Facebook Twitter

საქმე №ას-959-924-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ვ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ე (მოსარჩელე)

თანამოპასუხეები _ ნ. ნ-ე, ნ. ა-ე, ზ. ა-ე, ნ. ვ-ი, პ. ვ-ი, ნ.ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მესაკუთრე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ის, ნ. და ზ. ა-ეების, ნ., პ., ა. ვ-ებისა და ნ. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები ან მფლობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ა.ხ-ას ქ#2-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და ნივთის უკანონოდ ფლობის გამო სარჩელის აღძვრამდე 15 500 ლარის, ასევე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ქონებაზე უფლება მოსარჩელეს უკანონოდ აქვს მოპოვებული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო თანხის დაკისრების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ვ-მა და ნ.ლ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით, დადგენილ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ვ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საპროცესო ვადის აღდგენა.

6.2. 2016 წლის 30 მარტს კერძო საჩივრის ავტორმა ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება. მხარის განმარტებით, იგი აცნობიერებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობას, თუმცა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 14-დღიანი ვადაში მან ხარვეზის გამოსწორება ვერ უზრუნველყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების საკითხი. ამ თვალსაზრისით კი, პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კერძო საჩივრის ავტორმა;

1.2.2. სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2016 წლის 6 იანვრის გამჩინებით აპელანტების: ა.ვ-ისა და ნ.ლ-ის სააპელაციო საჩივარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაუდგინა ხარვეზი და აპელანტებს დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღით და ამომწურავად განიმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები;

1.2.3. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორმა, როგორც საკუთარი სახელით, ისე _ მეუღლე ნ.ლ-ისათვის გადაცემის მიზნით პირადად ჩაიბარა 2016 წლის 30 მარტს. ეს გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით და მას სადავოდ არ ხდის მხარე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა.ვ-ისათვის შეტყობინების ჩაბარება კანონით დადგენილ წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილს შეესაბამება, რაც საპროცესო მოქმედების განხორციელების საკმარისი საფუძველია;

1.2.4. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 31 მარტს და რადგანაც ვადის უკანასკნელი დღე _ 13 აპრილი იყო კვირა, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 14 აპრილს. აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ქვემდგომმა სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

1.4. საკაასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი, მართალია, დასაშვებად მიიჩნევს საპროცესო ვადის აღდგენას, თუმცა, ამ საპროცესო საშუალების გამოყენება არ არის შეუზღუდავი, ნორმის დისპოზიციის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი, განსაზღვრავს, რომ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. განსახილველ შემთხვევაში, არა თუ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის, არამედ, რაიმე თუნდაც სუბიექტური მიზეზის მითითებას კერძო საჩივარი არ შეიცავს, რის გამოც პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს საპროცესო ვადის აღდგენის საკითხი.

1.5. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე მითითებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი