Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-956-921-2016 2 ნოემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს "რ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 და 26 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან საწარმოს 39 % -ის მფლობელი პარტნიორი) სარჩელი და, მის სასარგებლოდ, შპს „რ-ს“ - ს/კ 2.. (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი ან საწარმო) დაეკისრა, 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის 20 დეკემბრამდე, სესხის ზეპირი ხელშეკრულების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-ე, 625-ე მუხლები) საფუძველზე, გადაცემული თანხის - 643 163 (ექვსას ორმოცდასამი ათას ას სამოცდასამი) აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 436 558 (ოთხას ოცდათექვსმეტი ათას ხუთას ორმოცდათვრამეტი) აშშ დოლარი და სესხის პროცენტი - 205 625 (ორას ხუთი ათას ექვსას ოცდახუთი) აშშ დოლარი; საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე, მიუღებელი შემოსავლის (სსკ-ის 411-ე მუხლი) ასანაზღაურებლად სესხის ძირითადი თანხის - 436 558 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის - 39 290 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოთხმოცდაათი) აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ასევე, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 090.12 (ხუთი ათას ოთხმოცდაათი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება.

2. საქალაქო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 517.64 (ოთხი ათას ხუთასჩვიდმეტი ლარი და სამოცდაოთხი თეთრი) ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

4. სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე, მოსარჩელემ 2016 წლის 20 სექტემბერს წარადგინა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (იხ. ტ.2, ს.ფ. 2-105), რომლითაც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა.

5. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

5.1. საწარმოს 39 %-ის მფლობელი პარტნიორია მოსარჩელე, საწარმოს სხვა პარტნიორთა მიერ არათუ თანხმობის მიღება, არამედ მისი ინფორმირებაც კი არ მომხდარა, რომ მოპასუხემ შპს „რ-თან“ 2016 წლის 15 იანვარს, გააფორმა საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდების ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად, „ქონების“ ნასყიდობის ფასია 7 000 000 (შვიდი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოსარჩელე დასაბუთებულ ვარაუდს გამოთქვამს, რომ მოპასუხის აღნიშნული ქმედება განხორციელებულია მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, ვინაიდან 15.01.2016წ. ხელშეკრულებაში მითითებული უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით, საწარმომ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება, რაც შეუძლებელს გახდის, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას;

5.2. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება;

5.3. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის, თუკი არ იარსებებს მოსარჩელის დაკმაყოფილების საშუალება, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხე საწარმოს ფულად სახსრებს 2 305 362 (ორი მილიონ სამას ხუთი ათას სამას სამოცდაორი) ლარის ფარგლებში შემდეგ საბანკო ანგარიშებზე: ,,თ- ი“ -ბანკის კოდი: T, ანგარიშის ნომერი: G/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/EUR;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/USD;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/USD;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/USD;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G-/USD;

"ვ-" ბანკი ანგარიშის ნომერი: G-/GEL;

"ვ-" ბანკი ანგარიშის ნომერი: G-/USD;

"ვ-" ბანკი ანგარიშის ნომერი: G-/EUR;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G-/GEL;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G-/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G-/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G-/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G-/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G-/EUR;

7. ამავე განჩინებით დადგინდა მისი დაუყოვნებლივ აღსრულება, რა მიზნითაც გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.2, ს.ფ. 113).

8. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი არის 2 305 362 ლარის დაკისრება, ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის პირობებში კი, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ემსახურება.

9. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, სსსკ-ის 191-ე მუხლზე მითითებით, იმსჯელა, თუ რატომ გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული საპროცესო ნორმის მიზანია, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა, ხოლო სასამართლოს დასარწმუნებლად, საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

10. საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ისე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. მეწარმე სუბიექტისა თუ ამხანაგობის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, შეიძლება ხელი შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტისა თუ ამხანაგობის გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები. ამდენად, იურიდიული პირის პირად ანგარიშებზე ყადაღის დადებით კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სამართლებრივ ვითარებაში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე, მეწარმე სუბიექტისა თუ ამხანაგობის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხების შედეგად, მოვალემ ვერც ნებაყოფლობით და ვეღარც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით ვეღარ შეძლოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში, ანგარიშზე ყადაღის დადება დაუშვებელია;

11. სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით და არა ანგარიშზე არსებულ მთლიან თანხაზე; ამ გარემოებათა გაანალიზების შედეგად, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელის საჩივარი და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, უნდა დაყადაღებულიყო მოპასუხის საბანკო ანგარიშები სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 2 305 362 ლარის ფარგლებში (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი; ასევე, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.09.2016 წ. განჩინება- ტ.2, ს.ფ.106-112).

12. სააპელაციო სასამართლოს 20.09.2016წ. განჩინებაზე საჩივარი (თანდართული დოკუმენტაციით) შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებისა და 197-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით.

13. მოპასუხემ საჩივარში (იხ. ტ.2, ს.ფ. 303-415) მიუთითა:

13.1. მოსარჩელე 2012 წლის 30 მაისიდან არის საწარმოს 39 % წილის მესაკუთრე, საწარმოს წილის შეძენის შემდეგ, მან დაიწყო დასრულებელი პროცესები საწარმოსა და მის სხვა მესაკუთრეთა წინააღმდეგ სხვადასხვა მოთხოვნით, ერთ-ერთი მორიგი დავა, თანხის დაკისრების თაობაზე, ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია;

13.2. მოპასუხე წარმატებული და მომგებიანი საწარმო იყო, რომელიც 2006 წლიდან, ქ. რუსთავში, მისსავე კუთვნილ ქარხანაში აწარმოებდა სხვადასხვა ტიპის ფეროშენადნობ პროდუქციასა და ექსპორტს არაერთ ქვეყანაში. 2012 წლიდან მოსარჩელემ საწარმოსა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ წამოიწყო რამდენიმე სასამართლო პროცესი, გენერალურ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი, რამაც საწარმოს მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. სწორედ ზემოხსენებული მდგომარეობის გამო, ერთ-ერთმა დამფინანსებელმა - „თ-მა“ (შემდეგში: ბანკი) სარისკოდ ჩათვალა საწარმოს პროექტების დაფინანსება, რამაც, საბოლოოდ, სავალალო შედეგი გამოიწვია და 2012 წლიდან 2015-ის ჩათვლით, საწარმოს ზარალმა შეადგინა 20 799 000 (ოცი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარი;

13.3. აღნიშნულ პირობებში საწარმო ვერ ახერხებდა დადგენილი გრაფიკით შეესრულებინა ბანკის წინაშე უკვე არსებული ვალდებულებები, რის გამოც, ამ უკანასკნელმა, არაერთხელ გააფრთხილა (20.10.2015, 17.11.2015წ.) მოპასუხე, რომ სიტუაციის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, გამოიყენებდა სესხების უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების რეალიზების უფლებას სესხების დასაფარად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საწარმო იძულებული გახდა, 15.01.2016წ. მის საკუთრებაში არსებული ფეროშენადნობი ქარხანა, მათ შორის, მასთან დაკავშირებული ყველა მოძრავი, უძრავი ქონება და ლიცენზიები მიეყიდა შპს „რ-“-თვის 7 000 000 (შვიდი მილიონი) აშშ დოლარად (აქტივების საბალანსო ღირებულება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 8 279 000 ლარს ანუ 3 413 458 აშშ დოლარს). აღნიშნული თანხა სრულად იქნა მიმართული ბანკიდან აღებული სესხების დასაფარად. აღსანიშნავია ისიც, რომ რეალიზაცია მოხდა იმაზე ძვირად ვიდრე ეს შეაფასა დამოუკიდებელმა საშემფასებლო კომპანიამ - 6 094 700 (ექვსი მილიონ ოთხმოცდათოთხმეტი ათას შვიდასი) აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედება აისახა 2016 წლის 14 მარტს „პ-ის“ მიერ მომზადებულ აუდიტის დასკვნაში (შემდეგში: აუდიტის დასკვნა);

13.4. საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელეს შეცდომაში შეჰყავს სასამართლო, როდესაც უთითებს, რომ გადაწყვეტილება საწარმოს აქტივების რეალიზაციის შესახებ მიღებულია მის 39 % წილის მფლობელ პარტნიორთან შეთანხმების გარეშე, რომელიც, თითქოსდა, არ იყო ინფორმირებული და მას ეს ინფორმაცია მიეწოდა 2016 წლის 31 მარტის პარტნიორთა კრების ჩატარებამდე, როდესაც ჩაიბარა 13.3. ქვეპუნქტში დასახელებული დასკვნა. აღნიშნული დასკვნის ინგლისური ვერსია მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 15 მარტს, ხოლო ქართული თარგმანი კი - 29 მარტს, ხოლო რაც შეეხება აქტივების გასხვისების საკითხს, იგი არ საჭიროებდა პარტნიორების თანხმობას და განხორციელებულია ყველა წესის დაცვით;

13.5. საჩივრის ავტორი იმასაც უთითებს, რომ 2012 წლის აგვისტოდან საწარმოს 39 % წილის პარტნიორი პირადად არ ესწრება პარტნიორთა კრებებს, მის ნაცვლად მონაწილეობს წარმომადგენელი, რომელიც მხოლოდ აფიქსირებს კრებაზე გამოცხადებას და ტოვებს კრებას საკითხების განხილვამდე, ამის შემდეგ კი, ასაჩივრებს პარტნიორთა კრების ოქმს და, რა თქმა უნდა, აგებს სასამართლო დავას. სწორედ ასე მოიქცა მოსარჩელის წარმომადგენელი ბოლო პარტნიორთა კრების ჩატარებისას;

13.6. საწარმოს, 2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, დასაფარი აქვს ბანკის კრედიტი - 3 409 582.37 (სამი მილიონ ოთხასცხრა ათას ხუთას ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ოცდაჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკითა და გირავნობითაა დატვირთული მოპასუხის დარჩენილი ქონება სრულად;

13.7.საწარმოს საქმიანობა არ შეუწყვეტია, რაშიც მას ეხმარება წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და შესაბამის ბაზრებზე მაღალი ცნობადობა. ამ პერიოდში კომპანიამ რეალიზაცია გაუკეთა 5 394 367 ლარის სილიკომანგანუმს, 2 248 581 ლარის მანგანუმის კონცენტრატს, 6 043 487 ლარის კოქსს და 1 681 451 ლარზე მეტ სხვადასხვა ნედლეულს და, 2016 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, საწარმომ პირველად მოახერხა მოგებაზე გასვლა. აღნიშნული პერიოდის ოპერატიულმა საოპერაციო მოგებამ შეადგინა 404 119 ლარი. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, ზემოხსენებულ პერიოდში, მოპასუხემ 1 700 000 ლარით შეამცირა კრედიტორული დავალიანება, რაც ადასტურებს მისი მენეჯმენტის უპირობო განზრახვას, გაისტუმროს ყველა ვალდებულება ისე, რომ საწარმოს ფუნქციონირებას არ შეექმნას საფრთხე;

13.8. რეალობას არ შეესაბამება მოსარჩელის ვარაუდი, რომ „ქონების გასხვისებით, საწარმომ ფაქტიურად შეწყვიტა ფუნქციონირება“. საწარმოს 39 % წილის პარტნიორმა ჯერ კიდევ მარტში გაიგო საწარმოს გასხვისების შესახებ, თუმცა, რატომღაც სექტემბერში გადაწყვიტა, მიემართა სასამართლოსთვის და შეცდომაში შეეყვანა იგი, რამაც გამოიწვია საწარმოს ანგარიშების დაყადაღება;

13.9. სსსკ-ის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მაშინ ექნებოდა საფუძველი, თუ ის სათანადოდ დაასაბუთებდა ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განმცხადებელმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ასევე, ვერც შუამდგომლობაში მოყვანილი ფაქტები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მის გარეშე შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება;

13.10. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, გარდა მოთხოვნის საფუძვლიანობისა, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თუ რა რისკები არსებობს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულებისათვის დაბრკოლების შესაქმნელად;

13.11. მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა განესაზღვრა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ადეკვატურობა, აუცილებლობა და გადაუდებელი ხასიათი, რაც ორივე მხარის ინტერესების თანაზომიერი დაცვის პრინციპით უნდა განხორციელებულიყო; უზრუნველყოფის ღონისძიების ინსტიტუტის გამოყენებისას, მისი დაცვის გარანტიები საკმაოდ არაეფექტურია, განმცხადებლის დაცვის მექანიზმებთან შედარებით. სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა არ უნდა დაედო საწარმოს საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებზე. ფაქტობრივად, ამით საწარმოს საქმიანობა პარალიზებულია, რადგან სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ფინანსური ოპერაციების ჩატარება, დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თვიური სახელფასო ფონდი შეადგენს 32 250 (ოცდათორმეტი ათას ორასორმოცდაათი) ლარს. გარდა აღნიშნულისა, საწარმო ბანკში ყოველთვიურად ფარავს სესხს, საშუალოდ, 71 092 (სამოცდათერთმეტი ათას ოთხმოცდათორმეტი) ლარს, მას ასევე სხვადასხვა საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები აქვს; ზემოხსენებულ პირობებში კი, როცა ფაქტობრივად სრულად არის დაყადაღებული მოპასუხის საბანკო ანგარიშები და ფულადი სახსრები, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, იფუნქციონიროს, რაც თავისთავად საწარმოს დახურვის საწინდარია;

13.12. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ # ას - 735 – 691 – 2012, 05.07. 2012 წ.).

14. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო იმავე წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

15. სააპელაციო სასამართლომ 06.10.2016წ. განჩინებაში აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. უფლების დროებითი შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.

16. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ასაბუთებდა ამ განჩინების 5.1. ქვეპუნქტში მითითებული გარემოებით, რითაც საწარმომ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება;

17. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხესა და სხვა საწარმოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში (იხ. ამ განჩინების 5.1. ქვეპუნქტი) ქონება განმარტებულია შემდეგნაირად: „ქონება“ ნიშნავს მოპასუხის, როგორც საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის - ფეროშენადნობთა ქარხნის (რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე) ყველა აქტივს (ყველა მოძრავ და უძრავ ქონებას, მათ შორის, უძრავ ქონებას (შენობა-ნაგებობებს, მიწის ნაკვეთებს, მათ არსებით შემადგენელ ნაწილებს და საკუთვნებელს), ასევე, მოძრავ ქონებას, ტექნიკას, მოწყობილობებს, ლიცენზიებსა და ნებართვებს), რომელიც გამყიდველს ეკუთვნის წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისთვის და/ან გადაცემის დღისათვის და რომელთა სრული ჩამონათვალიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართ ,,ა“-ში.

18. სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი იზიარებს პოზიციას, საბანკო ანგარიშების გამონაკლის და უკიდურეს შემთხვევებში დაყადაღების თაობაზე, როდესაც აშკარაა, რომ აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება.

19. წინამდებარე განჩინების 10-11, მე-17 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის წარდგენის ეტაპზე, სწორედ საჩივრის ავტორს (მოპასუხეს) ეკისრებოდა ვალდებულება, ემტკიცებინა, რომ მას სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სხვა უძრავ-მოძრავი ქონება გააჩნია და რომ ანგარიშზე ყადაღის დადება მისი უფლებების დაუშვებელი ხელყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გარეშე დატოვება, მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ანგარიშის დაყადაღება მიზანშეწონილი არ არის, სამართლებრივ მოტივაციას მოკლებულია.

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა: იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საწარმომ გაასხვისა ქონება, ასეთ ვითარებაში დგება მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე, ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის 2 305 362 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებების ჯეროვანი დაცვის მიზნით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო.

21. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ადეკვატურობაზე საჩივრის ავტორის მითითების პასუხად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა, რომ თუკი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით, ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის დადებით, საწარმოს ადგება ზიანი და აღნიშნული ზიანი მტკიცებულებით დასტურდება, ასეთ ვითარებაში, სსსკ შესაბამის საპროცესო-სამართლებრივ ბერკეტებს ითვალისწინებს, მათ შორისაა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება და ა.შ. ამდენად, თუ საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებლად ხელყოფს მის უფლებას, მოპასუხეს შეუძლია, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, შესთავაზოს სასამართლოს სხვა საშუალება და მოითხოვოს ყადაღის შეცვლა სხვა, მისთვის მისაღები უზრუნველყოფის ღონისძიებით, რომელიც, ერთი მხრივ, მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება და, მეორე მხრივ, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ ბერკეტებს შეუქმნის, მაგ., უფლებრივად დაუტვირთავი ქონების შეთავაზება, თანხის დეპოზიტზე განთავსება და ა.შ. (იხ. ტ. 2, ს.ფ. 485-489).

22. მოსარჩელემ 2016 წლის 26 სექტემბერს ისევ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით (თანდართული დოკუმენტაციით, იხ. ტ.1, ს.ფ. 116-293) და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, ხოლო ამჯერად შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

22.1.სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები) მოსარჩელემ ჩააბარა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსრულების მიზნით, ხოლო ამავე წლის 23 სექტემბერს, ბიუროს მიმართა წერილით, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია, მოპასუხე საწარმოს დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდებოდა თუ არა სააღსრულებო ფურცელში ნაშთად მითითებული თანხა. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა, მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო;

22.2. მოპასუხე საწარმომ დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივი გაასხვისა და მის ბალანსზე არსებული ჰიდროელექტროსადგური, რომლის საბალანსო ღირებულება 14 709 000 ლარს შეადგენს, გადასცა შპს „რ-ს“ (შემდეგში: შვილობილი საწარმო). ამჯერადაც, დასახელებული გარემოებების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდა საწარმოს 39% მფლობელ პარტნიორს;

22.3. მოპასუხესა და საქართველოს მთავრობას შორის 2009 წლის 27 ივლისს დაიდო ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰოდროელექტროსადგურების კასკადის: „ლ-ი 1“, „ლ-ი 2“ და „ლ-ი 3“ პროექტების განსახორციელებლად. მოპასუხის 2012-13 წლების აუდირებული ანგარიშის შესაბამისად, 2013 წლის დეკემბრის მონაცემებით, “ლ-ი 2“ პროექტის განსახორციელებლად, საწარმომ 2010-12 წლებში გახარჯა 14 709 000 ლარი. აღნიშნული აქტივების სხვა საზოგადოებაზე გადატანის მიზნით, მოპასუხე საწარმომ შეიძინა წინამდებარე განჩინების 22.2. ქვეპუნქტში მითითებული შვილობილი საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100 %, რის შემდეგაც მომზადდა ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომლის თანახმადაც, მოპასუხე საწარმომ, თითქოსდა სახსრების არქონის მოტივით, სახელმწიფოს დაუბრუნდა „ლ-ი 1“ და „ლ-ი 3“ პროექტები, ხოლო „ლ-ი 2“ პროექტი, შემდგომი განხორციელების მიზნით, გადასცა შვილობილ საწარმოს;

22.4. აღნიშნული მემორანდუმი მოიწონა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ, ამ უკანასკნელის 29.01.2015წ. # 83 განკარგულებით, იმავე წლის 3 თებერვალს გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ხოლო 30.06.2016 წ. მემორანდუმში შეტანილი ცვლილებით, მშენებლობის დასრულების პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის სექტემბერი;

22.5 ყველა ზემოხსენებული გარემოება უცნობი იყო საწარმოს 39% წილის მფლობელი პარტნიორისათვის, ამასთან, საწარმო ყველა გაფორმებულ მემორანდუმში თუ ხელშეკრულებაში აფიქსირებს, რომ არც ერთი სასამართლო დავა საზოგადოების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც 2012 წლიდან დაწყებულია დავა საწარმოსთან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, საწარმოს დაეკისრა 700 000 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის გადახდა;

22.6. მითითებული გარემოებები, მოსარჩელეს წარმოუქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ საწარმო აპირებს მიზერულ ფასად გაასხვისოს საკუთარი წილი შვილობილ საწარმოში, რაც შეუძლებელს გახდის, საწარმოს 39 % მფლობელი პარტნიორის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას;

22.7. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ საწარმოს აეკრძალოს შვილობილ საწარმოში (ს/კ 4) საწესდებო კაპიტალის 100 % წილის გასხვისება, დატვირთვა (დაგირავება); ასევე, აღნიშნული დავის დასრულებამდე, მოპასუხეს აეკრძალოს მის ბალანსზე არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება: 1) ამბროლაურის რაიონში, სოფელი ურავი; დაზუსტებული ფართობი 9 207 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1, განაშენიანების ფართი 1 092 კვ.მ; #2 განაშენიანების ფართი 878.40 კვ.მ; ს/კ 8; 2) იმავე სოფელში დაზუსტებული ფართობი 13 037 კვ.მ; ს/კ 8; 3) იმავე სოფელში დაზუსტებული ფართობი 4 939 კვ.მ; ს/კ 8; 4) იმავე სოფელში არსებული მშენებარე ჰიდროელექტროსადგური ,,ლ- ი 2“ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. 5) 18 კილომეტრი სიგრძის 110 კილოვატიანი გადამცემი ხაზი (რომელიც ჰიდროელექტროსადგურ ,,ლ- ი 2“-ს აკავშირებს ელექტროსისტემის ქსელთან). 6) მიწის ნაკვეთები, რომელიც დაკავშირებულია გადამცემ ხაზთან: ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8; ს/კ 8 (თითოეული ნაკვეთის ფართობი შეადგენს 18 კვ.მ-ს).

23. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოპასუხე საწარმოს აეკრძალა შვილობილი საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100% წილის გასხვისება და დატვირთვა (დაგირავება), ხოლო დავის დასრულებამდე, შვილობილი საწარმოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების (იხ. ამ განჩინების 22.7 ქვეპუნქტი) გასხვისების აკრძალვის თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

24. სააპელაციო სასამართლომ 26.09.2016წ. განჩინებაში მიუთითა წინამდებარე განჩინების 22.3-22.6 ქვეპუნქტებში მითითებულ გარემოებებზე და, სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესზე დაყრდნობით, იმსჯელა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი ქმედებისაგან) ქმედებისაგან იყოს დაცული. უზრუნველყოფის ობიექტი არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სხვა პირის მატერიალური და/ან არამატერიალური სიკეთე, როგორც ეს გამომდინარეობს სსსკ-ის 191-ე მუხლიდან, რომელიც 198-ე მუხლისაგან დამოუკიდებლად არ უნდა განიმარტოს.

25. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ მოსარჩელე, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვდა, უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვის გავრცელებას ისეთი პირის ქონებაზე, რომელიც განსახილველი დავის მხარე არ იყო, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის დეფინიციას, რომ მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაზეა შესაძლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

26. სააპელაციო სასამართლომ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხე საწარმო შვილობილი საწარმოს 100 % წილის მესაკუთრეა, გაიზიარა მოსარჩელის მოტივაცია, რომ თუკი საწარმო მიზერულ ფასად გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ წილს შვილობილ საწარმოში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აქედან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, მოპასუხეს უნდა აკრძალვოდა შვილობილი საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100 % წილის გასხვისება და დატვირთვა (დაგირავება).

27. ამავე განჩინებით დადგინდა მისი დაუყოვნებლივ აღსრულება და გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. 26.09.2016წ. განჩინება და სააღსრულებო ფურცელი - ტ.2, ს.ფ.294-301).

28. სააპელაციო სასამართლოს 26.09.2016წ. განჩინებაზე საჩივარი (თანდართული დოკუმენტაციით - იხ. ტ. 2, ს.ფ. 416-480) წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც იმავე გარემოებებზე მიუთითა, რაც წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტშია აღწერილი და დამატებით განმარტა:

28.1. შვილობილი საწარმო დაფუძნებულია 2010 წლიდან და მის 30% წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოპასუხე საწარმო. შვილობილი საწარმოს დაფუძნებიდან 5 თვეში მოპასუხემ შეიძინა დარჩენილი 70 % წილიც და გახდა 100 % წილის მესაკუთრე. მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხემ შვილობილი საწარმოს 100% წილი შეიძინა აქტივების გადატანის მიზნით, არ შეეფერება სიმართლეს და ამას ადასტურებს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებიც, ამასთან, მოსარჩელე იმ პერიოდში არც კი იყო მოპასუხე საწარმოს პარტნიორი და არანაირი მოლოდინი არ არსებობდა, რომ საწარმოს შეექმნებოდა ფინანსური პრობლემები;

28.2. საქართველოს მთავრობასთან ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე მემორანდუმი გაფორმებულია ჯერ კიდევ 2009 წელს (იხ. ამ განჩინების 22.3 ქვეპუნქტი). რაჭაში, მდინარე ლუხუნზე, მოპასუხეს შესრულებული ჰქონდა „ლ-ი 2“ პროექტის სამუშაოთა 40 %, როდესაც საფინანსო ინსტიტუტებისაგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ ერთმანეთისაგან გამიჯნულიყო ფეროშენადნობი წარმოება და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ამიტომ მოპასუხემ, 2015 წლის 20 აგვისტოს, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის აქტივები, რომელთა ღირებულება შეადგენს 9 800 000 (ცხრა მილიონ რვაასი ათასი) აშშ დოლარს, შეიტანა შვილობილი საწარმოს კაპიტალში;

28.3. მოსარჩელემ, როგორც საწარმოს 39 % წილის პარტნიორმა, 2012 წლიდან დაიწყო „ფართომასშტაბიანი რეიდერული კამპანია“, რამაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა გამოიწვია, რადგან დამფინანსებელმა ბანკმა სარისკოდ ჩათვალა საწარმოს პროექტების დაფინანსება, რის დასტურადაც მოპასუხე საჩივარზე თანდართულ ბანკის წერილზე უთითებს. ამას დაერთო ბაზარზე არსებული კრიზისული ვითარება, რამაც ერთობლიობაში მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა მოპასუხე;

28.4. საწარმომ დაიწყო მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც შედგა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან „ლ-ი 2“-ის პროექტზე (იხ. ამ განჩინების 22.3 ქვეპუნქტი);

28.5. მოპასუხე აწარმოებდა მოლაპარაკებას სს „ს-თან“ (შემდეგში: ფონდი), შედეგად, ეს უკანასკნელი თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს „ლ-ი 2“-ის მშენებლობაში და შვილობილი საწარმოს კაპიტალში შეიტანოს 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარი, რომლის შემდეგაც, კანონით დადგენილი წესით, ფონდი გახდება საწარმოს არაუმეტეს 49 % წილის მფლობელი და მოპასუხეს 9 წლის განმავლობაში ექნება წილის გამოსყიდვის უფლება. მოპასუხემ ბანკი და საფინანსო ინსტიტუტი E--- დაითანხმა, დამატებითი მიზნობრივი სესხის - 14.200 000 (თოთხმეტი მილიონ ორასი ათასი) აშშ დოლარის გაცემაზე ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად. მიმდინარეობს არაერთი მოლაპარაკება დასახელებული პროექტის განსახორციელებლად;

28.6. საწარმოს აღნიშნული აქტივობები არის მისი 39 % წილის მესაკუთრის უკმაყოფილების მიზეზი, რომელსაც დასახული აქვს საწარმოს საქმიანობის შეჩერება და გაკოტრება, სწორედ ამას ისახავს მოსარჩელის მიმართვა სასამართლოსათვის და მოპასუხისათვის შვილობილი საწარმოს 100% წილის გასხვისების და დატვირთვის (დაგირავების) აკრძალვის მოთხოვნა. სასამართლომ საწარმოს საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, 6 დღეში, შვილობილი საწარმოს 100% წილიც დააყადაღა. უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოუსწორებელი ზიანი ადგება, როგორც მოპასუხეს, ისე მის შვილობილ საწარმოს. დაგეგმილი პროექტების განუხორციელებლობა, გამოიწვევს ბანკის მიერ საწარმოსათვის მიზნობრივი კრედიტის გაუცემლობას, რასაც შედეგად მოჰყვება იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაციის საფრთხე საწარმოს სესხის დაფარვის მიზნით. შესაძლოა, ისეთ ფასად მოხდეს ქონების რეალიზაცია, რომ მხოლოდ სესხი დაიფაროს, რადგან მშენებარე პროექტის ღირებულების ძირითად ნაწილს შეადგენს გაწეული სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ გამოირჩევა მაღალი ლიკვიდურობით და ღირებულია მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, მოპასუხე საწარმოსათვის მოსალოდნელი ზარალი არის 6 594 247.07 (9 860 247.07- 3 266 000) აშშ დოლარი. ასევე, მოსალოდნელია უკვე გაფორმებული მემორანდუმისა და სხვა შეთანხმებების დარღვევის გამო, შესაბამისი ჯარიმების დაკისრებაც. საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ჯარიმების დარიცხვა თანხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის გამო, რასაც დაემატება საწარმოს ის მიუღებელი ყოველწლიური შემოსავალი, რომელიც შვილობილ საწარმოს უნდა მიეღო ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ;

28.7. მოპასუხემ საკუთარი განცხადების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ფაქტები ვერ ადასტურებენ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას და იმ გარემოებას, რომ მის გარეშე, შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს, გარდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობისა, უნდა შეემოწმებინა, თუ რა რისკები არსებობს, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში, იძულებითი აღსრულებისათვის. ამასთან, 20.09.2016წ. განჩინებით ერთხელ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით, როდესაც დაყადაღებულია საწარმოს ყველა საბანკო ანგარიში, რატომ გახდა საჭირო კიდევ დამატებითი ღონისძიების გამოყენება 26.09.2016წ. განჩინებით.

28.8. საწარმოს მიაჩნია, რომ 39 % წილის პარტნიორის მიზანია არა მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, არამედ მოპასუხისათვის, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის, საქმიანობის ხელშეშლა;

28.9. მოპასუხე იმაზეც უთითებს, რომ მოსარჩელემ მეორედ ისე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რომ სასამართლოსათვის არც კი შეუთავაზებია შესაბამისი გარანტია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით შესაძლო ზარალის საკომპენსაციოდ (სსსკ-ის 199-ე და 57-ე მუხლები), თავის მხრივ, არც სასამართლომ შეასრულა ვალდებულება, შეეხსენებინა მხარისათვის ამის შესახებ და მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უარი ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს 20.09.2016წ. და 26.09.2016წ. განჩინებებით შეჩერებულია ორი საწარმოს (მოპასუხე და მისი შვილობილი) საქმიანობა;

28.10. გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომლის მიზანია, ორივე მხარის ინტერესების თანაბრად დაცვა ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელების დროს. ასეთ ვითარებაში, მოპასუხის უფლებები უპირობოდაა შეზღუდული და სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით დაცულია არა დავის საგანი, არამედ მთელი სიმკაცრითაა დასჯილი მოპასუხე. ეს უკანასკნელი ითხოვს 26.09.2016წ. განჩინების გაუქმებას.

29. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის საჩივარი და 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

30. საკასაციო სასამართლოში 2016 წლის 12 ოქტომბერს დარეგისტრირდა, სააპელაციო სასამართლოს ამავე წლის 20 და 26 სექტემბრის განჩინებებზე მოპასუხის მიერ შეტანილი საჩივრების უარყოფის გამო, იმავე წლის 6 ოქტომბრის განჩინებებით სააპელაციო სასამართლოდან ზემდგომ ინსტანციაში გადმოგზავნილი საქმე (2 ტომად).

31. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2016 წლის 21 ოქტომბერს, განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საჩივრების დაჩქარებული წესით განხილვა, იმ მოტივით, რომ საწარმო და მისი შვილობილი კომპანია გაკოტრების პირას არიან მისული.

32. მხარეებს 2016 წლის 24 ოქტომბერს ეცნობათ, საჩივრების განხილვის თარიღი - 2 ნოემბერი და საკასაციო პალატის კოლეგიური შემადგენლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის, მოპასუხის საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა და ერთობლიობაში გაანალიზება, საშუალებას აძლევს გამოიტანოს დასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ნაწილობრივ ამავე განჩინებით, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, გამოყენებული ყადაღა. უზრუნველყოფის ღონისძიება - ყადაღა შენარჩუნებული უნდა იქნეს საწარმოს (მოპასუხის) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე 700 000 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ფარგლებში ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე; სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმებაზე წარდგენილი საჩივარი, ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არგუმენტაცია მოპასუხის ერთი საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ხოლო მეორის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ქვემორე პუნქტებშია ასახული.

33. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

34. სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერების შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ამ ღონისძიების მართებულობის ფარგლებში დადგენილ რამდენიმე გარემოებაზე და შეაფასებს სააპელაციო სასამართლოს 20.09.2016წ. და 26.09.2016წ. განჩინებებს, რომელთა საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფა.

35. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა, სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) და მოპასუხის საჩივრების სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე, მოსარჩელეს წარმატება მიღწეული აქვს ნაწილობრივ, მისი დაკმაყოფილებული მოთხოვნის სახით. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის ანუ მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების და სადავო ნაწილის - დაუკმაყოფილებელი სარჩელის უზრუნველყოფა მოსარჩელემ სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე მოითხოვა.

36. სსსკ-ის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას მყარი რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. „აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად“ - იხ. სუსგ # ას 1165-1095-2015, 25.11.2015წ.

37. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინების მსჯელობასა და დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რადგან იმთავითვე პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას, იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის, (მაგალითისათვის, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა.

38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციაზე: „თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ნორმის დებულება წარმოადგენს მოპასუხის ინტერესების დაცვას და მიმართულია იმისკენ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უმართებულობის შემთხვევაში, სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი მოპასუხის უფლებები, რათა მას დაუსაბუთებლად არ მიადგეს ზიანი. აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება არა ნებისმიერ შემთხვევაში, არამედ მაშინ, როდესაც სასამართლოს ექმნება ვარაუდი შესაძლო ზიანის დადგომაზე. ზიანის დადგომის ალბათობა შეიძლება გამომდინარეობდეს, როგორც უშუალოდ საქმის მასალებიდან, ისე მოპასუხის მითითებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მოპასუხე, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება“ - სუსგ # ას -832-884-2011, 13.06.2011წ.

39. სამეწარმეო სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების დროს, სააპელაციო სასამართლოს, რომელსაც საქმის წარმოების ამ ეტაპზე მიმართა მოსარჩელემ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, 20.09.2016წ. განჩინებაში არ უმსჯელია იმავდროულად მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე (სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც უნდა მოეთხოვა პირისათვის, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაში ასეთი მსჯელობა და დასკვნები არაა ასახული. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილია სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება, რომელმაც უნდა შეაფასოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობის საკითხი, ცხადია, ამ საპროცესო სამართლებრივი ეტაპის მიხედვით, არა საქმის არსებითი განხილვის, არამედ მოსარჩელის მოთხოვნის წარმატების შემთხვევაში, მისი აღსრულების შესაძლებლობის დაცვის ფარგლებში. სსსკ-ის 199-ე მუხლი თითქოსდა იმპერატიულად არ ადგენს სასამართლოს ამგვარ ვალდებულებას, მაგრამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს სასამართლოს მეტად სპეციფიკური დისკრეციული უფლებამოსილება, კერძოდ, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული დეფინიცია მოიცავს იმპერატიულ ელემენტსაც, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, იმავდროულად უზრუნველყოფა მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. კანონმდებლის აღნიშნული ნება სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველ ნაწილში ფორმულირებულია ზედმიწევნითი სიზუსტით და სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის გადაწყვეტას, ხოლო თუ ასეთი ღონისძიების გამოყენებას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, კანონმდებელი „და“ კავშირებითი სიტყვით ვალდებულებას ადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ „იმავდროულად“ უნდა მოსთხოვოს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის დამაბალანსებელი საპროცესო სამართლებრივი საშუალება. აღნიშნული დანაწესი ერთგვარ სამართლებრივ წონასწორობას ადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესის დაცვასა და, მეორე მხრივ, მოპასუხის შეზღუდულ უფლებას შორის.

40. საკასაციო სასამართლოს, ცხადია, არ გამორჩენია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომელიც ამ განჩინების 21-ე პუნქტშია ასახული, თუმცა, აღნიშნავს, რომ მითითებული მსჯელობა წინააღმდეგობრივია და არ გამომდინარეობს სსსკ-ის 199-ე მუხლის შინაარსიდან, რადგან დასახელებული ნორმით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილება სასამართლოს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასების შემდეგ, თუკი, მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია ასეთი ღონისძიების გამოყენება, იმავდროულად, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მოპასუხის ინტერესების დაცვის მიზნით, იმსჯელოს შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფაზეც. საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სასამართლომ, დავისა და მისი მონაწილე სუბიექტების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეძლოს მის ხელთ არსებული ყველა საპროცესო-სამართლებრივი საშუალების გამოყენება. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა სუსგ # ას 759-718-2015 (28.07.2015), სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და მოსარჩელეს ვადაც კი განუსაზღვრა სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განსათავსებლად, ხოლო აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება (სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

41. წინამდებარე განჩინების 39-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობისა და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, როდესაც სამეწარმეო სუბიექტის საბანკო ანგარიშებისათვის ყადაღის დადება, მაღალი ალბათობით ქმნის პრეზუმფციას, რომ მოხდება მისი საქმიანობის პარალიზება, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, უზრუნველყოფის ღონისძიების თანმდევი, მხარეთათვის თანაბარი რისკების გათვალისწინებით, სასამართლოებმა, რომლებიც გადაწყვეტენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხს, უნდა იმსჯელონ მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების დამაბალანსებელი ბერკეტის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

42. აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით მოპასუხისათვის განსაზღვრულია უფლებამოსილება, განცხადებით მოითხოვოს მისი უზრუნველყოფის გარანტია სასამართლოსაგან. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნით, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამ კონტექსტში განავითაროს მსჯელობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე, მოპასუხეს უფლება ჰქონდა, გამოეყენებინა სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილი შესაძლებლობა, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი სწორედ ამ ეტაპზე იქნა განხილული.

43. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის 2016 წლის 20 სექტემბრის განცხადებით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) პრაქტიკულად, მოთხოვნილია სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა (სსსკ-ის 271-ე მუხლი) და იმავდროულად, სარჩელის უარყოფილი ნაწილის (რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა) უზრუნველყოფა (სსსკ-ის 191-ე, 198-ე მუხლები).

44.„საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად... დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილი იქნას გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედვე გვევლინება“ (იხ. სუსგ # ას -69-63-2015, 19.03.2015).

45. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ უკვე დაკმაყოფილებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად შენარჩუნებული უნდა იქნეს ადეკვატური და პროპორციული უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც გამოიხატება საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 700 000 აშშ დოლარის ფარგლებში მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - ყადაღის შენარჩუნებით.

46. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვით, მოპასუხეს აეკრძალა შვილობილი საწარმოს 100% წილის განკარგვა (გასხვისება, დატირთვა, დაგირავება), თუმცა, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასაბუთებულობა არადამაჯერებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

46.1. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს განმეორებით მიმართა განცხადებით (იხ. ამ განჩინების 22.1 ქვეპუნქტი) და ხელმეორედ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა შემდეგი სახით: საწარმოს აეკრძალოს შვილობილ საწარმოში (ს/კ 4) საწესდებო კაპიტალის 100 % წილის გასხვისება, დატვირთვა (დაგირავება); ასევე, აღნიშნული დავის დასრულებამდე, მოპასუხეს აეკრძალოს მის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების გასხვისება (იხ. 22.7 ქვეპუნქტი). მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები) მოსარჩელემ ჩააბარა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, აღსრულების მიზნით, ხოლო ამავე წლის 23 სექტემბერს, ბიუროს მიმართა წერილით და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რა თანხა ფიქსირდებოდა მოპასუხე საწარმოს დაყადაღებულ საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა, მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო;

46.2. ამ განჩინების 22.3-22.4 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებები, მოსარჩელეს აღუძრავს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოპასუხე აპირებს მიზერულ ფასად გაასხვისოს საკუთარი წილი შვილობილ საწარმოში, რაც შეუძლებელს გახდის, საწარმოს 39 % მფლობელი პარტნიორის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას;

47. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები და 26.09.2016 წ. განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მოპასუხე საწარმოს აეკრძალა შვილობილი საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100% წილის გასხვისება და დატვირთვა (დაგირავება), იხ. ამ განჩინების 23-26 პუნქტები.

48. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელიც წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტშია მითითებული და აღნიშნავს, რომ მას არ გამოუკვლევია მოსარჩელის მიერ მეორედ წარდგენილი განცხადების დასაბუთებულობა, ისე დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, ამასთან, თავად მოსარჩელის მიერ 22.3-22.4 ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც დადასტურებულია მოპასუხის საჩივარში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებებით (იხ. ამ განჩინების 28.2, 28.4, 28.5 ქვეპუნქტები) მხოლოდ იმის ვარაუდის საფუძველს ქმნის, რომ მოპასუხე საწარმოს არაერთი ვალდებულება აქვს აღებული კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად და მოსარჩელის მოტივაცია, რომ თუკი საწარმო მიზერულ ფასად გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ წილს შვილობილ საწარმოში, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, ალოგიკურია, რადგან საწარმოს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დიდი ფინანსური რისკისა და კონკრეტული სანქციების დაკისრების წინაშე დააყენებს მოპასუხეს, ამდენად, მის მიერ შვილობილი საწარმოს გასხვისების ვარაუდი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

49.„კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს, მართალია, მოსარჩელეს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი, ამასთან, მიუხედავად შუამდგომლობის ავტორის მითითებისა, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭიროა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, იგი არაა შეზღუდული, თავად გადაწყვიტოს უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება იქნება უფრო ეფექტური. აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა კი სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და სარჩელის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტაა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული მოქმედებები პირდაპირ უკავშირდება რა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს და მხარეთა მატერიალურ უფლებებს, მასთან დაკავშირებული რისკი მომეტებულია, რის გამოც სასამართლოსგან საკითხის მაქსიმალურად სწრაფი და სწორი გადაწყვეტისთვის სპეციფიკური და განსაკუთრებული საკანონმდებლო დანაწესებია გათვალისწინებული“ - იხ. სუსგ # ას-1185-1114-2012, 13.11.2012წ., ასევე, იხ. სუსგ # ას-1227-1156-2012, 08.11.2012წ.

50. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს საწარმოს ფუნქციონირებისათვის, განსახორციელებელი პროექტებისათვის.

51. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების შედეგად, საკასაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შედეგად, 700 000 აშშ დოლარის გარდა, სხვა ნაწილში უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება და მის საფუძველზე იმავე დღეს გაცემული სააღსრულებო ფურცელი საქმეზე # 2ბ/4132-15 (იხ. ტ.2, ს.ფ.106-113), ასევე, გაუქმდეს, დასახელებულ განჩინების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება (ტ.2, ს.ფ. 485-489).

52. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება და მის საფუძველზე იმავე დღეს გაცემული სააღსრულებო ფურცელი საქმეზე # 2ბ/4132-15 (იხ. ტ. 2, ს.ფ.294-301) უნდა გაუქმდეს, ასევე, უნდა გაუქმდეს დასახელებულ განჩინების გაუქმების მოთხოვნით შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება (ტ.2, ს.ფ. 490-494).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "რ-ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დაყადაღდა შპს "რ-ის" ფულადი სახსრები 2 305 362 ლარის ფარგლებში, გაუქმდეს ნაწილობრივ და

2.1. ამავე განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებული ყადაღა დარჩეს შპს "რ-ის" საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე 700 000 აშშ დოლარის ფარგლებში შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

,,თ- ი“ -ბანკის კოდი: T, ანგარიშის ნომერი: G/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/EUR;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/USD;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/USD;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/GEL;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/USD;

ბანკი ,,რ- ა“ ანგარიშის ნომერი: G/USD;

"ვ" ბანკი ანგარიშის ნომერი: G/GEL;

"ვ" ბანკი ანგარიშის ნომერი: G/USD;

"ვ" ბანკი ანგარიშის ნომერი: G/EUR;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G/GEL;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G/USD;

"თ-ი" ანგარიშის ნომერი: G/EUR;

2.2. დანარჩენ თანხაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დადებული, ყადაღა მოეხსნას შპს "რ-ის" 2.1. პუნქტში მითითებულ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს;

3. შპს "რ-ის" საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდეს სრულად;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შპს "რ-ს" აეკრძალა შპს "რ-ში" საწესდებო კაპიტალის 100 % წილის გასხვისება, დატვირთვა (დაგირავება) და ზ. მ-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი