Facebook Twitter

საქმე №010230816700014780

საქმე №ას-69-65-2017 26 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ა.-ის, თ. ა.-ის, ლ. ა.-ისა და სხვათა წარმომადგენელი მ. პ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.-ი“, სს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება, მხარის უფლებამონაცვლედ ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით თავდაპირველი მოსარჩელე შპს „ა.-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კომპანია შპს „ი.-ის“, საქმეში მესამე პირად მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაება შპს „ა.-ი“, შეწყდა წარმოება მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის – შპს სადაზღვევო კომპანია „ა.-ის“ საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო, შეწყდა წარმოება შპს „ა.-ის“ საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო, ამავე საოქმო განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და, ერთი მხრივ, შპს „ი.-ის“ და, მეორე მხრივ, სს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ შეთანხმდნენ, რომ სს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ შპს „ი.-ის“ მიმართ უზრუნველყოფდა 975 000 ლარის გადახდას შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სს სადაზღვევო კომპანია „ა.-ი“ დაარღვევდა შეთანხმებული გრაფიკის პირობებს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადამოსული გადასახდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეთა მორიგების გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე შეწყდა წარმოება.

2. 2016 წლის 24 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ...-მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ა.-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კომპანია შპს „ი.-ის“, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც სს „სადაზღვევო კომპანია ა.-მა“ იკისრა ვალდებულება, დავალიანების 975 000 ლარის გადახდა უზრუნველყოს შპს „ი.-ის“ სასარგებლოდ. განმცხადებელებმა მოითხოვეს 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, სს „სადაზღვევო კომპანია ა.-ისათვის“ შპს „ი.-ის“ მიმართ ქონებისა და ფულადი თანხების გადაცემისა და შპს „ი.-ისათვის“ სადაზღვევო კომპანიის მიმართ არსებული დარჩენილი მოთხოვნის (795 000 ლარი) დაგირავების, ვალდებულებით სხვაგვარად დატვირთვის ან/და გასხვისების აკრძალვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნულ პირთა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად, სს „სადაზღვევო კომპანია ა.-ს“ აეკრძალა შპს „ი.-ის“ მიმართ 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება – თანხის გადარიცხვა.

4. 2016 წლის 1 დეკემბერს განმცხადებლებმა იშუამდგომლეს სააპელაციო სასამართლოს წინაშე მოცემულ განცხადებაზე დაწყებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნიეს, რომ არც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება აღარ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა განმცხადებელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება, ზემოთ მითითებულ პირთა განცხადების გამო, შეწყდა და გაუქმდა განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

კერძო საჩივრის მოთხოვნა:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომლის ავტორებად მითითებულია ე. ა.-ის, თ. ა.-ის, ლ. ა.-ისა და სხვათა წარმომადგენელი მ. პ.-ი.

7. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისი მარწმუნებლები არიან შპს „ა.-ის“ დედოფლისწყაროს ფილიალის ყოფილი თანამშრომლები, რომელთა მიმართ შპს „ა.-ს“ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულებები სახელფასო დავალიანების სახით. ისინი მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არიან დაინტერესებულ მხარედ და თანაგანმცხადებლებად. გასაჩივრებული განჩინება უშუალოდ ეხება და ხელყოფს მათ ინტერესებს. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინებით დადგენილი აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში ისინი ვეღარ შეძლებენ შპს „ა.-ისაგან“ კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა ....ის შუამდგომლობა, საქმის წარმოების განახლების შესახებ ზემოთ მითითებულ პირთა განცხადების გამო, დაწყებული საქმის წარმოება შეწყდა და გაუქმდა აღნიშნული განცხადების უზრუნველსაყოფად მიღებული განჩინება.

10. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება დასაშვებია კერძო საჩივრის გზით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 414-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.

12. მითითებული ნორმა ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, ვისაც გააჩნია უფლებამოსილება, კერძო საჩივარი შეტანის გზით სადავოდ გახადოს სასამართლო განჩინებით დადგენილი მისთვის არასასურველი შედეგი. ასეთად ითვლებიან არა მხოლოდ საქმეში გარკვეული საპროცესო სტატუსის მქონე პირები, როგორებიც არიან დავაში უშუალოდ მონაწილე მხარეები (მოსარჩელე, მოპასუხე) და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირები, არამედ ისეთი პირებიც, რომლებიც შესაძლოა არ იყვნენ ჩაბმული დავაში, თუმცა გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ობიექტურად შეეხო მათ კანონიერ ინტერესებს.

13. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, ნათლად გაიმიჯნოს, სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის მსურველი მხარის კანონიერი ინტერესი მიმართულია ზოგადად არსებული დავის მიმართ, თუ კონკრეტულად გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მიმართ.

14. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლო განჩინების გასაჩივრებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რამდენად არღვევს ან სადავოდ ხდის ამა თუ იმ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის დებულებებში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შედეგი გასაჩივრების მსურველი პირის კანონიერ უფლებებს.

15. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დარეგულირებულ ურთიერთობაში არანაირი სტატუსით არ მონაწილეობენ. მათ არ გააჩნიათ იურიდული კომპეტენცია, სადავოდ გახადონ ნ. გ.–ის, ც. ი.-ის, ლ. წ.-ისა და სხვა ზემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ დისპოზიციურობაზე დაფუძნებული უარი საქმის წარმოების განახლების შესახებ მათივე განცხადებასა და მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორები არ წარმოადგენენ სსსკ-ის 414-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირებს და მათი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

16. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ ისინი წარმოადგენენ თანაგანმცხადებლებს, რადგან არც საქმის მასალებით დასტურდება და ვერც კერძო საჩივრის ავტორებმა დააკონკრეტეს, რომელიც განცხადების თანაავტორები არიან. თუ აღნიშნულ არგუმენტში იგულისხმება განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივარში დასახელებული პირების სახელები ამ განცხადებაში არ ფიგურირებს.

17. საქმის მასალების შესწავლა ცხადყოფს, რომ კერძო საჩივრის ავტორები, შესაძლოა, დაინტერესებული იყვნენ შპს „ა.-ის“ საქმიანობით, რაზეც მითითებულია კიდეც კერძო საჩივარში, თუმცა მათი კანონიერი ინტერესი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიმართ არ დასტურდება.

18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას, რომ 2016 წლის 30 მარტის განჩინებით დადგენილი აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში ისინი ვეღარ შეძლებენ შპს „ა.-ისაგან“ კუთვნილი სახელფასო დავალიანების მიღებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კანონიერი დაინტერესების შემთხვევაში კერძო საჩივარში მითითებულ პირებს სრული შესაძლებლობა გააჩნიათ, დაუბრკოლებლად მიმართონ სასამართლოს, მათი აზრით, დარღვეული უფლებების დასაცავად და, მათ შორის, მოითხოვონ მათთვის სასურველი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამგვარი მოთხოვნის წარდგენა მოცემული დავის ფარგლებში კი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე მუხლებით, 414-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ა.-ის, თ. ა.-ის, ლ. ა.-ისა და სხვათა წარმომადგენლის – მ. პ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი