Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-908-874-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ი/მ თ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი საგნის მეორეთი შეცვლა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „უ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმო) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 196-ე მუხლი) და ი/მ თ. ბ-ს (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი ან განმცხადებელი) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თბილისი, ნ-ის ქუჩა, ს-ოს გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ, დ-ის მე-3 ქუჩა N7, ს/კ 0..) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ. ტ.1, ს.ფ. 62-64).

2. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა, მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების სახით, მოსარჩელეს დაკისრებოდა 55 200 (ორმოცდათხუთმეტი ათას ორასი) აშშ დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. ტ.1, ს.ფ. 95-98).

3. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ.განჩინება- ტ.1, ს.ფ. 127-130).

4. მოპასუხემ 2016 წლის 7 მარტს კვლავ წარუდგინა სასამართლოს განცხადება და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც სასამართლოს იმავე წლის 21 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1, ს.ფ.132—134 და ს.ფ. 214-217).

5. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით მოპასუხეს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნით წარდგენილ საჩივარზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 220-223), ხოლო იმავე სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით განუხილველად დარჩა მოპასუხის შუამდგომლობა, რომლითაც იგი ანალოგიურ მოთხოვნას აყენებდა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 240 - 242).

6. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მაისის განჩინებით განუხილველად დარჩა მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით რამდენჯერმე მიმართა მოპასუხემ, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააყენა იგივე შინაარსის შუამდგომლობა (იხ. 3-5 პუნქტები). მოპასუხემ რამდენჯერმე წარუდგინა სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები, რაც ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. განჩინება - ტ.1, ს.ფ.275-278).

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საწარმოს სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ მიღებული 6 774 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა ქირის - 17 484 ლარის, ასევე, მიყენებული ზიანის სახით 14 742 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

9. მოპასუხემ სააპელაცო სამართალწარმოების ეტაპზეც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.2, მოპასუხის განცხადება - ს.ფ. 5-8 და სასამართლოს განჩინება- ს.ფ.37-41)

10. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რაც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში (იხ. ტ.2, ს.ფ. 78 -81).

11. მოპასუხის საჩივრის უარყოფას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ განმცხადებლის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის საგანი არ იყო სარჩელის ფასის ტოლფასი და იგი სათანადოდ არ უზრუნველყოფდა ამ საქმეზე მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. კერძოდ, მოპასუხის მიერ უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული უძრავი ნივთი განთავსებულია დაუმთავრებელ, მშენებარე კორპუსში, სადაც მშენებლობა წლების განმავლობაში გაჩერებულია, ამდენად, ეს ქონება არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაუნარიან ობიექტს. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საჩივრის ავტორს არ წარუდგენია.

12. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, იმსჯელა, მოპასუხის მოთხოვნაზე, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის იდენტური თანხის - 6774.00 ლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზეც და განმარტა, რომ საწარმოს გასაჩივრებული ჰქონდა სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილი (იხ. ამ განჩინების 7-8 პუნქტები), ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შეთავაზებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მოთხოვნას. საჩივრის ავტორს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედებოდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, ამიტომ არ დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვებას დაედო საფუძვლად და ასახულია 11-12 პუნქტებში.

15. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და კანონიერი, რადგან მოპასუხეს არცერთი გარემოება არ მიუთითებია, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლაზე, ამასთან, გასათვალისწინებელია კრედიტორის ინტერესების დაცვა, რომელიც სასარჩელო წარმოების გზით დავობს მისი უარყოფილი მოთხოვნის ნაწილში სასურველი იურიდიული შედეგის მისაღწევად.

16. სსსკ-ის 196.1-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამასთან, აღნიშნული საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე (სსსკ-ის 196.2 მუხლი). სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით, „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. სუსგ # ას-1165-1095-2015, 25.11.2015 წ.; #ას-454-438-2016, 19.07.2016 წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის არგუმენტები არ არის საკმარისი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობის - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის - გამოსაყენებლად. ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, მოპასუხის საჩივარი უარყოფილია, რაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე