Facebook Twitter

საქმე №ას-976-940-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, დავალიანების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ. ს-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანისა და მოსარჩელის ძირითადი ვალდებულების 45 000 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლოს _ 700,76 აშშ დოლარით განსაზღვრის მოთხოვნით. სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქმეზე სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო სააღსრულებო ფურცლისა და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით სააპელაციო პალატამ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაავალა ნოტარიუს ე. შ-ის მიერ 2016 წლის 29 ივნისს გაცემული #... სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რელიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან კრედიტორის (მოპასუხე) მოთხოვნის (სესხის ძირითადი თანხის 45 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 700,76 აშშ დოლარის, ასევე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის 321,54 ლარის), ასევე, კანონით გათვალისწინებული სხვა ხარჯებისა და საფასურის დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 7 899,24 აშშ დოლარის ოდენობით, სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე, განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და მხარეებს განემარტათ, რომ განჩინებაზე დაიშვებოდა საჩივრის შეტანა მისი ასლის მოპასუხისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

4. სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების (საჩივრის) სრულად დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაუშვებლობის მოტივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის საფუძველზე გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

2.1. მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ და არ დააკმაყოფილა იგი, ამასთანავე, ამავე სასამართლომ არც მოსარჩელის მიერ ამ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი დააკმაყოფილა და იგი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს;

2.2. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რასაც ასევე არ დაეთანხმა საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) და კვლავ საჩივარი წარადგინა მასზე;

2.3. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებალდ მიიჩნია იმ დასაბუთებით, რომ მან, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპებისა და საპროცესო ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი და დააკმაყოფილა იგი ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად კი, მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილება მიანიჭა მოწინააღმდეგე მხარეს, რათა მის მიმართ არ დარღვეულიყო თანასწორობის პრინციპი.

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საჩივრის ფარგლებში მიღებული განჩინების კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობა შეიძლებოდა მას თუნდაც მოწინააღმდეგე მხარისათვის მიენიჭებინა, რადგანაც ამგვარ შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელო ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები, კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მითითებითი ნორმაა და პროცესუალური შედეგის განმსაზღვრელად მიიჩნევს 419-ე მუხლს, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

4. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო საჩივრის/განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში, შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო. მოხმობილი მსჯელობის საპირისპიროდ ვერ გამოდგება სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობასა თუ მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელების შესახებ, რადგანაც სააპელაციო პალატის შეფასებები და დასკვნები ამ შემთხვევაში ემყარება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (რომელიც თავის მხრივ, დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ერთ, ისე _ მეორე შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება დაასაბუთა სახელმწიფო ბაჟის გადახდის, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და არა სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭების ჭრილში (იხ. სააპელაციო პალატის მიერ მოხმობილი პრაქტიკა, სუსგ-ებები №ას-30-30-2016; №ას-1161-1106-2014).

5. საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით პალატა კვლავ დაუბრუნდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო 1971.3 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. მაგ: სუსგ №ას-625-597-2016, 29 ივლისი, 2016 წელი).

6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს სწორად უთხრა უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე, რაც მიღებული განჩინების უცვლელად დატოვების წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 სექტებრისა და 10 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი