საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-752-720-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ქ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი ან დეპარტამენტი) და შპს „ქ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, აპელანტი, საწარმო ან კასატორი) შორის, 2013 წლის 1 თებერვალს დაიდო №63 ხელშეკრულება კვებითი მომსახურების შესყიდვაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).
2. ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, 3.3 და 3.4 პუნქტებით ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს არა უმეტეს 2 407 604 (ორი მილიონ ოთხას შვიდი ათას ექვსას ოთხი) ლარს, რომელშიც შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოსაკრებელი და გადასახადი. 4.2 პუნქტის თანახმად, საწარმომ იკისრა ვალდებულება, კვების ულუფის მომზადებისას გამოეყენებინა მაღალი ხარისხის, სერთიფიცირებული, შესაბამისი სამსახურის მიერ შემოწმებული, სახელმწიფოში მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მარკირებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტები. მე-9 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას, კერძოდ, 9.10. პუნქტით დადგინდა: „მიმწოდებლის მიზეზით საუზმის (მომზადების დრო არა უგვიანეს 9:00 საათისა), სადილის (მომზადების დრო არა უგვიანეს 14:00 საათისა), ვახშმისათვის (მომზადების დრო არა უგვიანეს 19:00 საათისა) განკუთვნილი ულუფის დაგვიანების (ერთი საათი და მეტი) შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა კონკრეტულ დაწესებულებაში განთავსებული სპეცკონტიგენტისათვის და მოსამსახურეთათვის საჭირო მომსახურების საერთო ღირებულების 5 %-ის ოდენობით“ (იხ. ხელშკრულება - ტ.1, ს.ფ. 20)
3. შემსყიდველის №1 დაწესებულებაში 2013 წლის 8 თებერვალს მიმდინარე პროცესების შემოწმების აქტის მიხედვით (იხ. ტ.1, ს.ფ. 23-27), მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების 4.2, 9.10 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ, განკუთვნილი ულუფის მიწოდება საათზე მეტი დროით დაგვიანდა.
4. დეპარტამენტმა 2013 წლის 19 მარტს წერილით მიმართა დეპარტამენტს და განუმარტა, რომ იმავე წლის 8 თებერვალს, დაწესებულებაში არსებული კვებითი პროცესების შემოწმების მიზნით, განხორციელდა ინსპექტირება. ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ჩირის კომპოტზე შემჩნეულ იქნა „ჭია-მატლები“, რის გამოც არ განხორციელდა აღნიშნული წუნდებული პროდუქტის მიწოდება მსჯავრდებულთათვის, აღნიშნული ჩანაცვლდა ვაშლის კომპოტით, რომლის მიწოდებაც მოხდა 17 საათისათვის, რაც დაადასტურა საწარმოს მენეჯერმაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ხელშეკრულების 9.10 ქვეპუნქტი, რაც მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია, რაც კონკრეტულ დაწესებულებაში განთავსებული სპეცკონტიგენტისათვის და მომსახურეთათვის საჭირო მომსახურების საერთო ღირებულების 5 % -ის ოდენობით გამოიანგარიშება. მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო 2411.28 (ორი ათას ოთხას თერთმეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარს შეადგენდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 30-31).
5. დეპარტამენტმა 2015 წლის 16 ივნისს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მე-4 პუნქტში დასახელებული პირგასამტეხლოს დაკისრება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 სექტემბრის განჩინებით (იხ. ტ.1, ს.ფ. 64) საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაერთო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდეგში სამინისტრო).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და, სამინისტროს სასარგებლოდ, საწარმოს დაეკისრა პირგასამტეხლო 2411.28 ლარი, სსკ-ის 417-418 მუხლებზე დაყრდნობით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 55.1 მუხლი).
8. მოპასუხემ სააპელაციო წესით, გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შემსყიდველის სარჩელის უარყოფა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
8.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა არსებული ფაქტები, რადგან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება არ არის სახეზე, ულუფა დროულად გაიცა, დაგვიანების გარეშე, ხოლო შემსყიდველმა მოითხოვა მიწოდებული სასმელის ჩანაცვლება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დაგვიანებად, რადგან ძირითადი საკვები მიწოდებული იყო დათქმულ დროს, ხოლო კომპოტი არ არის ძირითადი ულუფა.
8.2. სასამართლომ არ ისარგებლა სსკ-ის 420-ე მუხლით, რომ შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რადგან სახეზე იყო არა ხელშეკრულების არაჯეროვანი, არამედ ხარვეზიანი შესრულება, რაც არ შეაფასა სასამართლომ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, ასევე, დაუსაბუთებლად მიიჩნია საწარმოს განმარტება, რომ კომპოტი არ წარმოადგენდა სადილის ძირითად ულუფას, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი სად-ის №1 დაწესებულებაში მიმდინარე კვებითი პროცესების შემოწმების შესახებ 08.02.2013წ. შედგენილი აქტით, რომელიც ხელმოწერილია მოპასუხე საწარმოს მენეჯერის მიერ, დასტურდება, რომ სადილის მენიუ შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: 1. კომბოსტოს მწნილი; 2. ლობი; 3. ვაშლი და 4. ჩირის კომპოტი (იხ.ტ. 1, ,ს.ფ.25)
11. სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც კი, როცა ხელშეკრულების დარღვევას შედეგად ზიანი არ გამოუწვევია.
12. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა ურთიერთობის ხასიათზე, კერძოდ, ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო მსჯავრდებულთა კვების საკითხი და მის მცირედ დარღვევასაც კი, შესაძლოა, მესამე პირთათვის მტკივნეული შედეგი გამოეწვია.
13. სასამართლოს დასკვნით, სამინისტროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
14. სააპელაციო სასასამრთლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმავე პრეტენზიებზე აპელირებით, რაც მის სააპელაციო საჩივარშია ასახული (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებშია დასაშვები, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული საფუძვლები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოთ მითითებული არცერთი საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: # ას-800-756-2015, 22.09.2015; # ას-1196-1125-2015, 05.02.2016წ.).
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოების მიერ გამოკვლეულია საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტი და მართებული კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული განსახილველ ურთიერთობას. კასატორის პრეტენზიები არაკვალიფიციურია და არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 10-11 პუნქტებშია ასახული და აღნიშნავს, რომ პირის ჯანმრთელობის უფლებასთან განუყოფლად არის დაკავშირებული ჯანსაღი კვება და კონკრეტული რაციონით გაწერილი ულუფის მიღება, ამდენად, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და კანონიერი.
23. პირგასამტეხლოს თაობაზე „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია, შესაბამისად, მან ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება, ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ქ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ქ-ას" (ს/კ 4…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს. ქ-ის (პ/ნ 0..) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N2, გადახდის თარიღი 2016 წლის 28 სექტემბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე