№ას-1231-1154-2015 31 მაისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ხ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა „ო.მ.“, მ.ლ. (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - მოწინააღმდეგე მხარის მ.ლ–ის წარმომადგენელი დ.ბ.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ამხანაგობის წევრად აღიარებისა და უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებისა და ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1992 წელს ქ.ბათუმში, ..... შეიქმნა ფირმა (ინდივიდუალური ბინათმშენებლობა) „ზ–ო“, (მისი უფლებამონაცვლე შემდგომში გახდა ბინათმშენებლობის ფირმა „ე.“, შემდეგში: სამშენებლო ფირმა), რომლის მიზანს წარმოადგენდა ექვსსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა და შემდგომ ამხანაგობის წევრებზე განაწილება {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 930-ე მუხლი}. მშენებლობა მიმდინარეობდა სათანადო ნებართვის გარეშე, ანუ უკანონოდ.
2. 2005 წლის მონაცემებით სამშენებლო ფირმის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა ტ. თ–ს, ხოლო 2009 წლის 17 იანვრიდან კი, ახლადშექმნილი ამხანაგობის თავმჯდომარეა ა.თ–ძე.
3. აღნიშნული სამშენებლო ფირმის წევრი იყო ლ.ხ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ძმა ლ. ხ. (შემდეგში: მოსარჩელის ძმა), რომელმაც მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპზე, საცხოვრებელი ბინის დასრულებამდე განცხადებით მიმართა ფირმის წევრებს და მისი კუთვნილი წილის გასხვისებაზე თანხმობის გაცემა ითხოვა {სსკ-ის 933-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
4. 2006 წლის 28 თებერვლის საერთო კრებაზე ფირმის წევრები განმცხადებლის მითითებულ თხოვნას დაეთანხმნენ (იხ.ტ1. ს.ფ.271).
5. 2006 წლის 28 თებერვალს ვ.მ. (შემდეგში: შემძენი, მყიდველი), 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, სამშენებლო ფირმაში მოსარჩელის ძმის წილი შეისყიდა; მასთან გაფორმდა ხელშეკრულება ბინის ნასყიდობის თაობაზე, ხოლო ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ....... მდებარე მშენებარე ექვსსართულიანი სახლი, რომელიც შედგება 3, ოთახიანი საცხოვრებელი ბინისაგან და განაწილებულია 2 სადარბაზოში {სსკ-ის 198-ე და 199-ე მუხლის პირველი ნაწილები} .
6. წილის შემძენი 2009 წელს სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მან ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება გადასცა მეუღლეს მ.ლ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე).
7. 2009 წლის 17 იანვარს შედგა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ო.მ–ის“ (შემდეგში მეორე მოპასუხე, ამხანაგობა) საინიციატივო ჯგუფის საერთო კრება და დაიდო ერთობლივი საქმიანობის წერილობითი ხელშეკრულება ამხანაგობის დაფუძნების თაობაზე (სსკ-ის 931-ე მუხლი), რომელიც ბინათმშენებლობის, ფირმა „ე–ს“, უფლებამონაცვლე გახდა.
8. ამხანაგობის ძირითადი მიზანი იყო ქ.ბათუმში, მ. ს–სა და ა.თ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალბინიანი მშენებლობის, დაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის, ლეგალიზების მიზნით, გარკვეული დოკუმენტაციის მოპოვება და მომზადება, ისეთი მოქმედებების ერთობლივად განხორციელება, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედებოდა საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღებასა და ამხანაგობის წევრთა საკუთრების უფლების მოპოვებას კონკრეტულ, კრებით განსაზღვრულ ბინებზე, ასევე - ამხანაგობის წევრთა საბინაო-საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
9. ამხანაგობა დაფუძნდა 49 წევრის მონაწილეობით, მათ შორის იყო პირველი მოპასუხეც. მოსარჩელე კი, ამხანაგობის წევრი არ გამხდარა.
10. ამხანაგობის წევრებმა: მ.ს–მა და ა.თ–მ ამხანაგობაში ქ. ბათუმში, ....... მდებარე 1047 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიტანა {სსკ-ის 931-932-ე მუხლები}.
11. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, პირველ მოპასუხეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობით ლეგალიზების შემდეგ, უნდა გადასცემოდა სადარბაზოში, მე-2 სართულზე 88.3 კვ.მ ბინა N6 (შემდეგში: სადავო ბინა).
12. ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 11 მაისის N... ბრძანებით, ლეგალიზებულ იქნა სადავო, უნებართვოდ აშენებული ობიექტი, 5034 კვ.მ საერთო ფართით, რომელიც აღირიცხა ამხანაგობის სახელზე.
13. ამხანაგობის საერთო კრების 2010 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა სადავო ბინა.
14. 2010 წლის 3 ივნისს საჯარო რეესტრში სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა პირველი მოპასუხის სახელზე.
15. სადავო საცხოვრებელ ბინაში დღემდე ცხოვრობს მოსარჩელის დედა ლ.ქ–ძე და პერიოდულად, თავად მოსარჩელეც, რომელიც 2013 წლის აპრილიდან ირიცხება შპს „ბ. წ–ის“ აბონენტად.
16. 2014 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მან 2010 წლის 17 იანვრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ამხანაგობის წევრად შეყვანილ იქნა პირველი მოპასუხე და განისაზღვრა მისთვის სადავო ფართის გადაცემა. მანვე მოითხოვა ამხანაგობის 2010 წლის 20 მაისის კრების ოქმის მე-6 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც პირველ მოპასუხეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება და, აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრის მონაცემებში სათანადო ცვლილების შეტანა. სარჩელი დამყარებული იყო შემდეგ ფაქტებზე:
16.1. სადავო ბინას 2009 წლამდე აშენებდა ბინათმშენებლობის ფირმა, რომლის უფლებამონაცვლეა მეორე მოპასუხე. ის ამ სამშენებლო ფირმის წევრი იყო. მას საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ამჟამად პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული ბინა.
16.2. ამხანაგობის (მეორე მოპასუხის) შექმნამდე ის ოჯახთან ერთად ათეული წლები ცხოვრობდა სადავო ბინაში, რომელიც გაარემონტა და დღემდე იხდის კომუნალურ გადასახადებს.
16.3. ამხანაგობამ პირველი მოპასუხე უკანონოდ ცნო ამხანაგობის წევრად, და, ასევე უკანონოდ გადასცა მას საკუთრებაში სადავო ბინა, რომელიც, სინამდვილეში, ამხანაგობას მისთვის უნდა გადაეცა.
17. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი.
18. პირველი მოპასუხის შესაგებელი ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს:
18.1. მოსარჩელე ამხანაგობის წევრი და სადავო ბინის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მესაკუთრეს საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი ფართი, არ შეესაბამება რეალობას.
18.2. ამხანაგობის წევრი უნდა ყოფილიყო არა მოსარჩელე, არამედ მისი ძმა, მაგრამ მან არ გადაიხადა თავისი წილის შესაბამისი თანხა ამხანაგობაში, რის გამოც დაკარგა უფლება, გამხდარიყო ამხანაგობის წევრი და მოეპოვებინა ფართზე საკუთრების უფლება.
19. მეორე მოპასუხის შესაგებელი დასაბუთებული იყო შემდეგნაირად:
19.1. სადავო მშენებარე ფართი თავდაპირველად წარმოადგენდა კოოპერატივ „ზ–ოს“ საკუთრებას, შემდეგში სამშენებლო ფირმას ეწოდა ბინათმშენებლობის ფირმა „ე.“, რომლის წევრადაც ირიცხებოდა მოსარჩელე. მას ნაკისრი ჰქონდა შენატანის გადახდის ვალდებულება; 2006 წელს მან განცხადებით მიმართა საზოგადოებას თავისი წილი ბინის გაყიდვის თაობაზე, რაზეც ამხანაგობისგან თანხმობა მიიღო. ამის შედეგად 2008 წელს მან თავისი უფლება ბინაზე მყიდველზე გაასხვისა და გავიდა სამშენებლო ფირმიდან. შემძენმა (ვ.ჟ.) სრულად გადაიხადა ბინის ნასყიდობის თანხა - 10 000 აშშ დოლარი. სამშენებლო ფირმის უფლებამონაცვლე 2009 წელს გახდა მეორე მოპასუხე. უკანონო მშენებლობის ლეგალიზების დროისათვის ამხნაგობის წევრად მოსარჩელე არ ირიცხებოდა. შესაბამისად, ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია.
20. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელის უარყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოსარჩელის აღიარებით მოთხოვნას იურიდიული ინტერესი არ გააჩნდა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 180-ე მუხლი}.
21. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მიუთითა:
21.1. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, მოსარჩელის მიერ სადავო ბინის გასხვისების ფაქტი. ვინაიდან, საქმე ეხებოდა უძრავ ქონებას, გარიგება უნდა დამოწმებულიყო სანოტარო წესით, რასაც იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებდა, მოპასუხემ კი, ასეთი სახის ხელშეკრულება სასამართლოში ვერ წარმოადგინა, ასევე, ვერ წარმოადგინა მოსარჩელის, და მისი ძმის დაწერილი განცხადება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2006 წელს მათ გამოხატეს ბინის გასხვისების ნება.
21.2. პირველ მოპასუხეს ბინის შესაძენად რაიმე სახის შენატანი არ განუხორციელებია. სასამართლომ არასწორად შეაფასა შემძენის მიერ პირველი მოპასუხის მიმართ გაცემული მინდობილობებიც. მან არ შეაფასა შემდეგი გარემოება: მეორე მოპასუხე შესაგებელში ადასტურებს, რომ მოსარჩელე იყო სამშენებლო ფირმის წევრი, რომელსაც გადახდილი ჰქონდა ბინის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე ვერ დაიწყებდა მტკიცებას, რომ მოსარჩელემ ბინა გაასხვისა. სასამართლომ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსარჩელე წლების მანძილზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო ფართში და აღრიცხულია ელექტროენერგიის გადამხდელ აბონენტად.
22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
23. პალატის განმარტებით, ერთობლივ საქმიანობაში ამხანაგობის წევრის მონაწილეობა უკავშირდება მის მიერ ამხანაგობის მიზნის მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებების შექმნაში (შენატანის შეტანა) სავალდებულო მონაწილეობას, ამგვარი მონაწილეობს გარეშე კი, ამხანაგობის წევრად მიღებას ფორმალური ხასიათი აქვს და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, რაც შეეხება ამხანაგობის წევრთა წილის განსაზღვრას ამხანაგობაში, აღნიშნული მხარეთა შეთანხმების საგანია და დამოკიდებული არ არის მხოლოდ შენატანის ოდენობაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა, იმისათვის, რომ მოსარჩელე მიჩნეული იყო ამხანაგობის წევრად, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება ამხანაგობაში მისი გაერთიანებისა და შენატანის შეტანის თაობაზე. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელ ბინაში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი და ელექტროენერგიის მომხმარებლად რეგისტრაცია არ ადასტურებდა მის წევრობას და ამ წევრობისათვის შენატანის განხორციელების ფაქტს.
24. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაზე აღძრული იყო აღიარებითი სარჩელი, შესაბამისად, დავის გადაწყვეტით სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი უნდა უკავშირდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენას, აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს იმ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენას, რომელიც სადავოა მხარეთა შორის, მოსარჩელემ კი, ვერ დაადასტურა ამხანაგობაში შენატანის განხორციელება და რაიმე ფორმით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა სადავო გარიგების ბათილად ცნობის ნამდვილი იურიდიული ინტერესი.
25. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
25.1. სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს იხელმძღვანელა სამშენებლო ფირმის 2006 წლის 28 თებერვლის კრების ოქმით, რომლის ასლი წარმოადგინეს სასამართლოში, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის გაზიარებით სასამართლომ უგულვებელყო სსსკ-ის 135-ე მუხლის მოთხოვნა წერილობითი მტკიცებულების დედნის სახით წარდგენის თაობაზე.
25.2. მოსარჩელის სარჩელზე ამხანაგობის პასუხში, შესაგებელში, მითითებულია, რომ სადავო მშენებარე ფართი წარმოადგენდა „ზ–ს“, შემდეგში სამშენებლო ფირმის საკუთრებას, რომლის წევრადაც ირიცხებოდა მოსარჩელე. მეორე მოპასუხეს ზემოხსენებული ჩანაწერი არ გაუქარწყლებია სსსკ-ის 133-ე მუხლით დადგენილი წესით, მართალია, ამხანაგობის თავმჯდომარე შემდგომ განმარტავდა, რომ სამშენებლო ფირმის წევრი იყო მოსარჩელის ძმა, მაგრამ ამის დასადასტურებლად მას მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.
25.3. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის ან მისი ძმის მიერ ბინის გასხვისებას ან ფულის მიღებას, საქმეში დაცული არაა წერილობითი განცხადებაც, მოსარჩელის საზოგადოებიდან გასვლის თაობაზე ნების გამოვლენის შესახებ.
25.4. რაც შეეხება მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, ამ მხრივ საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე, რადგან საცხოვრებელი სახლი უკანონოდ აშენდა, რომელშიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ ადამიანები და გადახდილი ჰქონდათ ფართის ღირებულება. სწორედ აღნიშნული მიზნით განხორციელდა უკანონოდ აშენებული სახლის ლეგალიზება, რათა მათ მფლობელებს საკუთრებაში გადასცემოდათ კუთვნილი ფართები, ამ მიზნით შეიქმნა ამხანაგობაც, მაგრამ, მოსარჩელის ნაცვლად, ამხანაგობის თავმჯდომარემ ამხანაგობის წევრად შეიყვანა პირველი მოპასუხე, რომელსაც უკანონოდ გადასცა საკუთრებაში კასატორის კუთვნილი ფართი. შესაბამისად, გამოიკვეთა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უძრავი ქონების ნასყიდობასთან დაკავშირებული ნორმები.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
27. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უარყოფის თაობაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა.
29. კასატორის მთავარი პრეტენზია შემდეგია: მას, როგორც სამშენებლო ფირმის წევრს, უფლება ჰქონდა, საკუთრებაში მიეღო სადავო ბინა, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლე, ანუ მეორე მოპასუხე, არ იყო უფლებამოსილი, მისი თანხმობის გარეშე, 2010 წლის 20 მაისის კრების გადაწყვეტილებით, სადავო ბინა გადაეცა პირველი მოპასუხისათვის. ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ გასაგებად ვერ წარმოადგინა, რომ 2009 წლის 17 იანვრის მონაცემებით, როცა დაფუძნდა ახალი ამხანაგობა (მეორე მოპასუხე), ის ნამდვილად წარმოადგენდა სამშენებლო ფირმის წევრს და გააჩნდა სადავო ბინაზე მოთხოვნის უფლება {სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი}. მოთხოვნა ეს არის პირის (კრედიტორის) უფლება სხვა პირისაგან (მოვალისაგან) მოითხოვოს რაიმე ქმედების (მოქმედება/მოქმედებისაგან თავის შეკავება) შესრულება სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე {სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი}. შესაბამისად, მოსარჩელეს პირველ რიგში, უნდა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი დასაშვები მტკიცებულება, რომ სამშენებლო ფირმასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა და მას ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ფირმის მიმართ ამხანაგობის შექმნის დროისათვის (2009 წლის 17 იანვარს) გააჩნდა სადავო ბინის მისთვის გადაცემის, ანუ შესრულების მოთხოვნის უფლება.
30. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის ამხანაგობის წევრად მიჩნევისათვის უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება ამხანაგობაში მისი გაერთიანებისა და შენატანის შეტანის თაობაზე. მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელ ბინაში მოსარჩელის ცხოვრების ფაქტი და ელექტროენერგიის მომხმარებლად რეგისტრაცია არ ადასტურებდა მის წევრობას და ამ წევრობისათვის შენატანის ფაქტს.
31. საკასაციო პალატა განმარტავს,რომ ამხანაგობა (საერთო საქმიანობა) მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზნის მისაღწევად პირთა გაერთიანებაზე აგებული ურთიერთობაა და ის მოითხოვს მისი მონაწილეებისაგან ისეთ მოქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთო მიზნის რეალიზაციას {სსკ-ის 930-ე მუხლი}, აქედან გამომდინარე, ის, როგორც მრავალმხრივი გარიგება, წარმოადგენს რთულ სამართლებრივ კონსტრუქციას. საერთო მიზანი ლეგიტიმური და მიღწევადი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით, პალატა იშველიებს საკასაციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეზე განვითარებულ მსჯელობას: „ამხანაგობის ხელშეკრულება, მსგავსად ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისა, მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებაა და იგი დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმის დაცვით (სკ-ის 327.1 მუხლი). მართალია, სამოქალაქო კოდექსი ადგენს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც სამართალსუბიექტებს არა მარტო ხელშეკრულების დადების, არამედ ამ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის დისკრეციას ანიჭებს, თუმცა ეს პრინციპი არ არის აბსოლუტური და იგი ლეგიტიმურ ბოჭვას სწორედ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაში პოვებს, კერძოდ, ხელშეკრულება კანონის ფარგლებში უნდა იყოს დადებული და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. სახელშეკრულებო დავის განხილვისას სასამართლოს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ხელშეკრულებაში გადმოცემული მხარეთა რეალური ნების დადგენა, მისი შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან და სწორედ ამ გზით უნდა დადგინდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძლიანობა“ ის სუსგ საქმე #ას-1003-964-2014, 17 დეკემბერი 2015 წელი.
32. 2009 წლის იანვრამდე არსებული სამშენებლო ფირმა, თავის დროზე ხარვეზით იყო შექმნილი, რადგანაც დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ...... მ.ს–სა და ა.თ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობას უნებართვოდ ახორციელებდა და, აქედან გამომდინარე, მიზნის მიღწევა თავიდანვე შეუძლებელი იყო, რადგანაც სამშენებლო ფირმის მონაწილეებს არ გააჩნდათ უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენდა მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს {იმ დროისათვის მოქმედი „მშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ პუნქტი, და მე-5-7 მუხლები); მხოლოდ მოგვიანებით, ახალჩამოყალიბებული ამხანაგობის პირობებში, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2010 წლის 11 მაისის N.. ბრძანებით, ლეგალიზებულ იქნა სადავო, უნებართვოდ აშენებული ობიექტი, საერთო ფართით 5034 კვ.მ, რომელიც აღირიცხა ამხანაგობის სახელზე.
33. ამრიგად, რადგანაც სამშენებლო ფირმას თავისი საქმიანობისათვის ესაჭიროებოდა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა, მოსარჩელეს, მისი სამშენებლო ფირმის საქმიანობაში მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, 2009 წლის 17 იანვრისათვის ვერ ექნებოდა საკუთრებაში გადაცემის თაობაზე იურიდიული ძალის მქონე, ანუ ნამდვილი მოთხოვნა ვერც ფირმის და ვერც ახალშექმნილი ამხანაგობის მიმართ {სსკ-ის 99.1 და 101-ე მუხლები}.
34. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივად მნიშვნელოვანი აღარაა და საქმის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორის ის პრეტენზიები, რომლებიც აღნიშნულია წინამდებარე განჩინების 25.1. და 25.2 პუნქტებში.
35. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას მოსარჩელის მიერ მხოლოდ აღიარებითი ხასიათის სარჩელის აღძვრის თაობაზე, რადგანაც ის იმავდროულად აყენებდა მიკუთვნებით მოთხოვნასაც - საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის სახით, ანუ სადავო ბინაზე პირველი მოპასუხის საკუთრების გაუქმებასა და ბინის მის სახელზე აღრიცხვას მოითხოვდა, თუმცა, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მის ამ მოთხოვნასაც არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
36. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სსსკ-ის 393,394-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3 და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა,
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე