Facebook Twitter

საქმე №ას-928-893-2016 9 დეკემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების, ასევე, ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, ექსპერტიზის დანიშვნა და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „სადაზღვევო კომპანია ჯ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მზღვეველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ 953,07 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ.თბილისში, წ-ას ქუჩაზე, ა-ის მოედნის მიმართულებით „მერსედესის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, შეეჯახა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეულ ინდ.მეწარმე თ. მ-ის (შემდგომში _ დამზღვევი) კუთვნილ „SUBARU-ს“ მარკის ავტომობილს. მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2 112 ლარი. მზღვეველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და დამზღვევს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი _ 953,07 აშშ დოლარი (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მას სადავოდ არ გაუხდია ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის ფაქტი, თუმცა, სადავო გახადა მოთხოვნილი თანხის ოდენობა იმ დასაბუთებით, რომ ზიანი მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა ეროვნული ვალუტით, ხოლო თანხის აშშ დოლარში მოთხოვნა, მოპასუხის შეფასებით, გამოიწვევს მზღვეველის უსაფუძვლოდ გამდიდრებას (იხ, თავდაპირველი, ასევე, დაზუსტებული შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 673,11 ლარის გადახდა, ხოლო 512,89 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მზღვეველს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი, ასევე, ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება, ექსპერტიზის დანიშვნა და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ.თბილისში, ა-ის მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი „SUBARU“ სახელმწიფო ნომრით G.... შემთხვევის ფაქტზე შსს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეადგინეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია - 250 ლარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში მითითებულია, რომ მან დაარღვია გზაჯვარედინის გავლის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა;

1.2.2. ავტომობილის დაზღვევის #... პოლისის თანახმად, 2014 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილი „SUBARU“ დაზღვეული იყო მოსარჩელე კომპანიის მიერ;

1.2.3. 2014 წლის 20 ოქტომბერს შპს „ს-ს“ მიერ შედგენილი ავტომობილის აღდგენის ხარჯთაღრიცხვის (პრეფორმა ინვოისის) შესაბამისად, თ. მ-ის (შემდგომში _ დაზარელებული) მფლობელობაში არსებული ავტომობილის აღდგენის სრული ღირებულება 2 112 ლარს შეადგენდა; სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის (დანართი N8) თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებამ ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ ზარალზე შეადგინა 1 203,07 აშშ დოლარი. 250,00 აშშ დოლარიანი ფრანშიზის გათვალისწინებით ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 953,07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

1.2.4. 2014 წლის 1 ნოემბრის #100 საგადახდო დავალების თანახმად, მზღვეველმა შპს „ს-ს“ გადახდის დღის მდგომარეობით გადაურიცხა 953,07 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1 673,11 ლარი;

1.2.5. საპატრულო პოლიციის მიერ, შემთხვევის ადგილზე შედგენილი სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმზე დაყრდნობით (რომელიც სრულიად განსხვავდება შპს „ს-ს“ მიერ გაცემული დოკუმენტისაგან) აპელანტი სადავოდ ხდიდა მიყენებული ზიანის ოდენობას და მიუთითებდა, რომ ბამპერი მას არ დაუზიანებია, თუმცა, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად), რაც შეეხებოდა აპელანტის მტკიცებას, რომ დაზიანებული ბამპერი ექვემდებარებოდა აღდგენას, რაც ნაკლებ ხარჯთან იქნებოდა დაკავშირებული, არ იქნა გაზიარებული, რადგანაც სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის საფუძველზე იყო აღძრული და დამზღვევსა და მზღვეველს შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების გადასინჯვა კვლევის საგანი ვერ გახდებოდა;

1.2.6. მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. საქმეში არსებობდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, რომელთაგან ერთი შპს „ს-ს“ მიერ იყო შედგენილი, ხოლო მეორე _ საპატრულო პოლიციის მიერ და ეს მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებს ადასტურებდა, კერძოდ, საპატრულო პოლიციის ოქმში აღწერილი დაზიანება განსხვავდებოდა შპს „ს-ს“ აღწერისაგან. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად, ამ მტკიცებულებების კვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ხოლო, სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტომასალით დადგინდა, რომ დაზიანებული ბამპერი ექვემდებარებოდა აღდგენას (მცირე დაზიანების გამო), რაც მოსარჩელის მხრიდან მისი ახლით შეცვლის აუცილებლობას გამორიცხავდა. ამგვარი ვალდებულება მას არც კანონიდან და არც ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ ეკისრებოდა.

1.4.2. სააპელაციო პალატამ აპელანტის ზემოხსენებული არგუმენტის საპირისპიროდ არასწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე და არასწორად არ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 826-ე მუხლით, მან ასევე არ გაიზიარა კასატორის პოზიცია სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების თაობაზე. მზღვეველისათვის წინასწარვე იყო ცნობილი, რომ გაწეული ხარჯი მას აუნაზღაურდებოდა, რომელიც მიყენებულ ზიანს აღემატება. სწორედ ამ საფუძვლით, კომპანიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ დაზიანებული ბამპერი აღდგენას არ ექვემდებარებოდა. სააპელაციო პალატამ არ გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და არ იმსჯელა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებაზე, რომ დაზიანებული ნაწილი იყო უვარგისი და კასატორის უკითხავად გადააგდეს. ამგვარად, სადაზღვევო კომპანიამ, როგორც დომინანტმა, საკუთარი უფლება გამოიყენა ბოროტად.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს იმ დასაბუთებით, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (იხ. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), თავის მხრივ, მტკიცების საგანი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობისა და ამ შემადგენლობიდან მხარეთა მიერ შედავებული ფაქტებისაგან შედგება. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს სუბროგაციული სარჩელი. ამ თვალსაზრისით მოსარჩელემ დაამტკიცა სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით გათვალისწინებული ელემენტების არსებობა, კასატორი სადავოდ ხდის უკვე გაწეული ხარჯების მართლზომიერებას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განკუთვნადი მტკიცებულება იმისა, რომ ზიანის ანაზღაურება ნაკლები ოდების ხარჯის გაწევითაც იყო შესაძლებელი, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

1.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ არსებობს ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეს განჩინება, მართალია, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ერთ-ერთ დასაშვებ მტკიცებულებას, რომლის წარდგენის ვალდებულება, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესბამისად, ეკისრება მხარეს. სასამართლო, პროცესის შეჯიბრებითობის გამო, არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მტკიცებულებათა შეგროვების პროცესში, მას მხოლოდ მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია გამოითხოვოს იგი, ამგვარ გარემოებაზე კასატორი არ მიუთითებს, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს და ამოსავალი პრინციპი ამ დროს არის ის, რომ საქმის გადაწყვეტისათვის საკვლევი საკითხის დადგენას უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხოლო სასამართლოს არ უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა. ამგვარი გარემოებების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება;

ბ) საპროცესო კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული აპელაციის პრინციპს (იხ. სსსკ-ის 380.2 მუხლი), რომლის თანახმადაც, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი ფაქტებისა თუ მტკიცებულებების მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში დაიშვება, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე მითითებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეეძლო მხარეს საკუთარი ინიციატივით საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას ჩაეტარებინა ექსპერტიზა და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულება.

1.7. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი. რაც შეეხება კასატორის პოზიციას სამოქალაქო კოდექსის 826-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ ეს ნორმა მზღვეველის უფლებადამცავი დანაწესია და იგი არეგულირებს მას და დამზღვევს შორის არსებულ ურთიერთობას, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება საქმის მასალებით არ დასტურდება.

1.8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:

კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს ექსპერტიზის დანიშვნას, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

2.2. საკასაციო პალატა საკითხის ამომწურავად შეფასების მიზნით, კვლავ ყურადღებას გაამახვილებს ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.6. პუნქტში განვითარებულ მსჯელობაზე და აღნიშნავს, რომ ექსპერტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა მოპასუხეს, რადგანაც სწორედ მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ზედმეტობის დადასტურება, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, სწორედ, საკასაციო სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, პალატა ვერ უზრუნველყოფს ექსპერტიზის დანიშვნას და მისი დასკვნის, როგორც ახალი მტკიცებულების მიღება-შეფასებას.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპრიცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 11.10.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 404-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა. გ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 11.10.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. კასატორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების, ასევე, საკასაციო სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე