საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-520-497-2016 5 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ხ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისისა და 29 მარტის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ”ხ- ს” (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) უარი ეთქვა მ. კ-ას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხეები) წინააღმდეგ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო მოპაუხეთათვის, ზიანის ანაზღარების სახით, სოლიდარულად 223 049 (ორას ოცდასამი ათას ორმოცდაცხრა ათასი) ლარის დაკისრება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 319-ე მუხლის პირველი ნაწილი, 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი)
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა - 7 დღე, სახელმწიფო ბაჟის - 7000 (შვიდი ათასი) ლარის გადასახდელად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368.5.მუხლი; იხ. ტ.2, ს.ფ. 2-4).
4. სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ 2016 წლის 3 მაისს ჩაბარდა აპელანტი საწარმოს დირექტორს - მ. მ-ეს (შემდეგში: დირექტორი; იხ. ტ.2. ს.ფ. 8; სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
5. აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი და არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 374-ე მუხლის პირველი ნაწილი, 70-ე მუხლი, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 74-ე მუხლი, მე-60 მუხლის მეორე ნაწილი, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი) .
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება აპელანტს 2016 წლის 3 მაისს ჩაბარდა და მის აღმოსაფხვრელად დადგენილი 7 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო ამავე წლის წლის 4 მაისიდან და ამოიწურა 10 მაისს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2016 წლის 10 მაისის ჩათვლით. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს არ გამოუსწორებია ხარვეზი და არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო (სსსკ-ის 374.1.-ე მუხლი.)
8. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტისა და 19 მაისის განჩინებები, აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, მოითხოვა მათი გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
8.1. საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. დასახელებული ნორმის დისპოზიციაში სიტყვა „მოქალაქე“ განმარტებული უნდა იქნეს ფართო გაგებით, როგორიცაა მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე და საერთოდ ნებისმიერი პირი, ფიზიკური თუ იურიდიული. აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის მიხედვით კანონის წინაშე ყველა თანასწორია;
8.2. აპელანტს არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება, ვინაიდან მოპასუხეთა ბრალეული და დანაშაულებრივი მოქმედებით საწარმო არ ფუნქციონირებს;
8.3. მართალია, ხარვეზის დადგენის განჩინება ცალკე არ საჩივრდება, მაგრამ სსსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, იგი საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებასთან, ე.ი. საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებასთან ერთად.
9.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პრეტენზია დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით, დადგენილი ხარვეზის თაობაზე და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეუვსია ხარვეზი (იხ. ამ განჩინების მე- 7 პუნქტი).
13. კერძო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საწარმო არ ფუნქციონირებს სწორედ მოპასუხეთა ბრალით და მას არ გააჩნია ბაჟის გადახდის საშუალება, ასევე, სასამართლოს სსსკ-ის 47-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია მასზეც უნდა გაევრცელებინა (იხ. ამ განჩინების 8.1- 8.2. ქვეპუნქტები).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
15. მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისას, შეღავათი მხოლოდ ფიზიკურ პირებზე შეიძლება გავრცელდეს ნორმაში აღნიშნული საფუძვლების გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა პროცესუალური უფლებამოსილება, დასახელებული ნორმის მოქმედება გაევრცელებინა იურიდიულ პირზე და კერძო საჩივრის ავტორი გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
17. სააპელაციო სასამართლოს, სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, შეეძლო ემსჯელა იურიდიული პირისათვის მხოლოდ ბაჟის გადავადების ან შემცირების საკითხზე, თუკი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევდა, ისიც მხოლოდ მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი უტყუარი მტკიცებულების შეფასების შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან შემცირება არ მოუთხოვია, იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას მოითხოვდა სსსკ-ის 47-ე მუხლში მითითებული სიტყვის „მოქალაქე“ ფართო განმარტებით (ს.ფ. 479.)
18. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია და მოთხოვნა სსსკ-ის 47-ე მუხლში მითითებული ცნების - „მოქალაქის“ განვრცობით განმარტებაზე, რადგან საპროცესო მოწესრიგება იმპერატიულად ადგენს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების კანონისმიერ წინაპირობებს, სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან; ასევე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაც მოქალაქის ანუ ფიზიკური პირის გარდა, იურიდიული პირიც იგულისხმება, სასამართლოს შეუძლია გადაავადოს ან შეამციროს სასამართლო ხარჯები (შეადარეთ ერთმანეთს სსსკ-ის 46-ე, 47-ე, 48-ე მუხლები). იურიდიული პირის სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება არ არის განსაზღვრული კანონით, შესაბამისად, სასამართლოს მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით მოქმედების შესაძლებლობა აქვს და გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და დასაბუთებული.
19. კერძო საჩივრის ავტორს, სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია შუამდგომლობა იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების მოთხოვნით, რაც, თავის მხრივ, უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვს, ხოლო აპელანტის მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული განჩინება მიიღო, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივრის მოთხოვნა, როგორც დაუსაბუთებელი, უარყოფილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ხ-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისისა და 29 მარტის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისისა და 29 მარტის განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე