Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1251-1173-2015 17 ივნისი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –გ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს-ე“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საოქმო განჩინებები დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვისა და სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე უარის თქმის შესახებ

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1938.83 ლარის დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს “ს-ე“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, საზოგადოება ან მოწინააღმდეგე მხარე) რეგისტრირებულია 2005 წლის 16 მარტს (იხ. ტ.2, ს.ფ.37-38).

2. ა. გ-ე (შემდეგში: ყოფილი დირექტორი ან მოთხოვნის დამთმობი) საწარმოს დირექტორად მუშაობდა 2012 წლის 16 დეკემბრიდან 2014 წლის 22 აპრილამდე.

3. 2014 წლის 25 აპრილს, დირექტორმა მოთხოვნის უფლება დაუთმო გ. ს-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, ცესიონერი ან კასატორი) - (იხ. ტ.2, ს.ფ. 33-35; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ , 199-ე მუხლი).

4. ცესიონერმა 2013 წლის 13 მაისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, კრედიტორული დავალიანების 35 372.59 ლარისა და 74 264.13 ლარის დაკისრება (ტ.2, ს.ფ.1-14).

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 8750 ლარის გადახდა, მასვე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი - 262.50 ლარი. სასარჩელო მოთხოვნა საწარმოსათვის 68 102.84 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 956.92 ლარი (ტ.2, ს.ფ. 210-230).

6. მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ დირექტორმა საწარმოს მიზნებისათვის დახარჯა 35 372.59 ლარი, ხოლო თავის მხრივ, მოპასუხეს უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 102-ე მუხლი.)

7. სასამართლომ დაადგინა, რომ დირექტორსა და საწარმოს შორის, თანხის სესხად გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება არ გაფორმებულა. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა დირექტორის მიერ სალაროში თანხის შეტანა; საკუთარი თანხის დახარჯვის მტკიცებულებად არ გამოდგებოდა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ბუღალტრის წერილობითი განმარტება და ცნობა, ასევე, ამონაწერი ბუღალტრული პროგრამიდან.

8. სასამართლოს შეფასებით, ეს მტკიცებულებები საკმარისი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ არ გახდიდა მოპასუხე. ისეთ ვითარებაში, როდესაც საწარმო სადავოდ ხდიდა დირექტორის მიერ საკუთარი თანხების დახარჯვას, აუცილებელი იყო, ხარჯის გამწევს წარმოედგინა ის პირველადი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა მის მიერ საწარმოს სასარგებლოდ თანხის დახარჯვას, ასეთი კი არ იყო ასახული საბუღალტრო დოკუმენტაციაში.

9. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო საწარმოში მუშაობისას დირექტორის ხელფასის ოდენობა, 2009 წლის 31 იანვრიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე, ასევე 2013 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე, რაც მოსარჩელის მტკიცებით, სულ 40 000 (ორმოცი ათასი) ლარს შეადგენდა.

10. სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნის დამთმობი 2012 წლის 16 დეკემბრიდან მუშაობდა საწარმოს დირექტორად,

11. მოსარჩელემ საკუთარი მოთხოვნის დამტკიცების მიზნით, სასამართლოში წარადგინა საწარმოს 2014 წლის 22 აპრილის შედარების აქტი. სადაც მითითებულია, რომ საწარმოს სახელფასო დავალიანება დირექტორისადმი 2009 წლის 31 იანვრიდან შეადგენდა 40 000 ლარს, აქტს ხელს აწერენ თავად დირექტორი და ბუღალტერი.

12. მოპასუხემ მოსარჩელის არგუმენტების გასაბათილებლად წარადგინა 2014 წლის 20 აგვისტოს აუდიტორული დასკვნა, რომელშიც ხელფასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ, სხვადასხვა პერიოდის ბრუნვათა უწყისში და ბალანსებში, დირექტორის მიმართ ვალდებულება დაფიქსირებული არ არის (ტ.2, ს.ფ.76-78).

13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა თავისი პროცესუალური მოვალეობა, დამაჯერებლად დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელისათვის ხელფასი გადახდილი ჰქონდა, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ დირექტორს 2013 წლის 31 დეკემბრამდე არ მიუღია ხელფასი, რაც თვეში 1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარს შეადგენდა.

14. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, სსკ-ის 976-ე, 987-ე მუხლებზე და განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების გამო, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის, გამდიდრებულის თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

15. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამეწარმეო სუბიექტის ხარჯები, შემოსავალ - გასავალი, დებიტორ-კრედიტორების შესახებ და სხვა ინფორმაცია დამუშავებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის გზით. ბუღალტრული აღრიცხვა სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ინფორმაციის შეგროვების, გაზომვის, დამუშავებისა და გადაცემის სისტემას წარმოადგენს, რომელიც ფინანსურ ანგარიშგებაში განაზოგადებს და მომხმარებლებს მიაწოდებს ინფორმაციას ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

16. სასამართლომ დაადგინა, რომ დირექტორსა და საწარმოს შორის თანხის სესხად გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ასევე არ იყო წარმოდგენილი დირექტორის მიერ სალაროში თანხის შეტანის და შემდეგ საწარმოდან ამ თანხის მიღების მტკიცებულება, დამუშავებული ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდის გამოყენებით.

17. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ საწარმო გამდიდრდა დირექტორის კუთვნილი 35 772.59 (ოცდათხუთმეტი ათას შვიდას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდახცრამეტი თეთრი) ლარით. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.

18. მიუღებელ ხელფასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნის დამთმობი პირი 2009-2014 წლებში მუშაობდა საწარმოში, ხოლო 2012 წლის 16 დეკემბრიდან კი საწარმოს დირექტორი იყო. სასამართლოს მითითებით, 2012 წლის 16 დეკემბრამდე დირექტორის ანაზღაურების საკითხს აწესრიგებდა საქართველოს შრომის კოდექსი (შემდეგში სშკ), ხოლო იმავე წლის 16 დეკემბრიდან მასზე, როგორც დირექტორზე, ვრცელდებოდა არა სშკ, არამედ, „მეწარმეთა შესახებ” (შემდეგში მეწარმეთა კანონი) საქართველოს კანონის ნორმები.

19. სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორის უფლების დარღვევიდან გასული იყო სამ წელზე მეტი, რის გამოც, ამ ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმული იყო და მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე, საწარმოს დაჰკისრებოდა 2009-2010 წლების ხელფასის გაცემა.

20. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოთხოვნის დამთმობი დირექტორად მუშაობდა 2012 წლის 16 დეკემბრის შემდეგ. მოსარჩელის მტკიცებით, მას არ მიუღია დირექტორის ხელფასი 2013 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე. საწარმომ ხელფასის გაცემის მტკიცებულება ვერ წარადგინა. დირექტორი ყოველთვიურად ღებულობდა 1250 ლარს. 2013 წლის 31 მაისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე, მას ერგებოდა 7 თვის ხელფასი - 8750 ლარი; ამ ნაწილში, დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა.

21. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყევტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი მოტივაციით:

21.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს მოთხოვნის დამთმობი დირექტორად დაინიშნა 2012 წლის 16 დეკემბერს. იგი დირექტორად დაინიშნა 2012 წლის 16 თებერვალს, რაც მტკიცდებოდა არა მხარეთა განმარტებებით, არამედ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვითაც, ყოფილი დირექტორი ამ პოზიციაზე რეგისტრირებული იყო არა 2014 წლის 22 აპრილამდე, არამედ 29 აპრილამდე;

21.2. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარდგენილი მტკიცებულება - საწარმოს ბუღალტრის მიერ 2014 წლის 25 აპრილის გაცემული ცნობა, თანდართული ხარჯების დეტალური მითითებით, ასევე, იმავე თარიღის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც, დირექტორი ადასტურებდა ხარჯის გაწევას და საწარმოს მიმართ მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცებით, საწარმოს სასარგებლოდ, დირექტორის მიერ 35 372.59 ლარის დახარჯვა დასტურდებოდა სათანადო მტკიცებულებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს იძლეოდა;

21.3. წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში მითითებული გარემოება დირექტორის მიუღებელი ხელფასის შესახებ, სასამართლომ დაადგინა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზით. მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა შედარების აქტი და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. სასამართლოს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ უმსჯელია ხანდაზმულობაზე. ამასთან, მოთხოვნის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, არასწორი არითმეტიკული გაანგარიშების შედეგად, შემცირებული იყო ერთი თვის ხელფასით. დირექტორს 2013 წელს ხელფასი არ მიუღია არა 31, არამედ 1 მაისიდან, ცნობაში მითითებულია ანგარიშსწორებისთვის დადგენილი ყოველი საანგარიშო თვის ბოლო რიცხვი;

21.4. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 22 აპრილის შედარების აქტი, თავისი არსით, არის მოვალის მიერ ვალის აღიარება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, გამორიცხავდა მოთხოვნის ხანდაზმულობას.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, ახალი გადაწყვეტილებით, საწარმოს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1250 ლარი (ტ.3, ს.ფ. 213-230).

23. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და ნაწილობრივ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების მეორე და მესამე პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

24. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საწარმოსადმი მოსარჩელე ორ მოთხოვნას აყენებდა: 1. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა დირექტორის მიუღებელ ხელფასს; 2. ითხოვდა დირექტორის კუთვნილი, საწარმოს კეთილდღეობისთვის დახარჯული, 35 372.59 ლარის დაბრუნებას.

25. სასამართლომ მოდავე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების (იხ. ტ.2, ს.ფ. 31, 76-78), გაანალიზებისა და შეფასების შედეგად, აღნიშნა, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, საბუღალტრო პროგრამაში ფიქსირდებოდა დირექტორისადმი საწარმოს ვალდებულება - 35 372.59 ლარი, რომლის ფორმირების წყაროს წარმოადგენდა საქონლის ან მომსახურების შეძენის დოკუმენტები, რომელთა შესწავლის დროს დადგინდა გარკვეული შეუსაბამობა (ტ.2, ს.ფ.77), კერძოდ: გატარებული დოკუმენტების უმრავლესობაში დირექტორი არ ფიქსირდებოდა თანხის გადამხდელად; დოკუმენტაციის ნაწილში, თანხის გადამხდელად სხვა თანამშრომელი იყო მითითებული, ხოლო ბუღალტერს თანხა დირექტორის მიერ გადახდილად ჰქონდა აღრიცხული; დირექტორი საწარმოს საჭიროებისთვის ხარჯავდა საკუთარ თანხებს, მაშინ, როცა საბუღალტრო ჩანაწერების შესაბამისად, კომპანიას საბანკო ანგარიშზე და სალაროში გააჩნდა საკუთარი სახსრები და ა.შ.

26. მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებების გამო, სასამართლომ 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით დანიშნა ექსპერტიზა, რომლის 2015 წლის 9 ივლისის დასკვნის თანახმად: ”2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოში არსებული აღრიცხვის პირადი ბართების მიხედვით, დირექტორს მოპასუხის მიმართ, როგორც ანგარიშვალდებულ პირს, დებიტორულ დავალიანებად ერიცხებოდა 20 344.63 ლარი. 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 მარტამდე პერიოდში, საზოგადოების სალაროდან გაცემულია და დირექტორის პირველად დოკუმენტებზე ხელმოწერით დადასტურებულია 170 784.93 ლარის მიღება, აგრეთვე სალაროდან ნაჩვენებია მასზე 149.746.18 ლარის გაცემა, ხოლო ხელმოწერის დადასტურების გარეშე დირექტორზე (როგორც თანხის მიმღები) ნაჩვენებია სააღრიცხვო დოკუმენტებით საქვეანგარიშო თანხის გაცემა 149 746.18 ლარი, (აქედან, ერთ შემთხვევაში, არსებულ სალაროს გასავლის ორდერს 14 696 ლარის მიღებაზე, ხელს აწერს პარტნიორი, ხოლო გატარებულია დირექტორზე) გადაწერილია ანგარიშვალდებული პირის პირადი ბარათიდან დირექტორის პირად ბარათზე და ჩათვლილია დირექტორის მიერ თანხის მიღებად 25 908.669 ლარი. ბუღალტერიაში დირექტორის მიერ თანხის დაბრუნებად სალაროში, სამ შემთხვევაში, ნაჩვენებია 186 092.80 ლარი, საიდანაც ორ შემთხვევაში - 170 492.89 ლარის დაბრუნებაზე, ბუღალტერიაში ვერ მოინახა სალაროს შემოსავლის ორდერები, ხოლო 15 600 ლარი დაბრუნებულია დირექტორის მიერ სალაროში, რომელიც დადასტურებულია სალაროს შემოსავლის ორდერით, აღნიშნულ პერიოდში, დირექტორის მიერ, საზოგადოების საბანკო ანგარიშზე, დაბრუნებულია 510 ლარი. ზემოაღნიშნული ოპერაციების მოძრაობიდან გამომდინარე, სულ დირექტორის მიერ მიღებულად, 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 2 მარტამდე პერიოდში, ნაჩვენებია და აღრიცხვის პირად ბარათზე ასახულია 159 837 ლარი, ხოლო 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული ნაშთის გათვალისწინებით, მის მიერ მიღებულად ნაჩვენებია (159 837+20 344,63) 180 181.63 ლარი” (იხ. ტ.3, ს.ფ. 172) .

27. ექსპერტიზის დასკვნის შეფასების შედეგად, სასამართლომ მოსარჩელის პირველი მოთხოვნა - მის მიერ საწარმოს საჭიროებისთვის თანხების ხარჯვა და მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დაუდასტურებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მტკიცებულებას (რომელიც ჩატარდა 2009 – 2014 წლების პერიოდის საწარმოს სალაროს და საბანკო ოპერაციების ანალიზური აღრიცხვის შესაბამის პირველად დოკუმენტებზე, ანალიზური აღრიცხვის ბარათებზე და სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით) კონკურენციას ვერ გაუწევდა ბუღალტრისა და თავად დირექტორის მიერ ხელმოწერილი ცნობა, თან იმ რეალობის პირობებში, როცა ორივე მათგანი აწარმოებდა დავას საწარმოს წინააღმდეგ.

28. წინამდებარე განჩინების 27-ე პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, კონსტიტუციის 85.3-ე, სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სათანადო და სანდო მტკიცებულების წარდგენით ვერ შეძლო, დაედასტურებინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დირექტორმა, საწარმოს საჭიროებისათვის 35 372.59 ლარი გადაიხადა.

29. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოში სარჩელის დაზუსტებისას მოსარჩელემ უარი თქვა ხელფასის დაყოვნებისათვის 0.07%-ის დარიცხვაზე და მისი (0.07%-ის) დარიცხვა მოითხოვა ფაქტობრივად დირექტორის მიერ გაწეული ხარჯისათვის - 35 372.59 ლარისათვის (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.13 პუნქტი, ტ.3, ს.ფ.223).

30. სასამართლომ მხარეთა შორის შედგენილი შედარების აქტი (ტ.2, ს.ფ. 31) არ მიიჩნია ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებად და განმარტა, რომ ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი ხელშეკრულებაა და პირს, რომელმაც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობოდა მისი შესრულების ვალდებულება იმ პირის მიმართ, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება. ამ უკანასკნელს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა შესრულება. ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობაც მხარეთათვის საკამათოც შეიძლება იყოს. ვალის აღიარება ქმნის ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას.

31. სასამართლომ, სსკ-ის 316-ე, 317-ე და 341-ე მუხლებზე მითითებით, დაასკვნა, რომ შედარების აქტი არ იყო ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება, მასში არ იყო დადასტურებული დირექტორისადმი საწარმოს დავალიანება და მისი გადახდის ნება. შედარების აქტში, რომელსაც ხელს აწერდა საწარმოს მთავარი ბუღალტერი, ასევე თავად ყოფილი დირექტორი (მოთხოვნის დამთმობი), ხელმომწერ პირთა მიერ მითითებული იყო დირექტორის მოთხოვნის საფუძველი და გაანგარიშების სისწორე, და არა გადახდის ვალდებულების დადასტურება.

32. სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების მე-2, 13-14 პუნქტებში მითითებული გარემოებები და, სსკ-ის 128-131-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნია, რომ ხელფასის მოთხოვნის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია დავა ნაწილობრივ ხანდაზმულად, თუმცა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელეს დააკლო ერთი თვის ხელფასი (მას ხელფასი არ აუღია 1 მაისიდან, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი უწყისი) და ამ ნაწილში მოთხოვნა დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ, საწარმოს დამატებით დააკისრა ერთი თვის ხელფასი -1250 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. სსსკ-ის 37-ე, 53-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 87.5 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისათვის.

33. მოსარჩელემ, საკასაციო წესით, გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება სახელფასო დავალიანების, ასევე ყოველდღიურად დარიცხული 0,07%, (რაც შეადგენს 34 264,13 ლარს) და საწარმოს სამეურნეო ხარჯების დასაფარად გადახდილი 35 372, 59 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარყოფილ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

34. კასატორმა, ასევე, მოითხოვა ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 1 938.83 ლარის დაბრუნება;

35. კასატორმა, გადაწყვეტილებასთან ერთად, გაასაჩივრა 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების წინარე საოქმო განჩინებები (სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების – 2014 წლის 25 აპრილის ცნობაზე დართული ხარჯების დამადასტურებელი პირველადი საბუთების ფოტოასლების, ბუღალტრის 2014 წლის 30 ოქტომბრის წერილისა და დირექტორის საბანკო პლასტიკური ბარათის ქსეროასლის მიღებაზე, ასევე, სასამართლოს შემადგენლობის აცილებაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ტ. 3, ს.ფ. 201-205).

36. საკასაციო განაცხადი შემდეგ პრეტენზიებს მოიცავს:

36.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2009-2010 წლების სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნა ხანდაზმულად. არასწორად შეაფასა და განმარტა საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება - 2014 წლის 22 აპრილის შედარების აქტი, რაც სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის აღიარებით, წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს. შედარების აქტი ხელმოწერილია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორისა და საწარმოს მთავარი ბუღალტრის მიერ. საბუთის სიყალბის შესახებ მოპასუხეს არ განუცხადებია. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 27-ე პუნქტშია მითითებული;

36.2. წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა დირექტორის მიერ საწარმოს სასარგებლოდ გაღებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ დირექტორის მიერ საწარმოში თანხის შეტანა და საწარმოდან მიღება უნდა აღრიცხულიყო საბუღალტრო აღრიცხვისათვის დადგენილი წესით, მაშინ, როცა არ განმარტავს, რას ნიშნავს ასეთი წესი და მისი რომელი ნორმაა დარღვეული;

36.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა ახალი წერილობითი მტკიცებულებების (იხ. განჩინების 35-ე პუნქტი) დასაშვებად ცნობის შუამდგომლობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დამატებით წარედგინა არა ახალი გარემოება, არამედ მითითებული გარემოების (დირექტორის მიერ გაწეული ხარჯების) დამადასტურებელი ახალი მტკიცებულება-2014 წლის 22 აპრილის ცნობაზე თანდართული ხარჯების დეტალური ნუსხის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების ფოტოასლები. პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ადასტურებს, რომ დირექტორმა ანგარიშსწორება მოახდინა მისივე პლასტიკური ბარათით;

36.4. პირველადი დოკუმენტები ინახება საწარმოში და მასზე არც მოსარჩელეს და არც სხვა პირს, გარდა საწარმოს ხელმძღვანელისა, ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებული იყო მათი წარდგენის შესაძლებლობას, მოპასუხე კი უარყოფდა ამგვარი მტკიცებულებების არსებობას. ბუნებრივია, მას არც აუდიტორული კომპანიისთვის წარუდგენია სრულყოფილად საბუღალტრო დოკუმენტაცია. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, პირად საუბარში, აღმოჩნდა, რომ საწარმოს ყოფილ მთავარ ბუღალტერს გადაღებული ჰქონია ამ საბუთების ფოტოასლები, ისე, რომ ამის შესახებ არც დირექტორმა იცოდა;

36.5. სასამართლომ არასწორად შეაფასა მისივე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები. მათი ანალიზი ცალსახად ადასტურებს საწარმოს მხრიდან ანგარიშვალდებული პირებისადმი დავალიანების არსებობის ფაქტს.

36.6. სასამართლომ მხოლოდ მოპასუხის განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ საწარმოს სასარგებლოდ, 35 372.59 ლარის დახარჯვა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ვინაიდან მსგავსი ფაქტების დამტკიცება შესაძლებელია ხელშეკრულებით, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტით, თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის ხელწერილით ან სხვა საბუთით და უარჰყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება – საწარმოს ბუღალტრის მიერ 2014 წლის 22 აპრილის გაცემული ცნობა, თანდართული ხარჯების დეტალური მითითებით, ასევე, იმავე წლის 25 აპრილის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც იმ დროისათვის, ჯერ კიდევ რეგისტრირებული დირექტორი და შესაბამისად საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ერთადერთი პირი, ადასტურებდა ამ ხარჯების გაწევასა და საწარმოსადმი მოთხოვნის უფლებას;

36.7. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ საწარმოს ყოფილმა დირექტორმა აუდიტს წარუდგინა 2008-2014 წლების პირველადი დოკუმენტაცია და აღნიშნული წლების საგადასახადო დეკლარაციები. ყოფილი დირექტორი ვერ წარადგენდა ზემოხსენებული წლების დოკუმენტაციას, ვინაიდან იგი აუდიტის დასკვნის გაცემისას რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო. უცნობია, რამდენად სრულყოფილად იქნა წარდგენილი იმ პერიოდში დოკუმენტაცია, ვინაიდან საწარმო დაინტერესებული მხარეა და მან თავად გადაწყვიტა, რა სახის დოკუმენტაცია წარედგინა აუდიტისთვის. ექსპერტიზის ჩატარებისას არ განხორციელდა დოკუმენტაციის ინვენტარიზაცია, რაც საშუალებას მისცემდა კასატორს, შეედარებინა ექსპერტიზისა და აუდიტისთვის წარდგენილი დოკუმენტები, მის ხელთ არსებულ მონაცემებთან;

36.8. უკანონოა სასამართლოს დასკვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.13 პუნქტში, თითქოს, საქალაქო სასამართლოში სარჩელის დაზუსტებისას, მოსარჩელემ უარი თქვა ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07%-ის დარიცხვაზე და მისი დარიცხვა მოითხოვა დირექტორის მიერ ფაქტობრივად გაწეული ხარჯისათვის – 35 372.59 ლარისათვის.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და“გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დასაშვებად ცნო იგი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითი განხილვის ეტაპზე შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

38. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია აქვს წარმოდგენილი მხოლოდ მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილში, რის გამოც მისი მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

39. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას (იხ. ამ განჩინების 34-ე პუნქტი), რომელიც მის მიერ ზედმეტად გადახდილ სახელმწიფო ბაჟს ეხება და აღნიშნავს, რომ პირველ ინსტანციაში სამართალწარმოებისას, მოსარჩელემ გადაიხადა 3000 (სამი ათასი) ლარი (იხ. ტ.2, ს.ფ.40), ნაცვლად, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე გადასახდელი 1061.18 (ათას სამოცდაერთი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარისა. საქალაქო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას, ზედმეტად გადახდილი 1938.82 (ათას ცხრაას ოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარიდან დაუბრუნა 956.92 ლარი (ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცდათორმეტი თეთრი; იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), ხოლო ზედმეტად გადახდილად დარჩა 981.9 ლარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 981.9 (ცხრაას ოთხმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი და ამ ნაწილში დასაბუთებულ საკასაციო შედავებას აკმაყოფილება.

40. მოსარჩელის სხვა საკასაციო პრეტენზიებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ კასატორის ერთ-ერთი მოთხოვნა არის მის მიერ წარდგენილი 2014 წლის 22 აპრილის შედარების აქტის საფუძველზე, საწარმოს საჭიროებისათვის დირექტორის მიერ გადახდილი 35 372.59 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, რადგან აღნიშნული აქტით, რომელსაც ხელს აწერენ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი და საწარმოს მთავარი ბუღალტერი, დგინდება, რომ მოპასუხემ აღიარა ვალდებულება, რითაც სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც ამ განჩინების 26-28, 30-31 პუნქტებშია ასახული და დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის შედავება. მოდავე მხარეთა მიერ, სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, წარდგენილი მტკიცებულებების შესაფასებლად სასამართლომ 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ექსპერტიზაც დანიშნა და, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობით, შეაფასა ექსპერტიზის იმავე წლის 9 ივლისის დასკვნა, ამდენად, კასატორის მტკიცება (იხ. ამ განჩინების 36.1-36.2, 36.6-36.7 ქვეპუნქტები) ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

41. კასატორის პრეტენზია, რომელიც ამ განჩინების 36.8 ქვეპუნქტშია მითითებული, ასევე დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი მხოლოდ აკრიტიკებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.13 პუნქტს, თუმცა, არ აკონკრეტებს და არ ასაბუთებს, რაში გამოიხატება უსწორობა, არ უთითებს სხდომის ოქმზე, თავის რაიმე განმარტებაზე ან მტკიცებულებაზე, რაც სასამართლოს მისცემდა დასახელებული პრეტენზიის შემოწმების საშუალებას. მარტოოდენ ზოგადი მითითება, რომ მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას ან დასკვნას, ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ შედავებად, რაც ასევე მიუთითებს საკასაციო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.

42. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც ამ განჩინების 35-ე პუნქტში, 36.3-36.4 ქვეპუნქტებშია ასახული და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 22 ოქტომბერს მიღებული საოქმო განჩინებებით, მოსარჩელეს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე, დასაბუთებულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ეთქვა უარი წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, რასაც იზიარებს და ეთანხმება საკასაციო სასამართლო (იხ. ტ.3, ს.ფ. 201-205, 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი 12:41:28-დან 13:03:08-ს ჩათვლით). აქედან გამომდინარე, კასატორის მოთხოვნა, დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვისა და სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე უარის თქმის შესახებ, საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე უარყოფილია.

43. სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და საქმეზე დართვის შესახებ, უარყოფილია, საკასაციო სასამართლოში დავის განხილვის პროცესუალური სპეციფიკის გათვალისწინებით, სსსკ-ის 399-ე, 404-ე, 407-ე მუხლების დანაწესის საფუძველზე და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ჩამონათვალი მითითებულია ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, დაუბრუნდება შუამდგომლობის ავტორს, სსსკ-ის 104-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დაეკისროს შპს "ს-ვ“-ს გ. ს-ის სასარგებლოდ 87.5 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ და გ. ს-ეს (პ/ნ 0..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს პ-ის (პ/ნ 6..) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 981.9 ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება N1; გადახდის თარიღი 13.05.2014; სახაზინო კოდი 300 693 150;

4. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. კასატორის მოთხოვნა, დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვისა და სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე უარის თქმის შესახებ, საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

6. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

7. შპს "ს-ვ“-ს დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 16 ივნისს წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, საქმე N2/2361-2014; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ოქტომბრის გზავნილი გ. კ-ას საქმე N2/ბ-779; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუ~იო ნაწილი, საქმე N2/ბ-779; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის მიმართვა გ. კ-ას, საქმე N2/ბ-779-15 (სულ 14 ფურველი, ორ ეგზემპლარად);

8. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე