საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-4327-შ-120-2016 23 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბრესტის აღსრულების საქალაქო კომიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ფ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელორუსიის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის, ქ. ბრესტის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევის დავიდან გამომდინარე სახელმწფო ბაჟის დაკისრება მოვალისათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელორუსიის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის, ქ. ბრესტის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ფ-ს (შემდეგში: მოვალე) ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვან ი. გ-ზე. ამავე გადაწყვეტილებით ბავშვის მამას, ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა 630 000 (ექვსას ოცდაათი ათასი) რუბლის გადახდა.
2. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ბელორუსიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა სახელმწიფო ბაჟის ბელორუსიის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების ნაწილში, რაც დასტურდება საქმის მასალებში არსებული ცნობებით.
3. ბრესტის აღსრულების საქალაქო კომიტეტმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს და მოითხოვა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და იძულებით აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის, ქ. ბრესტის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება მოვალისათვის, ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 63,00 (სამოცდასამი) რუბლის, როგორც სახელმწიფო ბაჟის, დაკისრების ნაწილში.
4. დასახელებული შუამდგომლობა 2016 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, წარმოდგენილი იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
5. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, წარმოებაშია მიღებული დასახელებული შუამდგომლობა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო იმავე განჩინებით შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა მოვალეს და განემარტა, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.
6. ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული მასალები მოვალის დედას ჩაბარდა 2016 წლის 28 დეკემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებულად ითვლება, თუმცა, მოვალეს არ წარმოუდგენია რაიმე შუამდგომლობა ან განცხადება უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა შეესაბამება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციისა (შემდეგში: მინსკის კონვენცია) და სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რაც მისი დაკმაყოფილების სამართლებრვი საფუძველია.
7. საქმის მასალების მიხედვით, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება მოთხოვნილია მოვალისათვის სახელმწიფო ბაჟის, კერძოდ, 63,00 (სამოცდასამი) რუბლის დაკისრების ნაწილში, რადგან სწორედ ეს ნაწილი არ აღსრულებულა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობის ნაწილში რაიმე სხვა გარემოების კვლევის საჭიროება არ არსებობს.
8. წარმოდგენილი შუამდგომლობა შეესატყვისება სპეციალური კანონის 68-ე, 70-71 მუხლების, მინსკის კონვენციის 1-5-ე, მე-20, 53-54 მუხლების მოთხოვნებს, არ არსებობს კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმისათვის, რის გამოც შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-71-ე მუხლებით, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციის 1-5, მე-20, 53-54-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრესტის აღსრულების საქალაქო კომიტეტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელორუსიის რესპუბლიკის, მოსკოვის რაიონის, ქ. ბრესტის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება გ. ფ-ისათვის ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 63,00 (სამოცდასამი) რუბლის დაკისრების ნაწილში;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე