საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-846-812-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. დ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. თ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გ. თ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. დ-ას (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, გ. თ-ას (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი), დაეკისრა 2584 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის - 500 ლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 979-ე მუხლი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 53-ე მუხლი).
2. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 247-249).
4. მოსარჩელე და მოპასუხე შემდეგი პირობებით დაეთანხმენ მორიგებას:
ა) სადავო უძრავი ქონება - 500 კვმ მიწის ნაკვეთით და მასზე განაშენიანებული ფართი (საცხოვრებელი) გაიყო და მოპასუხეს (აპელანტს) მიეკუთვნა თავისუფალი მიწის ნაკვეთი ფართობით - 250 კვმ, ხოლო მოსარჩელეს - მიწის ნაკვეთი 250 კვმ საცხოვრებელ სახლთან ერთად; ბ) მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მოპასუხეს 2016 წლის 10 აგვისტოდან 2017 წლის 30 იანვრამდე გადაუხადოს 3000 (სამი ათასი) ლარი; ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდეს საჯარო რეესტრში; დ) შესაბამის აზომვით ნახაზებს მხარეები შეადგენენ დამოუკიდებლად და წარადგენენ საჯარო რეესტრში.
5. სააპელაციო სასამართლოს იმავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება (სსსკ-ის 272-ე მუხლი).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სადავო უძრავი ქონება მოსარჩელემ საკუთარი დედამთილისაგან შეიძინა 2014 წლის 24 მარტს და დაირეგისტრირა საკუთრებად, მშობლების დახმარებით გაარემონტა სახლი და ეზო, რაშიც რამდენიმე ათასი ლარი დაიხარჯა. მოპასუხე არის მოსარჩელის ყოფილი მეუღლის მამიდა, რამდენიმეთვიანი რემონტის მიმდინარეობისას, იგი არაერთხელ მივიდა მოსარჩელესთან სახლში და რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს;
6.2. 2015 წელს მოპასუხემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობა, რაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე გახდა უძრავი ქონების ნახევრის მესაკუთრე, თუმცა, მან არ აუნაზღაურა მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხის ნახევარი, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ხოლო სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე მხარეები მორიგდნენ (იხ. მე-4 პუნქტი);
6.3. 2016 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ იმავე წლის 28 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულებით, ვინმე გ. ქ-აზე გაასხვისა უძრავი ქონების კუთვნილი წილი, რაზედაც მას არ განუცხადებია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი 4 აგვისტოს განეკარგა აღნიშნულ ქონებაზე საკუთარი წილი, ამდენად, ის არ იყო კანონიერი მხარე, მას არ ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება.
7. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი თვითონვე უთითებს, რომ მოპასუხე სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით გახდა უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრე და კუთვნილი წილი გაასხვისა (იხ. 6.2. და 6.3 ქვეპუნქტები), ამდენად, დაუსაბუთებელია რაში მდგომარეობს კერძო საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი; წარმოდგენილი პრეტენზიით, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების განჩინების გაუქმების შედეგად, გაურკვეველია, რისი მიღწევა სურს მას.
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მორიგების საფუძველზე განაწილებული უძრავი ქონება, იდეალური წილის სახით, უცვლელი რჩება, ამდენად, მოპასუხის ნაცვლად საჯარო რეეტრში სხვა პირის საკუთრების რეგისტრაცია არ ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და არ ცვლის ამ უკანასკნელის ნაკისრ ვალდებულებას მოპასუხისადმი (იხ. მე-4 პუნქტი; შდრ., ასევე, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან - ს.ფ. 15-16 და ს.ფ. 257-258).
12. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის პრეტენზიებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან მოსარჩელე ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდებოდა და გავლენას იქონიებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების ფარგლებში, მხარის, როგორც მესაკუთრის ნამდვილი იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ამდენად, წარმოდგენილი არგუმენტები უარყოფილია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. დ-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აგვისტოს განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე