Facebook Twitter

საქმე № 020211415700008439

საქმე №ას-868-835-2016 25 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ.-ა (შეგებებული სარჩელის ავტორი)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი/მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ.-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება

მხარეთა მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. მ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ.-ას (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ განქორწინებისა და არასრულწლოვანი გ. გ.-ას (შემდგომში – არასრულწლოვანი ბავშვის) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ბავშვის დედისათვის აღსაზრდელად გადაცემა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ამასთან, მამის ოჯახში მას ნორმალური განვითარებისათვის სათანადო პირობები გააჩნია.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნით.

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

4. ძირითადმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2010 წლის 25 სექტემბერს №.. სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი.

აპელანტის მოთხოვნა:

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საკასაციო სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ძირითადი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი – ქ.სენაკი, რ.–ის ქ. №.., ბავშვის დედას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ნახვის დღეები ყოველი თვის 1 რიცხვიდან 7 რიცხვის ჩათვლით (პირველი დღის 11.00 საათიდან, ბოლო მე-7 დღის 17.00 საათამდე) ღამე დარჩენით. ურთიერთობის აღნიშნული წესი დადგინდა მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2010 წლის 25 სექტემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში 2011 წლის 13 ოქტომბერს შეეძინათ შვილი, თუმცა 2013 წლის 25 ივლისიდან ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე.

11. ძირითად მოსარჩელეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში არ გააჩნია. სასამართლო დავის მიმდინარეობის პერიოდში იგი დროებით ცხოვრობდა ქ.რუსთავში ბიძისა (დედის ძმის) და დეიდის სახლში. მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილია – ს.-ის ოლქი, ქ.ს.-ი, ფ.-ს რ-ნი, ხ.-ის ქ.სახლი ... იგი არის რუსეთის მოქალაქე.

12. შეგებებული სარჩელის ავტორი მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქ.სენაკში, რ.-ის ქ.№..-ში, აქვს ორმაგი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეობა.

13. მოსარჩელე დასაქმებულია ქალაქ ს.-ში, შპს „ს.-აში“ ბიზნეს-დაგეგმარებისა და კორპორაციის განვითარების სპეციალისტად. ხელფასის ოდენობა შეადგენს 13 000 რუბლს.

14. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი ასევე დასაქმებულია და მუშაობს შპს „ს.-აში“ აგენტად. მისი ხელფასი შეადგენს 350 ლარს. მას გააჩნია დამატებითი შემოსავალი, კერძოდ, მშობლები ცხოვრობენ და მუშაობენ ქ.მოსკოვში და მატერიალურად ეხმარებიან (დამატებით, ახალი პერიოდისთვის გაცემული რაიმე სახის ცნობა მოპასუხის სამუშაო ადგილის თაობაზე საქმეში არ მოიპოვება).

15. შეგებებული სარჩელის ავტორის ოჯახი შესწავლილ იქნა სენაკის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიერ და მომზადდა დასკვნა, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ საყოფაცხოვრებო პირობები დადებითია და საფრთხეს არ უქმნის იქ მცხოვრებთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ბავშვს გამოყოფილი აქვს ცალკე საწოლი, აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები და ილუსტრირებული წიგნები, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით და ნუტრიციული საკვებით. ბავშვს აქვს კარგი პირობები სრულყოფილად განვითარებისათვის. ვიზიტისას ბავშვი გამოიყურებოდა სუფთად და მოწესრიგებულად, ურთიერთობაში ჩანდა, რომ ბავშვს მამასთან, ბებია-ბაბუასთან და დიდ ბებიასთან აქვს თბილი დამოკიდებულება და გამოხატავს მათ მიმართ გარკვეული სახის ნდობას და მიჯაჭვულობას. ბავშვი მუდმივად მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მშობიარობის (საკეისრო კვეთით) შემდეგ ჰქონდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომებით, იგი 2011 წლის 31 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე სტაციონარულად მკურნალობდა სს „აკადემუკოს ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ მოსარჩეელ ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის.

17. საქმეში (ს.ფ. 286) წარმოდგენილია 2013 წლის 4 ნოემბრის „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ამბულატორიული სასამართლო ექსპერტიზის №-- დასკვნა მოსარჩელის მიმართ, რომელიც მოპასუხის განცხადების საფუძველზე ჩატარდა. დასკვნის თანახმად, მოსარცელის დიაგნოზში აღნიშნული დაავადება – დეპრესიული ფსიქოზი „F323“ ქრონიკულ ფსიქიკურ დაავადებას მიეკუთვნება და გამწვავება გარკვეული მატრავმირებელი პირობების დროს აღნიშნულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. დასკვნის მე-4, მე-5 კითხვები და მათზე პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: 4) ახასიათებს თუ არა დაავადებას რემისია, კერძოდ, შეიძლება თუ არა, რომ პაციენტი ტოვებდეს ჯანმრთელ შთაბეჭდილებას, რაღაც კონკერტული პერიოდის განმავლობაში. პასუხი ასეთია: სისტემატური მკურნალობის და ნორმალური საცხოვრებელი გარემოს პირობებში, შეიძლება კუპირებულ იყოს ავადმყოფის გარეგნული გამოვლინებები. კითხვა №5 შესაძლებელია თუ არა მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში? პასუხი: არასრულწლოვანი ბავშვის მოსარჩელისათვის აღსაზრდელად გადაცემა მისი ავადმყოფობის გამწვავების შემთხვევაში ამ ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.

18. 2013 წლის 8 ნოემბრის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნის მიხედვით, მოსარჩელრს აღენიშნება „შთაგონებადობა, აწეული მგრძნობელობა, შინაგანი შფოთვა, ადვილად გამაღიზიანებლობა, ოპოზიციურობა, ყურადღება გაფანტულობა, იმპულსურობა“.

19. საქმეში (ს.ფ.292-ზე) წარმოდგენილი ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიური ინსტიტუტის მიერ 2013 წლის 8 ნოემბერს, თანაავტორთა მიერ მომზადებული ნეოროფსიქოლოგიური დასკვნის თანახმად „გამოვლინდა ბავშვის, ექსპრესიული და რეცეპტიული მეტყველების განვითარების მსუბუქი შეფერხება; ბავშვი ემოციურად მიჯაჭვულია მამაზე (თამაშის დროს მუდმივად მამას უხმობს, უზიარებს სათამაშოებს, სთხოვს დახმარებას), სოციალური გარემოს ცვლილება, განსაკუთრებით კი, მამასთან განშორება, სავარაუდოდ აურყოფითად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომ ბავშვისთვის არ არის რეკომენდირებული საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახური გარემოეს ცვლილება“.

20. საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის სპეციალისტების ფსიქოლოგიის დოქტორების 2013 წლის 19 ნოემბრის დასკვნის თანახმადაც „ცალსახად დგინდება, რომ 2 წლის ბავშვის ამ ეტაპზე შეჩვეული ოჯახური გარემოდან მოშორება და დედისათვის გადაცემა ს.-ში წასაყვანად ამ ეტაპზე რეკომენდირებული არ არის. ბავშვის დედა პრაქტიკულად ჯანმრთელიც, რომ ყოფილიყო და არ ჰქონოდა დეპრესიული ფსიქოზის ეპიზოდი, მაინც არ არის მიზანშეწონილი ბავშვის გადაცემა იმ მშობლისათვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი შეჩვეული არ არის. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია დედამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იურთიერთოს ბავშვთან, ბავშვისათვის მიჩვეულ გარემოეში, დაიმსახუროს მისი ნდობა და მხოლოდ მერეა შესაძლებელი საუბარი ბავშვის გადაცემაზე.“

21. საკასაციო სასამართლოდან ხელახლა განხილვისთვის საქმის დაბრუნების შემდგომ მოპასუხემ სასამართლოს წარმოუდგინა ახალი პერიოდის – 2016 წლის 28 იანვრის შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის“ ცენტრის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №-- დასკვნა, რომლის თანახმად ბავშვის ემოციური მდგომარეობა სტაბილური და პოზიტიურად შესაფასებელია. ბავშვი ინტეგრირებულია მამის ოჯახში. აქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა მამაზე. მამასთან თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს. ადაპტირებულია ჩვეულ გარემოეში. ამ ასაკში (4 წლის და 4 თვის) მამასთან სეპარაცია და ბავშვისთვის უცხო გარემოში გადაყვანა გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული. საბოლოოდ შემაჯამებელი რეკომენდაციის სახით ექსპერტ-ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ზოგადად რეკომენდირებულია, დედამ პერიოდულად ნახოს ბავშვი მის ჩვეულ გარემოში. შეძლოს მასთან პოზიტიური ემოციური კონტაქტის დამყარება. ბავშვისათვის ორივე მშობელი არის რესურსი. მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა განქორწინების შემდეგ განაპირობებს შემდგომში ბავშვის მიერ ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნებას. წინ არ უნდა მოდიოდეს ბავშვთან მიმართებით პრივატული ინტერესები. საკითხისადმი ჯანსაღი მიდგომის შემთხვევაში პირველ რიგში უნდა იდგეს ბავშვის ინტერესი. რომელ ეტაპზე სად ჯობია იყოს ბავშვი, რომელ მშობელს მეტი რესურსი აქვს აღნიშნულ მომენტში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ ფუნქციონირების შანსი. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს აქვს ემპატიის უნარი, იგი იმეორებს უფროსების განწყობებს. არახელსაყრელი ემოციური გარემო ბავშვში იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, განგაშს. გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების, ფუნქციონირების და სოციალზაციის პროცესს.

22. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს ასევე წარმოუდგინა 2016 წლის 26 იანვრის, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის სპეციალისტთა პასუხი მოპასუხის შეკითხვებზე, კერძოდ: 1) უარყოფითად ხომ არ აისახება ბავშვზე მამასთან და ჩვეულ გარემოსთან განშორება და დედასთან საცხოვრებლად ს.-ში გადასვლა; 2) რამდენად მიზანშეწონილია მცირეწლოვანი ბავშვების მიჯაჭვულობის ობიექტთან დაშორება და რა გართულება შეიძლება მოყვეს ამ მოქმედებას.

23. მითითებულ შეკითხვებზე სპეციალისტების – ფსიქოლოგების პასუხით, „ბავშვი არის ლაღი, მხიარული, თავისი ასაკისათვის შესაფერისად განვითარებული, იცის ბევრი ლექსი, ადეკვატურია. მიჯაჭვულია მამაზე და მამის ოჯახის წევრებზე. შეკითხვაზე, ვისთან ერთად უნდა თამაში და სამოგზაუროდ წასვლა, ასახელებს მამას, ბაბუას და ბიძაშვილს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად უყვარს მამა, ბაბუა და მამის ბებია). ბავშვი კომფორტულად და დაცულად გრძნობს თავს არსებულ გარემოში და მისთვის გარემოს ცვლა და მამასთან დაშორება იქნება მეტად მძიმე. ამან შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქცია ბავშვის მხრიდან და საჭირო გახდეს ბავშვის შესაბამის სპეციალისტთან (ფსიქოლოგი, ფსიქონერვოლოგი) ტარება. მით უფრო არასასურველი იქნება მისი ჩვეული გარემოდან, ანუ საკუთარი სახლიდან მომზადების გარეშე მოწყვეტა და მისთვის უცხო გარემოში, შეუჩვეველ მშობელთან ერთად წასვლა გეოგრაფიულად დაშორებულ რეგიონში, სადაც მას არ ექნება მამის და საკუთარი ოჯახის (ბავშვი სრულად არის ინტეგრირებული იმ გარემოში, სადაც იზრდება) ნახვის საშუალება. ამან შეიძლება იმოქმედოს ბავშვის თვითიდენტიფიკაციაზეც და გამოიწვიოს შფოთვა. ამას ემატება ისიც, რომ ბავშვს მოუხდება ენობრივი გარემოეს შეცვლაც. მიგვაჩნია, რომ მცირეწლოვანი ბავშვის მშობლიური გარემოდან მოწყვეტა ყოველგვარი მომზადების გარეშე მიზანშეწონილი არ არის და ეს აუცილებლად იქნება სტრესთან დაკავშირებული, რადგან გაუცხოებულ მშობელთან შეგუება საკმაოდ ხანგრძლივი და ფაქიზი პროცესია. თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, მწვავე აუცილებლობის გარეშე, გეოგრაფიულად დაშორებული რელოკაციის განხორციელება პრინციპში მიზანშეწონილი არ არის, მით უფრო, რომ ბავშვმა უნდა დატოვოს მშობლიური სახლი და მიჯაჭვულობის ობიექტი (საკუთარი მამა), რაც მასზე უარყოფითად აისახება.“

24. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფსიქოლოგის განმარტებას ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მიიღო და საქმეს დაურთო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტ მხარესაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სპეციალისტის წინაშე დასვას შეკითხვები. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, სპეციალისტის სახით ფსიქოლოგის მოწვევის თაობაზე. შესაბამისად, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი, რომლის წინაშეც გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხი: 1) ფსიქოლოგმა უნდა შეისწავლოს მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისი კვლევა ჩაატაროს შეძლებისდაგვარად, როგორც ორივე მშობლის მონაწილეობით, ასევე, მათი მონაწილეობის გარეშე. 2) გამოკვლეულ უნდა იქნეს საკითხი: რა გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ჯანმრთელობაზე მის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; 3) რა გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე მის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. 5) დაევალოს მამას, საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ბავშვი მოწვეულ ფსიქოლოგს და შეასრულოს ფსიქოლოგის შესაბამისი მითითებები.

25. რაც შეეხება უშუალოდ ექსპერტიზას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში განთავსებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ასახავს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ურთიერთგამომრიცხავია, რის გამოც დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი საკითხი: როგორია თ. მ.-ის ჯანმრთელობის მდგომარება (ფსიქიკური თვალსაზრისით); წარმოადგენს თუ არა ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს მისი დედისათვის აღსაზრდელად გადაცემა მოსარჩელის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

26. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2016 წლის 25 მარტს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც: „მოსარჩელე ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ამას მიუთითებს ანამნეზური მონაცემები: ნორმალური ფსიქო-ფიზიკური განვითრება, სკოლის დამთავრება კარგი აკადემიური მოსწრებით, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში, ინტერპერსონალური ურთიერთობების მოწესრიგებულობა, კომუნიკაბელობა, გარკვეული ყოფით პრაქტიკულ საკითხებში, 2011 წელს (გადატანილი ფსიქიკური ტრავმის და მშობიარობის ფონზე) განვითარებული ტრანზიტორული ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდის ფსიქიატრიული მკურნალობით კუპირების შემდეგ ფსიქიკური დაავადების ნიშნების არარსებობის და ფსიქიატრიული დახმარების მიუმართაობა, სოციალური და შრომითი ადაპტირებულობა, ადეკვატური ქცევა; ამავეს ადასტურებს ამჟამინდელი საექსპერტო გამოკვლევისას გამოვლენილი: ნათელი ცნობიერება, სწორი ორიენტირებულობა, კონტაქტურობა, შინაარსით გასაგები, თანმიმდევრული, დაკავშირებული ასოციაციები, რეალური, ლოგიკური დასაბუთებული მსჯელობა, ფსიქოზური სიმპტომატიკის (ცნობიერების დარღვევა, ბოდვა, ჰალუცინაციები) არ არსებობა, ემოციური ადეკვატურობა, გაწონასწორებულობა, სიტუაციის რეალაური აღქმა-გააზრება და კრიტიკულობა. დედის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

27. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 25 მარტის №.. დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვეულ იქნენ ექსპერტები (ვიდეოკონფერენციის საშუალებით), დასკვნის ავტორები. ექსპერტებმა ცალსახად განმარტეს, რომ მოსარჩელე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, და მისთვის შვილის აღსაზრდელად გადაცემა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

28. სასამართლოს შეკითხვაზე, „რადგან მოსარჩელეს 2011 წელს დაესვა დიაგნოზი „მძიმე დეპრესიული ეპიზოდი, ფსიქოზური სიმპტომებით“, არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ მას გაუმეორდეს იგივე დაავადება“, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად მოსარჩელე არის ჯანმრთელი, სამომავლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი, ჯანმრთელი ადამიანისა, – პროგნოზირება შეუძლებელია. ექსპერტებმა ასევე ცალსახად დაადასტურეს თავიანთი პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემა ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნა მოამზადა ფსიქოლოგმა, რომელმაც განმარტა შემდეგი: „გარემოებათა შესასწავლად მოვახდინე დაკვირვება მცირეწლოვან ბავშვზე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მშობელთა მონაწილეობით. რაც შეეხება მშობელთა მონაწილეობის გარეშე, – ვერ შედგა, რადგან ბავშვმა ჩემთან ურთიერთობა მამის გარეშე არ ისურვა, რაც დასტურია მამასთან ძლიერი მიჯაჭვულობის. გასაუბრებისას გამოვიყენეთ ტესტები, მარკერის დაფაზე კითხვებზე პასუხები. დასაწყისში მოკრძალებით, ხოლო შემდგომ ხალისით ჩაერთო „დავალებების“ შესრულებაში, რაც დასტურია მისი ნორმალური გონებრივი განვითარებისა. მშობლებთან თანდასწრებით მოხდა ბავშვის ჩართულობა თამაშში. აქტიური თამაშის დროს, დედას ვთხოვე, აღნიშვნის გარეშე დაეტოვებინა ოთახი (რამდენჯერმე), ბავშვს ეს ფაქტი შეუმჩნეველი რჩებოდა, აგრძელებდა თამაშს, ხოლო როცა მამა გავიდა ოთახიდან, იმავე პირობებით, ბავშვს ჰქონდა გამოკვეთილი რეაქცია, არ გამოპარვია მამის გარეშე ყოფნა და უარი თქვა დედასთან თამაშზე და მარტო დარჩენაზე. გამოხატავდა პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სათამაშო მისთვის საინტერესო იყო, ასევე, დედის ჩართულობისა, შვილთან ურთიერთობა შემდგარიყო. აღნიშნული ფაქტორი მეტყველებს დედასა და შვილს შორის, ამ ეტაპზე, არსებულ დისჰარმონიაზე.

30. აქ მინდა ხაზი გავუსვა ზემოქმედების ფაქტორებსაც. ბავშვის პატარაობისას ვხედავთ შედარებით მოწესრიგებულ ურთიერთობებს (ვიდეო მასალა). ამჯერად კი, ბავშვური ლოგიკით ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული შეხედულებები, ჩანს დედასთან ყოფნა მისთვის არასასიამოვნოა, არაგარანტირებულია, დისკომფორტია, ხოლო მამასთან კი, – სასიამოვნო, გარანტირებული, კომფორტული. ეს გამოწვეულია სადავო საკითხის ხანგრძლივი განხილვით, რაც უკვე მისთვის ცნობილია, მისთვის მომაბეზრებელი გამოკვლევების ჩატარებით, გაუთავებელი გამოკითხვებით. რასაც ვხედავთ ეს გარკვეულწილად პროტესტია ამ ყველაფრიდან გამომდინარე. დავაყენეთ მის წინაშე სასურველის და არასასურველის არჩევანი, ბავშვი გამოკვეთილად აკეთებს არჩევანს სასურველთან ყოფნაზე და ესაა მამასთან თანაცხოვრება. გასაკვირიც არაა, რადგან მამასთან თანაცხოვრება უფრო ხანგრძლივია. დედა შესაძლოა სრულიად გამოჯანმრთელებულია, მაგრამ ბავშვთან მისი ურთიერთობა პრობლემურია, ამ ეტაპზე. ნებისმიერი გადაადგილება ზრდასრული ადამიანისთვისაც გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, მაგრამ, როცა საკითხი ეხება მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც აბსოლუტურად უცნობ ტერიტორიულ, ენობრივ სივრცეში უნდა გადაადგილდეს ხანგრძლივი დროით, დედასთან, რომელსაც გაურბის (მიუხედავად იმ სიმბიოზისა, რაც უნდა არსებობდეს ზოგადად დედასა და შვილს შორის), გააგრძელებს უარყოფით განწყობასა და შფოთვას, გააძლიერებს მის უკვე გამოხატულ პროტესტს, რაც მიგვიყვანს არასასურველ შედეგამდე. მამასა და შვილს შორის მიჯაჭვულობა ძლიერია, ბავშვისთვის ის უკვე ავტორიტეტია, ბავშვისთვის ნებისმიერი ქმედებისას მნიშვნელოვანია მამის შეფასება (ლექსების მოყოლისას მამას შეჰყურებს თვალებში), თავს კომფორტულად გრძნობს მასთან, ესაა მისთვის სასურველი და ადაპრიტებული გარემო. ამდენად, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ამ ეტაპზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი. ხოლო დედის ურთიერთობა შვილთან გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ორივე მშობლის ჰარმონიული მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის სრულყოფილებას.“

31. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვეულ იქნა სპეციალისტი, რომელიც დაეთანხმა მის მიერ გაცემულ დასკვნას და განმარტა, რომ ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა მამაზე, დედის მიმართ აქვს აგრესია. დედისათვის ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ბავშვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

32. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, რომელზედაც ასახულია ბავშვისა და დედის ურთიერთობა. აპელანტმა მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მითითებული მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე და აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ დედა-შვილს ერთმანეთთან კარგი და თბილი დამოკიდებულება აქვთ.

33. მითითებული მტკიცებულება გადაეგზავნა მოწინაღმდეგე მხარეს და მესამე პირს. მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მტკიცებულებები დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბავშვს დედის მიმართ აქვს აგრესია.

34. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობა და სასამართლო მთავარ სხდომაზე დათვალიერებულ იქნა აპელანტის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი მხარეთა და მათი შვილის ურთიერთობის შესახებ. (ვიდეოჩანაწერებზე უახლესი პერიოდის, 2016 წლის 24 ივლისის ურთიერთობაა ასახული).

35. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის საქმეზე შეკრებილ იქნა არაერთი მტკიცებულება, ექსპერტთა დასკვნები, სპეციალისტის შეფასება, ფოტოსურათები, ვიდეო მასალა და ა.შ. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი (4 წლისა და 9 თვის) მიჯაჭვულია მამაზე, მასთან თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს, ის შეჩვეულია ოჯახურ გარემოს, სადაც ცხოვრობს დაბადებიდან დღემდე, მისთვის რთული იქნება სახლიდან მომზადების გარეშე მოწყვეტა, სოციალური გარემოს ცვლილება, შეუჩვეველ მშობელთან ერთად წასვლა გეოგრაფიულად დაშორებულ რეგიონში, სადაც მას ასევე მოუხდება ენობრივი გარემოს შეცვლა, რის გამოც მიზანშეწონილია, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა სააპელაციო პალატა ამავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით სავალდებულოდ მიიჩნევს ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის, განისაზღვროს მისი დედასთან ურთიერთობის წესი. საქმეში განთავსებული თითქმის ყველა დასკვნა მიუთითებს და იძლევა რეკომენდაციას, რომ დედამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა უნდა იქონიოს ბავშვთან ბავშვისთვის ჩვეულ გარემოში, დაიმსახუროს მისი ნდობა. დედის ურთიერთობა შვილთან გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ორივე მშობლის ჰარმონიული მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის სრულყოფილებას.

36. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, ბავშვს აქვს გარკვეული გაუცხოება დედის მიმართ და მასთან არ აქვს ისეთივე მიჯაჭვულობა, როგორც მამის მიმართ (რაც გამოწვეულია იმით, რომ ბავშვი იზრდება მამასთან, იგი არის 5 წლის), თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვს არ აქვს აგრესია დედის მიმართ, არ გაურბის მას (როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავს), ასევე დადგენილია, რომ დედის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისთვის შვილთან ურთიერთობა ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სავალდებულოა ბავშვისა და დედის ურთიერთობა, რის გამოც სააპელაციო პალატამ ჩათვალ, რომ ბავშვის დედას თავის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის უნდა განესაზღვროს ნახვის დღეები ყოველი თვის 1 რიცხვიდან 7 რიცხვის ჩათვლით (პირველი დღის 11.00 საათიდან, ბოლო მე-7 დღის 17.00 საათამდე) ღამე დარჩენით. შვილთან ურთიერთობის აღნიშნული წესი, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა ცვლილების პარალელურად შეიცვალოს.

37. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1197-ე მუხლის, 1198-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების, 1199-ე მუხლის, 1201-ე მუხლის, 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

38. დაცილება, რომელიმე მშობელთან შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

39. მშობლების უფლება – განსაზღვრონ შვილების საცხოვრებელი ადგილი, დადგენილია ასევე, სსკ-ის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით,

40. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც – ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Ciliz v the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (No. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo – Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი).

41. საქმეზე – „MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY“ ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს მე-8 მუხლთან მიმართებით დადგენილ პრეცედენტული პრაქტიკას, რომელიც ხაზს უსვამს ხელისუფლების ვალდებულებაზე, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით (Maslov v. Austria [GC], 2008 წლის 23 ივნისი). გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

42. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

43. კასატორის პრეტენზია მიმართულია სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დასაშვებად ცნობილ და განკუთვნად მტკიცებულებებს, რასაც შედეგად მოჰყვა ფაქტების არასწორი დადგენა და დავაზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

44. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ და დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის დასკვით მაღალპროფესიულ დონეზეა განმარტებული, რომ ბავშვზე ობიექტური დაკვირვება გვაძლევს საფუძველს, რომ მისი ამჟამინდელი ემოციური მდგომარეობა სტაბილური და პოზიტიურია. ბავშვი ინტეგრირებულია მამის ოჯახში აქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა მამაზე, მამასთან თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს, ადაპტირებულია ჩვეულ გარემოში და ამ ასაკში ბავშვის მამასთან სეპარაცია და უცხო გარემოში გადაყვანა გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული. ზოგადად მიჯაჭვულობის ობიექტთან და ჩვეულ, მისთვის უსაფრთხო გარემოსთან სეპარაცია ბავშვებში აღძრავს დაუცველობის და ემოციური არასტაბილურობის განცდის საფუძველს. ამ ასაკში ბავშვის სტრესი და დანაკარგის განცდა არის რისკი, რომ გამოიწვიოს ბავშვის შემდგომი დეპრესია, უძილობა, შფოთვა. ბავშვს შეიძლება დაერღვას ძილი განუვითარდეს შფოთვა, სხვა ნევროზული ჩივილები და ქცევითი დარღვევები, ასევე, ბავშვთა ფსიქოლოგთა მეცნიერული კვლევევბით განმტკიცებულია მოსაზრება, რომ შესაძლოა ბავშვმა ამ დროს დაიწყოს ემოციური განტვირთვის არასასურველი გზების ძიება, მითუმეტეს სამიდან ექვს წლამდე ასაკი პირველი გარდატეხის პერიოდია ბავშვის განვითარებაში. ეს პერიოდი არის ბავშვის ინტენსიური, ემოციური განვითარების პერიოდი. იგი პირველ ნაბიჯებს დგამს სოციალიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების სფეროში – უნდა ისწავლოს ურთიერთობა ჯგუფთან თანატოლებთან. სხვადასხვა სახის ურთიერთობების ჩვევების დაუფლებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როლური მოდელის შერჩევას. 4-7 წლის ასაკიდან ბიჭები უკვე ირჩევენ საკუთარი სქესის მშობლების როლს და მასთან განშორებამ შესაძლოა ღრმა კვალი დატოვოს მთელ შემდგომ ცხოვრებაზე. გამოკვლევების მიხედვით მამასთან მოშორებული ბავშვები 2-3 ჯერ უფრო ხშირად მიმართავენ ასოციალურ ქცევას და ერთვებიან კრიმინალურ აქტივობებში. ბავშვს განსაკუთრებით ბიჭს სჭირდება მამასთან მჭიდრო ურთიერთობა, მითუმეტეს მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყოველგვარი მავნე ჩვევების არქონე სოციალიზებულ მამასთან, რომელიც ჩვილობის ასაკიდან თავად ზრდის ბავშვს. მამა აქტიურად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში, რის საფუძველზეც ბავშვი ემოციურად დაცულად, უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მამის ასეთი ჩართულობის დამსახურებით მცირეწლოვანი ბავშვი ყოველთვის უკეთ ურთიერთობს თანატოლებთან. ზოგადად ასეთი ბავშვები უფრო იშვიათად არიან დეპრესიულები, მაღალი აქვთ თვითშეფასება.

45. ზემოთ მითითებული გარემოებები უნდა განვიხილოთ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით დასტურდება – მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ჰყავს ბიოლოგიური დედა, ბავშვი ფაქტობრივად მას არ იცნობს და, შესაბამისად, მცირე ასაკის და ამ ასაკისათვის დამახასიათებელი მოწყვლადობის გამო, ბავშვს არა აქვს სათანადო რესურსი, გაიაზროს, თუ რატომ უნდა დატოვოს ჩვეული უსაფრთხო გარემო და წავიდეს სხვაგან მისთვის უცხო გარემოში. მამასთან და ადაპტირებულ გარემოსთან სეპარაციას აუცილებლად ექნება ბავშვზე ძალადობის ელფერი და, შესაბამისად, ბავშვზე ძალადობა შემდგომში სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

46. აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითებს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიიის პრევენციის ცენტრის“ 2016 წლის 2 თებერვლის სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა №--, რომელიც შედგენილია ექსპერტ-ფსიქოლოგ მიერ. ექსპერტი მიუთითებს მეტად ყურადსაღებ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე არ ვიცით დედის ამჟამინდელი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა შვილთან ერთად ცხოვრების სურვილისა, რამდენად აქვს მას რესურსი, გაუმკლავდეს 4 წლის ბავშვის მამასთან და მანამდე ადაპტირებულ გარემოსთან განშორების შედეგად წარმოქმნილ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რამდენად შეძლებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას, მის მოვლას და მის საჭიროებებზე მორგებული ადაპტირებული გარემოს ორგანიზებას.

47. დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოლოგიის დოქტორების მიერ შედგენილი დასკვნაც პირდაპირ და ზუსტად ასახავს იმ რისკებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მცირეწლოვანი ბავშვის შეჩვეული გარემოსაგან მოწყვეტამ და როგორ შეიძლება დაირღვას და შეილახოს ბავშვის პრიორიტეტული ინტერესები.

48. იგივე რისკებზე ისაუბრა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტმა, რაც სრულად გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი საფუძვლევის არსებობას.

49. ამ ეტაპზე ბავშვის გადაცემა დედისათვის ღამე დარჩენის უფლებით იგივე უარყოფითი ტრავმის გამომწვევი იქნება ბავშვისთვის, როგორც ამაზე ექსპერტები უთითებენ თავიანთ დასკვნებში.

შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

50. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემაც, მოითხოვა მისი გაუქმება თავისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:

51. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შვილს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია და არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ბავშვი რუსულენოვან გარემოში არ უნდა გაიზარდოს. მამასთან ცხოვრებისას ბავშვის მიერ ქართული ენისა და მეგრული დიალექტის შესწავლის მსგავსად, მას ზიანს ვერ მოაყენებს რუსული ენის შესწავლაც.

52. არასრულწლოვანი ბავშვის დედასთან გაუცხოების თაობაზე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მეუღლეთა დაშორების პირველი დღიდან ცდილობდა შვილთან ყოფნას. აღნიშნული მიზნით, მიმართა ჯერ პატრულს, ხოლო შემდეგ –სასამართლოს დროებითი განკარგულების მისაღებად. თავდაპირველად სასამართლომ გასცა დროებითი განკარგულება მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა მითითებული დოკუმენტი მოსარჩელეს დროულად არ ჩაბარდა და მოპასუხის მოთხოვნით სასამართლომ იგი გააუქმა.

53. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რამდენად შედის მცირეწლოვანი ბავშვის ინტერსებში დედის გარეშე გაზრდა. ბებია ვერ შეუცვლის მას დედას. მოწინააღმდეგე მხარის ინტერესში შედის მოსარჩელისათვის შვილის წართემვა, რაც იმით დასტურდება, რომ კასატორს არ აძლევენ შესაძლებლობას, დამოუკიდებლად შეხვდეს შვილს, მისგან თუნდაც რამდენიმე მეტრის დაშორებით იქონიოს ურთიერთობა ბავშვთან.

54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით – ძირითადი საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე წლის 11 ოქტომბერს შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამარლოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით კი როგორც საკასაციო საჩივარი, ისე შეგებებული საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

55. საკასაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 25 იანვარს მოცემული საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება და მათ იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასრულწლოვანი შვილის – დ. გ.-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის – გ. გ.-ას საცხოვრებელი ადგილი: ქ.სენაკი, რ.-ის ქ.№...

56. მორიგების აქტი შეიცავს შემდეგ პირობებს:

1. დედას – თ. მ.-ეს თავის არასრულწლოვან შვილთან – დ. გ.-ასთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები ყოველი თვის 1 რიცხვიდან 7 რიცხვის ჩათვლით დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე პირველი 3 (სამი) თვის განმავლობაში ღამით დარჩენის უფლების გარეშე, ხოლო სამი თვის შემდეგ პირველი დღის 11:00 საათიდან მე-7 დღის 19:00 საათამდე ღამით დარჩენის უფლებით მცირეწლოვანი დ. გ.-ას ინტერესების გათვალისწინებით;

2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება რომელიმე მხარის ობიექტური მიზეზით დედა-შვილის ურთიერთობა პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში დედა-შვილის ურთიერთობა განხორციელდება იმავე თვის სხვა დღეებში პირველ პუნქტში მითითებული პირობებით;

3. მცირეწლოვანი ბავშვის ქ.სენაკში ყოფნის შემთხვევაში დედის ბავშვთან ურთიერთობის ადგილად განისაზღვროს სენაკი და თ. მ.-ეს ჰქონდეს უფლება, მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ბავშვი წაიყვანოს ქ.ქუთაისში, ხოლო ბავშვის ქ.თბილისში ყოფნის შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის ადგილად განისაზღვროს ქ.თბილისი-ქ.რუსთავი ზემოთ მითითებული პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ადგილსამყოფელი იქნება სხვა მისამართზე, სხვა დასახლებულ პუნქტში, დედისა და შვილის ურთიერთობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პირველ პუნქტში მითითებული პირობებით;

4. მხარეები თანახმანი არიან, პირველი ორი კვირის განმავლობაში დედისა და შვილის ურთიერთობას დაესწროს სოციალური მუშაკი;

5. მორიგების აქტი გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

57. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

58. სსსკ-ის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის მნიშვნელოვანი დისპოზიციურობის პრინციპი, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. მათ შორისაა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლება, მხარეებმა დავის შეწყვეტის მიზნით, მიაღწიონ შეთანხმებას გარკვეულ პირობებზე (მორიგდნენ), რომელიც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში ექვემდებარება აღსრულებას.

59. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მორიგების აქტით განსაზღვრული პირობები გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც დასტურდება მათ მიერ ხელმოწერილი მორიგების აქტით, ამავდროულად, მორიგების აქტის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს.

60. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მხარეებისათვის ცნობილია წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცების სამართლებრივი შედეგები, კერძოდ, მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე სასამართლო განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს მიერ საქმის წარმოება წყდება და მხარეებს აღარ აქვთ უფლება, განმეორებით მიმართონ სასამართლოს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

61. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

62. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

63. ამდენად, მხარეთა მორიგების საფუძველზე კასატორ გ. გ.-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მის მიერ 2016 წლის 26 სექტემბრის №4 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორ თ. მ.-ეს უნდა დაუბრუნდეს ლ.-ას მიერ 2016 წლის 6 ოქტომბერს №.. საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 373-ე მუხლის მეორე ნაწილით, 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 49-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასრულწლოვანი შვილის – დ. გ.-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის – გ. გ.-ას საცხოვრებელი ადგილი: ქ.სენაკი, რ.-ის ქ.№--.

3. მორიგების აქტი შეიცავს შემდეგ პირობებს:

1. დედას – თ. მ.-ეს თავის არასრულწლოვან შვილთან – დ. გ.-ასთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ნახვის დღეები ყოველი თვის 1 რიცხვიდან 7 რიცხვის ჩათვლით დილის 11:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე პირველი 3 (სამი) თვის განმავლობაში ღამით დარჩენის უფლების გარეშე, ხოლო სამი თვის შემდეგ პირველი დღის 11:00 საათიდან მე-7 დღის 19:00 საათამდე ღამით დარჩენის უფლებით მცირეწლოვანი დ.გ.-ას ინტერესების გათვალისწინებით;

2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება რომელიმე მხარის ობიექტური მიზეზით დედა-შვილის ურთიერთობა პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში დედა-შვილის ურთიერთობა განხორციელდება იმავე თვის სხვა დღეებში პირველ პუნქტში მითითებული პირობებით;

3. მცირეწლოვანი ბავშვის ქ.სენაკში ყოფნის შემთხვევაში დედის ბავშვთან ურთიერთობის ადგილად განისაზღვროს სენაკი და თ. მ.-ეს ჰქონდეს უფლება, მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ბავშვი წაიყვანოს ქ.ქუთაისში, ხოლო ბავშვის ქ.თბილისში ყოფნის შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის ადგილად განისაზღვროს ქ.თბილისი-ქ.რუსთავი ზემოთ მითითებული პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ადგილსამყოფელი იქნება სხვა მისამართზე, სხვა დასახლებულ პუნქტში, დედისა და შვილის ურთიერთობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პირველ პუნქტში მითითებული პირობებით;

4. მხარეები თანახმანი არიან, პირველი ორი კვირის განმავლობაში დედისა და შვილის ურთიერთობას დაესწროს სოციალური მუშაკი;

5. მორიგების აქტი გამოხატავს მხარეთა ნებას, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით.

4. მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება;

5. განემარტოს მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

6. კასატორ გ. გ.-ას (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 26 სექტემბრის №4 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

7. თ. მ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ.-ას მიერ 2016 წლის 6 ოქტომბერს №- საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური