3გ-ად-12-კ-ს-03 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება აქტის შეჩერების ნაწილში.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 იანვარს ინდივიდუალურმა მეწარმე “კ.-მ" სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ...-ის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა:
1. “იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის “ა" და “ბ ჯგუფის დაავადებების გამოვლენას" ...-ის მინისტრის 2003წ. 6 იანვრის ¹2-1 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მანამდე აქტის შეჩერება იმ ნაწილში, რომლითაც აღნიშნული არაკეთილს.- ქვეყნების ნუსხაში შეყვანილ იქნა ინდოეთი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 21 იანვრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ინდივიდუალური მეწარმე “კ.-ის" სარჩელი. იმავე განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შეაჩერა “იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, სადაც ადგილი აქვს საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის “ა" და “ბ" ჯგუფის დაავადებების გამოვლენას" ...-ის მინისტრის 2003წ. 6 იანვრის ¹2-1 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც აღნიშნულ ნუსხაში შეყვანილ იქნა ინდოეთი.
განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ...-ის სამინისტრომ და ითხოვა განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც შეჩერდა გასაჩივრებული აქტი.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი (აქტის ნაწილი) გამოცემულია “ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის “დ" და “ზ" ქვეპუნქტების, 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 6 თებერვლის ¹73 ბრძანებულების პირველი პუქნტის “ა" და “ბ" და “გ" ქვეპუნქტების, ...-ის მინისტრის 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-133 ბრძანების საფუძველზე, რომელიც აწესრიგებს ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტური) კეთილს.-ბის უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებებს. აღნიშნული აქტები წარმოადგენენ საერთაშორისო ეპიზოოტური ბიუროს ნუსხის შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში განხორციელების საშუალებებს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საერთაშორისო ეპიზოოტური ბიუროს ნუსხის საერთაშორისო ხასიათი, რადგანაც იგი წარმოადგენს კონკრეტული გვარეობითი საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის სავალდებულოდ შესასრულებელ წესს წევრი-ქვეყნებისათვის, მათ შორის _ საქართველოსთვის.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული არც ერთ მოტივზე, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლო კოლეგია სსკ-ს 191-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე ვერ მოხდებოდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 28 იანვრის განჩინებით ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქარველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 2003წ. 6 იანვრის ¹2-1 ბრძანების გამოცემისას ...-ის სამინისტროს, მართალია, არ მიუღია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება მისი დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ “ქვეყანაში ვეტერინარული (ეპიზოოტური) კეთილს.-ბის უზრუნველყოფის ზოგიერთი გადაუდებელი ღონისძიების შესახებ” ...-ის მინისტრის 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანებით დაწესდა განსაკუთრებული კონტროლი იმ ქვეყნებიდან ტვირთების იმპორტის ტრანსპორტირებისა და რეექსპორტის განხორციელებაზე, რომლებშიც საერთაშორისო ეპიზოოტური ბიუროს მონაცემებით გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით განსაზღვრული “ა” და “ბ” ჯგუფის დაავადებები და რომელთა უმრავლესობა რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ გადაუდებელ აღსასრულებელ ადმინისტრაციულ აქტს, რომლის მოქმედებაც სასამართლოში სარჩელის წარდგენით ავტომატურად არ ჩერდება. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის 2003წ. 6 იანვრის ¹2-1 ბრძანება წარმოადგენს “ნორმატული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატული აქტის, ...-ის მინისტრის 2002წ. 26 სექტემბრის ¹2-132 ბრძანების, განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ამ ბრძანებით დადგენილი გასატარებელი ღონისძიების განხორციელება 2003წ. 6 იანვრის ¹2-1 ბრძანებით დამტკიცებული ქვეყნების ნუსხის გარეშე შეუძლებელს გახდიდა გატარებული ღონისძიებების შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია გასაჩივრებული ბრძანებების ცალ-ცალკე, ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებად განხილვა და ისინი განხილულ უნდა იქნენ ერთობლიობაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი სამართლებრივად საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ...-ის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 21 იანვრის განჩინება საქართველოს ...-ის მინისტრის 2003წ. 6 იანვრის ¹2-1 ბრძანების მოქმედების შეჩერების ნაწილში და 2003წ. 28 იანვრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.