Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-677-648-2016 7 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, მერია, აპელანტი, კასატორი) სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 581-ე მუხლი), შპს-ას „ბ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე ან საწარმო) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

1.1. 665,13 ლარი, ასევე, 2012 წლის 23 ივლისიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით - 521,55 ლარის 0,0033% ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2012 წლის 03 აგვისტოდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით - 140,58 ლარის 0,0033% ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები);

1.2.სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის 12,82 ლარისა და პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად 662,13 ლარის 0,0967% დაკისრების, ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი (იხ. ტ.1, ს.ფ. 150-163) წარადგინა მერიამ (მოსარჩელემ), რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, მიიღო განსახილველად და დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2016 წლის 6 აპრილს, 12.00 საათზე, რომელიც არ შედგა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო. მორიგი სხდომის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 30 მაისი, 15.00 საათი.

3. 2016 წლის 30 მაისს, საქმის ზეპირი განხილვისას, გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი, არ გამოცხადა მოპასუხე. სასამართლოს წინაშე აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 230-ე მუხლი)

4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების 1.1. და 1.4. პუნქტების ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე, რადგან ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს (იხ. განჩინება- ტ.2, ს.ფ. 43-45).

5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 30 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება-გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2, 1.3, და 1.5. პუნქტების შეცვლით, ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:

5.1. 2012 წლის 13 ივლისიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით - 521,55 ლარის 0,05% ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

5.2. პირგასამტეხლო 7 დღის ვადაგადაცილებისათვის - 4.35 ლარი;

5.3. 2012 წლის 24 ივლისიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით, 143,84 ლარის 0,05% ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

5.4. დაეკისრა 2012 წლის 13 ივლისიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით, 112,19 ლარის 0,05% ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

5.5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება-გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსკ-ის 420-ე, სსსკ-ის 372-ე, 387.2.-ე, 230-ე-241-ე მუხლები.

7. სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 230-241 მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სასამართლოს უფლება აქვს, გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი წარმოიშობა გარკვეული წინაპირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: 1) მოწინააღმდგე მხარე მოწვეული უნდა იყოს სასამართლოს სხდომაზე სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით; 2) არ უნდა არსებობდეს სსსკ-ის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები. 3) სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი უკუგზავნილებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს, მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა უწყება, 2016 წლის 25 აპრილს, სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. ტ 2, ს.ფ 26).

9. მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ქირის 0.1% -ის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური წინაპირობა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

11.სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებდა შეფასებას და მარტოოდენ მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლობასა და მისი ოდენობის გაზრდაზე სარჩელით მოთხოვნილ ოდენობამდე, არ იყო საკმარისი ამ გარემოების სრულად გასაზიარებლად, თუკი პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით წარდგენილი პრეტენზია წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქმეში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზე დამყარებულ სასამართლოს შეფასებებთან პირგასამტეხლოს მოცულობასთან დაკავშირებით.

12. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დაბალი იყო და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით შემცირებისას, იგი კარგავს თავის დანიშნულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას; პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლოს დისკრეცია ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, შესაბამისად, დაცული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესები.

13. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ შეესაბამებოდა ვალდებულების დარღვევის ხასიათს და მიიჩნია, რომ შესრულების ღირებულების, ასევე ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, ორივე მხარის ინტერესების დაბალანსების მიზნებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 0,05 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

14. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მისი გაუქმებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

14.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ ნაწილობრივ არასწორი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება;

14.2.სასამართლო ვერ ასაბუთებს პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას ანუ სასამართლო არ განმარტავს, თუ რატომ არის მერიის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი;

14.3. საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს განსაზღვრისას გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 319-ე, 418-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, მით უფრო, რომ ეს კანონით არ არის აკრძალული. პირგასამტეხლო დამოუკიდებელია მიყენებული ზიანისგან და კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს როგორც ზიანის ანაზღაურება, ისე პირგასამტეხლოს გადახდა;

14.4. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ნებისმიერ შემთხვევაში კი არ შეუძლია პირგასამტეხლოს შემცირება, არამედ საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიუთითოს, თუ რატომ მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არ დაუსაბუთებია აღნიშნული. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარებას და სხვა გარემოებებს, კერძოდ იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა;

14.5.სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი და საერთოდ არ დაასაბუთა მისი გამოყენების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ხსენებული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განემარტა და დაესაბუთებინა, რატომ მიიჩნევდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ თანხად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით გონივრული თანხით შეემცირებინა, რაც უნდა დაესაბუთებინა შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს შეფასება მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს 0.1%-ის შემცირების თაობაზე ზოგადია;

14.6. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება;

14.7. პროცესუალური მოწინააღმდეგე იურიდიული პირია, რაც გულისხმობს, რომ მხარეს სრულად უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას. პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისათვის, რათა მოვალემ კეთილსინდისიერად შეასრულოს სახელშეკრულებო პირობები და არ აირიდოს პასუხისმგებლობა. გარიგების დადებისას, მხარე ავლენს ნებას და აცნობიერებს ყველა შესაძლო შედეგს, რაც შეიძლება მოჰყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას ან შეუსრულებლობას.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 29 ივლისს, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

16. მოპასუხემ 2016 წლის 15 აგვისტოს წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა მერიის საკასაციო საჩივარზე და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, ამასთან, სააპელაციო სასამართლოში არ დასრულებულა საქმისწარმოება, რადგან მოპასუხემ წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნით, შესაბამისად, სასამართლომ 2 სექტემბერს დანიშნა სხდომის განხილვის თარიღი, რის დასტურადაც საწარმომ წარმოადგინა სასამართლო უწყება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

19.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: ას-23-23-2014, 10.04.2014წ.; # ას-1200-1145-2013, 16.05.2014წ.; # ას-1157-1103-2014, 24.12.2014წ., # ას-1342-1380-2014, 06.03. 2015წ.; # ას-943-905-2014, 08.04. 2015 წ.).

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების დარღვევის გამო საიჯარო ქირისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს.

23. საკასაციო პრეტენზიით მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია შეუსაბამოდ და გაუმართლებლად, მისი ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეთანხმებული 0.1%-დან 0.05%-მდე შეამცირა (იხ. ამ განჩინების 10-13 პუნქტები).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პირგასამტეხლოს სამართლებრივ არსსა და, განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მისი შემცირების მიზანშეწონილობაზე.

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად მიუთითა, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არ შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხასიათს და მიიჩნია, რომ შესრულების ღირებულების, ასევე ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, ორივე მხარის ინტერესების დაბალანსების მიზნებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 0,05 %-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტი). კასატორს ამ მსჯელობის გასაბათილებლად, ზოგადი მოსაზრებების გარდა, არ წარმოუდგენია კვალიფიციური საკასაციო შედავება, რაც მიუთითებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე.

26. საკასაციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მცირედ მიიჩნია და გაზარდა იგი.

27.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესატყვისება სსკ-ის 417-420-ე მუხლების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (წინამდებარე განჩინების მე-19 მუხლი). მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს, რის გამოც უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე