საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-610-583-2016 5 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე-ის (შემდეგში: მოსარჩელე) სასარჩელო მოთხოვნა, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - შენობა-ნაგებობის დაზიანებული ნაწილის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შპს-თვის ,,ჩ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. იმავე სასამართლოს 2015 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მის სასარგებლოდ, საწარმოს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 100 ლარი ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 261-ე მუხლი.)
3. საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებულ დამატებით გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 ივნისის განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო ( სსსკ-ის 374-ე მუხლი).
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში წარედგინა აპელანტის წარმომადგენლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მოწმობა, ან მტკიცებულება, რომ წარმომადგენელი არის საწარმოს თანამშრომელი (სსსკ-ის 368.5.მუხლი; იხ. განჩინება- ტ.2, ს.ფ.18-19).
5. სასამართლომ, საქმეში განთავსებული უკუგზავნილით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2016 წლის 4 მარტს და სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 10 მარტს (კერძოდ, ჩაბარდა მოპასუხის დირექტორს. (მეუღლეს ნ. მ-ეს- იხ. ტ.2, ს.ფ.21).
6. სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 11 მარტიდან და ამოიწურა 21 მარტს, ორშაბათს, თუმცა, მოპასუხეს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც მისი შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
7. სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 373.1.-ე, 374.2.-ე, 372-ე, მე-60.2.-ე, 61.3.-ე, 368.5.-ე და 374-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დატოვა.
8. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა დამატებითი გადაწყვეტილება და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხის დირექტორს მეუღლე არ ჰყავს და არც ჰყოლია. მოპასუხე საწარმოს არცერთ თანამშრომელს ან მათი ოჯახის წევრს არ ჩაბარებია უწყება. გზავნილი ჩაიბარა მოპასუხისა და მისი დირექტორისათვის სრულიად უცხო პირმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოპასუხეს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე. აპელანტს მითითებულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. უწყების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით უწყება ჩაბარდა მოპასუხე საწარმოს დირექტორის მეუღლეს (იხ. ამ განჩინების 5-6 პუნქტები.)
13. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს გზავნილი გაუგზავნა საწარმოს იურიდიულ მისამართზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 23) და იგი სადავოდ არ ხდის ამ გარემოებას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ 2016 წლის 4 ოქტომბერს წარმოდგენილ ცნობას, რომ იგი არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეზუმირებულია, რომ საწარმოს იურიდიულ მისამართზე უწყების მიმღები პირი უფლებამოსილია, მიიღოს კორესპოდენცია. თუკი ასეთი უფლებამოსილება სინამდვილეში არ არსებობს, აღნიშნული საწარმო მენეჯმენეტისა და შიდა ორგანიზაციულ ხარვეზზე მიუთითებს, რაც განხორციელებული საპროცესო მოქმედების სამართლებრივ შედეგს ვერ შეცვლის. იგულისხმება, რომ ორგანიზაციამ ისეთი პირობები შექმნა, რომ უწყების ჩამბარებელი სუბიექტი კეთილსინდისიერად ვარაუდობდა გზავნილის მიმღების სათანადო უფლებამოსილების არსებობას.
16. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეტყობინება ანუ სასამართლო უწყების ჩაბარება განხორციელდა სწორად. უდავოა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შევსებულა, რაც სსსკ-ის 368.5-ე /თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება/ და ამავე კოდექსის 374.1-ე /თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ/ მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
17.ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჩ-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე