Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-908-874-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „უ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ თ. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით შპს „უ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, საწარმო ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ი/მ თ. ბ-ის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიღებული 6 774 ლარის გადახდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 531-ე, 385-ე, 976.1- „ა“ მუხლები). მოსარჩელის მოთხოვნა ქირის - 17 484 ლარის, ასევე, მიყენებული ზიანის სახით 14 742 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (სსკ-ის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები) .

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საწარმოს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად, აპელანტს განესაზღვრა 7 (შვიდი) დღე განჩინების ჩაბარებიდან (იხ. განჩინება- ტ.2, ს.ფ. 32-36; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 368.5-ე მუხლი).

4. საწარმომ, 2016 წლის 27 ივლისს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარუდგინა სასამართლოს და იმავდროულად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სსსკ-ის 48-ე მუხლზე მითითებით (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 51-61).

5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საწარმოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ დასაბუთებით, რომ აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი; ამასთან, არ არსებობდა სსსკ-ის 48-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, რადგან აპელანტს არ წარუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას, ამასთან, მარტოოდენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითება, არ იყო საკმარისი კანომდებლობით დადგენილი მოთხოვნის - მხარის მიერ უტყუარი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულების - დასაკმაყოფილებლად, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლით, აპელანტს უნდა უზრუნველეყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საწარმომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. აპელანტის პრეტენზიით, დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ საწარმოს არ აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა; საქალაქო სასამართლო იხილავს სხვა სარჩელს საწარმოს წინააღმდეგ, რომელზეც, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, 3600 აშშ დოლარის ფარგლებში დაყადაღდა საწარმოს საბანკო ანგარიშები, რის გამოც ვერ სარგებლობენ მისით. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საწარმოს სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით არ გადაუხდია დაკისრებული თანხა, პირიქით, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მას არ მიუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების მოთხოვნით. აპელანტმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, ასეთ შემთხვევაში კი, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 368.5 მუხლით და დაედგინა ხარვეზის შესავსებად ვადა, რაც არ მოხდა (იხ. კერძო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 82).

7. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საწარმოს კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და კერძო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმისწარმოება ემყარება დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზებას და კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობას (სსსკ-ის მე-3, მე-4, მე-5 მუხლები). საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც ფორმალურ-იურიდიული წინაპირობებს ადგენს, მეტწილად იმპერატიულ მოწესრიგებას შეიცავს, ხოლო საპროცესო წესებისა და კონკრეტული ვადების დადგენით, მხარისათვის განსაზღვრავს იმ შესაძლებლობას ან ვალდებულებას, რომელმაც პროცესუალური წესრიგით ხელი უნდა შეუწყოს პირის მატერიალური უფლების რეალიზებას. აღნიშნული მოწესრიგების სასამართლოს მიხედულებით შეცვლა ან ინტერპრეტაცია დაუშვებელია.

11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და საპროცესო კანონით დადგენილი წესით განუსაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი). დასახელებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტს მიუთითა სსსკ-ის 368-ე მუხლით სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილ მოთხოვნებზე, ასევე, იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების პროცესუალურ წინაპირობებზე და განუმარტა მხარეს, რომ მას არ წარუდგენია სსსკ-ის 48-ე მუხლით მოთხოვნილი მტკიცებულებები, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, ემსჯელა ბაჟის გადავადებაზე. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები განემარტა მხარეს, ამასთან, მიეთითა, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არარსებობის შემთხვევაში, 52-ე მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა, აპელანტის მიერ გადასახდელი სასამართლო ხარჯის გამოთვლის წესი, მისი ოდენობა და შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.

12. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით, კვლავ მოთხოვნილია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა, საჩივარს არ ახლავს რაიმე მტკიცებულება, ხოლო სხვა სახის შუამდგომლობა, მაგალითად, ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე, აპელანტს არ წარუდგენია, რასაც კერძო საჩივარშიც ადასტურებს მხარე.

13. სასამართლო შებოჭილია მხარეთა მოთხოვნებით და მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით განახორციელოს კონკრეტული საპროცესო ქმედებები, თუკი ასეთი დისკრეცია კანონით არ არის გათვალისწინებული.

14. კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მისთვის მოპასუხეს ჯერ კიდევ არ გადაუხდია სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, ასევე, დაუსაბუთებელია, რადგან, თავად აპელანტი უთითებს, რომ მოპასუხეს გასაჩივრებული აქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული და მისი იურიდიული შედეგის აღსრულება ამ ეტაპზე არ ევალება მოწინააღმდეგე მხარეს (იხ. სსსკ-ის 266-ე მუხლი).

15. ზემოხსენებული მოტივაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება, როგორც კანონიერი, უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „უ-ის“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე