Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-966-931-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „პ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული საოქმო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჯ. ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი შპს „პ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ და ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს გადაწყვეტილება მოსარჩელის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარგებლოდ, საწარმოს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 30 დეკემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრამდე, ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი და სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინებით, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 372-ე, 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 229-ე მუხლით და, ასევე, იმსჯელა ამავე კოდექსის 275-ე, 276-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიძლება დატოვოს განუხილველად, თუ: 1. არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი); 2. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; 3. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს 13:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სსსკ-ის 70-ე მუხლით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დრო, ადგილი და თარიღი. სასამართლოს გზავნილი, სხდომის დანიშვნის თაობაზე, აპელანტს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე, რომელიც იმავდროულად საწარმოს იურიდიული მისამართია (იხ. ამონაწერი სამეწარმეო რეეტრიდან - ტ.1, ს.ფ. 23) და 2016 წლის 25 მაისს ჩაბარდა მისი დირექტორის - ნ. გ-ას ოჯახის წევრს, დედას, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

6. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსათვის შუამდგომლობით სხდომის გადადების შესახებ და არც 14 სექტემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია, რაც გახდებოდა სხდომაზე გამოუცხადებლობის სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საპატიო მიზეზის კვლევის საფუძველი.

7. ამ განჩინების 5-6 პუნქტებში ასახული მსჯელობისა და დასკვნების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი საფუძველი, შესაბამისად, დააკმაყოფილა აპელანტის მოწინააღმდეგის შუამდგომლობა (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

8. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა (საწარმოს დირექტორმა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

8.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, აპელანტმა მიიღო მეორე უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოდან და მასში მითითებული იყო, რომ მხარეს იბარებდენ სხდომაზე 2016 წლის 14 სექტემბერს 17 საათზე. აპელანტი უთითებს საჩივრის შესაბამის დანართზე;

8.2. აპელანტმა ჩათვალა, რომ სხდომის დრო და ადგილი შეიცვალა, ვინაიდან სხვა სასამართლო დავა საწარმოს მანამდე არ ჰქონია. საწარმოს დირექტორი გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში სხდომაზე, სადაც აღმოჩნდა, რომ საწარმოსათვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას ეხებოდა საქმე, თუმცა, იგი სააპელაციო სასამართლოში ვეღარ გამოცხადდა სხდომაზე, რადგან დრო გასული იყო;

8.3. საწარმოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, მან ტელეფონით შეიტყო მოსამართლის თანაშემწისაგან. აღნიშნული შეცდომა კი, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.

9. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საწარმოს კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება არა მხოლოდ სამართლებრივად დაუსაბუთებელია, არამედ ფაქტობრივადაც არადამაჯერებელია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. აპელანტმა მინიმალური სტანდარტითაც კი ვერ დაასაბუთა საკუთარი პრეტენზიის საფუძვლიანობა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია: „მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა“. სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 14 სექტემბრის სხდომის დანიშვნის თაობაზე აპელანტს უწყება კანონით დადგენილი წესით ჩააბარა იმავე წლის 25 მაისს (იხ. ტ.2, ს.ფ. 9), ამასთან, სსსკ-ის 72-ე მუხლი ადგენს სასამართლო უწყების შინაარსს: „1. უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ,წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები“, რომელიც ასახავს სრულ და ამომწურავ ინფორმაციას და სამართლებრივ შედეგებს, რომელიც უწყების მიმღების კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს უკავშირდება.

14. კერძო საჩივარზე თანდართული საქალაქო სასამართლოს უწყება (იხ. ტ.2, ს.ფ.37), რომელიც აპელანტის მტკიცებით, იმ შეცდომის მიზეზი აღმოჩნდა, რაც განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ, მხარეს გაეგზავნა 2016 წლის 19 აგვისტოს და სსსკ-ის 72.1 მუხლით დადგენილ ყველა მონაცემს შეიცავს.

15. მოსარჩელე, რომელიც სამეწარმეო იურიდიული პირია, რომელსაც წარმოადგენს დირექტორი, და სააპელაციო წესით ასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, ცხადია, მინიმალური სტანდარტით აღჭურვილია იმ ცოდნით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი შესაძლებლობა გამოიყენოს ზემდგომ სასამართლოში. აპელანტს (საწარმოს დირექტორს) ჰქონდა გონივრული და საკმარისი დრო, რომ თუკი მიიჩნია, რომ შეიცვალა სასამართლოს ჩატარების დრო და ადგილი, გადაემოწმებინა საკუთარი მოსაზრება, თუმცა, სრულიად არადამაჯერებელია მხარის პოზიცია, რომ თითქოსდა მან ჩათვალა, რომ ზემდგომ სასამართლოში გასაჩივრებული გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოს განსახილველი იქნებოდა, რომელმაც განიხილა დავა. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობას, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

16. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად სასამართლომ შეიძლება მიიჩნიოს მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას, რაც ყოველ კონკრეტულ შემთვევაში სასამართლოს მიერ გამოსაკვლევი და უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით შესაფასებელი ფაქტია.

17. განსახილველი კერძო საჩივრის პრეტენზია ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, როგორც კანონიერი და დასაბუთებული უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „პ-ას“ კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე