საქმე №ა-2007-შ-50-2016 31 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. (ვ.) ბ-ო
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი)
დავის საგანი – სესხის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. უკრაინის, პოლტავის ოლქის, ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ვ. (ვ.) ბ-ოს სარჩელი ზ. ი-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ი-ს ვ. (ვ.) ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულენიდან გამომდინარე თანხის _ 30 000 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული კურსის შესაბამისად შეადგენდა 630 156 გრივნის ეკვივალენტს, მასვე 2015 წლის იანვრიდან მაისამდე დაეკისრა სესხის წლიური 3%-ის _ 6 847,03 გრივნისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 3 062,26 გრივნის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. (ვ.) ბ-ომ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე, საქმის სხვა მასალებით ირკვევა შემდეგი:
3.1. მოპასუხის ადგილსამყოფელი საქართველოშია;
3.2. სასამართლო სხდომაზე ზ.ი-ი განმეორებით არ გამოცხადდა, თუმცა მხარე უკრაინული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე, მასვე ჩაბარდა სარჩელის ასლი;
3.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, 2015 წლის 18 აგვისტოდან შესულია კანონიერ ძალაში, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან ექვემდებარება აღსრულებას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ივნისის განჩინებით ვ.ბ-ოს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ვ. (ვ.) ბ-ოს შუამდგომლობა უკრაინის, პოლტავის ოლქის, ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. უკრაინის, პოლტავის ოლქის, ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ვ. (ვ.) ბ-ოს სარჩელი ზ. ი-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ი-ს ვ. (ვ.) ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულენიდან გამომდინარე თანხის _ 30 000 აშშ დოლარის გადახდა, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული კურსის შესაბამისად შეადგენდა 630 156 გრივნის ეკვივალენტს, მასვე 2015 წლის იანვრიდან მაისამდე დაეკისრა სესხის წლიური 3%-ის _ 6 847,03 გრივნისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 3 062,26 გრივნის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. (ვ.) ბ-ომ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე, საქმის სხვა მასალებით ირკვევა შემდეგი:
3.1. მოპასუხის ადგილსამყოფელი საქართველოშია;
3.2. სასამართლო სხდომაზე ზ.ი-ი განმეორებით არ გამოცხადდა, თუმცა მხარე უკრაინული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილი თაობაზე, მასვე ჩაბარდა სარჩელის ასლი;
3.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, 2015 წლის 18 აგვისტოდან შესულია კანონიერ ძალაში, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ამასთან, ექვემდებარება აღსრულებას.
4. საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული გარემოებების სამართლებრივად შეფასებამდე ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საკითხის გადაწყვეტისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ საერთაშორისო კომპტენციის საკითხზე, რომლის შემოწმებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატის ვალდებულებაა. საერთაშორისო კომპეტენციის საკითხს ადგენს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-8 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს და საქართველოს საერთო სასამართლოების უფლებამოსილებას, განიხილონ საქმე, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ზ.ი-ისათვის შეტყობინების ჩაბარების მცდელობისას გამოარკვია შემდეგი: ზ. ა-ის ძე ი-ი არ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა უკრაინის მოქალაქის პასპორტის მონაცემებით, თუმცა მოწინააღმდეგე მხარეს გააჩნია საცხოვრებელი საქართველოში, იგი რეგისტრირებულია მისამართზე: თელავი, სოფელი ა., მე-10 ქუჩა #15 (იხ. სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის წერილი), შესაბამისად, ამ მისამართზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაგზავნილი საკასაციო სასამართლოს კორესპოდენცია ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის ქმედუნარიან წევრს, დედას (სსსკ-ის 74-ე მუხლი), ამდენად, ვინაიდან მოხერხდა მხარის ინფორმირება, რომელსაც საქართველოში რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი გააჩნია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წინამდებარე შუამდგომლობის განხილვის საერთაშორის კომპეტენცია გააჩნია.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ის ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ზ.ი-ისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. (ვ.) ბ-ოს შუამდგომლობა უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილების (დაუსწრებელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი), რომლითაც ზ. ი-ს ვ. ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 30 000 აშშ დოლარის (რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული კურსის შესაბამისად, წარმოადგენდა 630 156 გრივნის ეკვივალენტს), 2015 წლის იანვრიდან მაისამდე სესხის წლიური 3%-ის _ 6 847,03 გრივნისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 3 062,26 გრივნის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე