საქმე №ას-834-800-2016 28 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ლ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ-ია“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ვ-იამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გ. ზ-ისა და ლ. ც-ის მიმართ აღძრული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველსაყოფად და მოითხოვა ლ. ც-ის კუთვნილ ქ.თბილისში, ლ-ის 6-ში მდებარე #212 სახლზე (ს/კ #...) ყადაღის დადება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ლ.ც-ის კუთვნილ ზემოხსენებულ უძრავ ქონებას.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ლ. ც-ემ და მოითხოვა 2016 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად უთხრა თუ არა სააპელაციო სასამართლომ ლ. ც-ეს უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2016 წლის 21 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე ლ.ც-ის მიერ წარდგენილ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. არც საჩივარი და არც საქმეში წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია (სსსკ-ის 46-ე მუხლი).
3. ვინაიდან საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დაუნიშნა საჩივრის ავტორს ხარვეზი, რომელიც, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 29 ივლისს სატელეფონო შეტყობინების გზით ჩაბარდა საჩივრის ავტორს.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით დადგენილი 3-დღიანი საპროცესო ვადა, რომლის დენა ამავე წლის 30 ივლისს დაიწყო, ამოიწურა 1 აგვისტოს, სამუშაო დღეს (სსკ-ის 60.2 მუხ).
5. უდავოა, რომ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ც-ის საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისისა და 5 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე