Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-660-631-2016 2 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ჰ. ქ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ, ჩ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მოწმის დაკითხვაზე და მტკიცებულებათა ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. ჩ-ა (შემდეგში: მოსარჩელე, მყიდველი ან კრედიტორი) და ჰ. ქ-ი (შემდეგში: მოპასუხე, გამყიდველი, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) ზეპირად შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი მყიდველს მიაწოდებდა ოთხ ერთეულ სამედიცინო აპარატურას, მათგან ორ ერთეულს - 2014 წლის მაისის დასაწყისში, ხოლო დარჩენილ ორს - პირველი აპარატურის მიღებიდან უმოკლეს ვადაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).

2. შესაძენი აპარატურის ფასი შეადგენდა 65 000 აშშ დოლარს, საიდანაც პირველი ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი მყიდველმა, ორი ერთეული აპარატურის მიწოდებამდე, გადაუხადა გამყიდველს, კერძოდ - 7 000 აშშ დოლარი 2014 წლის 20 თებერვალს, ხოლო 23 000 აშშ დოლარი - იმავე წლის 11 მარტს.

3. საქმის მასალებშია ელექტრონული მიმოწერა მხარეებს შორის, რომლის მიხედვით, 2014 წლის 10 ნოემბერს მყიდველმა შესთავაზა გამყიდველს თვის ბოლომდე 4 სამედიცინო აპარატის ჩამოტანა ან მის მიერ მყიდველისაგან მიღებული თანხის დაბრუნება.

4. მყიდველმა 2015 წლის 9 მარტს სარჩელი აღძრა გამყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 30 000 აშშ დოლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, 1500 აშშ დოლარის დაკისრება იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება აპარატის მიწოდებაზე არ შეასრულა გამყიდველმა და არც თანხა დაუბრუნა მყიდველს. მოპასუხე უსაფუძვლოდ ფლობს მოსარჩელის კუთვნილ თანხას - 30 000 აშშ დოლარს, რის გამოც მას არ მიეცა შესაძლებლობა, დასახელებული თანხა ანაბარზე განეთავსებინა და 12 თვეში 1500 აშშ დოლარი მიეღო. მოსარჩელემ ისიც მიუთითა, რომ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება წააგავდა განვადებით ნასყიდობას, მხარეებმა არ დაიცვეს ამ სახის ხელშეკრულებისათვის დადგენილი წერილობითი ფორმა, რის გამოც გარიგება ბათილია, ხოლო ბათილი გარიგების საფუძველზე განხორციელებული შესრულება ექვემდებარება რესტიტუციას უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, იგი არ იყო ხელშეკრულების მხარე და არც უსაფუძვლოდ ფლობდა მყიდველის კუთვნილ თანხას. მოპასუხემ ეს თანხა მიიღო სხვა პირისათვის - ს. ბ-ისათვის გადასაცემად, რაც შეასრულა კიდეც და მას არანაირი ვალდებულება არ აქვს მოსარჩელისადმი, შესაბამისად, უსაფუძვლოა ამ უკანასკნელის მოთხოვნა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მყიდველის სარჩელი და, მის სასარგებლოდ, გამყიდველს დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის, სახით, 1500 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილი იქნა უსაფუძვლობის გამო.

7. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 327-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რაც ადასტურებდა მათ შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს.

8. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ გამყიდველთან დადებული ხელშეკრულება წააგავდა ნასყიდობას განვადებით და, მხარის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სსკ-ის 505-ე და 506-ე მუხლების დანაწესი განმარტა. მოხმობილი ნორმების მიხედვით, განვადებით ნასყიდობისას, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასს მყიდველი იხდის ნაწილ-ნაწილ, დროის განსაზღვრულ შუალედებში, ამასთან, ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის დადგენილია სავალდებულო წერილობითი ფორმა, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა. ნაღდი გადახდის ოდენობა; ბ. ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო; გ. წლიური პროცენტის ოდენობა. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.

9. მხარეებს შორის წერილობით არ მომხდარა შეთანხმება, თუმცა, სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას, რომ ვინაიდან განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ბათილი გარიგების საფუძველზე შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი). სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა განმარტებების საფუძველზე, დგინდებოდა, რომ მათი შეთანხმება თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდაზე წარმოადგენდა შეთანხმებას ნასყიდობის ფასის გადახდის წესის შესახებ.

10. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს განუსაზღვრა დამატებითი შესრულების ვადა 2014 წლის ნოემბრის ბოლომდე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

11. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია ელექტრონული მიმოწერა, ხოლო ამ მიმოწერაზე შედავებას მთავარ სხდომაზე, სასამართლო აღარ მიიღებდა მხედველობაში, ვინაიდან აღნიშნული მოპასუხისათვის არ იყო ახალი არსებითი გარემოება.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და მყიდველის სარჩელის უარყოფა, ასევე, 25.11.2015წ. საოქმო განჩინებების გაუქმება: 1. მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ და 2. მტკიცებულებათა ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ.

13. მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია ძირითადად იმეორებს მის შესაგებელში ასახულ პოზიციებს, კერძოდ:

13.1. აპელანტის მტკიცებით, ის მხოლოდ დამაკავშირებელი რგოლი იყო მყიდველსა და ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ პირს შორის, რადგან სწორედ ამ უკანასკნელს უნდა მიეწოდებინა მოსარჩელისათვის სამედიცინო აპარატურა და სადავო თანხაც ამ პირს გადასცა მოპასუხემ;

13.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე, სასამართლოს უნდა ემსჯელა იმაზეც, რომ შეთანხმება მოხდა არა მოპასუხის, არამედ მე-5 პუნქტში მითითებული პირის სახელით;

13.3. საქალაქო სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელის განმარტებას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გარემოებების დასადგენად, რაც მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებით უნდა მომხდარიყო;

13.4. სასამართლომ, ასევე, დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მტკიცებულებათა სიიდან მოსარჩელის მიერ, კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით, წარდგენილი ელექტრონული მიმოწერის ამორიცხვის თაობაზე.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390-ე მუხკის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის პრეტენზიაზე, რომელიც ამ განჩინების 13.1-13.2 ქვეპუნქტებშია ასახული და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ თანხის მესამე პირისათვის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება შესაბამისი მტკიცებულებით არ იყო დადასტურებული, სსკ-ის 397-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, საქმეზე სამართლებრივი შედეგი არ შეიცვლებოდა, ვინაიდან მოხმობილი ნორმის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად კი, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალემ (მოპასუხემ) სადავო თანხა სამედიცინო აპარატურის შესაძენად გადასცა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ პირს, სსკ-ის 397-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვა უშუალოდ მოვალეს და, შესაბამისად, სამედიცინო აპარატურის კრედიტორისათვის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირსაც ის წარმოადგენდა.

17. აპელანტის მოთხოვნა მტკიცებულებათაგან ელექტრონული მიმოწერის ამორიცხვის თაობაზე, იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიმოწერა კონტექსტიდან ამოღებული ფრაგმენტები და მხარეთა შორის არსებული მიმოწერის მთლიანობა დარღვეული იყო, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მიუთითა სსსკ-ის მე-4 მუხლით დადგენილ შეჯიბრებითობის პრინციპზე. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად მოპასუხეს არ წარუდგენია მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერის თუნდაც სრული ვერსია, რაზედაც თვითონვე აპელირებდა, მეტიც, მოვალეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული მიმოწერის შინაარსის არსებითი ნაწილი (რასაც სასამართლო დაეყრდნო). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მტკიცებულებათა ამორიცხვაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 25.11.2015წ. საოქმო განჩინება.

18. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტის იმ მოთხოვნაზეც, რომელიც ეხებოდა მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 25.11.2015წ. საოქმო განჩინების კანონიერებას და მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესზე, რომლითაც განსაზღვრულია მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და განმარტა, რომ მოწმის ჩვენება ვერ მიიჩნეოდა იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც განსახილველ საქმეზე სადავო გარემოებას - ვალდებულების შესრულებას/თანხის გადაცემის ფაქტს დაედებოდა საფუძვლად.

19. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მყიდველის სარჩელის უარყოფა; ასევე, კასატორი ითხოვს მე-12 პუნქტში მითითებული საოქმო განჩინებების გაუქმებას. კასატორის პრეტენზიები ძირითადად მის შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში ასახულ არგუმენტებს იმეორებს.

20. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელემ იცის, რომ სადავო სამართალურთიერთობის მხარეა ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული პირი, თუმცა, სარჩელის აღძვრა მოპასუხის წინააღმდეგ განპირობებულია იმით, რომ ამ უკანასკნელს საქართველოში აქვს უძრავი ქონება და მოსარჩელე შეძლებს მის რეალიზაციას. სხვისი ვალდებულების გამო არ უნდა დაზარალდეს კასატორი.

21. სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და მოსარჩელეს მიანიჭა უპირატესობა, რადგან მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმე აღიარებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული 30 000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემის ფაქტს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

22. კასატორის მტკიცებით, მან სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ელექტრონული მიმოწერა, თუმცა, სასამართლომ უარყო მხარის შუამდგომლობა აღნიშნული მტკიცებულებების ამორიცხვაზე. საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ ელექტრონული მიმოწერა.

23. კასატორის მტკიცებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს დააკავშირებდა ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებულ პირს, ეს უკანასკნელი კი საბაზრო ფასზე დაბალ ფასად მიაწვდიდა სამედიცინო აპარატურას, რისთვისაც მყიდველი, წინასწარ, საჩუქრის სახით (რომელსაც მოპასუხე ხარჯის თანხაში გამოიყენებდა) გადაუგზავნიდა თანხას მე-5 პუნქტში მითითებულ პირს. მოსარჩელემ, მის მიერვე წარდგენილი მიმოწერიდან გამომდინარე, იცოდა, რომ თანხა გადაეცა მე-5 პუნქტში მითითებულ პირს, მასვე უნდა გამოეგზავნა სამედიცინო აპარატურა მყიდველისათვის და არა მოპასუხეს. ამდენად, არასწორია საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადების შესახებ (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი), რადგან შეთანხმება მოხდა მოსარჩელესა და ამ განჩინების მე-5 პუნქტში დასახელებული პირის სახელით მოპასუხეს შორის.

24. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-355-338-2013, 11.11.2013წ.).

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.

31. კასატორმა ვერ შეძლო სამართლებრივად წონადი და ვარგისი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას დაედებოდა საფუძვლად.

32. კასატორის ძირითადი პრეტენზიები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 19-23 პუნქტებში, ეხება იმას, რომ მოსარჩელისათვის ზეპირი ხელშეკრულების დადებისთანავე იყო ცნობილი, რომ მოპასუხე მოქმედებდა მე-5 პუნქტში დასახელებული პირის სახელით, თუმცა, ამ მტკიცების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სსკ-ის 396-ე და 397-ე მუხლების დანაწესზე, რომელთა საფუძველზე გამოტანილი დასკვნის გაბათილება ვერ შეძლო მოპასუხემ. ამ უკანასკნელს 30 000 აშშ დოლარი გადაურიცხა მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის მტკიცებულება, რომ მიღებული თანხა იმ პირს გადასცა, რომელის სახელითაც თითქოსდა ის მოქმედებდა და ურთიერთობაში იმყოფებოდა კრედიტორთან (იხ. ამ განჩინების 3,10 პუნქტები).

33. მოსარჩელემ ვალდებულების შესასრულებლად მოპასუხეს დამატებითი ვადაც განუსაზღვრა. მიუხედავად მოპასუხის მტკიცებისა და საკასაციო პრეტენზიისა, რომ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარდგენილოი ელექტრონული მიმოწერა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, საკუთარი მტიცების ტვირთის ფარგლებში, მხარეს არ წარუდგენია ისეთი დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულება სასამართლოსათვის, რაც საპირისპირო დასკვნის გამოტანას დაედებოდა საფუძვლად (იხ. ამ განჩინების 3,10-11, 17 პუნქტები) .

34. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოვალემ (მოპასუხემ) სადავო თანხა სამედიცინო აპარატურის შესაძენად გადასცა ამ განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ პირს, სსკ-ის 397-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვა უშუალოდ მოვალეს და, შესაბამისად, სამედიცინო აპარატურის კრედიტორისათვის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირსაც ის წარმოადგენდა.

35. კასატორის პრეტენზია, თუ რომელ ეტაპზე გახადა სადავოდ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი ელექტროული მიმოწერა, დადგენილია საქალაქო სასამართლოს მიერ (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი; ასევე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 108), რაც ასევე მსჯელობისა და შეფასების საგანი გახდა სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც (იხ. ამ განჩინების მე-17 პუნქტი). ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 25.11.2016წ. საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და დასკვნების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ეფუძნება საპროცესოსამართლებრივ დანაწესს, მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება (იხ. ამ განჩინების 17-18 პუნქტები).

36. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობების არარსებობის გამო, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო განაცხადი არსებითად განსახილველად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე: „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჰ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ჰ. ქ-ს (პ/ნ 5…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ-ას (პ/ნ 0…) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3491.4 ლარის (გადახდის თარიღი 2016 წლის 28 სექტემბერი), 70% – 2444 (ორი ათას ოთხას ორმოცდაოთხი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე