საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-924-890-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – შპს "ბ", ბ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ვ-ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „ჯ-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კრედიტორი) განცხადება საქართველოს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ამავე წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე # 5-2015) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა სრულად.
2. დასახელებული გადაწყვეტილებით შპს „ბ-ს“, ბ. ნ-ს (შემდეგში: მოპასუხეები, მოვალეები ან კერძო საჩივრის ავტორები), ა. ს-ეს, მ. რ-ს, დ. ა-ს, გ. მ-ეს, ზ. გ-ს, ზ. გ-ს, ი. ყ-ს, ვ. ლ-ას, ზ. ს-ეს, ა. ს-ეს დაეკისრათ დავალიანების ძირითადი თანხის - 358 938, 68 (სამას ორმოცდათვრამეტი ათას ცხრაას ოცდათვრამეტი ლარისა და სამოცდარვა თეთრის) ლარის სოლიდარულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს 21 218, 24 (ოცდაერთი ათას ორას თვრამეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის გადახდა კრედიტორისათვის, მათვე სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 358 938, 68 ლარის 0, 05 % საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს 179, 46 ლარს;
3. იმავე გადაწყვეტილებით, მოვალე საწარმოს დაეკისრა ზიანის სახით - 20 811, 28 (ოცი ათას რვაას თერთმეტი ლარი და 28 თეთრი) ლარის გადახდა კრედიტორისათვის.
4. ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითბეულ პირებს დაეკისრათ საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 545.72 ლარის გადახდა და სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება მოსარჩელისათვის.
5. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 29 ივლისს სააღსრულებო ფურცელი გასცა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 239-240).
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ვ-ის“ განცხადება და სამოქალაქო საქმეზე # 2ბ/964-2016, ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) დადგენილ სამართალურთიერთობაში მოსარჩელესა და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა შპს „ვ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელის ან კრედიტორის უფლებამონაცვლე).
7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებითვე ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებაზე საქმეზე # 2ბ/964-2016 დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც კრედიტორის დასახელებისა და რეკვიზიტების ნაწილში მითითებული იქნებოდა მოსარჩელის უფლებამონაცვლე საწარმო.
8. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულმა მოვალეებმა- საწარმომ და ფიზიკურმა პირმა, კერძო საჩივარი, თანდართული დოკუმენტაციით (იხ. ტ.2, ს.ფ. 297-331), წარმოადგინეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
8.1. კერძო საჩივრის ავტორებს არც კი ჩაბარებიათ სააპელაციო სასამართლოს განჩინებები; მათ გასაჩივრებული ჰქონდათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და პოსტ-ფაქტუმ აღმოჩნდა, რომ, ერთი მხრივ, სააღსრულებო ფურცელი აღებული აქვს კრედიტორს და, მეორე მხრივ, სხვა საწარმო განისაზღვრა მის უფლებამონაცვლედ (იხ. 5-7 პუნქტები);
8.2. კერძო საჩივრის ავტორები აკრიტიკებენ კრედიტორსა და მის უფლებამონაცვლეს შორის დადებულ უფლების დათმობის ხელშეკრულებას, რომელიც სამ პირს შორისაა გაფორმებული და აღნიშნავენ, რომ მათგან ზ. ს-ეს არავითარი უფლება არ გააჩნია;
8.3. კრედიტორს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) საბიუჯეტო დავალიანება აქვს, მასზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და მოძრავ ნივთებზე ყადაღა (კერძო საჩივრის ავტორები საჩივრის კონკრეტულ დანართებზე უთითებენ), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საწარმო პირდაპირ მალავს გადასახადებს, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს არ სურთ, ნებსით თუ უნებლიედ ამ ფაქტის თანამონაწილენი გახდნენ;
8.4. მხარის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა ვალდებულება, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, ოფშორულ კომპანიაში გადაირიცხება;
8.5. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ დავალიანება შეადგენს 450 535.62 ლარს, ნაცვლად, მხარეებს შორის აღიარებული თანხისა (თუმცა, მოვალეები არ ეთანხმებიან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას). სააპელაციო სასამართლომ არც კი გადაამოწმა ვალდებულების ოდენობა, ისე დაუდასტურა ოფშორულ კომპანიას მოპასუხეებისადმი მოთხოვნის უფლება, რაც სამომავლოდ სამოქალაქო ბრუნვაში დავის საგანი გახდება;
8.6. ხელშეკრულებაში მითითებულია პირგასამტეხლო, რაც, მაღალი ალბათობით, ე.წ. „უფლების დამთმობის“ მიერ არ შესრულდება და რაც ასევე გახდება სამოქალაქო დავის საგანი;
8.7. სააპელაციო სასამართლომ ხელოვნურად შეუწყო ხელი მოპასუხეების ვალდებულების ოდენობის გაზრდას;
8.8. საქმის მასალების მიხედვით, ოფშორული კომპანიის ხელმძღვანელია სამი ფიზიკური პირი ერთობლივად, ხოლო ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მხოლოდ ერთ-ერთი;
8.9. სააპელაციო სასამართლომ ზერელედ და ბრმად მიიღო სადავო განჩინება. კერძო საჩივრის ავტორებს ეზღუდებათ უფლება, დროულად აღასრულონ ვალდებულებები იმ ნაწილში, რასაც მოვალეები აღიარებენ, ისარგებლონ სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც უკვე ზიანის მომტანი გახდა, იწვევს დროითი და ფინანსური რესურსების დანახარჯებს და კიდევ უფრო გაართულებს მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმებას.
9. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი მიღებულია წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალეთა კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიები არაკვალიფიციურია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე კრედიტორის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული საწარმო და ამავე განჩინებით დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რომელშიც კრედიტორის დასახელებისა და რეკვიზიტების ნაწილში მითითებული იქნებოდა მოსარჩელის უფლებამონაცვლე საწარმო.
13. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სააღსრულებო კანონი) მე-15 მუხლი განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს, კერძოდ, ისინი არიან: „ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი;გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში“. ამავე კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად: „სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე“, ხოლო 21-ე მუხლით დადენილია სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელთა შორის, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია კრედიტორისა და მოვალის დასახელებებისა და რეკვიზიტების, მათ შორის, პირადი ნომრების ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრების, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემების მითითების სავალდებულოობა. დასახელებული სპეციალური კანონის 24-ე მუხლით კი დადგენილია სააღსრულებო ფურცლის გაცემა უფლებამონაცვლე პირების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ: „სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა“.
14.განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი, აღნიშნულის წინაპირობა კი გახდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომელშიც კონკრეტულად არის მითითებული ხელშეკრულების საგანი, ანგარიშსწორების პირობები, მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა და სხვა დებულებები (სსკ-ის 198-ე 199-ე მუხლები). ცესიის ხელშეკრულებას ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები, რაც დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.
15. კერძო საჩივრის ავტორის თითოეული პრეტენზია, რომელიც მე-8 პუნქტის რამდენიმე ქვეპუნქტად არის მითითებული, არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, ამავე სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის საფუძველზე (იხ. პირველი პუნქტი), დადგინდა სააღსრულებო ფურცლის გაცემა (იხ. მე-7 პუნქტი), რომელშიც 29 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტთაგან ცვლილება შეეხო მხოლოდ კრედიტორის უფლებმონაცვლესა და მის მონაცემებს, ხოლო კრედიტორთა წინაშე შესასრულებელი ვალდებულება უცვლელი დარჩა.
16. კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიები კრედიტორთა წინაშე გაზრდილი ვალდებულებების, სახელმწიფო ხაზინის ნაცვლად, ოფშორულ კომპანიაში თანხების გადარიცხვისა და სხვა გარემოებებზე აპელირებით, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კრედიტორის უფლებამონაცვლის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ასახულია სწორედ ის აღსასრულებელი ვალდებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით დადგინდა. ამდენად, კერძო საჩივარი უარყოფილია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული, უცვლელად დარჩა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ"-ისა და ბ. ნ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე