Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-493-473-2016 14 დეკემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – ლ. გ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ი-ი, მ. წ-ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მეორე კასატორი - ი. ი-ი, მ. წ-ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ-ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოპასუხე - ც. წ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ი. ი-ისა და მ. წ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ლ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ლ. გ-ისათვის მათ სასარგებლოდ 1552.36 აშშ დოლარისა და 3 916 ლარის დაკისრება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითადი სარჩელით) და თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისში, დ-ის გამზირზე #111 (კორპუსი 4) მდებარე ბინა (ს/კ 0) საჯარო რეესტრში, რეგისტრირებულია ლ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, მესაკუთრე, პირველი კასატორი) საკუთრებად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, შემდეგში სსკ, 183-ე, 311-ე პრიმა, 477-ე მუხლები; იხ. ტ. 1, ს.ფ. 13)

2. მითითებული ბინა 2005 წლის 22 დეკემბერს შეიძინა მესაკუთრემ 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) აშშ დოლარად (იხ. ხელშეკრულება, საიდანაც 4500 (ოთხი ათას ხუთასი) აშშ დოლარი ი. ი-ისა და მ. წ-ის (შემდეგში: პირველი და მეორე მოპასუხე ძირითად სარჩელში, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში, აპელანტები, მეორე საკასაციო საჩივრის ავტორები) კუთვნილ თანხას წარმოადგენდა.

3. ბინის შეძენის მომენტიდან, მასში, მესაკუთრის თანხმობით, ცხოვრობენ მოპასუხეები.

4. მესაკუთრემ 2014 წლის 23 ივლისს სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების, ასევე, ც. წ-ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე, პირველი მოპასუხის აწ გარდაცვლილი დედა) წინააღმდეგ მის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით (სსკ-ის 172.1. მუხლი; იხ. სარჩელი თანდართული მასალებით, ტ.1, ს.ფ. 1-28).

5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები მისი ნათესავები არიან, რომელთაც დროებით მისცა ბინაში ცხოვრების უფლება. მესაკუთრეს არ ეძლევა საკუთრებით სარგებლობის საშუალება.

6.მოპასუხეებმა, 2014 წლის 19 დეკემბერს, მოსარჩელის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი შეიტანეს და მოითხოვეს, მათ სასარგებლოდ, მესაკუთრესთან ერთად შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების - 105 000 (ას ხუთი ათასი) აშშ დოლარის 11,53%-ის შესაბამისი თანხის - 12 105 (თორმეტი ათას ას ხუთი) აშშ დოლარის, ბინაში ჩატარებული რემონტისათვის - 800 (რვაასი) აშშ დოლარისა და 6 914 (ექვსი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარის, ასევე, ბინის კომუნალური გადასახადებისათვის 3 916 (სამი ათას ცხრაას თექვსმეტი) ლარის, საერთო ჯამში, 12 906 (თორმეტი ათას ცხრაას ექვსი) აშშ დოლარის და 10 830 (ათი ათას რვაას ოცდაათი) ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება. შეგებებული სარჩელი ავტორებმა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილეს ყურადღება: ძირითადი მოსარჩელე არის მათი ნათესავი, ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული პირველი მოპასუხის დეიდა, მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის მეუღლეა. მათ თბილი ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ, ათეული წლების მანძილზე. ისინი უთითებენ, რომ ძირითად მოსარჩელესთან ერთად შეიძინეს ბინა 39 000 აშშ დოლარად, აქედან მათ 4500 დოლარი გადაიხადეს, რასაც არც ბინის მესაკუთრე უარყოფს. შეგებებული სარჩელი ავტორთა მტკიცებით, პირველი მოპასუხის ფინანსური სახსრებით კაპიტალურად გარემონტდა ბინა, რომელიც ხარჯთაღრიცხვის მიხედვით 6014 ლარს და 800 აშშ დოლარს შეადგენს. პირველი მოპასუხე, წლების მანძილზე, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. მხარეთა მტკიცებით, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ბინის ყიდვისას არსებობდა ზეპირი გარიგება, რაც საჯარი რეესტრში არ დარეგისტრირებულა (იხ. შეგებებული სარჩელი თანდართული მასალებით, ტ.1, ს.ფ. 126-200).

თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი ბინა და ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მას.

8. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბინის მესაკუთრეს, პირველი და მეორე მოპასუხეების სასარგებლოდ, დაეკისრა 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) აშშ დოლარის გადახდა. ჩატარებული რემონტის ღირებულებისა და კომუნალური გადასახადების დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 170-ე, 172-ე, 312-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესრულება და ვერ დაადასტურეს სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერი საფუძვლების არსებობა.

10. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხეები სადავო ქონებას ფლობენ კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მოპასუხეთა მიერ სადავო ბინის ფლობისას თმენის ვალდებულების არსებობას.

11. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრის აღიარების საფუძველზე (სსსკ-ის 131-ე მუხლი) დადასტურებულია, რომ მას მოპასუხეებმა 4 500 აშშ დოლარი გადასცეს (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 248), რაც სასამართლომ სესხის ხელშეკრულებად დააკვალიფიცირა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სადავო ბინის საბაზრო ღირებულების გაზრდის პროპორციულად, სესხის სარგებლით დაბრუნების თაობაზე, მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა, სასამართლომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია მხოლოდ 4 500 აშშ დოლარის დაკმაყოფილების ნაწილში.

12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს დასაშვები მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეებმა ჩაატარეს შეგებებულ სარჩელში მითითებული ღირებულების რემონტი და მესაკუთრის ნაცვლად გადაიხადეს კომუნალური გადასახადები; მართალია, მოსარჩელემ დაადასტურა ბინაში მცირე კოსმეტიკური რემონტის ჩატარება, თუმცა, განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით, ქონება სავალალო მდგომარეობაშია სწორედ მოპასუხეთა დამსახურებით (იხ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 248). სასამართლომ განმარტა, რომ კომუნალური გადასახადების მოთხოვნა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს იყო მოკლებული იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხეები სადავო ბინაში, ქირის გარეშე, 2005 წლიდან ცხოვრობდნენ.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სახელმწიფო ბაჟის - 394.20 ლარის გადაუხდელობის გამო (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გაჩინება - ტ. 2, ს.ფ. 21-22). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო პრეტენზიები წარადგინეს, ასევე, პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

14. სააპელაციო საჩივარი შემდეგ პრეტენზიებს ემყარება:

14.1. არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეები 2005 წლიდან ფლობენ მესაკუთრის სახელზე რიცხულ ქონებას, რეალურად მოპასუხეები მხოლოდ ბინის ნაწილს ფლობენ;

14.2. სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ სადავო ბინა მოპასუხეთა მართლზომიერ მფლობელობაშია და რეალურად ქონება თანასაკუთრებაა, ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხეებს არ გააჩნიათ ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1 და 3.2.2 ქვეპუნქტები - ტ.1, ს.ფ. 244). წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა სარემონტო სამუშაოების ღირებულებისა და კომუნალური გადასახადების დაკისრების ნაწილშიც;

14.3. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 976-ე, 979-ე, 987-ე და 389-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები

15.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხეთა მოთხოვნა მოსარჩელისათვის 7 606 (შვიდი ათას ექვსას ექვსი) აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 7606 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს, მოპასუხეთა სასარგებლოდ, დაეკისრა 4 500 აშშ დოლარის წლიური 4%-ის გადახდა, 2005 წლის 22 დეკემბრიდან ამ თანხის გადახდამდე, მაგრამ არაუმეტეს 7606 აშშ დოლარისა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ტ.2, ს.ფ. 83-84).

16. სასამართლომ მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობა უძრავი ნივთის თხოვებად დააკვალიფიცირა და, სსკ-ის 615-ე, 621-ე მუხლების საფუძველზე, ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.

17. სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი იყო 2005 წლის 22 დეკემბრიდან მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის ბინის ფლობა ამ უკანასკნელისავე თანხმობით. სსკ-ის 621-ე მუხლის დანაწესით, „თუ თხოვების ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო თუ მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება“.

18. სასამართლომ, სსკ-ის 317-ე მუხლზე და 987-ე მუხლზე /იმ პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს/ მითითებით, სააპელაციო საჩივარი ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მოხმობილი ნორმის თანახმად, სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მარტოოდენ ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდებოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელი იყო ურთიერთობის სსკ-ის 987-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის.

19. სასამართლომ კომუნალური გადასახადებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა უარყო სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის /უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს/ საფუძველზე;

20. შეგებებული სარჩელის ავტორთა განმარტების (2005 წლის 22 დეკემბრიდან იხდიან კომუნალურ გადასახადებს, საიდანაც მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ბინაში მცხოვრებ წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეადგენს 3916 ლარს) გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, მოპასუხეთა მოქმედება ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას წარმოადგენდა. ამასთან გასათვალისწინებელი იყო, რომ ბინაში ცხოვრობენ პირველი და მეორე მოპასუხე (ცოლ-ქმარი), მათი სამი მცირეწლოვანი შვილი, ასევე ბინაში ცხოვრობდა პირველი მოპასუხის აწ გარდაცვლილი დედა. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ კომუნალური გადასახადების გადახდა ემსახურებოდა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის ზრუნვას.

21. სასამართლომ მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ფულად ვალზე პროცენტის გადახდის (სსკ-ის 981.2-ე მუხლი) დაკისრების ნაწილში კანონიერად მიიჩნია და დააკმაყოფილა. ამ კონტექსტში სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი იყო ამ განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, მოპასუხეთა სასარგებლოდ, დაეკისრა 4500 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული.

22. სსკ-ის 981-ე მუხლის მეორე ნაწილის -“თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს“ - თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრული გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ფული განიხილება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი და მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას, გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებას, ასევე, სავარაუდო ზიანს წარმოადგენს გადასახდელი თანხის – 4500 აშშ დოლარის წლიური 4%, რომლის ათვლა უნდა დაიწყოს 2005 წლის 22 დეკემბრიდან და გაგრძელდეს ამ თანხის გადახდამდე, ამასთან, თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შეგებებული სარჩელის ავტორების მიერ მოთხოვნილ 7606 (12 106 – 4 500) აშშ დოლარს (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

საკასაციო საჩივრის საფუძვლები

23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

24. პირველმა კასატორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ. 2, ს.ფ. 88-98), ხოლო მეორე კასატორმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, მათ სასარგებლოდ, მოსარჩელისთვის 1552.36 აშშ დოლარისა და 3 916 ლარის დაკისრება.

25. მოსარჩელემ (პირველმა კასატორმა) შემდეგ საკასაციო არგუმენტებზე მიუთითა:

25.1. სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება;

25.2.სააპელაციო საჩივრით მოპასუხეები არ ითხოვდნენ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას, არც სსკ-ის 981-ე მუხლით, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით თანხის დაკისრებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 248-ე, 377-ე, 384-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას;

25.3. გაურკვეველია, როგორ გამოიანგარიშა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნული თანხა - 7606 აშშ დოლარი და საიდან განსაზღვრა წლიური 4%-ის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელეს დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს დასკვნა, რომ იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და უთითებს, რომ არასწორია სსკ-ის 981-ე მუხლის განმარტება, ამ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობა, სასამართლომ არ შეაფასა ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც გამორიცხავენ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 981-ე მუხლი და უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები. მითითებული ნორმა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძველს;

25.4. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელემ 4 500 აშშ დოლარი იმისათვის მიიღო, რომ მის სახლში ეცხოვრათ მოპასუხეებს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ კიდეც უსასყიდლოდ 2005 -დან 2015 წლამდე. შესაბამისად, 4 500 აშშ დოლარი და, დამატებით, უსაფუძვლო გამდიდრების სახით, 7606 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ზნეობრივ მოვალეობებს;

25.5. სასამართლომ არ იმსჯელა ხანდაზმულობის ვადაზე, მაშინ, როცა 2005-დან 2015 წლამდე გასულია 10 წელი;

25.6. სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განმარტება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით (იხ. სუსგ #ას-459-438-2015, 07.10.2015წ.) და ამ განმარტების შესაბამისად უნდა შეეფასებინა და დაედგინა, რომ 981-ე მუხლის მიმართაც მოქმედებს ისეთივე მტკიცების ტვირთი და მოთხოვნის დაკმაყოფილების კრიტერიუმები, როგორც მიუღებელი შემოსავლის შემთხვევაშია.

26. მოპასუხეებმა (მეორე კასატორი) შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მიუთითეს:

26.1. მოსარჩელის საკუთრებად, 2005 წლის 22 დეკემბერს, სადავო ბინის გაფორმებისას, მესაკუთრისა და მოპასუხეთა განზრახვა იყო ბინის ერთობლივი სახსრებით შეძენა და, შესაბამისად, იგი საერთო საკუთრება უნდა ყოფილიყო. მოსარჩელის სახელზე ბინის აღრიცხვა კი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ოჯახს ჰქონდა ფინანსური ვალდებულებები სხვა მესამე პირების მიმართ;

26.2. სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უნდა მიეღო. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის დათქმები: „შესრულება შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს“ და „გავიდა ხანდაზმულობის ვადა“. სადავო ბინაში მოსარჩელის თანხმობით და ნებით, მოპასუხეებმა გადაიხადეს 4 500 აშშ დოლარი, რათა ერთად შეეძინათ უძრავი ნივთი და ერთად ეცხოვრათ მასში, მან კი ყოველგვარი ზნეობის ნორმების უგულებელყოფით, მოითხოვა ამ ბინის დაცლა, თანაც ყოველგვარი საზღაურის გარეშე. ამასთან, გასულია ხანდაზმულობის ვადაც, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად. სადავო ბინა შეძენილია 2005 წლის 22 დეკემბერს, სარჩელი კი აღძრულია 2014 წელს, 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ;

26.3. მოპასუხეები უთითებენ, რომ მათი პოზიციის გაუზიარებლობისა და ხელშეკრულების ბათილად მიჩნევის შემთხვევაში, სსკ-ის 976.1- ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელისათვის ბინის დაბრუნების ვალდებულების მოპასუხეთათვის დაკისრების პირობებში, ამოქმედდება სსკ-ის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილი (იხ. ამ განჩინების 21-ე პუნქტი).

26.4. სასამართლომ მოსარჩელეს დააკისრა 4 500 აშშ დოლარის წლიური 4%-ის გადახდა, რაც არ გამომდინარეობს რაიმე ნორმატიული აქტიდან, ან ფაქტობრივი გარემოებებიდან. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ფიზიკურ პირებისათვის დეპოზიტებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები, 2005 წლის 22 დეკემბრიდან 4 500 აშშ დოლარის გადახდის დღემდე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 4 500 აშშ დოლარის 4%, 2016 წლის აპრილისათვის უტოლდება 1845 აშშ დოლარს, რაც უნდა გამოაკლდეს 3397,36 აშშ დოლარს, მიღებული სხვაობა 1552,36 აშშ დოლარს შეადგენს, რასაც მოპასუხეები ითხოვენ მოსარჩელისაგან;

26.5. მცდარია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ ზნეობრივი არ იყო კომუნალური ხარჯების მოთხოვნა, ვინაიდან მოპასუხეები ქირის გარეშე ცხოვრობდნენ სადავო ბინაში. მოსარჩელეს არ მოუთხოვია ბინის ქირა, რომ სასამართლოს აღნიშნული კომუნალური გადასახადის თანხა მასში ჩაეთვალა. კომუნალური გადასახადების გადახდის მოთხოვნა შეესაბამება სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს. მოპასუხეები უთითებენ, რომ მათ გადაიხადეს მოსარჩელის წილი კომუნალური გადასახადები 3 016 (სამი ათას თექვსმეტი) ლარი;

26.6. მტკიცებულებების წარდგენის მიუხედავად, სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა რემონტის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხის უკმარისობის გამო.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 1 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო ისინი დასახელებული ნორმის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის, საქმის მასალების შესწავლის, მტკიცებულებათა შეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი საკასაციო განაცხადები და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგი არგუმენტაციით:

28.სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრების ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არცერთ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და ქვემოთ იმსჯელებს თითოეული საკასაციო განაცხადის უარყოფის საფუძვლებზე.

29.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ დავაში სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადგინა და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა ურთიერთობას, რომელიც თხოვების სამართლებრივ ნორმებს (სსკ-ის 615-ე და 621-ე მუხლები) და კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგებს უკავშირდება.

30. პირველ კასატორს (მოსარჩელე, ბინის მესაკუთრე) არაკვალიფიციური შედავება აქვს წარმოდგენილი. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი სასამართლო გასცდა აპელანტთა (შეგებებულ მოსარჩელეთა) მოთხოვნის ფარგლებს (სსსკ-ის 248-ე მუხლი), რადგან სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

31. ბინის მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასკვნები დასაბუთებულია. პირველი კასატორის მიერ, ბინის შეძენისას, 4500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი მოპასუხეთაგან დადასტურებული აქვთ ქვემდგომ სასამართლოებს, რასაც ძირითადი მოსარჩელეც აღიარებს (იხ. ამ განჩინების 2,6,11 პუნქტები, ასევე, სააპელაციო სასამართლოს 10.12. 2015წ. სხდომის ოქმი17:11:29-17:29:02 ).

32. პირველი კასატორის პრეტენზია აპელანტთა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე (იხ. ამ განჩინების 24.5 ქვეპუნქტი) დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც მოსარჩელის მიერ მითითებულ, ისე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მართებულად დადგენილ ფაქტებს, რადგან მოსარჩელისათვის მოპასუხეთა (შეგებებული მოსარჩელეების) სასარგებლოდ დაკისრებული თანხა კონდიქციურ მოთხოვნას ემყარება. ამავე საფუძვლით, უარყოფილია კასატორის 24.6 ქვეპუნქტში მითითებული პრეტენზია, რადგან ამ უკანასკნელისათვის სასამართლოს არ დაუკისრებია მიუღებელი შემოსავალი (სსკ-ის 411-ე მუხლი), შესაბამისად, მოსარჩელის მიერ პოზიციის გასამყარებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) მითითება არარელევანტურია.

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ შეგებებული სარჩელის ავტორთა (აპელანტთა) ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე, რაც პირველი კასატორის პრეტენზიას დაედო საფუძვლად, ამ უკანასკნელს არ აქვს წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცება, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა.

34. სსკ-ის 981.2-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე (იხ. ამ განჩინების 21-ე პუნქტი), სრულიად ცალსახაა, რომ მოსარჩელემ, რომელმაც მოპასუხეთაგან მიიღო 4500 აშშ დოლარი, იმთავითვე იცოდა, რომ ბინის შესაძენად ნათესავებისაგან მიღებული თანხით, ეს უკანასკნელები ვერ გახდებოდნენ უძრავი ქონების მესაკუთრეები. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების წინაპირობები დადგენილია სსკ-ის 183-ე მუხლით, რომლის თანახმად: „უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“, ხოლო სსკ-ის 312.1-ე მუხლით „რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა“.

35.სსკ-ის 981.2-ე მუხლი სამართლებრივი სიკეთის (4500 აშშ დოლარის სახით მიღებული ქონების) მიმღების (ამ შემთხვევაში მოსარჩელის), კუთვნილი ნორმაა, რომელიც კონკრეტულ უძრავ ქონებას, მისი ღირებულების გათვალისწინებით, ვერ შეიძენდა მოპასუხეთაგან მიღებული თანხის გარეშე. ამ უკანასკნელებმა კი, თავის მხრივ, უსაფუძვლოდ, ვალდებულების გარეშე გადაიხადეს თანხა, რადგან მოსარჩელისათვის გადაცემული ფულის სანაცვლოდ მათ არ მოუპოვებიათ საკუთრების უფლება უძრავი ქონების ნაწილზე. რაც შეეხება მიღებული თანხის - 4500 აშშ დოლარის გარდა, პროცენტის დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო იზიარებს ამ განჩინების 21-ე პუნქტში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნას, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია ასახული და ფულის, როგორც სამოქალაქო ბრუნვის ობიექტის, განსაკუთრებულ თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას აპელანტთა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთებისას.

36.მითითებული მოტივაციით პირველი კასატორის პრეტენზია უარყოფილია და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

37. მეორე კასატორთა პრეტენზიის (იხ. ამ განჩინების 25.1-25.2 ქვეპუნქტები) საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 183-ე და 312-ე მუხლებზე, რომელთა შესახებ მსჯელობა და დასკვნები ასახულია 33-34 პუნქტებში. ამდენად, კასატორთა მტკიცება მოსარჩელისათვის გადაცემული 4500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, თანამესაკუთრის უფლების წარმოშობაზე, ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც უძრავი ნივთებისათვის დადგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ 6-წლიან ვადაზე მითითება (სსკ-ის 129.1-ე მუხლი), რადგან მოპასუხეთა მოთხოვნა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ვერ დაეფუძნება უძრავ ნივთზე საკუთრების მოპოვების წინაპირობებს. რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტთა (მოპასუხეთა) ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ მოთხოვნას, რაზედაც საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი (იხ. ამ განჩინების 25.3-25.4 ქვეპუნქტები) დაუსაბუთებელია, რადგან სააპელაციო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას, ქვემდგომმა სასამართლომ, სსკ-ის 981.2-ე მუხლის წინაპირობების შემოწმების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და წლიური 4 % სამართლიანად განსაზღვრა წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტში ასახული დასაბუთებით, რითაც დაცულია სააპელაციო მოთხოვნის ფარგლები (სსსკ-ის 248-ე მუხლი).

38. კასატორის პრეტენზია კომუნალური ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრებაზე (იხ. ამ განჩინების 25.5 ქვეპუნქტი) დაუსაბუთებელია და უარყოფილია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, რაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას და სამართლებრივ წინაპირობებს ეფუძნება (იხ. ამ განჩინების მე-19 პუნქტი).

39. ზემოხსენებული მოტივაციით, უარყოფილია ორივე საკასაციო განაცხადი და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

40. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე მითითებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ი. ი-ისა და მ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

4. ი. ი-ისა და მ. წ-ის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

5. ლ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9 ივნისის განჩინებით გადავადებული, სახელმწიფო ბაჟის, 380.3 (სამას ოთხმოცი აშშ დოლარი და ოცდაათი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, გადახდა;

6. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე