Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-881-848-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ააიპ „ქ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის განხილვის დავალება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, ხელფასის დაქვითვის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. კ-ას (შემდეგში მოსაჩელე ან დასაქმებული) სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ააიპ „ქ-ის“ (შემდეგში ააიპ, მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) დირექტორის 2016 წლის 12 იანვრის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; დასაქმებული აღდგენილი იქნა ააიპ-ის დირექტორის წარმომადგენლად # 15 ფილიალში; ასევე ბათილად იქნა ცნობილი ააიპ-ის დირექტორის 2016 წლის 22 იანვრის ბრძანება დასაქმებულისათვის ხელფასის დაქვითვის თაობაზე. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. საქალაქო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა, განჩინების მისთვის გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 160 (ას სამოცი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სათანადო მტკიცებულება (დებულება ან სხვა დოკუმენტი), რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ააიპ, რაც შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა მოპასუხის სახელმწფი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. იმავე განჩინებით, მოპასუხეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368.5-ე მუხლი; იხ. განჩინება - ს.ფ. 315-318).

4. აპელანტმა 2016 წლის 29 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის - 160 (ას სამოცი) ლარის ელექტრონულად გადახდის თაობაზე # 14343 საგადახდო მოთხოვნის ქსეროასლი, რომელზედაც დაფიქსირებულია, რომ სახელმწიფო ხაზინაში ტრანზაქცია განხორციელებულია. იმავე წლის 30 ივნისის განჩინებით, აპელანტს გაუგრძელდა 20 ივნისის განჩინებით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტის დედნის წარმოსადგენად განესაზღვრა 14 დღე, ამ განჩინების ჩაბარებიდან (იხ. განცხადება, ბაჟის გადახდის ქვითარი და განჩინება - ს.ფ. 319-324).

5. სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც მიუთითა, რომ სასამართლოსათვის წარდგენილი ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ორიგინალია, იგი დამოწმებულია ბეჭდით და ხელმოწერილია დირექტორის მიერ (იხ. ს.ფ. 326).

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, განუხილველად დარჩა აპელანტის სააპელაციო საჩივარი.

7. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მოტივაციიისას მიუთითა 3-5 პუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დასადასტურებლად დედნის წარდგენას. დოკუმენტის დედანს კი წარმოადგენს მისი გამცემი პირის მიერ დამოწმებული ძირითადი ეგზეპმლარი ან მის მიერვე დამოწმებული ასლი, ასევე, სანოტარო ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი. განსახილველ შემთხვევაში კი, ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების მიუხედავად, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა, სახელმწიფო ხაზინის ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ასლის ნაცვლად, საკუთარი ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული ქვითარი, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დედან დოკუმენტად და, შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებად. სსსკ-ის 368.5-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

8. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, რომელიც წარმოებაშია მიღებული საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით.

9. კერძო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

9.1. სააპელაციო სასამართლოს 30.06.2016წ. განჩინებით, აპელანტს 29 ივლისის 24:00 საათამდე ჰქონდა ხარვეზის შევსების ვადა, მან 20 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის გამოსასწორებელი ვადის აღმოსაფხვრელად მხარეს დარჩენილი ჰქონდა ვადა - 29 ივლისამდე, სასამართლომ 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი;

9.2. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის # 571 ბრძანებით დამტკიცებული ააიპ „ქ-ის წესდების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით: „გაერთიანების საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან“. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მან დასახელებული წესდება წარუდგინა სასამართლოს, ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოები (მერია და საკრებულო) „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისადგან, ააიპ-ის წესდების ზემოხენებული ნორმის საფუძველზე, ქუთაისის სასამართლომ არასწორად დაადგინა ხარვეზი მათ სააპელაციო საჩივარზე;

9.3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწფიო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მათ ანაგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა, ხოლო მე-12 პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები. ამავე კოდექსის 184 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაცია (მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული ყველა შემოსულობის სრულად და დაუყოვნებლივ აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ზემოხსენებული ნორმები გულისხმობს იმას, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ააიპ-ები ფინანსურ ოპერაციებს ახორციელებენ სახელმწიფო ხაზინის მეშვეობით;

9.4. საბიუჯეტო კოდექსის 184 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია, თავის საქმიანობაში გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტები, ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაცია (მ.შ. ააიპ-ები) უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს ან/და ამობეჭდოს სახელმწიფო ხაზინაში ელექტრონულად წარდგენილი და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მიერ დადასტურებული ნებისმიერი დოკუმენტი. ამასთან, ელექტრონული ასლის სახით შენახულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

10. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია.

13. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში არსებულ ააიპ-ის წესდებაზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ გაერთიანების საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხდება თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის ბიუჯეტიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილით გაერთიანების დაფინანსების წყაროებია: ა. ადგილობრივი ბიუჯეტი; ბ. შემოწირულობები; გ. სახელმწიფო გრანტები, სუბსიდიები და სხვა კანონიერი შემოსავლები; დ. კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე. საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები (იხ. ს.ფ. 77). „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ვრცელდება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომლებიც ფინანსდებიან მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ეს მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). ამდენად, მოპასუხის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაუდგინა მას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი, რადგან მუნიციპალიტეტის ორგანოები (მერია და საკრებულო) გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისაგან და ააიპ-იც უნდა გათავისუფლებულიყო (იხ. 9.2. ქვეპუნქტი) დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მისივე წესდების შესაბამისი რეგულაციიდან, ხოლო სხვა მტკიცებულებები მხარეს არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსათვის, რადგან საქმეში განთავსებული დოკუმენტები: ააიპ-ის ადმინისტრაციისა და ფილიალის შინაგანაწესები (იხ. ს.ფ. 279-310) კონკრეტული საკითხების მოწესრიგების ტიპურ შემთხვევებს ეხება და გაერთიანების მხოლოდ სახელმწფიო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ რაიმე ინფორმაციას არ შეიცავს, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებლად სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო.

14. მოპასუხის პრეტენზია, რომელიც წინამდებარე განჩინების 9.3 და 9.4 ქვეპუნქტებშია ასახული საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ სახელმწიფო ბაჟის ელექტრონული ფორმით გადახდას უკავშირდება, ხოლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი სწორედ ის გარემოება გახდა, რომ სასამართლოს მოპასუხემ წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დასადასტურებლად არა დოკუმენტის ორიგინალი, როგორც ეს დადგენილია სსსკ-ის 178-ე 21 მუხლით „სარჩელს უნდა ერთოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი)“, არამედ მისი ელექტრონული ფორმით გადახდის დოკუმენტი (იხ. ამ განჩინების 4-7 პუნქტები).

15. განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კოდექსის კონკრეტულ მოწესრიგებას ეხება საქმე, რომლითაც მოთხოვნილია დოკუმენტის დედანი, ხოლო, მეორე მხრივ, მხარის პრეტენზიას, რომ თუკი ელექტრონული ფორმით გადახდა არ იყო საკმარისი სასამართლოსათვის, მაშინ მოპასუხეს კიდევ უნდა მისცემოდა შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის გზით, აღმოეფხვრა აღინიშნული. მოპასუხის მიერ მითითებული საკანონმდებლო დანაწესებით (იხ. 9.3 და 9.4 ქვეპუნქტები) დადგენილია, რომ საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები.

16. „სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის“ (იხ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1). განსახილველ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ მოპასუხემ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ელექტრონული ფორმით გადახდის დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 321). ტრანზაქციის განხორციელებისა და საგადახდო მოთხოვნის მიღების შესახებ მონაცემები მითითებულია ელექტრონული აღრიცხვის წესით- თარიღი და დრო, კერძოდ, ბაჟი გადახდილია 2016 წლის 28 ივნისს, ხოლო 29 ივნისს, აპელანტის განცხადება თანდართული ელექტრონული დოკუმენტით წარდგენილია სააპელაციო სასამართლოში (იხ. მე-4 პუნქტი).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადამოწმდეს მოპასუხის მიერ ელექტრონულად გადახდილი დოკუმენტის ნამდვილობა, რათა მხარეს არ შეეზღუდოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

18. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ ყოფილა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განჩინების პასუხად, მხარემ მარტოოდენ ის არგუმენტი შესთავაზა სასამართლოს, რომ ელექტრონული ფორმით გადაიხადა ააიპ-მა სახელმწიფო ბაჟი, რაც დაადასტურა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საკუთარი ხელმოწერითა და ბეჭდით. სააპელაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, თუ რა საკანონმდებლო მოთხოვნებს ეფუძნებოდა მეორედ დადგენილი ხარვეზის განჩინება, თუმცა, რადგან საკასაციო სამართალწარმოების ეტპზე წარმოდგენილი არგუმენტების ნაწილი დასაბუთებულია და კანონიდან გამომდინარეობს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ააიპ „ქ-ის“ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე