Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-632-603-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ზ. თ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჯ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ა-ემ (შემდეგში: არასათანადო მოსარჩელე), 2014 წლის 18 ივლისს, სარჩელი აღძრა ზ. თ-ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და ქ. კ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, პ. ბ-ის ქ. 66 /ს.კ 0../ მდებარე საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის 172.1-ე მუხლი).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის საოქმო განჩინებით, არასათანადო მოსარჩელე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით და ასეთად ცნობილი იქნა ვ. ჯ-ი (შემდეგში მოსარჩელე, იხ. ს.ფ. 57).

3. მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ საცხოვრებელ ფართში, 2011 წლიდან, უკანონოდ ცხოვრობენ მოპასუხეები, რომლებიც მოსარჩელის არაერთი თხოვნისა და მორიგების შეთავაზების მოუხედავად, არ ათავისუფლებენ დაკავებულ ფართს.

4. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რომელთაც სხდომის შესახებ ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო (სსსკ-ის 230-ე მუხლი).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობასი გადაეცა მოსარჩელეს (იხ. ს.ფ. 80-86).

6. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულმა პირველმა მოპასუხემ, საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა (სსსკ-ის 236-ე მუხლი).

7. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინებით, პირველი მოპასუხის საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და დაინიშნა საჩივრის განხილვა. იმავე წლის 24 ივნისს 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა პირველი მოპასუხე, რომელსაც სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება და მოითხოვა სხდომის გადადება, ავადმყოფობის მოტივით, ამასთან, მიუთითა, რომ სსსკ-ის 240-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას, შესაბამისად, თუ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა, შეეძლო, მის დაუსწრებლად განეხილა საჩივარი.

8. მოსარჩელე არ დაეთანხმა პირველი მოპასუხის განცხადებას და განმარტა, რომ მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, საქმის განხილვა არაერთხელ გადაიდო, სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომებზე არცერთი მოპასუხე არ ცხადდება; ისინი სასამართლოსადმი ხან განცხადების წარდგენით, ხან სატელეფონო კომუნიკაციით ითხოვენ სხდომის გადადებას, ავადმყოფობის გამო, რასაც სასამართლო ყოველთვის იზიარებდა; ამ კონკრეტულის მსგავსად, სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც, მოპასუხე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე კვლავ ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

9. საქალაქო სასამართლომ განიხილა პირველი მოპასუხის საჩივარი საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე და, სსსკ-ის 240-ე, 233-ე და 241-ე მუხლებზე დაყრდნობით, 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი (სსსკ-ის 240.2-ე მუხლი), შესაბამისად, ძალაში დარჩა, საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი; ასევე. ს.ფ. 110-114).

10. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების არცერთი წინაპირობა. მართალია, მოპასუხის მიერ წარდგენილ საჩივარს ერთვოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შედგენილი სამედიცინო ბარათები, მაგრამ საჩივრის განხილვის დროს, სხდომის დაწყებამდე, მოპასუხემ ერთი დღით ადრე წარადგინა განცხადება, ავადმყოფობის გამო, სხდომის გადადების თაობაზე, რაც სასამართლოს აზრით, ემსახურებოდა საქმის გაჭიანურებას.

11. პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 240.3-ე მუხლი) და მათი გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივაციით:

11.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონოდ ფლობის ფაქტი, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც დღემდე ძალაშია. შესაბამისად, სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;

11.2. სასამართლომ 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით არასწორად მიიჩნია, პირველი მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო ცნობები საქმის გაჭიანურების მცდელობად. მოპასუხის განმარტებით, მან 2015 წლის 23 ივნისის განცხადებით სასამართლოს აცნობა, რომ იგი იმავე წლის 13 ივნისს დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას ებრძოდა, რა დროსაც ავად გახდა, თუმცა, მან საჩივრის განხილვა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. საქმის გაჭიანურება რომ სდომოდა, მაშინ საქმის განხილვის გადადებას მოითხოვდა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინება პირველი მოპასუხის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ (იხ. ს.ფ.173-179).

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების 4-7 პუნქტებში და მე-10 პუნქტში.

14. სააპელციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პრეტენზია და მიიჩნია, რომ 2015 წლის 24 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით და ამ თვალსაზრისით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება, დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება. სსსკ-ის 215–ე მუხლის დანაწესით, ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის (პირველი მოპასუხის) მიერ წარდგენილ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ, პაციენტის სამედიცინო ბარათში აღნიშნულია, რომ პაციენტს, მისივე გადმოცემით, ჰქონდა მაღალი წნევა, მიიღო „ადელფანი“ და „რაუნატინი“. ბარათში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული პირველადი სამედიცინო-მედიკამენტოზური დახმარების შესახებ რაიმე ჩანაწერი არ არსებობს (იხ. ს.ფ. 93-94).

16. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა, რომ სამედიცინო ბარათში აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაღალი წნევა), არა ექიმის უშუალო გამოკვლევის შედეგად იყო დადგენილი, არამედ თავად პაციენტის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას ემყარებოდა. აღნიშნული მტკიცებულება კი, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან, სსსკ-ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნათა საპირისპიროდ, ცნობა არ შეიცავდა სარწმუნო ინფორმაციას პირის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

17. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ქვემდგომ სასამართლოში პირველმა მოპასუხემ არაერთხელ მოითხოვა სხდომის გადადება (იხ.ს.ფ. 46, 51, 56-58, 75-76). აღსანიშნავია, რომ სხდომის დანიშვნის გადადების მოთხოვნით პირველმა მოპასუხემ, ასევე, არაერთხელ მიმართა სააპელაციო სასამართლოსაც. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიზანს წარმოადგენდა საქმის განხილვის გაჭიანურება.

18. სასამართლომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პრეტენზია, რომ საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველია.

19. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას კრძალავს სსსკ-ის 233-ე და 230-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ: ა) თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ე) თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ. 12). საქმეში წარდგენილი, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2012 წლის 25 ივნისს, უძრავ ქონებაზე დადებული ქირავნობის ხელშეკრულების 2.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2 თვით. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის აგვისტოდან პირველი მოპასუხე (აპელანტი) მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობს.

21. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სარჩელში მითითებულია და დადასტურებულად ითვლება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შემოწმების გარეშეც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ, სსკ-ის 170-ე, 172.1-ე მუხლების საფუძველზე, არამართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად მიიჩნია, რის გამოს უცვლელად დატოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

22. პირველმა მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში შემდეგი არგუმენტაციით:

22.1. სასამართლომ არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 559-ე მუხლი. მოსარჩელე სარჩელში არ მიუთითებს, რომ ქირავნობის ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსთხოვა მოპასუხეებს საცხოვრებელი სადგომის დაცლა. ამიტომ მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ქირავნობის ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით;

22.2. სასარჩელო განცხადების, ფაქტობრივი გარემოებების მე-2 გრაფაში მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ორი თვით დაიდო და ამ ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხე ვალდებული იყო, გაეთავისუფლებინა საცხოვრებელი სადგომი, ადასტურებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-189-181-2016, 28.07.2016 წ.).

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოპასუხეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საცხოვრებელ სადგომზე მოპასუხეთა არამართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტას ითხოვს (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი).

30. საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, 2015 წლის 24 აპრილს, მოპასუხეთა გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო მოგვიანებით, 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით უარჰყო პირველი მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს დასახელებული აქტები კანონიერად მიიჩნია (იხ. ამ განჩინების 4, 9 პუნქტები).

31. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანს სწორედ მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

32. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70 – 78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება“. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი, „თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება“. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

33. სსსკ-ის 233-ე მუხლი ადგენს აკრძალვებს, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. ეს აკრძალვები შემდეგია: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

34. მოხმობილი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, კანონით განსაზღვრული აკრძალვების გათვალისწინებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა შემდეგი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში: გამოუცხადებელი მხარე გაფრთხილებული უნდა იყოს სასამართლო სხდომის თაობაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.

35. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 13-21 პუნქტები) და მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ზემოხსენებული სამართლებრივი წინაპირობები სახეზეა. კასატორი არ უარყოფს, რომ იგი სასამართლო სხდომის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ. 78).

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულად ითვლება, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის შემთხვევაში, შესაძლებელია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მისი დაკმაყოფილება.

37. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული გარემოებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა (იხ. ს.ფ. 12) და მოპასუხესთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადა გასულია. ამ გარემოებების საფუძველზე კი, მოპასუხეთა არამართლზომიერი მფლობელობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნა სსკ-ის 172.1-ე მუხლის საფუძველზე იურიდიულად გამართლებულია.

38. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი მოპასუხის პრეტენზიას სასამართლო სხდომაზე, მისი ავადმყოფობის გამო, გამოუცხადებლობის საპატიოობაზე, იმ საფუძვლით, რომ კასატორის მიერ წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათში (იხ. ს.ფ. 93-94) არ არის მითითებული პაციენტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. აღნიშნული ინფორმაცია კი სსკ-ის 215.3-ე მუხლის დანაწესით: „ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“ აუცილებელია ავადმყოფობის საპატიო მიზეზად მისაჩნევად.

39. სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი ან მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც გამორიცხავს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე, ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინების გაუქმების შესაძლებლობას.

41.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რის გამოც იგი ვერ იქნება მიღებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე