Facebook Twitter

№ას-90-86-2016 19 აპრილი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ს.ქ.ე.ს. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –სს ,,ს.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2011 წლის 18 მაისს შპს ”ი–ს” (შემდეგში პირველ მეიჯარე), და სს ”ს–ს” (შემდეგში მოიჯარე, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით საგებლობაში გადაეცა, ქ. თბილისში, ....... ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის შენობა-ნაგებობების ნაწილი, კერძოდ, შენობა №2-დან 800 კვ.მ შენობა №21 და №20-დან 500 კვ.მ შენობა, №13-დან 560 კვ.მ საერთო ჯამში 1860 კვ.მ რეგისტრირებული ფართი (ს.კ. 81.08.18.286) (შემდეგში უძრავი ქონება, იჯარის საგანი) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 581-ე მუხლი}.

2. იჯარის ყოველთვიური ქირა განისაზღვრა შემდეგი პროპორციით: 1 კვ.მ-ზე 6 ლარი, რამაც 1860 კვ.მ-სთვის 11 160 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მოიჯარეს საიჯარო ქირა ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვეს, მეიჯარის მიერ ანგარიშფაქტურის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეხადა.

3. იჯარის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა, მოიჯარის მიერ მეიჯარისათვის არანაკლებ ორი კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება, ხელშეკრულების მოშლაზე მითითებით.

4. მხარეებმა მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის გადაცემისა და მიღების ფაქტი .

5. მათ 2011 წლის 8 ივლისს იჯარის ხელშეკრულებაში შეიტანეს დამატება, რომლის თანახმადაც, იჯარის საგნის საერთო ფართობი განისაზღვრა 3020 კვ.მ-ით; შესაბამისად, ნივთით სარგებლობისათვის ქირამ, გაზრდილი ფართის გათვალისწინებით, ყოველთვიურად, 18 120 ლარი შეადგინა.

6. 2011 წლის 19 სექტემბერს მორიგი ცვლილება იქნა შეტანილი იჯარის ხელშეკრულებაში. ამ ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების საგანი 3417 კვ.მ-ით განისაზღვრა, ხოლო იჯარის გადასახადი თვეში 20 502 ლარით.

7. 2012 წლის 23 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც გამყიდველს და შპს ტ–ს (შემდეგში მეიჯარის უფლებამონაცვლე), როგორც მყიდველს, შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქ.თბილისში, ...... მდებარე 55800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები მყიდველს პირობადადებულ საკუთრებაში გადაეცა {სსკ-ის 477-ე, 188-ე მუხლები}.

8. 2013 წლის 1 აპრილს მეიჯარის უფლებამონაცვლესა და მოიჯარეს შორის გაფორმდა 2011 წლის 18 მაისის საიჯარო ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანი კვლავ შესწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქ. თბილისი, ...... ტერიტორიაზე მდებარე ქარხნის შენობა-ნაგებობების ნაწილი, კერძოდ, შენობა №13-დან 560 კვ.მ და შენობა №13-ის მიმდებარედ - 1140 კვ.მ. ფართი (საერთო ჯამში: 1700 კვ.მ. ფართი). ყოველთვიური საიჯარო გადასახადი 1700 კვ.მ-სათვის განისაზღვრა 10 200 ლარით.

9. 2013 წლის 1 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა თბილისში, ...... მდებარე შენობა №13-ის მიმდებარედ 1140 კვ.მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....), ხოლო მოიჯარემ უკან დაუბრუნა თბილისში, ..... მდებარე შემდეგი უძრავი ქონება: შენობა №2-დან 800 კვ.მ, შენობა №21 და №20-დან 500 კვ.მ, შენობა №44-ის მიმდებარედ 1160 კვ.მ, შენობა №15-დან 200 კვ.მ, შენობა №16-დან 84 კვ.მ და შენობა №17-დან 113 კვ.მ ფართი. მხარეები, ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ ზემოაღნიშნული ფართების მდგომარეობასთან დაკავშირებით რაიმე სახის მოთხოვნა ან/და პრეტენზია არ გააჩნდათ.

10. 2013 წლის 25 დეკემბერს მხარეებმა ცვლილება შეიტანეს იჯარის ხელშეკრულებაში. ამჯერად შეიცვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და განისაზღვრა 2014 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების პირობა იმგვარად დადგინდა, რომ, თუ რომელიმე მხარე არ განაცხადებდა წერილობითი ფორმით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 5 კალენდარული დღით ადრე, ხელშეკრულება გაგრძელდებოდა 2 თვით, იმავე პირობებით; აღნიშნული წესი იმოქმედებდა ყოველი მომდევნო 2-თვიანი ვადის ამოწურვისას.

11. 2011 წლის 12 აპრილს, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, იჯარის საგანზე რეგისტრირებული იყო თავდაპირველი მეიჯარის საკუთრების უფლება. 2012 წლის 23 თებერვლიდან შპს „ტ–ის“ საკუთრების უფლება, ხოლო 2014 წლის 17 სექტემბრიდან კი, იჯარის საგნის მესაკუთრეა სახელმწიფო {სსკ-ის 572-ე მუხლი}.

12. 2014 წლის 11 სექტემბერს მოიჯარემ წერილობითი ფორმით, 2-კვირიანი ვადის დაცვით შეატყობინა სსიპ ”ს.ქ.ე.ს–ს” (შემდეგში მეიჯარის უფლებამონაცვლეს, მოსარჩელეს, აპელანტს, კასატორს, კრედიტორს) იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

13. კრედიტორმა 2014 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა №1/1-2254 ბრძანება იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

14. მოიჯარემ 2014 წლის 23 ოქტომბერს მეიჯარის უფლებამონაცვლის ანგარიშზე იჯარის ქირის ანგარიშში ჩარიცხა 20016.13 ლარი.

15. 2015 წლის 17 თებერვალს მეიჯარემ სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ და საიჯარო ქირის გადაუხდელი ნაწილის, 28 262.77 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

16. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო:

16.1. მოიჯარემ 2014 წლის 11 სექტემბერს მეიჯარეს მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით და სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო შესაბამისი ნების გამოვლენიდან 2 კვირის ვადაში, 2014 წლის 25 სექტემბერს, შესაბამისად, მეიჯარის მხრიდან ხელშეკრულების 2014 წლის 8 ოქტომბერს შეწყვეტა არ იყო კანონიერი.

16.2. მოიჯარემ მეიჯარეს გადაუხადა საიჯარო ქირა 20 016.13 ლარი, რაც მოიცავდა 2014 წლის 28 ივლისიდან 2014 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდს.

16.3. 2013 წლის 1 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა მორიგი შეთანხმება, რომლის მიხედვით საიჯარო ფართი შესწორდა და საბოლოოდ 1700 კვ.მ-ით განისაზღვრა, შესაბამისად, შემცირდა გადასახდელი ქირა, რამაც 10 200 ლარი შეადგინა.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ხოლო დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 361-ე, 581-ე, 572-ე, 316-ე, 317-ე მუხლები, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-11 მუხლები.

18. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეიჯარემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:

18.1. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ხელშეკრულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2013 წლის 1 აპრილის შეთანხმება, რაზეც მოსარჩელე აპელირებს, საჯარო რეესტრში არ დარეგისტირებულა, რის გამოც მას მხარეთათვის სავალდებულო ძალა არ შეუძენია {„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის „ზ“ქვეპუნქტი}.

18.2. რაც შეეხება საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს, ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის ერთ-ერთ პირობად დადგინდა მოიჯარის მიერ მეიჯარისათვის არანაკლებ 2 კვირით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება, ამდენად, მოპასუხეს შეეძლო ცალმხრივი ნების გამოვლენით გასულიყო ხელშეკრულებიდან, თუმცა, კონკრეტულ ვითარებაში, საგულისხმოა, რომ იჯარის ხელშეკრულების 6.4.2. პუნქტის საფუძველზე იჯარის საგნის დაცლა მოიჯარემ ივალდებულა არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში, ანუ 2014 წლის 11 ოქტომბრამდე, ამასთან, იჯარის ხელშეკრულების 6.5. პუნქტით გათვალისწინებული დათქმის თანახმად, იჯარის საგნის დაბრუნებამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად ვრცელდება მხარეებზე.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

20. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

21. პალატამ განმარტა, რომ 2011 წლის 18 მაისის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ქირის ოდენობა განისაზღვრა იჯარით გადაცემული ფართის მიხედვით, ამდენად, მიუხედავად იმისა, ჩაითვლებოდა თუ არა მოქმედად 2013 წლის 1 აპრილის შეთანხმება, შეუძლებელი იყო ხელშეკრულების შესრულება იმ ფართის შესაბამისად, რომელსაც არ ფლობდა მოპასუხე, შესაბამისად, უნდა შემცირებულიყო გადასახდელი ქირაც.

22. პალატამ მოიჯარის 2014 წლის 11 სექტემბრის შეტყობინების გათვალისწინებით, რომლითაც მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება გამოავლინა, მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის 25 სექტემბერს.

23. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი საფუძვლებით:

23.1. 2013 წლის 1 აპრილის შეთანხმება არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს, ვინიდან იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ ყოფილა და მხარეთა შორის ქირა უნდა განსაზღვრულიყო 2011 წლის 18 მაისის საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად.

23.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. მოიჯარის 2014 წლის 11 სექტემბრის წერილით დასტურდება, რომ მოიჯარემ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის საგნის დაცლა ივალდებულა არანაკლებ 30 კალენდარული დღის ვადაში, 2014 წლის 11 ოქტომბრამდე, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიც, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-865-815, 26.11.2015).

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ ს.ქ.ე.ს. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი