№ას-129-121-2017 28 თებერვალი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – კ.პ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ლ.გ.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ლ.გ.“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან ტურისტული კომპანია) ტურისტული კომპანიაა, რომელიც მოგზაურობის მომწყობია და მოგზაურს (ტურისტს) შეთანხმებულ მომსახურებას უწევს. მისი საქმიანობის საგანი ავიაბილეთების გაყიდვაცაა.
2. 2016 წლის იანვარში კ.პ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) ბრაზილიაში გამგზავრების მიზნით მიმართა მოპასუხეს და განუცხადა, რომ სურდა ავიაბილეთების შეძენა თბილისი-სტამბოლი, ტორონტო-რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით. მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ დასახელებული მიმართულებით ავიაბილეთების შეძენის თაობაზე და მოსარჩელემ მოპასუხისაგან ავიაბილეთები 5696 ლარად შეიძინა.
3. მოსარჩელემ თურქეთის აეროპორტიდან ტორონტოს მიმართულებით, ტრანზიტული ვიზის არქონის გამო, ფრენა ვერ შეძლო. თურქეთში, სასტუმროს ხარჯმა 230 ევრო, ანუ მიმდინარე სავალუტო კურსით 602.46 ლარი შეადგინა.
4. 2016 წლის 11 თებერვალს მოსარჩელემ პრეტენზია წაუყენა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოპასუხემ ნაწილობრივ, კერძოდ, ავიაბილეთის გაუქმებისთვის მოსარჩელეს 1230 ლარი აუნაზღაურა.
5. 2016 წლის 29 მარტს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 4817, 46 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
6. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ მას განუმარტა, რომ თბილისი-სტამბოლი, ტორონტო-რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით მგზავრობისას რაიმე გართულება არ იყო მოსალოდნელი. მხოლოდ ბილეთის შეძენა საკმარისი იყო. 2016 წლის 20 იანვარს თურქეთის აეროპორტიდან ტორონტოს მიმართულებით ფრენა შეუძლებელი აღმოჩნდა ტრანზიტული ვიზის უქონლობის გამო. ის იძულებული გახდა, დროებით გაჩერებულიყო თურქეთის სასტუმროში, გაწეულმა ხარჯმა 230 ევრო, მიმდინარე სავალუტო კურსით 602.46 ლარი შეადგინა. მისი მოთხოვნით მოპასუხემ მას აუნაზღაურა მიყენებული ზიანის მხოლოდ ნაწილი - 1230 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 4817,46 ლარი, საიდანაც 4215 ლარი აუნაზღაურებელი სამგზავრო ბილეთის ფასია, ხოლო 602.46 ლარი კი სასტუმროს ხარჯია.
7. 2016 წლის 30 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ დამოუკიდებლად სურდა ტორონტოში ჩაფრენა, სადაც მას დახვდებოდა მეგობარი, რომელთან ერთად უნდა გაფრენილიყო რიო-დე-ჟანეიროში. აღნიშნულის გამო, ოპერატორის შეთავაზების მიუხედავად, სხვა მარშრუტით არ დაინტერესებულა, თუმცა მან კომპანიის ოპერატორის გაფრთხილება ტრანზიტული ვიზის შესაძლო საჭიროების თაობაზე ყურად იღო და სასაზღვრო პოლიციაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა აღნიშნული საკითხი. მან მხოლოდ მისთვის საჭირო ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ შეიძინა სამგზავრო ბილეთი.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება მხოლოდ თბილისი-სტამბოლი, ტორონტო-რიო-დე- ჟანეიროს მიმართულებით ავიაბილეთების ნასყიდობაზე. კომპანიას ბილეთების შეძენის დროს არა აქვს ვიზებთან დაკავშირებული მოთხოვნების შემოწმების ვალდებულება, გარდა ტურისტული პაკეტის მიწოდების შემთხვევებისა. მას მოსარჩელისათვის ტურისტული პაკეტი არ შეუთავაზებია და შესაბამისად ტურის დაგეგმვა არ მომხდარა. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომლის ვალდებულებაც მათ არ გააჩნდათ, მოსარჩელემ განაცხადა, რომ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას ტრანზიტული ვიზის თაობაზე, აქედან გამომდინარე, ზიანის დადგომაში კომპანიას ბრალი არ მიუძღვის.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4817.46 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 657-ე, 6571-ე, 6572-ე და 667-ე მუხლები.
9.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ მიაწოდა მოსარჩელეს ინფორმაცია ტრანზიტული ვიზის თაობაზე, შესაბამისად, მის მიერ ორგანიზებული მოგზაურობის ხარვეზის გამო მოსარჩელეს 4817 ლარის ზიანი მიადგა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
10.1. 2006 წლის საკანონმდებლო ცვლილებით სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლს დაემატა მეორე ნაწილი, ასევე - 657 პრიმა, სეკუნდა და ტერცია მუხლები. ეს დამატებები მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კანონმდებლობაში სწორედ ამ დროს გაჩნდა ტერმინი „ტურისტული პაკეტი“ და მისი ცნება - „ტურისტული მომსახურება ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში". აღნიშნული ცვლილების მიხედვით, დაზუსტდა და უფრო მკაფიოდ განისაზღვრა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ცნება და იმ ვალდებულებათა წრე, რაც ტურისტულ საწარმოს (მოგზაურობის მომწყობს) აქვს ტურისტის მიმართ. კანონმდებლის ნებას წარმოადგენდა ცალკეული მომსახურებებისა და ტურისტული პაკეტით მომსახურების დიფერენცირება, შესაბამისად, იმ ნორმათა დანაწესები, რაც საწარმოს უშუალო ვალდებულებებს ეხება, დაკავშირებულია სწორედ ტურისტულ პაკეტთან. მხოლოდ ერთი კომპონენტის შესახებ შეთანხმების არსებობის შეთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნები არ გავრცელდება კომპანიაზე. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელემ კომპანიას მიმართა მის მიერვე წინასწარ შერჩეული კონკრეტული ავიახაზების კონკრეტული რეისის ბილეთების შეძენის თაობაზე. სხვა რაიმე ტიპის მომსახურებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. შესაბამისად, კომპანიას არ წარმოშობია ის ვალდებულებები, რომლებიც ტურისტული მომსახურების თავშია მითითებული, მათ შორის, ვიზისა და პასპორტის შესახებ.
10.2 მხარეები არ შეთანხმებულან ტურისტულ პაკეტზე და კომპანიას არ წარმოშობია ვალდებულება, დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდებინა კლიენტისათვის იმ უამრავ დეტალზე, რომელთა დაკავშირებითაც ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა მოგზაურობის დაგეგმვასა და მოწყობაზე (ტურისტული პაკეტის) შეთანხმების არსებობის შემთხვევაში.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილი იქნა.
12. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მათ ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ კონკრეტული მიმართულებით ავიაბილეთის შეძენის წინადადებით მიმართა მოპასუხე კომპანიას და მათ შორის დაიდო ავიაბილეთის ნასყიდობის და არა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ იმავე დღეს არ შეიძინა ბილეთი, რადგან განემარტა ამგვარი მარშრუტით ფრენისათვის ტურისტული ვიზის არქონის შესაძლო შედეგების თაობაზე, გამყიდველის, ტურისტული კომპანიის მხრიდან ნასყიდობის და არა ტურისტული მომსახურების ფარგლებში ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაა. ავიაბილეთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამყიდველი არ არის ვალდებული, იცოდეს, მოიპოვოს და მიაწოდოს მყიდველს დაწვრილებითი ინფორმაცია პასპორტისა და ვიზის შესახებ.
13. პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, რადგან ტურისტული მომსახურების საფუძველზე ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი მოვალეა, ტურისტს გაუწიოს შეთანხმებული მომსახურება, რაც მოიაზრებს სულ მცირე ორი მომსახურების ერთობლიობას და მხოლოდ ერთი მომსახურების გაწევა - ტურისტის მიერ შედგენილი მიმართულებით ავიაბილეთის მიწოდების სახით, ნასყიდობის და არა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებაა. ვინაიდან მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისათვის არ გაუწევია ტურისტული მომსახურება, შესაბამისად, მას არ წარმოშობია ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, რაც გამორიცხავდა მოპასუხის ბრალეულობასა და სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობას, როგორც ბილეთის ღირებულების, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
14.1. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს შორის დაიდო, ნასყიდობის და არა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, არასწორია. ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 477-ე მუხლი, რომელიც არ მოიცავს სამგზავრო ბილეთების ყიდვა-გაყიდვის საკითხს. არსად არ არის მთითებული, რომ ავიაბილეთების შეძენისას გამყიდველი არ არის ვალდებული, იცოდეს, მოიპოვოს და მიაწოდოს მყიდველს დაწვრილებითი ინფორმაცია პასპორტისა და ვიზის შესახებ, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა. არსად არ არის მინიშნება იმის თაობაზე, რომ ავიაბილეთების გაყიდვაც ნასყიდობის ხელშეკრულებაა. თუმცა, იმ დაშვებითაც რომ მხარეებს შორის მართლაც ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, მოპასუხე მყიდველისათვის არასრული ინფორმაციის მიწოდებისათვის მაინც პასუხს აგებს, ვინაიდან სწორედ ტრანზიტული ვიზის არქონის გამო ვერ შეძლო მოსარჩელემ დასახული მაშრუტით გამგზავრება. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
14.2. სამგზავრო ბილეთის რეალიზაციასთან მიმართებით მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი კანონით ცალკე არ არის მოწესრიგებული, თუმცა მას ახორციელებს ტურისტული საწარმო და შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ იგი თავისთავად მოიაზრება ამ ტურისტული მოგზაურობის პაკეტში ან/და ტურისტულ მოგზაურობაში. ავიაბილეთის რეალიზაცია პრაქტიკულად მოიცავს რამდენიმე კომპონენტს (ბილეთი ერთი მიმართულებითაა შეძენილი, თუ იგი უკუმიმართულებასაც მოიცავს), რაც მას უკვე „პაკეტად“ აქცევს. ამათან, სსკ-ის 657-ე-666-ე მუხლების მოქმედება თანაბრად ვრცელდება, როგორც რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარ ტურისტულ მომსახურებაზე, ისე ერთი კონკრეტული ტურისტული მომსახურების სახეზე - ავიაბილეთების რეალიზაციაზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს მათ წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
22. კასატორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის დადებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი. ტურისტის მიერ შედგენილი მიმართულებით ავიაბილეთების მიწოდების სახით, მხოლოდ ერთი მომსახურების გაწევა ვერ მიიჩნევა ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებად, რადგან ტურისტული მომსახურების პაკეტი, ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში (სსს-ის 657.2. მუხლი). მოსარჩელის მიერ კონკრეტული მიმართულებით ავიაბილეთის შეძენით კი, მათ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. თავად კასატორმაც ვერ შეძლო, დაემტკიცებინა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი წინამძღვრების შესრულება, რაც, სსსკ-ის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მის მოვალეობას წარმოადგენდა.
23. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საპელაციო სასამართლოს დასკვნას მხარეთა შორის ავიაბილეთების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტავს, რომ ტურისტული ხელშეკრულების დადებისას, მეწარმე სუბიექტი, სსს-ის 6572 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებულია, მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია მომხმარებელს (ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია პასპორტთან და ვიზასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ), მაგრამ ავიაბილეთების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი), გამყიდველი არაა ვალდებული, მოიძიოს და მიაწოდოს მყიდველს ინფორმაცია ვიზის თაობაზე (სსს-ის 477 მუხლი) თუ მხარეები წინასწარ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით არ შეთანხმებულან აღნიშნულზე, ანუ თუ ამგვარი ინფორმაციის მიწოდება ნასყიდობის არსებითი პირობა არ იქნება.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. (იხ. სუსგ-ები # ას-1102-1059-2016, 14.03.2017წ; # ას-510-484-2013, 04.12.2013წ.; # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ).
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.პ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ კ.პ–ს (....) დაუბრუნდეს 210 ლარი, საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (241 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 18.01.2018);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი