Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-855-821-2016 4 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული საოქმო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების სრულად გაუქმება და საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „მ-ი“-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმო) სარჩელი, შპს „ლ-ი“-ს (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 629-ე, 316-ე, 317-ე მუხლები).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს 31.08.2016წ. საოქმო განჩინებით (იხ. ტ.2, ს.ფ. 59-62) დგინდება, რომ მითითებულ დღეს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. ამ უკანასკნელის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება განუხილველად დატოვოს, თუ : 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სააპელაციო სასამართლოში 31.08.2016წ. 12:00 სთ-ზე დანიშნული მთავარი სხდომის უწყება ჩაბარდა ამავე წლის 11 მაისს, სსსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მისი ავტორის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ამასთან, სასამართლომ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმსჯელა, რომ აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით სხდომის გადადების თაობაზე და არც მისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია. აღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება დაედო საფუძვლად მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

6. აპელანტის წარმომადგენელმა - გ. წ-ემ კერძო საჩივრით (იხ. ტ.2, ს.ფ. 72-73) მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინების გაუქმება და შემდეგ ფაქტებზე მიუთითა:

6.1. მან საწარმოში იურისტის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო 2016 წლის 11 ივლისიდან. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ დავაზე დანიშნული სხდომის თარიღსა და დროზე იგი ინფორმირებული იყო მოპასუხის წინა იურისტისაგან, რომელმაც 12 ივლისს დატოვა სამსახური და მას შემდეგ მარტო ასრულებს იურისტის მოვალეობას (კერძო საჩივარს ერთვის შესაბამისი მტკიცებულებები - იხ. ტ.2, ს.ფ. 74-75);

6.2. წარმომადგენელი ემზადებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სხდომისათვის, თუმცა, სხდომის დღეს შეუძლოდ გახდა, რაც გამოიხატა წელის ძლიერ ტკივილში, რამაც პრაქტიკულად შეუზღუდა მოძრაობა.

7. მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს სსსკ-ის 241-ე და 215.3-ე მუხლებზე, ამასთან, მისი ავადმყოფობის დასტურად, კერძო საჩივარს ერთვის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა # 100, გაცემული 2016 წლის 31 აგვისტოს, რომელშიც დიაგნოზისა და ავადმყოფობის მოკლე ანამნეზის გარდა, მითითებულია რეკომენდაცია, რომ პაციენტს გაუხსნეს დროებითი შრომისუუნარობის ფურცელი და ამ მდგომარეობაში მისი გამოცხადება სასამართლოში 31 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე შეუძლებელია (იხ. ტ.2, ს.ფ. 76-77).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 29 სექტემბერს, კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის დადგენილი წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის არგუმენტებისა, რომლებიც განმტკიცებულია სათანადო მტკიცებულებებით (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები), ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მისი გამოუცხადებლობა სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 31 აგვისტოს დანიშნულ სხდომაზე საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან კერძო საჩივარზე თანდართული # 675/16 მინდობილობით, დგინდება, მოპასუხე საწარმო მისსავე იურისტს ანიჭებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობას 2016 წლის 2 სექტემბრიდან, რადგან სწორედ ამ რიცხვითაა დათარიღებული დოკუმენტი (იხ. ტ.2, ს.ფ. 80), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე საწარმოს იურისტი- გ. წ-ე ვერ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან მას საამისო უფლებამოსილება არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არაუფლებამოსილი პირის მიერ, რომელსაც არ აქვს მინიჭებული წარმომადგენლობის უფლება მარწმუნებლისაგან, წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დასადასტურებლად, ვერ დაედება საფუძვლად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საკასაციო სასამართლოს მიერ.

12. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივარი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა უარყოფილია და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 აგვისტოს საოქმო განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ლ-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე