდება; 3.4. პუნქტის საფუძველზე, „მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევაში. დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება, მოთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო ანაზღაურებაზე განაცხადის გაკეთება და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მოსარგებლის უფლებამოსილებაა“.
4. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული დაზღვევის ხელშეკრულების 1.1. პუნქტით, დამზღვევია ბანკი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე სადაზღვევო პირობების შესაბამისად.
5. დაზღვეული (მოსარჩელის მეუღლე) გარდაიცვალა 2012 წლის 23 ოქტომბერს.
6. მისი გარდაცვალებიდან უმოკლეს ვადაში, ბანკის ქუთაისის ფილიალში მოსარჩელემ წარადგინა დოკუმენტები, რათა ბანკს მიემართა მზღვეველისათვის და სადაზღვევო კომპანიას დაეფარა დაზღვეულის სახელზე რიცხული სასესხო დავალიანება.
7. ბანკის №28/29731 წერილით, 2012 წლის 15 ნოემბერს, სადაზღვევო კომპანიას ეცნობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ და, მსესხებლის გარდაცვალების ფაქტის დასტურად, წარედგინა შემდეგი დოკუმენტები: დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა №…; ცნობა გარდაცვალების შესახებ №… /ფორმა 106/, ქუთაისის №2 პოლიკლინიკის 2012 წლის 26 ოქტომბრის ცნობა №1535; პაციენტის გასინჯვის ფურცელი, ქუთაისის №2 პოლიკლინიკა /ფორმა 200-5/ა/ (იხ. ს.ფ. 22-23, 38).
8. სს-ის „ჩ-ა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალის 2012 წლის 28 ნოემბრის №44 ცნობის თანახმად, დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზია: კარდიული სიკვდილი (იხ. ს.ფ. 24).
9. იმავე კლინიკის მიერ, 2012 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებულ №005652012200969 სამედიცინო ცნობაში დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზად მითითებულია: „146.1 უეცარი კარდიული სიკვდილი, აღწერილი ასეთი ფორმით“. ცნობაში ასევე მითითებულია, რომ სიკვდილი დაადასტურა ექიმმა - ექსპერტმა დაკვირვებით (იხ. ს.ფ.154).
10. დაზღვეულის სამკვიდრო ქონება, 2013 წლის 5 ივნისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (ს.ფ. 48-51), მემკვიდრეობით მიიღო (სსკ-ის 1336.1, 1421, 1499 მუხლები) მისმა მეუღლემ ლ. ბ-ემ (შემდეგში: მოსარჩელე, მამკვიდრებლის მეუღლე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე), რომელიც 2012 წლის 23 ოქტომბრიდან (მამკვიდრებლის გარდაცვალების თარიღი) 2013 წლის 25 ივნისის ჩათვლით ბანკში იხდიდა მეუღლის სესხის სარგებელს (პროცენტს); მოსარჩელემ სულ 3 136 (სამი ათას ას ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარი გადაიხადა.
11. მამკვიდრებლის მეუღლემ, 2013 წლის 5 ივლისს სარჩელი აღძრა ბანკის წინააღმდეგ და მოითხოვა მის მეუღლესა (დაზღვეულსა) და ბანკს (დამზღვევს) შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა და გადახდილი თანხის 3 136 აშშ დოლარის დაბრუნება.
12. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ბანკმა, როგორც დამზღვევმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება და, სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მზღვეველს გაუგზავნა ყველა ის დოკუმენტი, მათ შორის, დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც მითითებული იყო ამ უკანასკნელის გარდაცვალების მიზეზი. მზღვეველმა თანხის ანაზღაურებაზე უარი იმის გამო კი არ განაცხადა, რომ დამზღვევმა დაგვიანებით ან არასრულად წარადგინა რაიმე დოკუმენტი, არამედ, სადაზღვევო კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ არ დგინდებოდა დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი და მითითებული დიაგნოზი არ შეესაბამებოდა დოკუმენტაციაში აღწერილ გარემოებებს. ბანკს დაზღვეულის მემკვიდრეებმა მიაწოდეს სამედიცინო დოკუმენტაცია და, შესაბამისად, დამზღვევს არ შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა მათ სისწორეზე. დაზღვეულის მეუღლის მიერ ბანკისათვის გადახდილი თანხა, ზედმეტად გადახდილად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, რადგან დაზღვეულსა და დამზღვევს შორის არსებობდა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა და საკრედიტო დავალიანება უნდა გადაეხადა დაზღვეულს (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 74-83).
13. საქმეში მესამე პირად, დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, ჩართულმა სადაზღვევო კომპანიამ (მზღვეველმა) უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა დამზღვევისადმი, რადგან დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზის დამდგენი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტი გარდაცვლილი დახვდა. უცნობი მიზეზის გამო, მათ არ შეუდგენიათ ცნობა გარდაცვალების შესახებ, ასეთი ცნობა გასცა ბინაზე გამოძახებულმა პოლიკლინიკის ექიმმა, რომელმაც მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით დაადგინა გარდაცვალების მიზეზი და დასვა დიაგნოზი.
14. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის მეუღლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარჩელის უარყოფის მოტივად მიუთითა სსკ-ის 799-ე მუხლზე და, მისი დეფინიციიდან გამომდინარე, განმარტა, რომ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა არ არის მზღვეველის უპირობო ვალდებულება, არამედ ასეთი ანაზღაურება მზღვეველმა სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით დ ამის შესაბამისად უნდა გასცეს.
15. სასამართლომ განმარტა, რომ მზღვეველს დამზღვევის 15.11. 2012წ. წერილით ეცნობა დაზღვეულის გარდაცვალების შესახებ, რის დასტურადაც წარედგინა ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის ერთობლივი ბრძანების # 01-5/ნ-319 (შემდეგში: მინისტრთა ერთობლივი ბრძანება) # 4 დანართის მე-3 მუხლის (ცნობის შევსებისა და შენახვის წესი) მე-8 და მე-9 პუნქტები ზედმიწევნით არ შესრულდა, ეჭვი გაჩნდა დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზის თაობაზე, დაფარული რისკებისა და გამონაკლისების გათვალისწინებით. ამის გამო, მზღვეველმა დაზღვეულის გარდაცვალების შემდეგ არ გასცა სადაზღვევო ანაზღაურება.
16. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლებზე მიუთითა და დაასკვნა, რომ დამზღვევმა (ბანკმა) სრულად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და გარდაცვლილის ოჯახის წევრთა მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია წარუდგინა მზღვეველს, დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაციის უკმარისობა და ხარვეზები არ იყო გამოწვეული ბანკის ბრალეულობით, რის გამოც, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მზღვეველის მიერ სადაზღვეო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმა. აქედან, გამომდინარე, მოსარჩელის მიერ ბანკისათვის გადახდილი სესხის სარგებლის თანხა, ვერ ჩაითვლებოდა ზედმეტად გადახდილად.
17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
17. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარში შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა:
17.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საქმეში არსებულ დოკუმენტებში მითითებული არ არის მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. მოსარჩელის მიერ დაცულია დაზღვევის ხელშეკრულების მოთხოვნა. მის მიერ წარდგენილ ცნობებში მითითებულია დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი. სარჩელით მოთხოვნილი თანხები მოსარჩელემ გადაიხადა მეუღლის (დაზღვეულის) გარდაცვალების შემდეგ, რითაც ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდა;
17.2. გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 105-ე მუხლის, 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 115-ე, 428-ე, 844-ე, 385-ე, 453-ე, 976-ე მუხლები, არასწორად განმარტა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მამკვიდრებლის მეუღლის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბანკსა და დაზღვეულს შორის, ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო, შეწყდა 2012 წლის 22 აგვისტოს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება. მოსარჩელის სასარგებლოდ, ბანკს დაეკისრა 3 136 აშშ დოლარის გადახდა.
19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
20. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 844.1-ე, 809.2-ე, 850.1-ე, 850.2-ე, 328-ე, 453.1-ე, 385-ე მუხლები, 976.1-ე მუხლის “ა“ ქვეპუნქტი, 986-ე, 115-ე და სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები და განმარტა:
20.1. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებით დამზღვევია ბანკი (1.1 პუნქტი), დაზღვეულია ფიზიკური პირი და იზღვევა დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ (1.3 პუნქტი), ბანკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე სადაზღვევო პირობების შესაბამისად (2.1 პუნქტი), მზღვეველს უნდა წარედგინოს დაზღვეულის გარდაცვალების მოწმობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი (3.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
20.2. ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტების მიხედვით, დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, ბანკს კრედიტის თანხას აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია;
20.3. სადაზღვევო შემთხვევა-დაზღვეულის გარდაცვალება დადასტურებულია;
20.4. ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, მოსარჩელემ წარადგინა შესაბამისი ცნობები, კერძოდ, გარდაცვალების მოწმობა და ცნობა გარდაცვალების შესახებ, რომლებშიც მითითებულია დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი (მიოკარდიუმის ინფარქტი - იხ. ს.ფ. 22, 38). ასეთ შემთხვევაში მზღვეველს უნდა გაეცა თანხა დამზღვევზე (ბანკზე);
20.5. მზღვეველის უარი ბანკისათვის დაზღვევის თანხის ანაზღაურებაზე დაუსაბუთებელი და უკანონოა. სსკ-ის 844-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
20.6. სსკ-ის 809-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვეველისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება“;
20.7. ხელშეკრულების პირობა, გარდაცვალების კონკრეტული მიზეზის მითითების თაობაზე ბათილი პირობაა სსკ-ის 54-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) საფუძველზე, რადგან ეწინააღმდეგება დაზღვევის შესახებ სამოქალაქო კოდექსის ნორმებს. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს სამოქალაქო კოდექსის (სპეციალური) ნორმები სიცოცხლის დაზღვევის შესახებ. სსკ-ის 850-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს. სამოქალაქო კოდექსის ნორმების მიხედვით, მხოლოდ თვითმკვლელობის დროს არ გაიცემა სადაზღვევო თანხა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. დაფარულ რისკებს წარმოადგენს დაზღვეულის გარდაცვალება ნებისმიერი მიზეზით.
20.8. ხელშეკრულების 2.4 პუნქტიდან (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი) გამომდინარე, მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას) დამზღვევისათვის (ბანკისათვის) თანხა უნდა გადაეხადა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზის მიუთითებლობა არ ცვლის საქმის არსს, თუმცა, საქმეში არსებულ ცნობაში მითითებულია გარდაცვალების მიზეზი (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 4.26-4.29 ქვეპუნქტები - ს.ფ.254).
20.9. სსკ-ის 428-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას, ხოლო 453-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე. დამზღვევსა და დაზღვეულს შორის 2012 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება დაზღვეულის გარდაცვალების გამო შეწყდა და, შესაბამისად, მოსარჩელეს აღარ ჰქონდა ვალდებულება, ეხადა ბანკისათვის სესხის სარგებელი.
21. სასამართლომ სსკ-ის 850.2-ე, 316.1-ე, 317.1-ე, 385-ე მუხლებზე, 976.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 986-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ბანკისათვის გადაეხადა 3 3136 აშშ დოლარი, ამასთან, ისიც აღნიშნა, რომ სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ბოროტად მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, უზრუნველყოს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელება. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და ამის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას დაკარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შეფასება.
22. სადაზღვევო კომპანიამ, დაზღვეულის გარდაცვალების გამო, დაზღვევის თანხის ბანკისთვის აუნაზღაურებლობით (უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, თითქოსდა არ დგინდებოდა დაზღვეულის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, მაშინ, როცა ყველა წარდგენილ ცნობაში გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტია) და ბანკმა (დაზღვეულთან საკრედიტო ხელშეკრულების არ შეწყვეტით და მოსარჩელისათვის 3 136 აშშ დოლარის დაუბრუნებლობით, რომელიც ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მიიღო), თავიანთი უფლებები ბოროტად გამოიყენეს, მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსარჩელეს მიდგომოდა ზიანი.
23. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე, მიიჩნია, რომ აპელანტმა შეძლო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ დაზღვეულთან ხელშეკრულების არ შეწყვეტა და გადახდილი თანხის მოსარჩელისათვის დაუბრუნებლობა კანონის დაცვით მოხდა.
24. ბანკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, გადაწყვეტილების შეცვლით, დაზღვეულის მემკვიდრის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბერს, ზეპირი განხილვის წესით, დანიშნულ სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა საკუთარი პოზიციები შემდეგნაირად წარმოაჩინეს:
25.1. კასატორმა განმარტა, რომ საკასაციო საჩივარი დაშვებული უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად და ყურადღება გაამახვილა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სასამართლომ შეწყვეტილად მიიჩნია დამზღვევსა (ბანკსა) და დაზღვეულს (მოსარჩელის აწ გარდაცვლილ მეუღლეს) შორის ხელშეკრულება, სსკ-ის 453-ე და 428-ე მუხლების საფუძველზე. სსკ-ის 453-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, გადასახედი გახდება სამემკვიდრეო სამართლის ნორმები, რადგან, მემკვიდრეობის მიღებით მემკვიდრეს უფლებებთან ერთად, შესაძლოა გარკვეული ვალდებულებებიც გადაეცეს, რაც სამკვიდროს მიღების შესაძლო ნეგატიური ნაწილია, მაგრამ სამართლებრივად მნიშვნელოვანია აღნიშნულის განმარტება, რადგან სსკ-ის 453-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ იგი, მოვალის გარდაცვალების გამო, ვალდებულების შეწყვეტას უკავშირებს, მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც ვალდებულების შესრულება შეუძლებელია მოვალის პირადი მონაწილეობის გარეშე (მაგ. მხატვრის მიერ ნახატის შექმნა, ფეხბურთელის მონაწილეობა თამაშში). სხვა შემთხვევაში, აღნიშნული ნორმის არსებობა მნიშვნელობას დაკარგავს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არაერთ ნორმაზე უთითებს, თუმცა, განსახილველი დავის განხილვისას, სააპელაციო სასამართლო სწორედ სსკ-ის 453-ე მუხლს ეყრდნობა. საბანკო საკრედიტო ურთიერთობებში, დასახელებული ნორმის გამოყენების საკითხი უცნობია სასამართლო პრაქტიკაში;
25.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობა განვითარებულია მესამე პირის - მზღვეველის ბრალეულობაზე, თუმცა, განსახილველ დავაში მოპასუხე არის ბანკი და სწორედ მას დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა, რაც პროცესუალურსამართლებრივი საკითხიცაა;
25.3. კასატორმა გააკრიტიკა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.25 პუნქტი. მზღვეველს შეუძლია გარკვეული პირობები შესთავაზოს დაზღვეულს და დაუსაბუთებელია, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების გარგლებში დადებული ხელშეკრულება, რატომ არის ბათილი სსკ-ის 54-ე მუხლით;
25.4. კასატორმა განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა და ამის გამო მიმართა დამზღვევს, თუმცა, საკრედიტო ხელშეკრულება არ შეწყვეტილა; მემკვიდრე სრულად ჩაენაცვლა დაზღვეულს გარიგებაში, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც ერიცხება მას სარგებელი;
26. მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა საკრედიტო ხელშეკრულების მხარეებზე (იხ. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი) და ყურადღება გაამახვილა, რომ საკასაციო საჩივრით სადავო არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი არც ფაქტობრივი გარემოებები და არც საპროცესო დარღვევევბი, შესაბამისად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება;
26.1. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი იყო მოსარგებლე (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი) და მის სასარგებლოდ უნდა გაცემულიყო სადაზღვევო ანაზღაურების თანხა, სწორედ დამზღვევმა წარუდგინა მზღვევლს მოთხოვნა სადაზღვევო თანხის გაცემაზე;
26.2. მოსარჩელის წარმომომადგენელს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება სსკ-ის 453-ე მუხლზე დასაბუთებულია, რადგანაც დავა სახელშეკრულებო ურთიერთობას ეფუძნება და ამ შემთხვევაში მემკვიდრეობის მომწესრიგებელი ნორმების, 1328-ე მუხლის, გამოყენება არამართებულია. მხარის მტკიცებით, ხელშეკრულებით, სიცოცხლე იყო დაზღვეული, ამიტომაც შეწყდა ეს ხელშეკრულება დაზღვეულის გარდაცვალებით, მოთხოვნა ბანკს მხოლოდ მზღვეველის და არა მოსარჩელის (დაზღვეულის მემკვიდრის მიმართ) მიმართ წარმოეშვა. სსკ-ის 327-ე მუხლის საფუძველზე შეთანხმდა სახელშეკრულებო პირობები. მემკვიდრე ვალდებულების გარეშე იხდიდა სესხის პროცენტს, რაც სსკ-ის 976. 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაბრუნებას ექვემდებარება;
26.3. ბანკს მოთხოვნის უფლება აქვს სადაზღვევო კომპანიის მიმართ, ეს უკანასკნელი უარს ამბობს, თუმცა, ბანკმა უნდა იდავოს კანონით დადგენილი წესით. მხარე ხელშეკრულების 2.4 პუნქტზე უთითებს და განმარტავს, რომ დაზღვეულის გარდაცვალებით შეწყდა ხელშეკრულება. ვალდებულება შეწყდა მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალებით, შესაბამისად, ხელშეკრულების 3.4 პუნქტით ვერ მოხდება დაზღვეულის მემკვიდრეზე ვალდებულების გადასვლა. დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, სსკ-ის 453-ე მუხლის თანახმად,რადგანაც ვალდებულება შეწყდა.
27. მესამე პირმა (მზღვეველმა) 54-ე და 850-ე მუხლების ურთიერთმიმართებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მოპასუხის (კასატორის) მხარეზე იყო ჩართული განსახილველ დავაში.
27.1. მას მიაჩნია, რომ გარდაცვალების ცნობაში მითითებული გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია, რადგან მასში, ფორმა # 106-ის მიხედვით, დაფიქსირებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მეორე ცნობაში - უეცარი კარდიული სიკვდილი. მხარემ სსკ-ის 815-ე მუხლზე მიუთითა და აღნიშნა, რომ გარდაცვალების ცნობა შედგენილია უხეში ფორმალური დარღვევებით;
27.2. გარდაცვალების ცნობა გასცა არამკურნალმა ექიმმა, რომელიც არც კი იცნობდა გარდაცვლილს, არ იცოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მას არ ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია გარდაცვალების თაობაზე და დიაგნოზად, დადგენილი წესით, უნდა მიეთითებინა, რომ გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
28. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ბანკის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
29. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ დავა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 876-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც დაზღვეული სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევის ღია ოფსეტური პოლისით, რომლის თანახმად დაზღვეული იყო დამზღვევის ფინანსური ინტერესი დაზღვეულის მიმართ (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი). ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას (იხ. ამ გადაწყვეტილების 20.8 ქვეპუნქტი), რომ სიცოცხლის დაზღვევის ნორმა უნდა გამოყენებულიყო (სსკ-ის 850-ე მუხლი). ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნებოდა მხოლოდ ბანკი (დამზღვევი). აღნიშნული სამართალურთიერთობის დადგენა მნიშვნელოვანია დავის საგნიდან გამომდინარე, რათა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული შედეგის შემოწმების თვალსაზრისით, სასამართლომ განსაზღვროს მტკიცების საგანში შემავალი წანამძღვრები, კერძოდ, სარჩელისა და შესაგებლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, თუმცა, ამ უკანასკნელის შეფასება სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა.
31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე გადაწყვეტილების 20.1 ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამზღვევმა დაზღვეულის მემკვიდრისაგან მიიღო შესრულება, რომელიც რეალურად მზღვეველისაგან უნდა მიეღო. სადაზღვევო პოლისის 3.4. პუნქტის მიხედვით: „მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე მოტივირებული უარის თქმის შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეების ვალდებულებად რჩება. ამგვარ შემთხვევაში, დაზღვეულის მემკვიდრეებს არ აქვთ უფლება, მოთხოვონ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურება. სადაზღვევო ანაზღაურებაზე განაცხადის გაკეთება და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ მოსარგებლის უფლებამოსილებაა“. საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად მოტივირებული და მართლზომიერი იყო მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე და დამზღვევი შეედავა თუ არა მზღვეველს უარის გამო, სამართლებრივად არ ცვლის მხარეთა შორის არსებულ ზემოხსენებულ შეთანხმებას, რომ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება დაზღვეულის მემკვიდრეებს ეკისრებათ.
32. სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე არის დაზღვეულის პირველი რიგის მემკვიდრე, 1328-ე მუხლის მიხედვით: „სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე თავად დამზღვევმა მიმართა მზღვეველს, რაც მისი, როგორც სადაზღვევო პოლისით მოსარგებლის (ბენეფიციარის) ვალდებულება იყო (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები), შესაბამისად, კასატორის მოსაზრება, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა, მაგრამ ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და დღესაც ერიცხება დაზღვეულის მემკვიდრეს სარგებელი (იხ. ამ გადაწყვეტილების 25.4. ქვეპუნქტი) სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. მზღვეველისადმი დამზღვევის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობები სახეზე იყო, შესაბამისად, დამზღვევმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება, წარუდგინა მზღვეველს დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზღვეულის გარდაცვალების მომენტისათვის, სამკვიდრო ქონებაში შევიდა სიკვდილის მომენტისათვის არსებული აქტივი და პასივი და სწორედ ამ ფარგლებში გახდა შესაძლებელი კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
33. სსკ-ის 1484-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა: „რაც შეეხება კასატორთა ძირითად არგუმენტს მოვალის გარდაცვალებით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, მას პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელ ვალდებულებას წარმოადგენს სასესხო ურთიერთობა იმგვარად, რომ კრედიტორს წარმოადგენს საბანკო დაწესებულება. ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვერც სესხის მიზნობრიობა და ვერც რეფინანსირების საკითხი. ფულადი ვალდებულება, თავის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, არ მოითხოვს მოვალის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული უნარ-ჩვევების ქონას და ის შეიძლება ნებისმიერ ვითარებაში შესრულდეს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სასესხო ურთიერთობის მიზანი, შესაძლოა მხოლოდ მესამე პირებთან მამკვიდრებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ჭრილში შეფასდეს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს მამკვიდრებლის უფლებამონაცვლის პიროვნულ თვისებებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის კუთხით. იმგვარ შემთხვევაზე, როდესაც საბანკო დაწესებულება ითხოვს სესხის დაბრუნებას, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილი ვერ იქნება გავრცელებული, ამ ვითარებაში ვალდებულება მოვალის გარდაცვალებით არ წყდება. სწორედ ამავე საფუძვლიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია კასატორთა არგუმენტი, რომ სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულება არ შეიძლებოდა შესულიყო სამკვიდროში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის ყველაზე გავრცელებულ სახეს სწორედ სამემკვიდრეო ურთიერთობები წარმოადგენს და ამ შემთხვევაში, მემკვიდრის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით, რაც სწორად იქნა შეფასებული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ამასთანავე, ამავე კოდექსის საფუძველზე მიღებული აქტივის ფარგლებში სახეზე გვაქვს კანონისმიერი სოლიდარული ვალდებულება (სკ-ის 471-ე მუხლის). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით დადგენილი წესით მიიღეს სამკვიდრო, სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ინდ.მეწარმე ა. ქ-ის სამკვიდრო პასივზე პასუხისმგებელ პირთა წრე“ (იხ.სუსგ # ას-567-538-2015, 16.10.2015წ.).
34. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მემკვიდრე სრულად ჩაენაცვლა დაზღვეულს გარიგებაში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც ერიცხება მას სარგებელი (იხ. ამ გადაწყვეტილების 5.24 ქვეპუნქტი). მოსარჩელესა და ბანკს შორის არ დადებულა ახალი ხელშეკრულება, რითაც დადასტურდებოდა მემკვიდრის სურვილი, საკრედიტო ურთიერთობაში ჩანაცვლებოდა დაზღვეულს, რადგან თუკი სსკ-ის 453.1-ე მუხლის დანაწესის „მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე“ საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დაიკავა დაზღვეულის ადგილი, საქმე გვექნება იძულებით კონტრაჰირებასთან, რაც სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს (სსკ-ის 319-ე მუხლი) ეწინააღმდეგება. კრედიტორის, ამ შემთხვევაში, ბანკის ინტერესი სრულიად დაცული და მოწესრიგებულია სამემკვიდრეო სამართლის ნორმებით (იხ. ამ გადაწყვეტილების 32-33 პუნქტები). სსკ-ის 1488.1-ე მუხლის თანახმად, „მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად“. ამ წესის დაუცველობას კანონმდებელი უკავშირებს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას (სსკ-ის 1488.3 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სადაზღვევო პოლისის 3.4. პუნქტით (იხ. ამ გადაწყვეტილების 31-ე პუნქტი) ნაკისრი ვალდებულების გარდა, მოთხოვნების დაკმაყოფილებისას, მემკვიდრის კრედიტორებთან შედარებით, მამკვიდრებლის კრედიტორების უპირატესობა დადგენილია სამემკვიდრეო სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით (სსკ-ის 1491-ე მუხლი). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 453-ე მუხლის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, რადგან სამემკვიდრეო ნორმებით რეგულირდება საკითხი და, ასევე, იმ დასაბუთებით, რომ დავიდან გამომდინარე, სახეზეა არა დასახელებული ნორმის გამოყენების წინაპირობა, რომ „მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე“, არამედ დამზღვევის მიერ შესრულების მიღება მოვალის მემკვიდრისაგან (იხ. ამ გადაწყვეტილების 34-ე პუნქტი).
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკი არ შედავებია მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაუცემლობის გამო, ანუ რამდენად დასაბუთებული იყო მზღვეველის უარი. აღნიშნული კი მოსარჩელეს წარმოუშობს უფლებას, რომ მოთხოვნა წარუდგინოს მზღვეველს (სადაზღვევო კომპანიას), რადგან სწორედ ამ უკანასკნელის ნაცვლად მოუწია დაზღვეულის მემკვიდრეს ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულება და ეს შესრულება მიიღო კრედიტორმა.
36. ზემოხსენებული მსჯელობა და დასკვნები დაედო საფუძვლად სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბანკის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
37. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "ს-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ. ბ-ეს (პ/ნ …) სს „ს-ის“ (ს/კ ..) სასარგებლოდ დაეკისროს კასატორის მიერ უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის, გადახდა;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე