საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-851-817-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. დ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ს-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ლ. დ-ის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (საცხოვრებელი ბინა, ს/კ №5.., მის: ქ.თელავი, თ-ი № 28) გამოთხოვისა და ამავე ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 170-ე, 172-ე, 183-ე. 311-ე, 312-ე მუხლები).
2. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე, 368-ე, 372-ე, 373-ე, 374-ე მუხლებზე საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის გაურკვეველი იყო აპელანტი ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრით, თუ სააპელაციო სასამართლოს მიმართავდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვის თაობაზე.
5. სასამართლომ, 2016 წლის 20 მარტის განჩინებით, ხარვეზი დაუდგინა აპელანტს სააპელაციო საჩივარზე და, მისი აღმოფხვრის მიზნით, დაავალა, ნათლად და გარკვევით მიეთითებინა: 1. თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა აპელანტი; 2. მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.
6. აპელანტმა 2016 წლის 6 აპრილს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 422-ე მუხლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და 431-ე მუხლით განსჯადობის დადგენა.
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 აპრილის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა ამავე წლის 20 მარტის განჩინებით (იხ. მე-5 პუნქტი) ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით, აპელანტს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ვალდებული, განეხილა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული. ამასთან, სააპელაციო სასამართლო განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილავდა იმ შემთხვევაში, თუ ის ეხებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
8. სააპელაციო სასამართლომ ისიც განუმარტა აპელანტს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მას კანონით დადგენილ ვადაში ჰქონდა გასაჩივრებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული. აქედან გამომდინარე, თუკი აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეხილა სააპელაციო საჩივარი.
9. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 ივნისს განცხადებით მიმართა აპელანტმა, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ხარვეზი არ აღმოუფხვრია, ვინაიდან განცხადების შინაარსი ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოსათვის გაურკვეველი დარჩა, თუ რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის ავტორი, კერძოდ: 1) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, 2) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას თუ სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა გადაწყვეტილებას. თუკი, აპელანტი სააპელაციო წესით ასაჩივრებდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გაურკვეველი იყო, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა მხარე. ასევე, გაურკვეველი იყო გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ აღნიშნულ გარემოებებს.
10. მოსარჩელემ კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში განსახილველად.
11. კერძო საჩივრის ავტორმა (იხ. კერძოს საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 34-35) მიუთითა, რომ მან შეავსო ხარვეზი და მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით ხარვეზის შევსების თაობაზე, რომლითაც დააზუსტა, თუ რაში გამოიხატებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და დაუსაბუთებლობა. სააპელაციო სასამართლომ გაურკვევლად ჩათვალა მისი მოთხოვნა და მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, შესაბამისად, მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა სამართლიანი სასამართლო წარმოებით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის დადგენილი წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსი იმპერატიულად ადგენს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, თუ რა წესით უნდა გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პრეტენზიის წარდგენისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დაცვა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დაურღვევია აპელანტს, არამედ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სრულად აღმოფხვრა, რათა სასამართლომ შეძლოს სააპელაციო საჩივრის დაშვება ანუ განსახილველად მიღება (სსსკ-ის 374-ე მუხლი).
16. სამოქალაქო სამართალწარმოება ეფუძნება ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფის პრინციპს, რაც კანონისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა იქნეს რეალიზებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-2, მე-4, მე-5 მუხლები).
17. საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი, რომელთაგან არა მხოლოდ ფორმალური წინაპირობები, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და სხვ. უნდა იქნეს ზედმიწევნით და სრულად დაცული, არამედ საჩივრის არსებით ნაწილს განეკუთვნება სააპელაციო განაცხადის შინაარსი ანუ ის საფუძვლები და მიზეზები, რომელთა გამო, მხარე ასაჩივრებს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხარვეზი დაუდგინა აპელანტს, ხოლო შემდეგ გაუგრძელა კიდეც საპროცესო ვადა მისი აღმოფხვრის მიზნით, თუმცა, მხარეს, დადგენილი წესით, არ შეუვსია ხარვეზი, არ დაუზუსტებია მოთხოვნა, პრეტენზიის საფუძველი, რაც მხოლოდ მხარის ვალდებულებაა და სასამართლოს უფლებამოსილებაში არ შედის იავარაუდოს, იგულისხმოს ან ინტერპრეტაცია მოახდინოს იმ მოთხოვნის, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით უნდა წარედგინოს სასამართლოს საქმისწარმოების თითოეულ კონკრეტულ ეტაპზე.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეს არაერთხელ მისცა შესაძლებლობა, კანონით დადგენილი წესით, შეევსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც აპელანტს არ შეუსრულებია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას წაერთვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებებიდან, რაც კერძო საჩივრის მოთხოვნის უარყოფის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ს-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე