№ ას-923-889-2016 26 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ყ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ყ-ის“ მიმართ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი შპს ყ-ის“ 2015 წლის 10 მარტის №43 ბრძანება მ. კ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით თანხის გადახდა 15 თვის ხელფასის ოდენობით; მ. კ-ის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ყ-მა“ და მ. კ-ემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ყ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების 1.2, 2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა შპს „ყ-ი" სამგორის რაიონის სადისტრიბუციო ცენტრის აღმრიცხველის თანამდებობაზე; შპს ყ-ს" მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება თვეში 875 ლარის ოდენობით (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ყველა გადასახადის ჩათვლით) 2015 წლის 11 მარტიდან საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მის აღსრულებამდე; მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი 2016 წლის განჩინების გაუქმების თაობაზე (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) დარჩა განუხილველი.
6. 2016 წლის 8 და 10 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განმცხადებელმა მიუთითა, რომ მისი ერთ-ერთი სააპელაციო მოთხოვნა განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო და სასამართლომ არასწორად განმარტა მისი გასაჩივრების წესი - ნაცვლად კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების მითითებისა, მიუთითა, რომ განჩინება საჩივრდებოდა საკასაციო წესით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ის წარმომადგენლის, ი. პ-ის განცხადება გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი 2016 წლის განჩინების გაუქმების თაობაზე (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) განუხილველი დარჩა არა განჩინებით, არამედ გადაწყვეტილებით, ვინაიდან საქმის განხილვის დროს გამოვლინდა მის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სასამართლომ ცალკე განჩინება აღარ გამოიტანა, ამის შესახებ იმსჯელა გადაწყვეტილებაში და მხარეს მისცა უფლება გაესაჩივრებინა აღნიშნული გადაწყვეტილება, მათ შორის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილშიც არა განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი წესით, კერძო საჩივრით (ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში განჩინებით არ უმსჯელია სასამართლოს ამ საკითხზე), არამედ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილ ვადაში და წესით (დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში), რითაც მხარის უფლება, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დარღვეულა.
9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო დაშვებული უსწორობა და შესაბამისად, წარდგენილი განცხადება უსწორობის შესწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. სასამართლომ აქვე განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს, მ. კ-ეს არ ჰქონდა შეზღუდული უფლება გაესაჩივრებინა სადავო გადაწყვეტილება, როგორც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ასევე სხვა ნაწილშიც.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. კ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12. არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება სააპელაციო საჩივრის ნაწილის განუხილველად დატოვების ნაწილში საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის შესახებ, ვინაიდან ეს გავლენას ახდენს საკასაციო ან კერძო საჩივრის წარდგენის საკითხზე - უზენაეს სასამართლოში პირველს გააჩნია დასაშვებობის ეტაპი, ხოლო მეორეს - არა. უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სწორ განმარტებებს საპროცესო აქტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით და არასწორი (თუნდაც გაზრდილი ვადებით) განმარტებები ვერ გახდება საპროცესო აქტში უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. ასევე, საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი, როდესაც მიუთითა, რომ იგი საჩივრდებოდა კერძო საჩივრით. მაშინ, როდესაც უსწორობაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არ საჩივრდება და გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ საპროცესო აქტში შესწორების შესახებ განჩინება (იხ. სუსგ №ას-910-855-2012, 6 ივლისი, 2012 წელი).
14. ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 აპრილის #ას-855-805-2015 განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა და ზემოთხსენებული ნორმა გულისხმობს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას როგორც გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, ასევე შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზეც.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან ამ დრომდე ვერ დადგინდა ერთგვაროვანი პრაქტიკა აღნიშნულ საკითხზე, სწორი და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, გამართლებულია საკასაციო სასამართლომ იმსჯელოს მოცემულ საკითხზე, რათა გამოირიცხოს ნორმის სხვადასხვაგვარი განმარტება-გამოყენება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
18. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდაა გამხდარი გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავო გადაწყვეტილებაში დაშვებული არ იყო უსწორობა.
19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და აღნიშნავს შემდეგს:
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაში იმსჯელა შპს ყ-ისა“ და მ. კ-ის სააპელაციო საჩივრებზე - შპს ყ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ამავე განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი 2016 წლის განჩინების გაუქმების თაობაზე (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) დარჩა განუხილველი. სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით განსაზღვრა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და მიუთითა მის საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობაზე, თუმცა არ მიუთითებია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში განჩინების გასაჩივრების წესზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 215-216).
21. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს სასამართლო განჩინებათა იმ სახეობებს, რომლებზეც დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია საპროცესო კოდექსის სხვადასხვა ნორმებით. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებას ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავი, რომლითაც დადგენილია, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით (სსსკ 372-ე მუხლი). ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით კი, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
22. მოცემულ ნორმათა დისპოზიციის შეჯერების შედეგად საკასაციო სასამართლო უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთვევაში მხარეს ეძლევა განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა.
23. თავის მხრივ, კერძო საჩივრის შეტანის წესს და ვადას განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლი, რომლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.
24. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთი მოთხოვნის (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების) თაობაზე და განუხილველად დატოვა იგი, სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა აესახა აღნიშნულ ნაწილში მხარის საპროცესო უფლების - განჩინების გასაჩივრების წესი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
25. საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან აპელანტის მოთხოვნის განუხილველად დატოვების საფუძვლები გამოვლინდა საქმის განხილვის დროს, სწორედ ამის გამო იგი განუხილველი დარჩა არა განჩინებით, არამედ გადაწყვეტილებით.
26. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, თუ საქმის განხილვის რა ეტაპზე გამოვლინდება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის ან განცხადების) განუხილველად დატოვების საფუძვლები, ითვალისწინებს განუხილველად მის დატოვებას განჩინებით (და არა გადაწყვეტილებით, ვინაიდან სასამართლოს დადგენილება გადაწყვეტილების ფორმით გამოაქვს მხოლოდ მაშინ, როდესაც საქმე წყდება არსებითად (სსსკ 243-ე მუხლი) და შესაბამისად, ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას (სსსკ 276-ე მუხლი).
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეესაბამება და არსებითად არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს.
28. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში არ ასახა მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესი და პირობები, ხოლო აღნიშნული უსწორობის გასწორებით (გასაჩივრების წესის მითითებით) არ შეიცვლება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი.
29. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების წესის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთგვაროვნად განმარტების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოცემულ საკითხზე დადგენილია ერთგვაროვანი, მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი (გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა) გულისხმობს კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას, როგორც გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინებაზე, ასევე შესწორების შეტანაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე (იხ. სუსგ №ას- 855-910-2015, 4 აპრილი, 2016 წელი; №ას-65-59-2015, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-1153-1099-2014, 10 დეკემბერი, 2014 წელი; №ას-570-541-2013, 23 იანვარი, 2014 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება;
3. გასწორდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „გადაწყვეტილებაზე მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში (გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი), შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 12 (თორმეტი) დღის განმავლობაში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით“;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე