საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1015-958-2015 18 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – შპს "ბ.", ააიპ "ს-ო", მ. ჟ-ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენა, იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 1992 წლის 21 ოქტომბერს თბილისის მერიამ დაარეგისტრირა შპს საფეხბურთო კლუბი "თ." (შემდეგში საწარმო ან საფეხბურთო კლუბი) სარეგისტრაციო ნომრით ... წესდების თანახმად, საწარმოს დამფუძნებლები იყვნენ რესპუბლიკური ფიზკულტურულ - სპორტული კლუბი "დ.", შპს "ბ." და მ. ირი, მოსარჩელეები, აპელანტები ან კასატორები).
2. საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „თ-“, მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში 1996-2001 წლებში, ამავე წლებში იგი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული იყო ოთხჯერ, ასევე, უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობდა ყოველწლიურად (იხ. სარჩელი ტ.1, ს.ფ. 1-21, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25.10.2014წ. წერილი, ს.ფ. 224).
3. საფეხბურთო კლუბი რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურში საიდენტიფიკაციო კოდით 2.., მას მინიჭებული აქვს მოქმედი გადამხდელის სტატუსი. საფეხბურთო კლუბის სამართლებრივ ფორმად მითითებულია - სხვა, საგადასახადო რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების თარიღად 01/01/1997, მოდიფიკაცია - აქტიური (იხ. ტ.1, ს.ფ. 227). შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბის მოდიფიკაციად „აქტიური“ და გადამხდელის სტატუსად „მოქმედი“ განსაზღვრა იმითაა განპირობებული, რომ კლუბს აქვს საგადასახადო ვალდებულებები .
4. 2013 წლის 11 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმით დამტკიცდა შპს "საფეხბურთო კლუბი თ-ს" წესდების ახალი რედაქცია. საფეხბურთო კლუბის დამფუძნებელმა (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) შპს-ამ, ააიპ-მა და ფიზიკური პირის წარმომადგენელმა, 2013 წლის 12 ნოემბერს, სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვეს მეწარმეთა და არამესწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (შემდეგში სამეწარმეო რეესტრი) შპს-ისა და მისი ახალი წესდების რეგისტრაცია.
5. სამეწარმეო რეესტრმა განმცხადებელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
5.1. შპს (ს/კ …) ს/ნ-ით .. რეგისტრირებულია ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 21 ოქტომბერს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში მეწარმეთა კანონი), რომელიც ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილების (შემდეგში პარლამენტის N578 დადგენილება) შესაბამისად, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები, მეწარმეთა კანონის მოთხოვნების შესაბამისად, დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე;
5.2. ამავე დადგენილებით განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულ ვადაში რეგისტრაციის გაუვლელობის სამართლებრივი შედეგები, რომლის შესაბამისადაც, მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები. 5.8 მუხლით დადგენილი იყო, რომ: "თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე";
5.3. პარლამენტის №578-ე დადგენილებით, ზემომითითებული სამართლებრივი შედეგის დადგომის დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ საფუძვლად განისაზღვრა ხელახალი რეგისტრაციისათვის ამავე დადგენილებით გათვალისწინებული ვადის უშედეგოდ გაშვება. აქედან გამომდინარე, რადგან არ დასტურდებოდა საწარმოს (ს/კ ...) მიერ ხელახალი რეგისტრაციის გავლის ფაქტი, მისი რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ითვლებოდა გაუქმებულად.
6. სამეწარმეო რეესტრში არ არის დაცული საფეხბურთო კლუბის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, არ დგინდება მისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი. შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოში ამავე საფეხბურთო კლუბის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების ამსახველი ჩანაწერის ასლი არ არის დაცული. 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი მეწარმეთა კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. შესაბამისად, მითითებული საფეხბურთო კლუბის რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლება გაუქმებულად. საფეხბურთო კლუბი გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში, რაც დასტურდება შპს-ს ტურნირებში მონაწილეობით და მისი ფინანსთა სამინისტროში მოქმედი გადამხდელის სტატუსით რეგისტრირებით, ხოლო დამფუძნებლებმა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეწყვიტეს ლიკვიდაციის რეჟიმი და აქტიურ სუბიექტად აქციეს შპს (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები - პ.3.2.5, ტ.1, ს.ფ. 251).
7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2002 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით იმსჯელა ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ დამფუძნებელთაგან შპს-ის დირექტორის განცხადებაზე საფეხბურთო კლუბის ხელახალი რეგისტრაციის შესახებ და განმარტა: "საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავდა ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შუძლებლობას და რეგისტრაციის გაუქმების დადგომას. როდესაც სახელმწიფო ორგანო, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ადგენდა საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვადას მნიშვნელობა არ ჰქონდა და საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელებულიყო ამ ვადის გასვლის შემდეგაც. კანონმდებლის მიერ რეგისტრაციისა და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსაზღვრა დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან. მისი მიზანი არის, აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექტურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა".
8. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული საფეხბურთო კლუბის სამმა დამფუძნებელმა - შპს-ამ, ააიპ-მა და ფიზიკურმა პირმა 2014 წლის 7 ივლისს აღიარებითი სარჩელი აღძრეს სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში საჯარო რეესტროის სააგენტო ან მოპასუხე) წინააღმდეგ, იურიდიული პირის არსებობის ფაქტის დადგენისა და იურიდიული პირის რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 24-ე, 25.4 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 180-ე, 80.3 მუხლები.
9. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი შესაგებელი წარადგინა, მიუთითა მეწარმეთა კანონზე, პარლამენტის N578 დადგენილებაზე, სუსგ-ზე # 3კ 661-02 და საწარმოს მიერ სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებზე (იხ. შესაგებელი, ტ1., ს.ფ. 129-138).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (2009 წლის 3 ნოემბერი N1974-IIს); პარლამენტის N578 დადგენილება; სსსკ-ის 180-ე მუხლი.
12. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მეწარმეთა კანონში 2009 წლის 3 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2010 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სამეწარმეო რეესტრისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა.
13. სასამართლომ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბი (ს/კ …) რეგისტრირებულია ქ. თბილისის მერიის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 21 ოქტომბერს (რეგისტრაციის ნომერი N…). სუბიექტის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია (მათ შორის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში არ არის დაცული. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (საფეხბურთო კლუბის 1992 წლის წესდება) საფუძველზე არ დგინდება ზემოაღნიშნული სუბიექტისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი.
14. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრა მეწარმეთა კანონით, რომელიც ამოქმედდა 1995 წლის 1 მარტს, ასევე, ამ განჩინების 5.1-5.3 ქვეპუნქტებში პარლამენტის N578-ე დადგენილების რეგულაციასა და მის სამართლებრივ შედეგებზე მიუთითა და განმარტა, რომ დადგენილების მე-2 მუხლი წარმოადგენდა სპეციალურ ნორმას, რომელიც მეწარმეთა კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოებს ეხებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაუქმებას ექვემდებარებოდა იმ საწარმოთა რეგისტრაცია, რომლებიც დასახელებული კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში ხელახალ რეგისტრაციას არ გაივლიდნენ. ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმეთა კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამავე კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად დაექვემდებარნენ სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას, ხოლო 5.8 პუნქტის თანახმად, თუ საწარმო რეგისტრირებული იყო, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობოდა, რეგისტრაცია გაუქმდებოდა, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული. დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, მეორე მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები (იხ. განჩინების 5.2. ქვეპუნქტი). ხელახალი რეგისტრაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა რამდენჯერმე გააგრძელა და მკაცრად განსაზღვრა ის ვადა, რომლის დროსაც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია.
15. საქალაქო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის №3კ661-02 გადაწყვეტილების განმარტებაზე მიუთითა: "საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავს ხელახალი რეგისტრაციის განხორციელების შეუძლებლობას და რეგისტრაციის გაუქმების დადგომას. როდესაც სახელმწიფო ორგანო, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი, ადგენს საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას, არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვადას მნიშვნელობა არ აქვს და საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს ამ ვადის გასვლის შემდეგაც. კანონმდებლის მიერ რეგისტრაციის და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსაზღვრა დაკავშირებულია საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან. მისი მიზანია აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექტურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა" (ტ.1., ს.ფ. 200-201).
16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი.
17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი (სარეგისტრაციო ნომრით .., საიდენტიფიკაციო კოდით …) მეწარმეთა კანონის მოთხოვნის შესაბამისად ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე და ამ ვადაში მას ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. შესაბამისად, საფეხბურთო კლუბის რეგისტრაცია, კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვლებოდა გაუქმებულად.
18. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, გაუქმდა საფეხბურთო კლუბი, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში, რაც დასტურდებოდა მისი ტურნირებში მონაწილეობითა და ფინანსთა სამინისტროში მოქმედი გადამხდელის სტატუსით რეგისტრირებით, ხოლო დამფუძნებლებმა, 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შეწყვიტეს ლიკვიდაციის რეჟიმი და აქტიურ სუბიექტად აქციეს შპს. სასამართლომ მიუთითა მეწარმეთა კანონის 1996 წლამდე მოქმედ რედაქციაზე (47-ე მუხლი), რომლის საფუძველზე პარტნიორთა კრება იღებდა გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში,საქმის მასალების მიხედვით, არ მომხდარა. ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობით გულისხმობდა და გულისხმობს საწარმოს საქმიანობის შეწყვეტას, გაუქმებას. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელმა ნორმატიული აქტით განსაზღვრა, რომ თუ საწარმო სამი თვის ვადაში არ გაივლიდა ხელახალ რეგისტრაციას, სუბიექტი ავტომატურად ცხადდებოდა გაუქმებულად, რაც სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში იგივე შედეგის მომტანად მიიჩნია, რაც საწარმოს ლიკვიდაცია. ერთ შემთხვევაში, პარტნიორებს, გარკვეული საფუძვლების არსებობისას, ჰქონდათ უფლებამოსილება, მიეღოთ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციაზე (გაუქმებაზე), მეორე შემთხვევაში კი, კანონმა განსაზღვრა, თუ რა შემთხვევაში მოხდებოდა საწარმოს გაუქმება (ლიკვიდაცია). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შედეგად, აღარ წარმოადგენდა მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობით, შპს-ამ, როგორც იურიდიულმა პირმა, დაასრულა თავისი არსებობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის აღარ არსებობდა. ამდენად, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული მოსარჩელეთა მოთხოვნა, დადგენილიყო (აღიარებული), რომ 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი (სარეგისტრაციო ნომრით .., საიდენტიფიკაციო კოდით …) ამჟამადაც მოქმედ იურიდიულ პირს და სამეწარმეო სუბიექტს წარმოადგენდა, შესაბამისად, სასამართლომ სარჩელი, უსაფუძვლობის გამო, უარჰყო.
19. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა, საფეხბურთო კლუბის სამეწარმეო რეესტრში აღდგენის თაობაზე, უშუალოდ იყო დაკავშირებული პირველთან და ვინაიდან არ დაკმაყოფილდა ეს უკანასკნელი, უსაფუძვლო იქნებოდა მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილება, რის გამოც ისიც უარყოფილი იქნა.
20. საფეხბურთო კლუბის დამფუძნებლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
21. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ არგუმენტებზე:
21.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, თითქოსდა, 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებულმა საფეხბურთო კლუბმა (ს/ნ -ით .., ს/კ-ით ...), მეწარმეთა კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, 1996 წლის 1 სექტემბრამდე არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისად იგი გაუქმებულად ჩაითვალა;
21.2. საფეხბურთო კლუბმა, როგორც სამართლის დამოუკიდებელმა სუბიექტმა, 2013 წლის 11 ნოემბერს შეწყვიტა ლიკვიდაციის რეჟიმი და გააგრძელა არსებობა იურიდიული პირის სტატუსით. შესაბამისად, იგი როგორც აქტიური სუბიექტი, იმყოფება მესამე პირებთან ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობებში. ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლის შემდეგ, საწარმო არ გაუქმებულა და, შესაბამისად, იგი არც ამოშლილა არც იმ პერიოდში მოქმედი სამეწარმეო რეესტრიდან, არც ადმინისტრაციულ ორგანოს გამოუცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი, როგორც სამეწარმეო სუბიექტის გაუქმების ან რეესტრიდან ამოშლის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ საფეხბურთო კლუბი კვლავ მოქმედი იურიდიული პირი და სამეწარმეო სუბიექტია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითვეა დადგენილი, როგორც უდავო ფაქტობრივი გარემოება (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.5 პუნქტის ბოლო აბზაცი - ტ.1., ს.ფ.251). აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებაც ცხადყოფს, რომ საქალაქო სასამართლომ გარკვეულწილად მაინც გაიზიარა იურიდიულ დოქტრინასა და ლიტერატურაში დამკვიდრებული ის მოსაზრება, რომ საწარმოს გაუქმება არ ნიშნავდა მის საბოლოო მოსპობას და გაქრობას სამართლებრივი სივრციდან. არ გამოიყენა კანონისა და სამართლის ანალოგია, ქართულ და უცხო ქვეყნის იურიდიულ ლიტერატურასა და სასამართლო დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრებები, სადაც ნათლად არის საწარმოს გაუქმებისა და ლიკვიდაციის საკითხები გამიჯნული და მოწესრიგებული;
21.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნა, რომ იურიდიული პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ხელახალი რეგისტრაციის ვადის ამოწურვა ნიშნავდა ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობასა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების დადგომას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ამასთან, სასამართლო უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ კანონმდებლის მიერ რეგისტრაციის და ხელახალი რეგისტრაციის წესის განსაზღვრა დაკავშირებულია საზოგადოებრივი, სახელმწიფო და თითოეული მოქალაქის ინტერესთან, მისი მიზანია აღკვეთოს საწარმოს შექმნისას არსებული ნებისმიერი კანონის დარღვევა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის ეფექტურ მუშაობას, დაიცვას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა. სასამართლომ უგულებელჰყო საწარმოს გაუქმებისა და ლიკვიდაციის განსხვავებულობის შესახებ არა მარტო იურიდიულ ლიტერატურასა და მეცნიერებაში დამკვიდრებული მოსაზრებები, არამედ სასამართლო დოქტრინაში დამკვიდრებული მოსაზრებაც. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე #ბს-1123-701 (კ-05)) განმარტა, რომ საწარმოს გაუქმება და ლიკვიდაცია სხვადასხვა ცნებები, პროცესები და ეტაპებია და საწარმოს გაუქმების კანონისმიერი საფუძვლის დადგომა არ არის ავტომატურად საწარმოს საბოლოოდ გაუქმების საფუძველი, არამედ აღნიშნული კანონისმიერი საფუძვლები არის საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველი და საბოლოოდ საწარმოს უფლებაუნარიანობის დასრულება (სრულად გაუქმება) ხდება სწორედ საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. სასამართლო გადაწყვეტილებაში მსჯელობს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილებაზე, ამასთან, გვერდს უვლის სასამართლო დოქტრინაში უკვე მოგვიანებით (შემდგომში) დამკვიდრებულ მოსაზრებას, რაც ასახულია სწორედ ზემოხსენებულ 2006 წლის გადაწყვეტილებაში. აპელანტის მტკიცებით, ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ საფეხბურთო კლუბის ს/კ - ით ..., როგორც სამართლის სუბიექტის ფაქტის აღიარება (დადგენა) და მისი ასახვა სამეწარმეო რეესტრში უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონეა თავად კლუბისა და მისი დამფუძნებლებისათვის, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციით უზრუნველყოფილი იქნება კრედიტორების მოთხოვნებისაგან სამართლებრივი დაცვა, ვალდებული პირების წინააღმდეგ მოთხოვნების სრულყოფილად განხორციელება, არსებული ქონებრივი პრეტენზიების წარდგენა მესამე პირებისადმი და ა.შ. საფეხბურთო კლუბი შეძლებს აქტიურ საფეხბურთო-სპორტულ საქმიანობას, იგი დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში და მას აღუდგება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში (შემდეგში სფფ) ხმის უფლება;
21.4. მცდარია სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოსდა იმხანად მოქმედი, 1995 წლის მეწარმეთა კანონისა და პარლამენტის #578 დადგენილების თანახმად, საფეხბურთო კლუბი, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის, კანონმდებლის მიერ ხელახალი რეგისტრაციისათვის დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით გაუქმდა და ამის გამო, საწარმო გაუქმებულად ითვლება;
21.5. სსკ-ის 25.4 მუხლის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან. სსსკ-ის მე-80 მუხლი განსაზღვრავს რა საპროცესო უფლებაუნარიანობის ცნებას, პირდაპირ ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან და შეწყდება მისი ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. სსსკ 80.3 მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ცალსახად ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული კი გულისხმობს სწორედ იმას, რომ იურიდიულ პირს უფლებაუნარიანობა გააჩნია და იგი, როგორც სამეწარმეო სუბიექტი არსებობს იქამდე, ვიდრე არ მოხდება მისი გაუქმების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (ანუ ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან);
21.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეყრდნობა 1996 წლისათვის მოქმედი მეწარმეთა კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს, რომლის მიხედვით, საწარმოს რეგისტრაცია უქმდება, თუ საწარმო არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს და ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა გარკვეული დროის განმავლობაში. რეგისტრაციის გაუქმება, სასამართლოს აზრით, ნიშნავს იურიდიული პირის არსებობის საბოლოო შეწყვეტას, რომლის შემდეგაც აღარ არის იურიდიული პირი. აღნიშნული არგუმენტაციისას, სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამის დროს მოქმედი კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის სიტყვასიტყვითი განმარტებით. სასამართლო თავის მსჯელობაში არ განმარტავს შესაბამის ნორმებს სისტემური, ტელეოლოგიური (მიზნობრივი) და ისტორიული კუთხით. სასამართლოს მსჯელობით გამოდის, რომ საფეხბურთო კლუბმა, როგორც მეწარმე სუბიექტმა, კანონის ძალით, 1996 წლის 1 სექტემბრისათვის, საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. ამ მსჯელობაში სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების მომენტისათვის (რეგისტრაციის გაუქმების ფიქცია), მას გააჩნდა ქონება, შესაბამისი მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, შესაბამისი ვალდებულებები და საფეხბურთო კლუბი, 1996-2001 წლებში, მონაწილეობდა საფეხბურთო (მათ შორის საერთაშორისო) ტურნირებში, ანუ გამოდიოდა მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში, ის ფინანსთა სამინისტროში დღემდე რეგისტრირებულია მოქმედ გადამხდელად. როგორც 1996 წელს, ისე დღეს მოქმედი მეწარმეთა კანონი ითვალისწინებს საწარმოს ლიკვიდაციას. საწარმოს ლიკვიდაცია წარმოადგენს პროცესს, რომლის მიზანია საწარმოს სრული დამთავრება და რომლის ფარგლებშიც საწარმოს ქონება უნდა განაწილდეს უპირატესად მის კრედიტორებსა და შემდეგ-პარტნიორებს შორის. აღნიშნული პროცედურის აუცილებლობა განპირობებულია განსაკუთრებით კრედიტორთა დაცვის და ზოგადად, სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოების მიზნით. მართალია, 1996 წელს მოქმედი მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლის რედაქციით კატეგორიულად არ ყოფილა გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესის ჩატარების აუცილებლობა, თუმცა, კანონის მიერ გარკვეული საკითხის არასრული ან არაამომწურავი მოწესრიგებისას, აუცილებელია, რომ კანონის განმარტების შესაბამისი მეთოდების გამოყენების საფუძველზე დადგინდეს კანონმდებლის ნამდვილი ნება. საწარმოს გაუქმებისა და ლიკვიდაციის განსხვავებულობას განაპირობებს მათივე სამართლებრივი შინაარსი. საწარმოს გაუქმების და ლიკვიდაციის პროცესები სხვადასხვა ეტაპებია, რაც სავალდებულოა, რომ საწარმომ გაიაროს მის სრულ მოსპობამდე. საწარმოს გაუქმების ხდომილება არ ნიშნავს საწარმოს სრულ გაუქმებას (ამოშლას სამეწარმეო რეესტრიდან). საწარმოს გაუქმების შემთხვევაში, იგი კვლავ აგრძელებს მუშაობას და გაუქმების ეტაპს მოჰყვება მეორე, მომდევნო, საწარმოს ლიკვიდაციის ეტაპი - საწარმოს ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლა;
21.7. საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება და ამოშლა რეესტრიდან საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი გულისხმობს სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას, ლიკვიდატორების დანიშვნას და სხვ. გაუქმებაში არ იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტის არსებობის სრული მოსპობა, მისი უცაბედი გაქრობა სამართალბრუნვიდან. საზოგადოების გაუქმებით არ ხდება მისი არსებობის საბოლოო დასრულება, არამედ საზოგადოების გაუქმებიდან მის სრულ მოსპობამდე არის დროის მონაკვეთი, რომლის დროსაც უნდა დამთავრდეს საზოგადოების საქმეები, განხორციელდეს საზოგადოების მიერ კრედიტორული თუ დებიტორული მოთხოვნები, მაშასადამე, იმისათვის, რომ გაუქმებული სამეწარმეო საზოგადოება მივიდეს თავისი არსებობის საბოლოო შეწყვეტამდე, უნდა განხორციელდეს მისი ე.წ დამასრულებელი ღონისძიებები, რაც სწორედ სპეციალურ წარმოებაშია, რომელსაც სალიკვიდაციო წარმოება, ან უბრალოდ ლიკვიდაცია ეწოდება. ამრიგად, დროის მიხედვით, საზოგადოების არსებობის სრული დამთავრება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელებულია ლიკვიდაცია და დამთავრებულია საწარმოს რეალიზებადი ქონების დანაწილება. შესაბამისად, გაუქმება, დროის მიხედვით, ყოველთვის წინ უსწრებს არსებობის დამთავრებას, ხოლო ეს უკანასკნელი კი დგება ყოველთვის ლიკვიდაციის შემდეგ. ლიკვიდაციის დამთავრებას კი მოჰყვება საბოლოო შედეგი - საწარმოს სრული გაუქმება-ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან. სასამართლოს უნდა ემსჯელა საწარმოს საბოლოო გაუქმებისათვის საჭირო ლიკვიდაციის პროცესის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და პირდაპირ არ დაედგინა, რომ სუბიექტის არსებობა 1996 წ. 01 დეკემბრიდან კანონის ძალით ჩაითვალა შეწყვეტილად;
21.8. იმის გათვალისწინებით, რომ მეწარმეთა კანონის შესაბამისი დებულებები შეიცავდა ხარვეზს, უნდა დაისვას მისი გამოსწორების საკითხი ანალოგიის გამოყენებით. სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა. კონკრეტულ შემთხვევაში ასეთ სამართლის ნორმად მიჩნეული უნდა იქნეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის“ შესახებ კანონი, რადგან აღნიშნული კანონი, მეწარმეთა კანონის მსგავსად, არეგულირებს იურიდიული პირის წარმოქმნის, საქმიანობის და შეწყვეტის საკითხებს. აღნიშნული კანონის მე-15 და შემდეგ ნორმებში საუბარია იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტასა და ლიკვიდაციაზე, როგორც ორ დამოუკიდებელ სტადიაზე. საწარმოს შეწყვეტით, რომლის საფუძვლებიც ჩამოთვლილია კანონში, იწყება ლიკვიდაციის პროცესი. ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი, იურიდიული პირის რეგისტრაცია უქმდება, რაც იწვევს ამ უკანასკნელის, როგორც ასეთის არსებობის საბოლოო შეწყვეტას;
21.9. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო თავის პოზიციას იმ არგუმენტითაც ასაბუთებს, რომ მეწარმეთა კანონის 1996 წლამდე მოქმედი რედაქციით (47-ე მუხლი) პარტნიორთა კრება იღებდა გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, რაც, სასამართლოს მსჯელობით, მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და, შესაბამისად, ვერც ლიკვიდაცია მოხდებოდა. სასამართლოს აღნიშნული არგუმენტი მცდარია, რადგან მეწარმეთა კანონის 1996 წლამდე მოქმედი რედაქციის 28-ე მუხლით ჩამოთვლილი იყო ლიკვიდაციის დაწყების (ანუ გაუქმების, ანდა საქმიანობის შეწყვეტის) სხვა საფუძვლები. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, საწარმოს ლიკვიდაცია შეიძლებოდა: საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილებით; საზოგადოების ქონებაზე გაკოტრების წარმოების გახსნით; განსაზღვრული ვადით საზოგადოების შექმნისას - ვადის გასვლით; სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამასთან, აღნიშნული ჩამონათვალი არ უნდა იქნეს მიჩნეული ამომწურავად. მართალია, 1996 წლამდე მოქმედი მეწარმეთა კანონის 28-ე მუხლის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან მიმართებაში, თუმცა, აღნიშნული მუხლი ასევე უნდა გამოყენებულიყო შპს-თანაც, რადგანაც სახეზეა ნორმის ანალოგიით გამოყენების ყველა წინაპირობა - ინტერესთა მსგავსი მდგომარეობა და არაგეგმიური საკანონმდებლო ხარვეზი. სასამართლოს მსჯელობიდან კი ჩანს, რომ თითქოსდა, შპს-ის ლიკვიდაციის დაწყების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, 1996 წლამდე მოქმედი მეწარმეთა კანონის 47-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით არ ხდებოდა საწარმოს ლიკვიდაცია, როგორც ეს არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლომ (საწარმოს ლიკვიდაციის ოთხ და არა ერთ საფუძველს იცნობდა 1996 წლამდე მოქმედი მეწარმეთა კანონის 28-ე მუხლი);
21.10. საფეხბურთო კლუბის შემთხვევაში, საწარმოს გაუქმების არც ერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ დამდგარა, რაც ნიშნავს იმას, რომ შპს საბოლოოდ არ გაუქმებულა და იგი დღესაც არსებობს. საწარმოს, როგორც სუბიექტის არსებობა დადასტურებულია ასევე წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გარემოებებით, საწარმოს აქვს არა მხოლოდ ქონებრივი მოთხოვნები მესამე პირებისადმი, არამედ მნიშვნელოვანი დავალიანებები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე; 2013 წელს ჩატარდა საფეხბურთო კლუბის პარტნიორთა კრება და დამტკიცდა შპს-ის წესდების ახალი რედაქცია. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ საფეხბურთო კლუბი აგრძელებს არსებობას, როგორც სამართლის სუბიექტი და მისი სტატუსი სრულიად შეესაბამება სსკ-ის 24-ე მუხლის მოთხოვნებს. საფეხბურთო კლუბი, როგორც იურიდიული პირი არსებობს და არ მომხდარა მისი გაუქმების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში (არ ამოშლილა სამეწარმეო რეესტრიდან და აღნიშნულზე არც ადმინისტრაციული აქტი გამოცემულა). სსკ-ის 24-ე და 25.4 მუხლების თანახმად, საფეხბურთო კლუბის სამოქალაქო უფლებაუნარიანობის შეწყვეტას არ მომხდარა და იგი დღემდე არსებობს, როგორც სამართლის მოქმედი სუბიექტი;
21.11. აპელანტი, როგორც სარჩელში, ისე სასამართლო სხდომებზე აღნიშნავდა, რომ საფეხბურთო კლუბის ხელახალი რეგისტრაცია, 1996 წლამდე, სამეწარმეო რეესტრში ვერ განხორციელდა გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. იმ პერიოდის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოხატულებაა ასევე ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ მიზანმიმართულად არ გამოიყენა იმ პერიოდში (2005 წელს) მოქმედი მეწარმეთა კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით მინიჭებული ვალდებულება და არ დაარეგისტრირა შპს და მისი მონაცემები სამეწარმეო რეესტრში. იმ პერიოდში (1999 წლის) მოქმედი მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებობდა საწარმოს რეგისტრაციის პრეზუმფცია, ანუ სანამ არსებობს რეგისტრაცია და სადავოდ ის არავის გაუხდია, შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად. საფეხბურთო კლუბის, როგორც სუბიექტის არსებობა დადასტურებულია არა მხოლოდ იმით, რომ დღესაც წარმოადგენს რეზიდენტს საქართველოს საგასახადო კოდექსის მიხედვით, არამედ იგი 1996-2001 წლებში აქტიურ სპორტულ საქმიანობასაც ეწეოდა, ვიდრე 2001 წლის გაზაფხულზე სფფ-ამ უკანონოდ არ შეუწყვიტა მას ფედერაციის სუბიექტის სტატუსი, წაართვა ხმის უფლება და გაუუქმა ადგილი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში;
21.12. საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა და დაასაბუთა სსსკ-ის 180-ე მუხლი მოცემულ დავასთან მიმართებაში, რადგან მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სწორედ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესი და მისი დაკმაყოფილებით შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიღწევის საფუძვლები. ფაქტია, რომ მოპასუხე ეცილება, ედავება მოსარჩელეს იმ გარემოებაზე, რომ საფეხბურთო კლუბი თითქოსდა გაუქმებულია და არ არსებობს როგორც სუბიექტი, რის გამოც, საჯარო რეესტრი უარს აცხადებს მის რეგისტრაციაზე სამეწარმეო რეესტრში. მოქმედი მეწარმეთა კანონის მე-4 მუხლი ადგენს რა საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის არარსებობა ხელს უშლის საფეხბურთო კლუბს, იყოს სამოქალაქო ბრუნვის აქტიური მონაწილე და განახორციელოს თავისი უფლებები და ინტერესები. საწარმოს რეგისტრაციას გააჩნია როგორც ფაქტის ან მოვლენის აღნიშვნის, ისე კონსტიტუციური მნიშვნელობა, რეგისტრაციის მონაცემთა საჯაროობა იცავს სავარაუდო კონტრაჰენტებსა და მესამე პირებს, მაგრამ რეგისტრაციის არარსებობა არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საწარმოს (მოცემულ შემთხვევაში საფეხბურთო კლუბის) წინააღმდეგ. ამდენად, სახეზეა მეწარმეთა კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე დაინტერესებული პირი და მათთვის სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესი და, მისი დაკმაყოფილებით, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიღწევის საფუძვლები.
22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.
23. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ მოქმედებს გადაწყვეტილების სისწორის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო განხილვის შედეგად მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ითვლება სწორად. ასეთი გადაწყვეტილება განეკუთვნება ე.წ. მყარ პრეზუმფციათა კატეგორიას. სწორედ ამის გამოხატულებაა სსსკ-ის მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ბუნებრივია, ყოველთვის უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ გაირკვა, რომ არსებობს მისი სისწორის გამომრიცხავი გარემოებები, მაგრამ ასეთ დროს ხდება არა რომელიმე მტკიცებულების მეშვეობით მისი, როგორც პრეზუმფციის უარყოფა, არამედ მისი შეცვლა სხვა გადაწყვეტილებით. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გააბათილებს ამ პრეზუმფციის მოქმედებას, ვიდრე ძალაშია შესაბამისი გადაწყვეტილება, მაგრამ მისი გაუქმებისთანავე იგი შესაბამის სამართლებრივ ძალას კარგავს.
24. სასამართლომ აღნიშნა, რომ რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 1992 წლის 21 ოქტომბერს დაფუძნებულმა საფეხბურთო კლუბმა ხელახალი რეგისტრაცია დადგენილ ვადაში ვერ გაიარა, რაც მისი რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო, ამჟამად უნდა დადგენილიყო: უთითებდნენ თუ არა მოსარჩელეები ისეთ ახალ გარემოებებს, რაც ამ სუბიექტის, როგორც იურიდიული პირის, არსებობას ამ ეტაპზე დაადასტურებდა.
25. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ასეთ მითითებას არ შეიცავდა. მყარი პრეზუმფცია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით გაუქმებული და უარყოფილი არ იყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრაცია, თავისთავად, კომერციული იურიდიული პირისათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა, შესაბამისად, მისი გაუქმების (და აღნიშნულის სასამართლოს მიერ კანონიერად აღიარების და ხელახალ რეგისტრაციაზე უარის თქმის) შემთხვევაში, არ არსებობდა იურიდიული პირის არსებულად მიჩნევის, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მისი რეგისტრაციის აღდგენის დავალდებულების და წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
26. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი იურიდიული პირის არსებულად აღიარების თაობაზე ძირითადად ეფუძნებოდა წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ გარემოებებს და იმას, რომ საფეხბურთო კლუბს ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ქონებრივი მოთხოვნები, რომელთა რეალიზაციაც ამჟამად სურდა.
27. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თითოეული გარემოება შეეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილების მიღებამდე დროის პერიოდს და ამჟამად ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კონკრეტული ქონებრივი უფლებების არსებობის და მათი მოცულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო, ამასთან, ასეც რომ ყოფილიყო, არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების წანამძღვრები. დამატებით შეიძლება მითითებულიყო, რომ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგაც კი, საზოგადოების პარტნიორებს ჰქონდათ საზოგადოების მოვალეებისაგან შესრულების (ბუნებრივია, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოთხოვნის უფლება, აღნიშნული უფლებისათვის მათ რაიმე სპეციალური რწმუნების მინიჭება არ ესაჭიროებოდათ (იხ. სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 2001 წ., #3, გვ.286; ლადო ჭანტურია, თედო ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, თბილისი, 2002, გვ.183).
28. შემოსავლების სამსახურში საფეხბურთო კლუბის ს/კ-ით … რეგისტრაციის ფაქტის თაობაზე მსჯელობისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოს სამართლებრივ ფორმად მითითებულია - სხვა, გადამხდელის სტატუსად - აქტიური, საგადასახადო რეგისტრაციის თარიღად 01/01/1997 (ტ.1, ს.ფ. 64,227), თუმცა, არც აღნიშნული გარემოება შეიძლებოდა მიჩნეულიყო ამ ეტაპზე საწარმოს არსებულ იურიდიულ პირად აღიარების საფუძვლად. ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილების მიღებისას საფეხბურთო კლუბს ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება, სადავო არ იყო. სასამართლომ საქმეში მესამე პირად ჩართული შემოსავლების სამსახურის განმარტებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებული ჩანაწერი, რომელიც არ შეიცავდა მითითებას სამართლებრივ ფორმაზე, არსებობდა, რადგან დავალიანება ამ დრომდე არ იყო დაფარული რაც არ შეიძლებოდა შეფასებულიყო იურიდიული პირის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად (იხ. 14.07.2015წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებები). საარქივო სამმართველოდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, სამმართველოში არ ინახებოდა პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედასტურებინა რამდენად სწორად იყო მითითებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი (იხ. შემოსავლების სამსახურის შესაგებელი სარჩელზე, ტ.I, ს.ფ.163).
29. სასამართლომ აღნიშნა, რომ საფეხბურთო კლუბის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სამეწარმეო რეესტრში არ იყო დაცული, ხოლო შემოსავლების სამსახურის წერილით, დანართის სახით მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა საფეხბურთო კლუბისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისა და ხელახალი რეგისტრაციის ფაქტი (ტ.1, ს.ფ.98). რაც შეეხება აპელანტების წარმომადგენლის განმარტებას, რომ იურიდიული პირის არსებულად აღიარების და რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო დავალიანების, ხანდაზმულობის საფუძვლით, ე.წ. „ჩამოწერა“, აღნიშნულზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამისათვის რეგისტრაცია სავალდებულო არ იყო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი და შესაბამისი იურიდიული ინტერესი (იხ.14.07.2015წ. სხდომაზე მხარეთა (წარმომადგენელთა) განმარტებები CD დისკზე: 11:48:55-11:49:30; 12:35:06-12:35:25).
30. აპელანტების პოზიციაზე მსჯელობისას, რომ 2013 წლის 11 ნოემბრის პარტნიორთა კრების ოქმით დამტკიცდა შპს-ის წესდების ახალი რედაქცია (იხ. წესდება, ტ.1, ს.ფ. 33-42), რომლითაც ფაქტობრივად, პარტნიორებმა შეწყვიტეს ლიკვიდაციის რეჟიმი და იგი აქტიურ სუბიექტად აქციეს, სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს არ მიუთითებიათ, კონკრეტულად რა მოქმედებებს ახორციელებდენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ე.წ. სალიკვიდაციო პროცესის დასრულების მიზნით (იხ. სააპელაციო საჩვარი, ტ.I, ს.ფ.262).
31. სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიულ პირთან მიმართებაში, რომელმაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარა და მისი რეგისტრაცია გაუქმებულია (ამჟამად არ არის რეგისტრირებული), ყოფილი პარტნიორების მიერ ახალი რედაქციის წესდების მიღება ვერ გახდებოდა გაუქმებული იურიდიული პირის არსებულად აღიარების საფუძველი. ახალ წესდებაში აღინიშნა, რომ საზოგადოების კაპიტალის ოდენობა შეადგენდა 1 000 ლარს. საზოგადოების კაპიტალში შენატანის სახით შეტანილი უნდა ყოფილიყო ფულადი სახსრები და/ან მატერიალური ქონება. საზოგადოების კაპიტალში შენატანის შეტანა უნდა განხორციელებულიყო საზოგადოების რეგისტრაციიდან 1 (ერთი) წლის ვადაში (ტ. 1, ს.ფ. 35). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ პარტნიორები უფლებამოსილი იყვნენ, მეწარმეთა კანონის მოქმედი რედაქციის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციაში გაეტარებინათ სამართლებრივი ურთიერთობის ახალი სუბიექტი.
32. სასამართლომ აღნიშნა, რომ საფეხბურთო კლუბის დამფუძნებელმა სამმა პირმა (იხ. განჩინების პირველი პუნქტი), სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, 2013 წლის 13 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სამეწარმეო რეესტრში საფეხბურთო კლუბისა და მისი ახალი წესდების ასახვა (ტ.1, ს.ფ. 82-89). საჯარო რეესტრის სააგენტომ განმცხადებელთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში ასახული მოტივაციით (ტ. 1, ს.ფ. 93-94), რაც დასაბუთებელად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ.
33. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობას შეიცავდა ლ. ჭანტურიასა და თ. ნინიძის ავტორობით შედგენილი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კომენტარი, მესამე გამოცემა, თბილისი 2002. კანონის მე-5 მუხლის კომენტარის თანახმად, (ავტორი ლ. ჭანტურია, გვ. 84): „მეწარმთა შესახებ კანონის ამოქმედებამდე, ე.ი. 1995 წლის 1 მარტამდე - კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ექვემდებარებოდნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 31 დეკემბრამდე. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა მეწარმთა შესახებ კანონის 5.8. მუხლით გათვალისწინებული შედეგები, ე.ი. რეგისტარცია უქმდებოდა. ამიტომ, იმ საწარმოებს, რომლებმაც ეს ვადა გაუშვეს, არ ჰქონდათ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. თუმცა, ეს არ ართმევდათ მათ საწარმოს დაფუძნებისა და მისი რეგისტრაციაში გატარების უფლებას“. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მითითებულ საკითხზე მსჯელობისას, ავტორი ნაშრომში სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.07.2002 წლის გადაწყვეტილებაზე#3კ/661-02 უთითებდა.
34. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა მეწარმეთა კანონი და მისი კომენტარი (მესამე გამოცემა, თბილისი 2002), საქართველოს პარლამენტის N578 დადგენილება; სსსკ-ის მე-10 მუხლი;
35. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
36. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ არგუმენტაციაზე:
36.1. სასამართლომ, წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთმანეთისგან ვერ გამიჯნა საწარმოს გაუქმებისა და ლიკვიდაციის სამართლებრივი ინსტიტუტები და სრულიად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია ლიკვიდაცია და გაუქმება ერთი და იგივე შედეგის მომტან ხდომილებებად, რის გამოც საფეხბურთო კლუბი, როგორც სუბიექტი, უსაფუძვლოდ მიიჩნია ავტომატურად გაუქმებულად;
36.2. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რომ თითქოსდა იმ პერიოდში მოქმედი 1995 წლის მეწარმეთა კანონისა და პარლამენტის N578 დადგენილების თანახმად, საფეხბურთო კლუბი გაუქმდა, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის, კანონმდებლის მიერ დადგენილი ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის გასვლის საფუძვლით;
36.3. სსკ-ის 25.4 მუხლი, სსსკ-ის 80-ე მუხლი, მეწარმეთა კანონის 2005-2008 წლების რედაქციის 5 (7 პრიმა) მუხლი ცალსახად ადგენს, რომ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული კი, გულისხმობს სწორედ იმას, რომ იურიდიული პირი, მათ შორის, სამეწარმეო სუბიექტი, არსებობს იქამდე, ვიდრე არ მოხდება მისი გაუქმების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, ანუ მისი ამოშლა სამეწარმეო რეესტრიდან, ხოლო ამოშლის წინაპირობაა ლიკვიდაციის პროცესის დასრულება;
36.4. პირდაპირი ნორმა, ის დეფინიცია და განმარტება, რომ თითქოსდა სუბიექტი ავტომატურად უნდა გამოცხადებულიყო გაუქმებულად, არც 1996 წლის რედაქციის მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლსა და პარლამენტის N578 დადგენილების მე-2 და მე-4 პუნქტებში არ იყო მოცემული. იმხანად მოქმედი მეწარმეთა კანონის 5.8 მუხლში საუბარი იყო რეგისტარაციის გაუქმებაზე, რაც არ გულისხმობდა ავტომატურად გაუქმებას (ანუ სამოქალაქო ბრუნვიდან სუბიექტის გაქრობას), ისე, რომ არ ჩაეტარებინა ლიკვიდაციის პროცედურები. უფრო მეტიც, ის, რომ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, სამეწარმეო სუბიექტების ლიკვიდაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო, აღიარებული იყო მეწარმთა კანონის 2006 წლამდე მოქმედ რედაქციაში. აღნიშნული კანონის 2005 წლის 24 ივნისის ცვლილებებს დაემატა 57 მუხლი „რეგისტრაციის გაუქმება“, რომელიც აღწერდა სწორედ 3 თვის ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგად რეგისტრაციის გაუქმების შესაძლებლობას. აღნიშნულ ნორმაში არსებითი იყო, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგო გასვლის შემდეგ, უფლებამოსილ პირებს (საგადასახადო ორგანოს ან ნებისმიერ პარტნიორს) სასამართლოსათვის უნდა მიემართა „ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად“, ხოლო რეგისტრაცია უქმდებოდა მხოლოდ „ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ“;
36.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის არგუმენტაცია 1996 წლის რედაქციის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლის მართებულ განმარტებასთან დაკავშირებით, იგი უზენაესი სასამართლოს 2002 წლის გადაწყვეტილებით დამკვიდრებულ, ახლა უკვე მოძველებულ პრაქტიკას დაეყრდნო და არასწორად განმარტა, თუ რა სამართლებრივი შედეგები დადგებოდა, შესაბამის ვადაში, მეწარმის ხელახალ რეგისტრაციაში გაუტარებლობით;
36.6. კანონის ამგვარი განმარტებით გამოდის, რომ კანონმდებელმა თავისი გადაწყვეტილებით, სულ მცირე, გაუფრთხილებლობით წარმოშვა საფრთხე, რომ რეგისტრაციაგაუვლელი საზოგადოებების კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება შეუსრულებელი აღმოჩენილიყო, ხოლო გარკვეულ საზოგადოებებს მისცა იმის შესაძლებლობა, რომ რეგისტრაციის ვადის გაშვებით, სრულად კანონისმიერად დაეღწიათ თავი საკუთარი ვალდებულებებისათვის. კასატორების ვარაუდით, 5.8. მუხლის შემოღებით, კანონმდებელი ასეთ „სამართლებრივ ლაფსუსს“ არ დაადგენდა;
36.7. სააპელაციო სასამართლოს მეწარმთა კანონის 5.8 მუხლი და პარლამენტის N578 დადგენილება იმგვარად უნდა განემარტა, რომ არ დაეშვა, სულ მცირე, კრედიტორთა მოთხოვნების აღუსრულებლობის საფრთხე. ხოლო კანონმდებელი კი, გარკვეული ნორმების შემოღებით არ უნდა უშვებდეს დაპირისპირების შესაძლებლობას კონსტიტუციის ძირითად უფლებებთან, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებასთან. როდესაც სახელმწიფო ამგვარ უფლებებს აღუსრულებელს ხდის, ის უარს ეუბნება თავის მოქალაქეებს საკუთრების გარანტიაზე და, შესაბამისად, იგი (სახელმწიფო) მოქმედებს ანტიკონსტიტუციურად. ასევე, დაუშვებელია, როდესაც სასამართლო - სახელმწიფოს ერთ-ერთი განშოტოება - ნორმას იმგვარად განმარტვას, რომ მას სძენს ანტიკონსტიტუციურ მნიშვნელობას;
36.8. იურიდიულ ლიტერატურაში, ასევე სასამართლო დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, სუბიექტის გაუქმებისა და ლიკვიდაციის განსხვავებულობას განაპირობებს მათი სამართლებრივი შინაარსი. კასატორების განმარტებით, ქართული სამართალი 2005-2008 წლებში ისევე აწესრიგებდა გაუქმებული სამეწარმეო საზოგადოების მიმართ ლიკვიდაციის დაწყების აუცილებლობას, როგორც ეს იყო მოწესრიგებული გერმანულ სამეწარმეო სამართალში;
36.9. სამეწარმეო საზოგადოების გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესები სხვადასხვა ეტაპებია, რაც სავალდებულოა, რომ საწარმომ გაიაროს სრულ მოსპობამდე. სამეწარმეო საზოგადოების გაუქმების ხდომილება არ ნიშნავს მის სრულ და დაუყოვნებლივ გაუქმებას (ამოშლას სამეწარმეო რეესტრიდან). გაუქმების შემთხვევაში იგი კვლავ აგრძელებს მუშაობას, ხოლო გაუქმების ეტაპს მოჰყვება მეორე, მომდევნო - ლიკვიდაციის - ეტაპი, ანუ სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის რეჟიმში გადასვლა;
36.10. სამეწარმეო საზოგადოების არსებობის სრული დამთავრება, რაც საბოლოოდ რეესტრიდან ამოშლით სრულდება, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. იგი გულისხმობს გაუქმების ხდომილების დადგომასთან ერთად, სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას, ლიკვიდატორის დანიშვნასა და სხვა. გაუქმებაში არ იგულისხმება სამეწარმეო სუბიექტის არსებობის სრული და დაუყოვნებლივი მოსპობა, მისი უცაბედი გაქრობა სამართალბრუნვიდან. საზოგადოების გაუქმებით არ ხდება მისი არსებობის საბოლოო დასრულება, არამედ საზოგადოების გაუქმებიდან, მის სრულ მოსპობამდე (სრულ დამთავრებამდე), არის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის დროსაც უნდა დასრულდეს საზოგადოების ყველა საქმე, მოხდეს საზოგადოების მიერ კრედიტორული თუ დებიტორული მოთხოვნის განხორციელება, პროცესების დასრულება და ა.შ. იმისათვის, რომ გაუქმებული სამეწარმეო საზოგადოება მივიდეს თავისი არსებობის საბოლოო შეწყვეტამდე, უნდა განხორციელდეს მისი ე.წ. დამასრულებელი ღონისძიებები, ხოლო დამასრულებელი ღონისძიებები წარმოებს სწორედ სპეციალურ წარმოებაში, რომელსაც სალიკვიდაციო წარმოება, ან უბრალოდ ლიკვიდაცია ეწოდება. სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის განსხვავებულობას გაუქმებისაგან განაპირობებს ის გარემოებაც, რომ დროის მიმდინარეობის თვალსაზრისით, გაუქმება იმწუთიერი მოვლენაა - იგი იწყება და მთავრდება გაუქმების ხდომილების დადგომისთანავე, ანუ როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული ან ვადა დამდგარი. მაშინ, როცა, ლიკვიდაციის განხორციელება დროშია გაჭიმული - იგი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაშიც კი. ამრიგად, დროის მიხედვით, საზოგადოების არსებობის სრული დამთავრება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელებულია ლიკვიდაცია და დამთავრებულია აქტივების მოძიება, მისი რეალიზაცია და ქონების დანაწილება უფლებამოსილ პირზე. მხოლოდ ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დგება საბოლოო შედეგი, ანუ სამეწარმეო საზოგადოების სრული გაუქმება, რაც სრულდება სამეწარმეო რეესტრიდან მისი ამოშლით;
36.11. სამეწარმეო საზოგადოების გაუქმებისა და ლიკვიდაციის განსხვავებულობის, საწარმოს საბოლოო გაუქმების ხდომილებისა და ეტაპების (საფეხურების) შესახებ ანალოგიური სამართლებრივი კონცეფციები და არგუმენტები გადმოცემულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ სამართალსა და სასამართლო დოქტრინაში. ლიკვიდაცია (ანუ ლიკვიდაციის პროცედურების ჩატარება) რომ საწარმოს გაუქმების შემდგომი, თანამდევი და თანმიმდევრული ეტაპია, ეს აღიარებულია ევროპულ კორპორატიულ სამართალში, და განსაკუთრებით, გერმანულ სამეწარმეო სამართალში. სწორედ ამას ემსახურება კანონის მე-14 მუხლი, რომელიც დეტალურად აღწერს ლიკვიდაციის განხორციელების თანმიმდევრობას. განსაკუთრებით, საინტერესოდ იყო აღწერილი ლიკვიდაციის პროცედურები მეწარმეთა კანონის 1996 წლამდე მოქმედი რედაქციის 14.2 – 14.3 მუხლებში;
36.12. ქართულ იურიდიულ თეორიაშიც დამკვიდრებულია მოსაზრება, რომლის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტის არსებობის სრულ დამთავრებამდე (ანუ რეესტრიდან ამოშლამდე) საზოგადოებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს მოთხოვნები მესამე პირების მიმართ, მოიძიოს ქონება და მოახდინოს მისი რეალიზაცია. იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული სხვა მოსაზრების თანახმად, დაუშვებელია სამეწარმეო რეესტრიდან იმ სუბიექტის ამოშლა, რომელსაც გააჩნია რაიმე ქონება, ვინაიდან სუბიექტის არსებობის სრულ შეწყვეტამდე, არსებობს აუცილებლობა, განხორციელდეს გასაუქმებელი სუბიექტის ქონების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების უფლებამოსილ პირებზე განაწილება. ქონების მქონე სუბიექტის რეესტრიდან ამოშლით კი, ჰაერში რჩება მისი კუთვნილი ქონება, რომელიც არ არის განაწილებული უფლებამოსილ პირებზე. კასატორების მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, უნდა ემსჯელა სასამართლოს სამეწარმეო საზოგადოების საბოლოო გაუქმებისათვის საჭირო ლიკვიდაციის პროცესის ჩატარების აუცილებლობის შესახებ და პირდაპირ არ დაედგინა, რომ სუბიექტის არსებობა 1996 წლიდან, კანონის ძალით, ჩაითვალა შეწყვეტილად. კასატორების მტკიცებით, ლიკვიდაციის მიზნებიდან გამომდინარე, მეწარმე სუბიექტის სრული გაუქმებისათვის ლიკვიდაციის პროცესის ჩატარება სასამართლო პრაქტიკაში აუცილებელ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შედეგი იქნება მიღებული, რომ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებით, არსებობას შეწყვეტს ეს უკანასკნელი, ხოლო მისი ქონება და ვალდებულებები ჰაერში დარჩება, ანუ, ერთი მხრივ, დაზარალდება თვითონ სამეწარმეო საზოგადოება (მისი პარტნიორები) და, მეორე მხრივ, სამეწარმეო საზოგადოების კრედიტორები;
36.13. კორპორაციული სამართლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ უზრუნველყოს, განსაკუთრებით, კომპანიის კრედიტორთა ინტერესების დაცვა. აღნიშნული საკითხის საქართველოს იმდროინდელი (და დღევანდელი) კანონმდებლობით არასრული მოწესრიგება ცხადყოფს, რომ მეწარმეთა კანონის იმდროინდელი და ახლანდელი ვერსია ხარვეზს შეიცავს. იმისათვის, რომ აღმოიფხვრას აღნიშნული ხარვეზი, საჭიროა მეწარმეთა კანონის ძველი და ახალი რედაქციის დებულებების არა მარტო სიტყვასიტყვითი, არამედ განსაკუთრებით ტელეოლოგიური და ისტორიული განმარტება. ამ თვალსაზრისით, საჭიროა იმ სამართლის მოშველიება, რომლის მოდელსაც ეფუძნება ქართული სამეწარმეო და კორპორაციული სამართალი. მეწარმეთა კანონი, როგორც ცნობილია, ეფუძნება გერმანულ სამეწარმეო და კორპორაციულ სამართალს;
36.14. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გერმანული სამართლის პრაქტიკა იმ კომპანიათა რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელთაც საფეხბურთო კლუბის მსგავსად, რეგისტრაციის გაუქმების მომენტში გააჩნიათ ქონება. გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებული სამეცნიერო აზრისა და გერმანიის უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, შპს-ის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ასევე დასაშვებია დამატებითი ლიკვიდაცია, თუ შპს-ას, რეგისტრაციის გაუქმების მომენტში, გააჩნია ქონება. საწარმოს კუთვნილი ქონების არსებობის გამო, საწარმო არ მიიჩნევა მოსპობილად, არამედ - მხოლოდ გაუქმებულად. საწარმოს აღნიშნული ქონება უნდა იყოს ლიკვიდაციის სავარაუდო ხარჯების დაფარვისათვის საკმარისი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, განმეორებით რეგისტრაციას არ აქვს ადგილი;
36.15. გერმანულ სამეცნიერო ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში გაბატონებულია შემდეგი აზრი: შპს მხოლოდ მაშინ ამთავრებს თავის არსებობას, როგორც იურიდიული პირი და მეწარმე სუბიექტი, როდესაც მას აღარ აქვს ქონება და მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. ყოველი წინაპირობა, ცალკე აღებული, არ არის საკმარისი, არამედ საჭიროა მათი კუმულაციური არსებობა. ამით ხდება იმის გარანტირება, რომ ლიკვიდაციის ფორმალურ დასრულებამდე, თუნდაც რეგისტრაციის ამოშლის მიუხედავად, სუბიექტი არსებობას განაგრძობს. თუ რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ქონება არსებობს, მაშინ თვითონ რეგისტრაცია გაუქმებული შპს-აც განაგრძობს არსებობას;
36.16. სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის გათვალისწინებული კანონი შეიცავდა ხარვეზს, რომელიც ადვილი დასაძლევი იქნებოდა იმ კუთხით, თუკი სასამართლო სსკ-ის 5.1 მუხლის შესაბამისად მიმართავდა თუნდაც კანონის ანალოგიას. კასატორი უთითებს ამ განჩინების 21.8 ქვეპუნქტში ასახულ გარემოებაზე.
36.17. კასატორი იმეორებს იმ პრეტენზიებს, რომლებიც მის სააპელაციო საჩივარშია მითითებული (იხ. ამ განჩინების მე-21 პუნქტი) და აკრიტიკებს გასაჩივრებული განჩინების 2.8 პუნქტის პირველ აბზაცს, რომლითაც დადგენილია, რომ 1992 წელს რეგისტრირებული საფეხბურთო კლუბის მონაცემები საჯარო რეესტრში არ არის დაცული. 2010 წლიდან, რაც საჯარო რეესტრი გახდა მარეგისტრირებელი უწყება, მისთვის, წინამორბედ მარეგისტრირებელ უწყებებს საწარმოს მასალები და მონაცემები არ გადაუციათ, შესაბამისად, არ არის გასაკვირი ფაქტი, რომ საჭირო მასალები საჯარო რეესტრში არ იყოს დაცული. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არავითარ სამართლებრივ ზეგავლენას არ ახდენს და სამართლებრივ კავშირში არ არის დავის საგანთან.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო იმავე წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაინიშნა საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შესამოწმებლად ზეპირი მოსმენა 24 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც დასაშვებად იქნა ცნობილი მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
38. საქმის ზეპირი მოსმენისას, მხარეებმა შემდეგნაირად წარმოაჩინეს საკუთარი არგუმენტები:
38.1. კასატორმა ძირითადად საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სუბიექტი არ ამოშლილა რეესტრიდან, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, არ ნიშნავს საწარმოს ავტომატურ გაქრობას სამართლებრივი სივრციდან, 1996-2001 წლებში საფეხბურთო კლუბი მონაწილეობდა საერთაშორიო ტურნირებსა და ჩემპიონატებში, კომპენსაციას იღებდა უეფა-დან; კასატორის იურიდიული ინტერესია სამეწარმეო რეესტრში იურიდიული პირის აღდგენა, რათა ქმედუნარიანი გახდეს საწარმო, შეასრულოს მესამე პირთა წინაშე ვალდებულებები, თუკი ასეთი არსებობს. საწარმოს ხელახალ რეგისტრაციას ხელი შეუშალეს იმხანად მოქმედმა პოლიტიკურმა პირებმა, კერძოდ, 10 %-იანმა პარტნიორმა. აღიარებითი სარჩელი არის ერთადერთი სამართლებრივი გზა, რომლითაც საწარმო განახორციელებს მესამე პირთა წინაშე მოთხოვნებს და თავს დაიცავს ვალდებულებებისაგან, როგორც სუბიექტი; დასადგენია 1996 წლიდან გაქრა სამართლებრივი სივრციდან საწარმო თუ 2002 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.
38.2 მოპასუხემ მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა ყოფილიყო დასაშვებად ცნობილი, რადგან არ არსებობდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობები;
38.3. მესამე პირმა განმარტა, რომ კასატორის არსებობა გადამხდელის სტატუსით არ ნიშნავს, რომ იგი იურიდული პირია და მიუთითა საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლზე. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არ არის მითითებული გადამხდელის ბარათში, თუმცა, მას აქვს საგადასახადო ვალდებულებები, რაც სადავო არაა.
39. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, კასატორმა დაასახელა ანალოგიურ საქმეზე პრეცედენტი - სტიაუა რუმინეთის წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს მიღებული. საკასაციო სასამართლომ გადამოწმების შედეგად, დაადგინა, რომ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 25.04.2013, გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე: საფეხბურთო კლუბი - Steaua Bucuresti SA (FC Steaua) და მისი სპონსორი (მფლობელის) ბ-ნი ბეკალი (C-81/12 Asociaţia Accept v Consiliul Naţional pentru Combaterea Discriminārii), რომელზეც საჩივარი წარადგინა რუმინეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ - ACCEPT და უკავშირდება დისკრიმინაციას - სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ გამოხატულ სიძულვილის ენას. ამდენად, კასატორის მიერ დასახელებული პრეცედენტი არ ეხება განსახილველ დავას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
40. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებულ პრეტენზიათა ნაწილი დასაბუთებულია.
41. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც კანონის ანალოგიით გამოყენებას ეხება (იხ. ამ განჩინების 21.8 ქვეპუნქტი), თუმცა, მიაჩნია, რომ დამატებით კვლევას საჭიროებს მოსარჩელის პრეტენზიების ის ნაწილი, რომელიც ეხება საწარმოს მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის ფაქტს, როგორც მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველსა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას, როგორც კონსტიტუციურ ნიშანს.
42. სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგიტრაციასავალდებულო ფაქტებს განეკუთვნება, როგორც საწარმოს დაფუძნება, ისე მისი გაუქმება; კორპორაციულად ორგანიზებული კაპიტალური საზოგადოებები, რომელთაგან კასატორი, შპს-ის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, დარეგისტრირდა 1992 წელს, ხელახალ რეგისტრაციას ექვემდებარებოდა მეწარმეთა კანონის ამოქმედებიდან (1995 წლის 1 მარტი) 1996 წლის 1 იანვრამდე, # 578-ე დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტის შეუსრულებლობის, ანუ ხელახალი რეგისტრაციის 1996 წლის 1 იანვრამდე გაუვლელობის შემთხვევაში, გამოიყენებოდა მეწარმეთა კანონის 5.8. მუხლით (1996 წლის რედაქციით) მოქმედი წესები (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი). წინამდებარე საკასაციო საჩივარი ეხება საწარმოს მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, მეწარმეთა კანონის 5.8. მუხლის გამოყენების შედეგად, განმარტებას იმის თაობაზე, რომ იურიდიული პირის გაუქმება იმას ნიშნავს, რომ საწარმო აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში, როგორც სუბიექტი, თუ გაუქმების შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს იურიდიული პირი, რადგან იგი არ ამოშლილა სამეწარმეო რეესტრიდან.
43. აღნიშნულ გარემოებებზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოებაზე, რომ საფეხბურთო კლუბი გაუქმდა, მაგრამ საწარმო გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში (იხ. ტ.1, ს.ფ. 251, 3.2.5 ქვეპუნქტი; ასევე, ამ განჩინების მე-5 პუნქტი) და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ იურიდიული პირის, რომელმაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარა, რეგისტრაცია გაუქმებულია /ამჟამად არ არის რეგისტრირებული/ (იხ. ტ.2, ს.ფ. 90, მეოთხე აბზაცი); შესაბამისად, დასადგენია ფაქტი, ობიექტურად ირიცხება თუ არა სამეწარმეო რეესტრში საფეხბურთო კლუბი ლიკვიდაციის რეჟიმში, თუ ამოშლილია იგი რეესტრიდან, ანუ კონსტიტუციური ნიშანი, რომელიც საწარმოს იურიდიული არსებობის შეწყვეტას უკავშირდება აღრიცხულია რეესტრში. აღნიშნული საკითხის დამატებით გამოკვლევას მნიშვნელობა აქვს, რადგან სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობის შემდეგ, საწარმოს მონაწილეობა ტურნირებში და მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა გარემოებები, ეხებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2002 წლის გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდს და ამჟამად ვერ გახდებოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (იხ. ამ განჩინების 26-27 პუნქტები), თუმცა, დასადგენია, რა სტატუსით მონაწილეობდა საფეხბურთო კლუბი, თუკი იგი ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ უკვე გაუქმდა. აღნიშნული საკითხი კასატორის იმ პრეტენზიის საპასუხოდაც არის დამატებით გამოსაკვლევი, რომელიც მითითებულია ამ განჩინების 38.1 ქვეპუნქტში (1996 წლიდან გაქრა სამართლებრივი სივრციდან საწარმო თუ 2002 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან).
44. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დამატებით კვლევას საჭიროებს საფეხბურთო კლუბის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებული საკითხი, რადგან საგადასახადო კოდექსის (მოქმედი რედაქციით, რადგან კასატორი აქტიური გადამხდელის სტატუსით ირიცხება) მე-20 მუხლით გადასახადის გადამხდელად მიიჩნევა პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება, ხოლო 21- ე მუხლით, რომელზეც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, ზეპირი მოსმენით დანიშნულ სხდომაზე, მესამე პირმაც გაამახვილა ყურადღება (იხ. 38.3 ქვეპუნქტი), განსაზღვრულია საწარმოს ცნება. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილით, „საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და დასკვნების (იხ. ამ განჩინების 27-ე პუნქტი) გაზიარების შემთხვევაშიც კი, დაუდგენელია და დამატებით კვლევას საჭიროებს საკითხი იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ 05.07.2002წ. გადაწყვეტილების მიღებისას, საფეხბურთო კლუბს, როგორც შპს-ს ანუ კაპიტალურ საზოგადოებას, ჰქონდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი და დღემდე ერიცხება იგი. დღეს რა სტატუსით სარგებლობს საფეხბურთო კლუბი, მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც იურიდიული პირის გაუქმება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ დღეს იგი განიხილება, როგორც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი და ასეთ წარმონაქმნად მისაჩნევად, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა აუქმებს იურიდიულ პირს, როგორც სამართლის სუბიექტს თუ გადააქცევს მას წარმონაქმნად, რომელიც არ არის იურიდიული პირი, მაგრამ საგადასახადო ვალდებულებები აქვს. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, რათა დადგინდეს, მესამე პირთა წინაშე არსებული ვალდებულებებისა თუ მოთხოვნების გამო, რა სახის სუბიექტად შეძლებს მონაწილეობას ურთიერთობებში საფეხბურთო კლუბი, თუ იგი აღარ არსებობს სამოქალაქო ბრუნვაში.
45.საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მეორე ნაწილით (წინამდებარე განჩინების მიღების დროისათვის მოქმედი რედაქციით, ანუ 27.05.2016 N5144 ცვლილებამდე, რადგან ამჟამად არსებულ დავალიანებას ეხება საკითხი): „გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით“. ცხადია, გადასახადის გადახდა საჯარო მართლწესრიგის საკითხია, მაგრამ განსახილველ დავაში საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ სააპელაციო სასამართლო მესამე პირის - შემოსავლების სამსახურის განმარტებაზე უთითებს და აღნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაედასტურებინა, რამდენად სწორად იყო მითითებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი საფეხბურთო კლუბისათვის, რადგან საარქივო სამმართველოში არ იყო დაცული ინფორმაცია პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რადგან მარეგისტრირებელი ორგანოების ვალდებულება, უზრუნველჰყონ რეგისტრირებული მონაცემების შენახვა, მონაცემთა სისწორის სადავოობის შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს რეგისტრირებული პირის მტკიცების ტვირთი, რამდენად სწორად და რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა მისი რეგისტრაცია, რა საფუძველზე მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი და სხვ. (იხ. ამ განჩინების 27-ე, 28-ე პუნქტები) მით უფრო, რომ ამგვარი ვალდებულება კანონითაა დადგენილი (იხ. განჩინების მე-12 პუნქტი);
46. საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის სამართლებრივ ბუნებაზე მსჯელობას ასახავს სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში (იხ. 30-ე პუნქტი) და, სსსკ-ის მე-10 მუხლის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, სუსგ-ზე # 3კ/661-02, 05.07.202წ., როგორც ე.წ. მყარ პრეზუმფციათა კატეგორიაზე უთითებს. დასახელებულ პრეცედენტში განვითარებული მსჯელობა და დასკვნები ასახულია წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში და, ცხადია, დასაბუთებულია მასში ასახული მსჯელობა, რომ საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის ვადას კონკრეტული მნიშვნელობა და სამართლებრივი შედეგები დაუკავშირა კანონმდებელმა. მოხმობილ გადაწყვეტილებაში, მასშივე მითითებული მიზნიდან გამომდინარე, ისევე, როგორც პარლამენტის # 578-ე დადგენილებაში არ არის ასახული, ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, როგორც გაუქმება, რა ფორმით უნდა ასახულიყო მესამე პირთათვის, რომლებიც დაცული უნდა ყოფილიყვნენ სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ბრუნვაში. სსკ-ის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი და სსსკ-ის მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი განამტკიცებს რეგისტრაციის კონსტიტუციურ მნიშვნელობას;
47. ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია: „საქართველოს პარლამენტის 1996 წ. 28 ივნისის დადგენილების შესაბამისად, 1995წ. 1 მარტამდე კერძო სამოქალაქო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები დაექვემდებარა 1996წ. 31 დეკემბრამდე ხელახალ რეგისტრაციას. კანონის შესაბამისად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. რეგისტრაცია ჩაითვლებოდა გაუქმებულად.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, 1996წ. 30 აგვისტოს განხორციელდა შპს „შ.-ს“ ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ იგი გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რომელიც არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია. აქედან გამომდინარე, ასევე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს „შ-ს“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია, იგი, როგორც იურიდიული პირი, 1996წ. 31 დეკემბრიდან არ ფუნქციონირებს ანუ მისი რეგისტრაცია გაუქმებულია. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ლიკვიდატორები და დაიწყოს სალიკვიდაციო პროცესი.
ამ პროცესში უნდა დადგინდეს საზოგადოების კრედიტორები, საზოგადოების დარჩენილი ქონება უნდა გამოიხატოს ფულად თანხაში. კანონით დადგენილი წესის შესაბამისად(სკ-ის 387-ე მუხლი), უნდა დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს საზოგადოების ყოფილ პარტნიორებსა და გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეზე საზოგადოებაში მათი წილი შესაბამისად“ (სუსგ # ას- 768-1393-03, 19.05.2004წ.). საკასაციო სასამართლოს დასახელებული პრეცედენტი სწორედ იმ პოზიციას განამტკიცებს, რომ კანონით დადგენილი წესით ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა, რაც საწარმოს გაუქმების სამართლებრივი შედეგის გამომწვევია, სალიკვიდაციო პროცედურების დაწყების მაუწყებელია. მოცემულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ ხელახალი რეგისტრაციის გაუვლელობა საწარმოს, როგორც უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი სუბიექტის სხვა სამართლებრივ რეჟიმში - სალიკვიდაციო პროცესში გადასვლას ნიშნავს.
48. ამ თვალსაზრისით საგულისმოა ევროპული კორპორაციული სამართლის გამოცდილება, კერძოდ, საგულისხმოა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდელობა გაუქმებული იურიდიული პირის ფუნქციონირების გახანგძლივების შესახებ ევროპული სამართლის მიხედვით:
48.1. ჰოლანდიური კანონის შესაბამისად დაარსებული იურიდიული პირი შეიძლება გაუქმდეს, ქვემოთ მითითებული გარემოებების შემთხვევაში (ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსის (DCC) მუხლი 2:19):
- საერთო კრებაზე მიღებული დადგენილებით ან, თუ იურიდიული პირი ფონდია და წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით;
- იმ მოვლენის დადგომის შემთხვევაში, რომელიც წესდების თანახმად იწვევს გაუქმებას და რა გარემოებაც არ წარმოადგენს დადგენილებას ან აქტს, რომლის მიზანიც გაუქმებაა;
- მას შემდეგ, რაც იგი გაკოტრებულად გამოცხადდა, ან მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო, გაკოტრდა ან გადახდისუუნარო გახდა;
- იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიული პირი ფონდი ან კავშირია, თუ მას აღარ ჰყავს წევრები;
- სავაჭრო და სამრეწველო პალატის განკარგულებით;
- სასამართლო გადაწყვეტილებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.,კომპანიამ უნდა შეწყვიტოს არსებობა (i) მისი გაუქმების დროს, თუ იმ პერიოდისთვის მას არ გააჩნია რაიმე ქონება (DCC მუხლი 19(4)), ან (ii) ლიკვიდაციის შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც დასრულდება ლიკვიდაცია, ე.ი. მაშინ, როდესაც ლიკვიდატორს აღარ აქვს ქონება (DCC მუხლი 19(6)). ნიდერლანდებში იურიდიული პირი გაუქმების შემდეგ არსებობას განაგრძობს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა მისი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისთვის. გაუქმება იურიდიულ პირს მიზანს უცვლის და მისი მიზანი ხდება გაუქმებული იურიდიული პირის ლიკვიდაცია; გაუქმებული იურიდიული პირი ლიკვიდაციის პროცესშია. ჰააგის სააპელაციო სასამართლო ემხრობა (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა როტერდამის სასამართლოს გადაწყვეტილების (როტერდამის სასამართლო, 2006 წლის 12 იანვარი/JOR 2006, no.62) შემდეგ, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ სამართალწარმოების მხარე - სავაჭრო პალატა, კანონის მიხედვით ვალდებული იყო, წარედგინა მოთხოვნა იმ გადაწყვეტილების რეგისტრაციის შესახებ, რითიც უარს აცხადებდა კომპანიის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე, ვინაიდან საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ზიანი მიადგა სამართლებრივ განჭვრეტადობას და საჯარო რეესტრის სანდოობას. აპელაციაში გასაჩივრებისას, ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა (30 January 2007/JOR 2007, no. 66), რომ სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ გაუქმების შეწყვეტის შესახებ, რაც ეფუძნება კონკრეტულ პირობებში შეტანილ საჩივარს და გაუქმებული კომპანიის გახანგძლივებულ არსებობას) გაუქმებული იურიდიული პირის არსებობის შეზღუდულ გაგრძელებას, რაც დამტკიცებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ კონკრეტული პირობების მიხედვით. ნიდერლანდების კანონმდებლობა ითვალისწინებს გაუქმებული კომპანიის შერწყმის ან გაყოფის შესაძლებლობას. იურიდიულ პირს აქვს ეს უფლებამოსილება მიუხედავად იმისა, თუ რა საფუძვლით გაუქმდა.
48.2. გარდა ნიდერლანდებში არსებული გაუქმების საფუძვლებისა, ფრანგული კომპანია შეიძლება გაუქმდეს იმ ვადის გასვლის შემდეგ, რა ვადითაც იგი დაფუძნდა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ვადა იურიდიული აქტის მეშვეობით გახანგრძლივდა) ან მისი მიზნის შესრულებით ან გაუქმებით (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1844-5, 1844-7 და 1844-8); აუცილებლად უნდა მოხდეს გაუქმებული ფრანგული კომპანიის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა (i) შერწყმის მეშვეობით ის სხვა კომპანია ხდება, (ii) გაყოფის მეშვეობით მისი ქონება გადაეცემა სხვა კომპანიას ან (iii) ან ჰყავს ერთი აქციონერი, რა შემთხვევაშიც კომპანიის აქტივები გადადის აღნიშნული პირის ხელში. გაუქმებულ კომპანიას უფლება არ აქვს განახორციელოს შერწყმა ან გაყოფა, რის შედეგადაც მასში გაერთიანდება სხვა კომპანია ან იგი მოიპოვებს სხვა კომპანიის კაპიტალს. გაუქმებული კომპანიის კორპორაციული უფლებამოსილება განაგრძობს არსებობას მისი ქონების ლიკვიდაციის სასარგებლოდ, სანამ ლიკვიდაციის პროცესის დასრულება საჯაროდ მოხდება. კომპანიის წესდების თანახმად, განსაზღვრული ვადის ამოწურვის შედეგად საწარმოს გაუქმების შემთხვევაში, აქციონერებს არ შეუძლიათ მითითებული პერიოდის გახანგრძლივება და არც აღნიშნული ვადისთვის უკუძალის მინიჭება. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ცალსახა სამართლებრივ დებულებებს, რომელიც ადგენს, რომ გაუქმებაზე უარის თქმა დაუშვებელია, დოქტრინა არ იძლევა გაუქმებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. გაუქმებული კომპანიის აქციონერებს ერთსულოვანი დადგენილებითაც აღარ აქვთ უფლებამოსილება, გადაწყვიტონ, რომ ლიკვიდაცია არ განხორციელდება.
48.3. გერმანიის სამართალში შემდეგი საფუძვლები გამოიყენება:
- კავშირის წესდებაში მითითებული პერიოდის გასვლა;
- რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ კომპანიის მიზნის მიღწევა აღარ არის შესაძლებელი;
- საფონდო ბირჟის კაპიტალთან დაკავშირებით გადახდისუუნარობის პროცედურის დაწყება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ გაკოტრების პროცედურის დაწყება;
- სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კაპიტალის მდგომარეობის საფუძველზე, უარს აცხადებს გადახდისუუნარობის პროცედურის დაწყებაზე;
- მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც ხარვეზებს ადგენს საფონდო ბირჟის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებაში. გაუქმებული კომპანიები კვლავაც განაგრძობენ არსებობას იმდენად, რამდენადაც აღნიშნული საჭიროა მათი კაპიტალის ლიკვიდაციის მიზნებისათვის. გაუქმებული კომპანიები შეიძლება შერწყმის ან გაყოფის მონაწილე პირები აღმოჩნდნენ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კომპანიების არსებობის გახანგრძლივება გადაწყდება. კერძოდ, გერმანიაში დასაშვებად მიიჩნევა გაუქმებული კომპანიების არსებობის გახანგძლივება. გარკვეულ პირობებში, წინამდებარე წესი შესაძლებელია არ იყოს ნებადართული. მაგალითად, კომპანია, რომელიც დაიშალა არასაკმარისი კაპიტალის გამო, შესაძლებელია ხელახლა იყოს რეგისტრირებული ახალი ფინანსური აქტივების აღმოჩენის შემდეგ. იგივე წესი გამოიყენება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც უკვე გაუქმდნენ იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ სადამფუძნებლო წესდება. კომპანიის არსებობის გახანგრძლივება შეიძლება გადაწყდეს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იმ პირობით, რომ დივიდენდების განაწილება ლიკვიდაციის შემდეგ არ დაწყებულა. გერმანული კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ კომპანიის არსებობის გახანგძლივებას, რომელიც უკვე გაუქმებულია ათწლეულების განმავლობაში. აღნიშნული გარემოება ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ არც ინდივიდუალური აქციონერი და არც აქციონერთა უმცირესობა არ არის უფლებამოსილი იმ კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც უკვე გაუქმებულია. ივარაუდება, რომ, როდესაც კომპანიის ამოცანა იცვლება გაუქმების შედეგად, ორგანიზაციის მიზანი შეიძლება კვლავ შეიცვალოს კომპანიის აღდგენის მოტივით. გაუქმებული კომპანიის აღდგენის გადაწყვეტილება ძალაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
48.4. ინგლისის და უელსის კანონმდებლობის თანახმად, დაარსებული კომპანიები შეიძლება გაუქმდეს შემდეგი საფუძვლებით:
- რეგისტრაციის გაუქმებით ან კომპანიის რეგისტრატორების ინიციატივით;
- კომპანიის მოთხოვნის თანახმად, კომპანიის რეგისტრატორის მიერ რეგისტრაციის გაუქმებით;
- საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, სადაც დადგენილია, რომ გავიდა კავშირის წესდებით გათვალისწინებული დროის ის პერიოდი, რა პერიოდითაც დაფუძნდა კომპანია.
48.5. ბელგიური კომპანია გაუქმების შემდეგ ლიკვიდაციის მიზნისთვის აგრძელებს არსებობას. იგი ფუნქციონირებას წყვეტს ლიკვიდაციის დასრულების დროს. ლიკვიდაცია მთავრდება მას შემდეგ, რაც საერთო კრება ლიკვიდატორს მისცემს თავისი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას ან სასამართლო გადაწყვეტილებით კომპანიის გაუქმების შემთხვევაში, ვინაიდან ლიკვიდაციის პროცესს დასრულებულად სასამართლო აცხადებს. ბელგიის მეწარმეთა შესახებ აქტი, გაუქმებაზე უარის თქმის კონკრეტულ ნორმატიულ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. გაუქმებული კომპანია უფლებამოსილია, იყოს იურიდიული შერწყმის ან გაყოფის მონაწილე, რის შედეგადაც იგი არსებობას შეწყვეტს, იმის გათვალისწინებით, რომ მას პარტნიორებისთვის ჯერ არ დაუწყია კაპიტალის გადანაწილება. შერწყმა არ გულისხმობს იმას, რომ გაუქმებული კომპანიის შეწყვეტის პროცესზე უარის თქმა შესაძლებელია, ვინაიდან შერწყმის მონაწილე კომპანია, რომელიც შერწყმის შედეგად არსებობას შეწყვეტს, გაუქმებულად მიიჩნევა, მისი ქონების ლიკვიდაციის შედეგების გარეშე.
48.6. გაუქმებული ესპანური კომპანია კვლავ აგრძელებს არსებობას, მისი აქტივების ლიკვიდაციის განმავლობაში. გაუქმებული ესპანური კომპანია შეიძლება იყოს საწარმოთა შერწყმის და გაყოფის პროცესის მონაწილე იმ პირობით, რომ ჯერ კიდევ არ დაწყებულა საწესდებო კაპიტალის აქციონერებს შორის განაწილება ან შესაბამისად, აღნიშნული კაპიტალის კომპანიის წევრებისადმი დაბრუნების პროცესი. The Ley 2/1995 de Sociedades de responsabilidad limitada (`LSRL') და the Ley 27/1999 de Cooperativas (`LC') მკაფიოდ განსაზღვრავს შპს-სა და კოოპერატივის მიმართ, რომ კომპანიის გაუქმება შეიძლება შეწყვეტილი იქნეს. გაუქმებული შპს-ს პარტნიორთა კრება უფლებამოსილია აღადგინოს შპს-ს ფუნქციონირება, რამდენადაც გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს. ამასთან, სააქციო კაპიტალი არ არის საწესდებო კაპიტალზე ნაკლები და ლიკვიდაციის შემდეგ, დივიდენდების განაწილება ჯერ არ დაწყებულა. შპს-ს ფუნქციონირების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას წესდებაში შეტანილი ცვლილებების მოთხოვნების შესაბამისად და ხმათა დადგენილი უმრავლესობით. მაგრამ, თუ კომპანია კანონის მოქმედების შედეგად გაუქმდა, მაშინ დადგენილება მისი განახლების შესახებ ვერ იქნება მიღებული. წესდებაში განსაზღვრული ვადების გასვლის შემდეგ, თუ მანამდე არ მოხდება ვადის გაგრძელება და შესაბამისი გადაწყვეტილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, შპს კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაუქმდება და აღარ იქნება შესაძლებელი მისი აღდგენა.
48.7. იტალიაში, კომპანიის დირექტორები ინარჩუნებენ საწარმოს მართვის ძალაუფლებას „კომპანიის მთლიანობისა და კაპიტალის ღირებულების შენარჩუნების მიზნით“ იმ მომენტიდან, როდესაც მათ ეცნობებათ კომპანიის გაუქმების შესახებ და როცა ლიკვიდატორები დაინიშნებიან. ლიკვიდაციის პროცესის დროს, კომპანიის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მარეგულირებელი დებულებები კვლავ ძალაში რჩება, სადაც შესაძლებელია. გაუქმებული კომპანია შეიძლება იყოს შერწყმის ან გაყოფის პროცესის მონაწილე მხარე იმ პირობით, რომ მას ჯერ კიდევ არ დაუწყია თავისი კაპიტალის განაწილება აქციონერებისადმი. გაუქმებულ კომპანიას შეუძლია შეწყვიტოს გაუქმების პროცესი ლიკვიდაციის პროცედურის დასრულებამდე, საერთო კრების დადგენილებით, თუ გაუქმების საფუძველი აღარ არსებობს. შეწყვეტის შესახებ დადგენილება ხმათა უმრავლესობით უნდა იქნეს მიღებული, როგორც ეს განსაზღვრულია წესდების შესწორებებში. დადგენილება ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული. მას შემდეგ, რაც ნოტარიუსი დაადასტურებს, რომ კანონით დადგენილი ყველა პირობა შესრულებულია, აღნიშნული დადგენილების რეგისტრაცია 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს. გაუქმება ძალაში შევა მხოლოდ 60 დღის გასვლის შემდეგ, როცა კრედიტორებს შეეძლებათ კომპანიის არსებობის შეწყვეტის გასაჩივრება, საჯარო რეესტრში შესაბამისი გადაწყვეტილების რეგისტრაციის შემდეგ;
48.8. ინგლისური კომპანიები ბიზნეს საქმიანობას წყვეტენ იმ მომენტში, როცა იგი უქმდება. მაგრამ კომერციული საქმიანობა შეიძლება დროებით განახლდეს კომპანიის ლიკვიდაციის მიზნებისთვის. დირექტორთა კორპორატიული შესაძლებლობები და უფლებამოსილებები დამოუკიდებელი რჩება მანამ, სანამ კომპანია შეწყვეტს არსებობას. გაერთიანებულ სამეფოს არ განუხორციელებია ევროპული საბჭოს მესამე დირექტივის იმპლემენტაცია თავის სამართლებრივ სისტემაში და არ იცნობს სამართლებრივი შერწყმის ან გაყოფის კონცეფციას. სასამართლოს შეუძლია გააუქმოს ინგლისური კომპანიის შეწყვეტის პროცესი, რომელიც გაუქმდა ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეწყვიტა არსებობა, ლიკვიდატორის ან იმ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც სასამართლო დაინტერესებულ პირად მიიჩნევს. კერძოდ, ასეთი პირები შეიძლება იყვნენ: აქციონერი ან კრედიტორი. საჩივარი წარმოდგენილი უნდა იყოს ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პრესაში გამოქვეყნებული იქნება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადება. თუ სასამართლო გააუქმებს კომპანიის შეწყვეტის პროცესს, კომპანიამ შესაძლებელია გააგრძელოს ფუნქციონირება და რეგისტრირებულ იქნეს მარეგისტრირებელ ორგანოში (იხ. European Company Law - Wolters Kluwer, Law& Business, 2008; Continiuation of the Legal Entity that has been Dissolved in an European Perspective);
49. სხვადასხვა ქვეყნის ევროპული სამართლის ნორმათა მოხმობით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საწარმოს გაუქმების შემდეგ იწყება სალიკვიდაციო პროცედურები.
50. წინამდებარე განჩინების 41-47 პუნქტებში მითითებული საკითხების დამატებითი გამოკვლევის, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გაანალიზებისა და კონკრეტული ფაქტების დადგენის მიზნით, სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ბ-ის", ააიპ "ს-ოს", მ. ჟ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;
3. კასატორებს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვთ;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე