Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-984-947-2016 23 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ი. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ-ა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისისა და 1 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების გაუქმება, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოშლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მოვალე ან საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „გ-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო ან კრედიტორი) წინააღმდეგ, 2015 წლის 19 მაისის # 1... სააღსრულებო ფურცლისა და იმავე წლის 2 ოქტომბერს სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილების შესახებ # 1... სანოტარო აქტის გაუქმების შესახებ, ასევე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მოშლის თაობაზე (იხ. სააღსრულებო ფურცლები, ტ. 1, ს.ფ. 27-28, 71-73; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 623-625 მუხლები, 286-ე, 289-ე მუხლები; „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ პუნქტი, მე-5 ნაწილი, მე-40 მუხლი) ;

2. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ა. მ-ას მიერ 2015 წლის 19 მაისს გაცემული # 1... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა იგივე ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 19 მაისს გაცემული # 1... სააღსრულებო ფურცლის მოქმედება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ 199 1 მუხლი).

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოვალის სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ. 2-11). სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

4. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისს შუამდგომლობით მიმართა კრედიტორის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა, მოსარჩელეს დავალებოდა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, წარედგინა უზრუნველყოფის გარანტია, არანაკლებ 66 737,17 აშშ დოლარზე (იხ. შუამდგომლობა, თანდართული აუდიტორული დასკვნით, ტ.3, ს.ფ.42-55) .

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით (იხ. ტ.3, ს.ფ. 56-61), დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების შესახებ და მოსარჩელეს დაევალა, მითითებული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, განახორციელოს მოპასუხე საწარმოსათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა განჩინებაში ჩამოთვლილ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთის გამოყენების გზით, კერძოდ: ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 66 737, 17 აშშ დოლარის შეტანა; ბ) აღნიშნული მიზნით, სასამართლოსათვის 66 737, 17 აშშ დოლარზე ბანკის, სხვა საკრედიტო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის ან რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის წარმოდგენა. სააპელაციო სასამართლოს ამავე განჩინებით, მოვალეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით განსახორციელებელ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას მოპასუხე საწარმოს მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება, რომლითაც, მოვალის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ა. მ-ას მიერ 2015 წლის 19 მაისს გაცემული # 1.. სააღსრულებო ფურცლის მოქმედება. კრედიტორის სასარგებლოდ მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში. ამავე განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება, რომლითაც. მოვალის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ა. მ-ას მიერ 2015 წლის 19 მაისს გაცემული # 1.. სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის იმავე წლის 19 სექტემბერს წარდგენილი საჩივარი (იხ. ტ.3, ს.ფ.76), რომლითაც მოვალემ მოითხოვა, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისისა და იმავე წლის 1 სექტემბრის განჩინებების გაუქმება.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2016 წლის 20 ივლისს, სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა, მოვალეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, განჩინებით დავალებული რაიმე საპროცესო მოქმედების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია სასამართლოსათვის. ამ გარემოების გათვალისწინებით, სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

9. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებაში სასამართლომ იმსჯელა, რომ საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების ძირითად არგუმენტად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ რადგან არსებობდა საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც მიღებული იყო იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღძრულ შუამდგომლობაზე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ანალოგიის წესით და სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, შეეწყვიტა მოპასუხის მიერ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილ შუამდგომლობაზე საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს მოპასუხის შუამდგომლობა განხილული ჰქონდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები. ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ისეთ ახალ საფუძვლად, რაც ქმნიდა საწარმოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობის ხელახლა განხილვის წინაპირობას, როგორც სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის, ისე საჩივრის ავტორის მიერ მითითებული საპროცესო ნორმების დანაწესის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საჩივარში ვერ მიუთითა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედებოდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელის საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს, როგორც ზემდგომ სასამართლოს (სსსკ-ის 197 1 მუხლი).

11. მოვალის საჩივარი 2016 წლის 25 ოქტომბერს დარეგისტრირდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ამავე წლის 28 ნოემბერს, პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ - მოპასუხე საწარმომ, წარმომადგენლის - გ. ნ-ის მეშვეობით, შემოიტანა წერილობითი მოსაზრება, რომელშიც მითითებულია შემდეგ გარემოებებზე:

11.1. მოვალის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებები (იხ. 5-6 პუნქტები) კანონიერი და დასაბუთებულია, როგორც პროცესუალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლებით;

11.2. მოვალის სასარჩელო მოთხოვნები ხელოვნური და უსაფუძვლოა, აღსრულების პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურების მცდელობასა და კრედიტორისაგან მიღებული დიდძალი თანხების დაბრუნებისაგან არიდებას წარმოადგენს. კრედიტორს აქვს უფლება, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, დაცული იყოს დამატებითი ზიანის მიყენებისაგან და მხოლოდ ამ მიზნით, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოითხოვა საპირისპირო უზრუნველყოფის გამოყენება;

11.3. მოვალის განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტით, აღსრულების პროცესი, იძულებითი აუქციონის ეტაპზე, შეჩერდა 2015 წლის ივნისიდან საქმის განხილვის დასრულებამდე, შესაბამისად, აღსრულების შეჩერების პერიოდიდან დღემდე, მოპასუხეს ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი დაკარგული (მიუღებელი) შემოსავლის სახით. აუდიტორული დასკვნის თანახმად, თანხის მოცდენით, 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის 31 იანვრის ჩათვლით, საწარმოსათვის უკვე მიყენებული ზიანის ოდენობა (თანხის გასესხების შემთხვევაში მისაღები პროცენტის თანხა) შეადგენს 33 369, 17 აშშ დოლარს, ხოლო ყოველთვიური ზარალი, მიუღებელი სარგებლის სახით, 4 171 აშშ დოლარს. აღსრულების შეჩერებით გამოწვეული თანხის მოცდენით, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის დასათვლელად, აღებულია არა მოსარჩელის მიერ დასაბრუნებელი მთლიანი თანხა (ძირითადი და სარგებელი) – 491 610 აშშ დოლარი (რაც უკვე ისედაც შეამცირა კრედიტორმა აღსრულების შეჩერების როგორმე თავიდან ასაცილებლად), არამედ - 435 250 აშშ დოლარი, რომლის სესხად მიღებასაც მოვალე თავადაც აღიარებს 06.08.2015წ. დაზუსტებულ სარჩელში;

11.4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უდავოდ არის დადგენილი, რომ მოსარჩელემ, თავისივე ინიციატივით, მიიღო მოპასუხე საწარმოს კუთვნილი, მნიშვნელოვანი თანხა, რასაც არ აბრუნებს და არღვევს კრედიტორის საკუთრების უფლებას. მოვალის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის მიზანია, კრედიტორის კუთვნილი სესხის დაბრუნების მაქსიმალური გაჭიანურება და მიმდინარე აღსრულების ნებისმიერი გზით შეფერხება;

11.5. მოპასუხე მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს, აღსრულების შეჩერებით და მოვალის მიერ ფულადი სახსრების უკანონოდ დაკავებით, საწარმოს უკვე მიადგა ზიანი და დღესაც გრძელდება მისი მიყენება;

11.6. სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების გარანტიის მოთხოვნის დაყენების კუთხით, სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ადგენს რაიმე ლიმიტს ასეთი მოთხოვნის რაოდენობის ან ინსტანციურობის თვალსაზრისით. ამდენად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის აპელირება იმაზე, რომ თითქოსდა მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, სააპელაციო სასამართლოში განმეორებით დაეყენებინა უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოვალის სარჩელი, კიდევ უფრო ცხადი გახდა და გამოიკვეთა გამოყენებული უზრუნველყოფის უპერსპექტივობა, ხოლო ასეთი ღონისძიების არსებობით, კრედიტორისათვის მიყენებული ზიანი. მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს 18.07.2016წ. და 01.09.2016წ. განჩინებები კანონიერია, დასაბუთებული და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი;

11.7. მოპასუხის წარმომადგენელი წერილობით მოსაზრებას ურთავს საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომლის მიხედვით, 2015 წლის მაისში, როდესაც მოსარჩელეს დაუდგინდა კრედიტორისაგან ნასესხები თანხის გადახდის ვალდებულება, მოვალემ საკუთარი ოჯახის წევრებზე ჩუქების გზით გადააფორმა მანამდე მის საკუთრებად აღრიცხული ოთხი უძრავი ქონება და, ასევე, წილი საწარმოში. ეს მტკიცებულებები დამატებით ადასტურებს მოვალის მიერ სასამართლოში საქმის წარმოებას მხოლოდ გაჭიანურების მიზნით და სესხად აღებული თანხის დაბრუნების არიდების აშკარა განზრახვას. მოვალემ თავის უძრავ ქონებაზე კრედიტორის მხრიდან აღსრულების დასაზღვევად წინასწარ „დაიჭირა თადარიგი“ საკუთარი და ოჯახის წევრების მატერიალური და ქონებირივ უზრუნველყოფის მიზნით;

11.8. კრედიტორი, ზემოხსენებულ გარემოებათა საფუძველზე, ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს მოვალის საჩივარი და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მოსარჩელის საჩივრისა და მოპასუხის წერილობითი მოსაზრების, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

13. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია იმას ეხება, რომ რადგან არსებობდა საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომელიც მიღებული იყო იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით აღძრულ შუამდგომლობაზე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ანალოგიის წესით და სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, შეეწყვიტა მოპასუხის მიერ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილ შუამდგომლობაზე საქმის წარმოება, რადგან მოპასუხის ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობა ერთხელ უკვე არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში, მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და თუ ასეთი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება, სამართლებრივი შედეგი გათვალისწინებულია დასახელებული ნორმით, შესაბამისად, არ დგება საჩივრის ავტორის მიერ მითითებული რეგულაციის - სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის ანალოგიით გამოყენების საკითხი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც წინამდებრე გაჩინების მე-9 პუნქტშია ასახული, ამასთან, ამ დასკვნების საწინააღმდეგოდ არცერთი დასაბუთებული არგუმენტი არ წარუდგენია აპელანტს.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ “კანონმდებელი იცავს რა მოსარჩელის უფლებას, მოითხოვოს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, მოპასუხის უფლებადამცავ ნორმას წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი, რომლის მე-3 ნაწილითაც დადგენილია შემდეგი: თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად” (სუსგ # ას -69-63-2015, 19.03, 2015წ.).

16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული 16.07.2016წ. და 01.09.2016წ. განჩინებები (იხ. ამ განჩინების 5-7 პუნქტები), ამასთან, მომჩივნის პროცესუალური მოწინააღმდეგეა საკრედიტო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროა სესხის გაცემა, ხოლო კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით გასცა ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცლები, რადგან არსებობდა შესაბამისი წინაპირობები (იხ. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ პუნქტი, მე-5 ნაწილი, მე-40 მუხლი).

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაბუთებულია და კანონიერი სააპელაციო სასამართლოს 16.07.2016წ. და 01.09.2016წ. განჩინებები და არ არსებობს მათი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რაც მოსარჩელის საჩივრის უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისისა და 1 სექტემბრის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ივლისისა და 1 სექტემბრის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე