საქმე № 330210014487406
საქმე №ას-1017-978-2016 25 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ფ.-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინება/დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. ყ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ფ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 7517 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხემ ორ ფიზიკურ პირს ასესხა თანხა, რომელიც უზრუნველყოფილ იქნა იპოთეკით. მოსარჩელემ ერთ-ერთი ფიზიკური პირის ინტერესებში შეასრულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და მოპასუხეს გადაუხადა 12 096 აშშ დოლარი, რომელიც კრედიტორმა განუსაზღვრა მოსარჩელეს ერთპიროვნულად. მოსარჩელე შესრულებას ახორციელებდა დროის შეზღუდულ მონაკვეთში, მან ვერ შეძლო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეალური დავალიანების თაობაზე და იძულებული გახდა, გადაეხადა თავად კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხა.
3. კრედიტორმა საჯარო რეესტრის სააგენტოსათვის ცალმხრივი განცხადებით მიმართვის მეშვეობით გააუქმა იპოთეკა. როდესაც მოსარჩელე მას დაუკავშირდა და მოსთხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, მიიღო უარი, რის შემდეგაც იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსათვის.
4. მოსარჩელის მითითებით, ანგარიშსწორების დროისათვის ხელშეკრულებაზე გარკვეული თანხა უკვე გადახდილი იყო.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მსესხებელმა იპოთეკაზე გადაიხადა პირველი თვის სარგებელი. არასწორია მოსარჩელის მითითება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იპოთეკარისთვის გადახდილი სრული თანხა შეადგენს 27852 აშშ დოლარს, ვინაიდან აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის, როგორც იპოთეკარისთვის გადახდილი სრული თანხა შეადგენს 27212 აშშ დოლარს, საიდანაც 16 000 აშშ დოლარი ძირი თანხაა, 1920 აშშ დოლარი – 3 თვის სარგებელი, ხოლო 9292 აშშ დოლარი კი, პირგასამტეხლო. მოპასუხის მითითებით, გადახდილი თანხა წარმოადგენდა სარგებელს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის, როგორც კრედიტორის კეთილი ნებით პირგასამტეხლო შემცირდა დაახლოებით 60%.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5920 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით/დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ მიღებულ იქნა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო პალატის 2016 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით სხდომაზე გამოცხადდა შესვენება. მხარეთა შორის მორიგების პირობებზე შეთანხმების მიზნით, საქმის განხილვა გადაიდო 2016 წლის 25 თებერვალს 16:00 საათზე. 2016 წლის 25 თებერვალს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომა, მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუას მივლინებაში ყოფნის გამო, გადაიდო 2016 წლის 13 მაისს, 13:00 საათზე. სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
9. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვაზე, რომელიც დანიშნული იყო 2016 წლის 13 მაისს 13:00 საათზე, არ გამოცხადდა მოსარჩელე-შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამავე დღეს მისმა წარმომადგენელმა სხდომის გადადების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ მოულოდნელად მოუხდა რაიონში გამგზავრება გაუთვალისწინებელი გარემოების, კერძოდ, ნათესავის გარდაცვალების გამო, აღნიშნულის შესახებ კი მისთვის ცნობილი გახდა სხდომის დღეს, დილის საათებში. მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას და აღნიშნა, რომ სხდომის გადადების შესახებ განცხადება არ არის სათანადო წესით წარმოდგენილი, არ ერთვის შუამდგომლობაში მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც მოითხოვა საქმის განხილვის გადადების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოსარჩელე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო, არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
13. სსსკ-ის 372-ე, 387-ე მუხლების, 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არსებობს, თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსს-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე, მისი წარმომადგენლის განცხადება სხდომის გადადების თაობაზე, დაუსაბუთებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
14. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მოპასუხე აპელანტის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის მხარის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის გარდა საჭიროა კიდევ ერთი წინაპირობის არსებობა, კერძოდ, მოპასუხე აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ საჭიროებენ მტკიცებას, ისინი მიიჩნევიან დამტკიცებულად, ამდენად, სასამართლო არ იკვლევს და არ აფასებს მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება სააპელაციო საჩივარში აღნიშნული გარემოებები და მიუთითებს ამ გარემოების დამტკიცებულად ცნობის პრეზუმფციაზე, მაგრამ აღნიშნული პრეზუმცია არ ნიშნავს, რომ სასამართლომ არ მისცეს იურიდიული შეფასება დამტკიცებულად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებს.
16. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით წინამდებარე საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებზე, კერძოდ: 2009 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხესა და სხვა პირს – მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა სამი თვის ვადით სესხის სახით მიიღო 16 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის, ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის იპოთეკარს მიღებული ჰქონდა ერთი თვის სარგებელი 640 აშშ დოლარი. ამასთან, გარდა ხელშეკრულების 1.4. პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის სარგებლისა, მოპასუხე აპელანტის სასარგებლოდ გადახდილია: 2009 წლის 23 დეკემბერს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 23 იანვარს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 თებერვალს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 მარტს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 23 აპრილს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 24 მაისს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 24 ივნისს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 20 ივლისს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 20 ივლისს – 3 000 აშშ დოლარი (ძირი თანხა); 2010 წლის 20 აგვისტოს – 520 აშშ დოლარი; 2010 წლის 24 სექტემბერს – 520 აშშ დოლარი; 2010 წლის 20 ოქტომბერს – 520 აშშ დოლარი; 2010 წლის 25 ნოემბერს – 520 აშშ დოლარი; 2011 წლის მარტს – 2000 აშშ დოლარი; 2011 წლის 13 აპრილს – 1820 აშშ დოლარი; 2011 წლის 13 აპრილს – 1 000 აშშ დოლარი (ძირი თანხა).
17. 2009 წლის 21 ოქტომბერის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროცენტის გადახდის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის სახით გადახდილი 5 920 აშშ დოლარი გამოაკლდა ძირითად დავალინებას.
18. 2012 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 12 096 აშშ დოლარი.
19. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, სადაც ეს უკანასკნელი უთითებს, რომ, რადგან მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის დროს არსებობდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში იყო, აღნიშნული მას ანიჭებდა მოთხოვნის უფლებას. თავის მხრივ, შესრულების მიღებისას მას შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელმა შეგნებულად გადასცა ქონება. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გამხდარა, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომ 2009 წლის 21 ოქტომბერის ხელშეკრულების მოქმედების ვადა სამი თვის შემდეგ არ ამოწურულა და მხარეთა შეთანხმებით ამ ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა. მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში ვადაგადაცილებული დროისთვის პროცენტის გადახდის შესახებ. სააპელაციო საჩივრით შედავაბეული არ არის ასევე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოვალის მიერ გადახდილი 5920 აშშ დოლარი წარმოადგენდა პროცენტის სახით გადახდილ თანხას და არა პირგასამტეხლოს.
20. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას, ანუ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები მტკიცებულებების კვლევის და შეფასების გარეშე საკმარისია (ვარგისია) სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად, იმ ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად, რომელიც საფუძვლად დაედო აპელანტის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების გამოტანას.
21. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დადასტურებულად მიჩნევაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებდა. ამდენად, აპელანტს უარი უნდა ეთქვას მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის საფუძვლით, მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და ამ ფარგლებში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ, რადგან ის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მსესხებელთან იმყოფებოდა, მოსარჩელეს, ვალდებულების შესრულების მიუხედავად, არ ჰქონდა მისთვის მოთხოვნის წარდგენის უფლება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2009 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2010 წლის 22 თებერვლიდან 2010 წლის 22 ივნისის ჩათვლით მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი 5920 აშშ დოლარი წარმოადგენს ძირ თანხას. დადგენილია, რომ 2012 წლის 27 აპრილს, მსესხებლის ნაცვლად, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 12 096 აშშ დოლარი, თუმცა მსესხებლის დავალიანება მოპასუხის მიმართ გადახდის დროს შეადგენდა 6 176 აშშ დოლარს.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მოპასუხე მოსარჩელის მოქმედებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რამეთუ კრედიტორის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გამო, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას აჭარბებდა. შესაბამისად, ამ უკანასკნელს სწორედ იმ პირისგან წარმოეშვა შესრულების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ვინც შესაბამისი ოდენობით ვალდებულების არარსებობის პირობებში მისგან შესრულება მიიღო, ამ შემთხვევაში ასეთ პირს მოპასუხე წარმოადგენდა.
24. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ 2009 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება გაფორმდა სამი თვის ვადით. ასევე დადგენილია, რომ 2012 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 12 096 აშშ დოლარი, შესაბამისად, იმ გარემოებაზე მითითება, რომ შესრულების დროს ხელშეკრულება ძალაში იყო და აღიშნული მიმღებს აძლევდა ვარაუდის საფუძველს, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, ვერ იქნება გაზიარებული, რამეთუ ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესრულების დროს დიდი ხნის ამოწურული იყო, ამასთან, აპელანტი სასამართლოს ვერ მიუთითებს ისეთ გარემობებზე, რომელიც ვალდებულების გარეშე გადახდილის უკან დაბრუნების მოთხოვნას გამორიცხავდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
26. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ, მოცემული საქმის განხილვა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა პალატას საერთოდ არ მოუსმენია მოპასუხის ახსნა-განმარტებისათვის. აპელანტს უარი არ უთქვამს აღნიშნულ საპროცესო უფლებაზე, რომელიც შეჯიბრებითობის პრინციპის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს დამტკიცებულად ვერ ჩათვლის, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხე აპელანტის განმარტებისთვის არ მოუსმენია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დავის მატერიალურ-სამართლებრივ არსებით მხარეზე მსჯელობა გაუძნელდება.
27. კასატორის მითითებით, საქმეზე დადგენილია, რომ სხდომის გადადების საპატიო მიზეზი არ არსებობდა, მოწინააღმდეგე მხარეს არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია და არც მისი გამოუცხადებლობის მის მიერვე მითითებული საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლოს ასეთ ვითარებაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაკმაყოფილების შესახებ. სხდომაზე გამოუცხადებელი მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს მოსარჩელეს საქმეში. აპელაციის სტადიაზე, მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენება პირველი ინსტანციის წესები, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა და გამოეყენებინა, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არსებული წესები, რომლებიც მოსარჩელის გამოუცხადებლობისას ითვალისწინებენ მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უპირობოდ გამოტანას.
28. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესის მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევის მიმართ გამოყენებით არასწორად განმარტა და გამოიყენა მოქმედი კანონმდებლობა. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიც მიუთითებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უპირობოდ გამოტანის აუცილებლობაზე, ხოლო ამ ნორმაში მითითებული სიტყვები – „რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას“ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს დისკრეციაზე კი არ უთითებს, არამედ მხარის უფლებაზე, მისცეს ახსნა-განმარტება. ამასთან, ნორმაში საუბარია ახსნა-განმარტებაზე და არა სააპელაციო საჩივარზე და მის საფუძვლიანობაზე.
29. კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ უშუალოდ მხარესაც არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება.
30. მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე იმსჯელა მხარეთა შორის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომ საქმეში არ ყოფილა ჩართული ამ ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი – მსესხებელი. მართალია, თავის დროზე აპელანტს სააპელაციო საჩივარში აღნიშნულზე ყურადღება არ გაუმახვილებია, მაგრამ ამის ვალდებულება თვითონ სასამართლოს გააჩნდა, მით უმეტეს მაშინ, როცა არ ისმენდა მხარის ახსნა-განმარტებას. სამართლებრივი საკითხების მითითებასა და გადაწყვეტაში სასამართლო არასდროს არ არის შეზღუდული, ეს არ ითვლება დისპოზიციურობის პრინციპის დარღვევად და მოთხოვნის ფარგლების გადამეტებად. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს თვითონ მოსარჩელის სარჩელში უნდა მოეძიებინა პროცესუალური საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ პროცესის წარმართვას მასში სწორად ჩართულ სუბიექტებს შორის და მატერიალურ-სამართლებრივი, ანუ არსებითი საკითხის სწორად გადაწყვეტასაც. ამ მხრივ საინტერესოა თავად სარჩელი. მოსარჩელის განმარტებით, მან 2009 წლის 21 ოქტომბერს შეასრულა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ამ ხელშეკრულების მხარის – მსესხებლის ინტერესებში. თურმე ვალდებულების მოცულობა კრედიტორმა განუსაზღვრა მოსარჩელეს ერთპიროვნულად და მოსარჩელეს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რეალური დავალიანების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომაც და სააპელაციო სასამართლომაც არ მიაქციეს ყურადღება იმას, თუ რას ნიშნავს გადახდა სხვის ანუ უშუალო მოვალის ინტერესებში, რა ურთიერთობა არსებობდა უშუალო მოვალესა და კრედიტორს შორის, რა მოცულობის, ვინ არიან კონდიქციური ვალდებულების სუბიექტები და ა.შ. საქმე იმაშია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სხვა კვალიფიკაცია აქვს სხვის ინტერესში მოქმედებას და აქ იცვლება სუბიექტი. ასევე, რიგი წესებია დადგენილი და სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა უშუალო მოვალესა და იმ მესამე პირს შორის, რომელიც არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, თუკი ეს უკანასკნელი ისტუმრებს ვალს. ამ საკითხების გარკვევის და პროცესში აუცილებელი სუბიექტის ჩართვის გარეშე, შეუძლებელია მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერების და მართებულობის დადგენა. შესაბამისად, იმდენად იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. თვითონ სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკაში არის პრეცედენტი, როდესაც გადაწყვეტილება უქმდება სწორედ იმის გამო, რომ არასწორად არიან საქმეში დალაგებულნი მხარეები. მაგალითად, 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებას საქმეზე №2ბ/631-12 (გვერდი მე-9, მე-10). მხარედ თუ არა, უკიდურეს შემთხვევაში ქვემდგომ სასამართლოებს დამოუკიდებელ მოთხოვნის არმქონე მესამე პირად მაინც უნდა ჩაერთოთ მსესხებელი რომლის ვალიც, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს, ზედმეტად გადაიხადა.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
32. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
33. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლის 21 ოქტომბერს მოპასუხესა და სხვა პირს – მსესხებელს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა სამი თვის ვადით სესხის სახით მიიღო 16 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით.
34. ხელშეკრულების 1.5. პუნქტის თანახმად, დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო – გადასახდელი თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
35. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის იპოთეკარს მიღებული ჰქონდა ერთი თვის სარგებელი 640 აშშ დოლარი. ამასთან, გარდა ხელშეკრულების 1.4. პუნქტით გათვალისწინებული ერთი თვის სარგებლისა, მოპასუხე აპელანტის სასარგებლოდ გადახდილ იქნა: 2009 წლის 23 დეკემბერს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 23 იანვარს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 თებერვალს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 22 მარტს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 23 აპრილს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 24 მაისს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 24 ივნისს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 20 ივლისს – 640 აშშ დოლარი; 2010 წლის 20 ივლისს – 3 000 აშშ დოლარი (ძირი თანხა); 2010 წლის 20 აგვისტოს – 520 აშშ დოლარი; 2010 წლის 24 სექტემბერს – 520 აშშ დოლარი; 2010 წლის 20 ოქტომბერს – 520 აშშ დოლარი; 2010 წლის 25 ნოემბერს – 520 აშშ დოლარი; 2011 წლის მარტს – 2000 აშშ დოლარი; 2011 წლის 13 აპრილს – 1820 აშშ დოლარი; 2011 წლის 13 აპრილს – 1 000 აშშ დოლარი (ძირი თანხა).
36. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2009 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროცენტის გადახდის შესახებ, შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის სახით გადახდილი 5 920 აშშ დოლარი გამოაკლდა ძირითად დავალინებას.
37. 2012 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 12 096 აშშ დოლარი.
38. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ეფუძნება რამდენიმე საფუძველს, კერძოდ, მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მოუსმინა აპელანტი მოპასუხის ახსნა-განმარტებას, რის გამოც პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი ვერ მიიჩნევა სავალდებულოდ გასაზიარებლად საკასაციო სასამართლოსათვის. კასატორის მოსაზრებით, გამოუცხადებელი აპელანტი მოცემულ საქმეში ჩაბმული იყო მოსარჩელის სტატუსით, შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობის შედეგად სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვა. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, საქმეში ჩაება მსესხებელი, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში მხარეს აღნიშნული არ მოუთხოვია. მითითებული სააპელაციო პალატას უნდა მოეხდინა საკუთარი ინიციატივით.
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
41. აღსანიშნავია, რომ კასატორი უფლებამოსილია, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივროს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხე აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მითითებული დანაწესის გასაჩივრება მის კანონიერ ინტერესებს სცდება.
42. ამდენად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მოპასუხე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შეფასება.
43. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც სასამართლო პრაქტიკის დამდგენი ინსტანციის მიერ დამკვიდრებულ შემდეგ განმარტებაზე, რომელიც სადავო საკითხს ეხება:
44. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას.
45. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
46. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად. სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შემდეგ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ ჩათვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა საჩივარში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს იურიდიულად შეესაბამება.
47. აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი არ შეიცავს დათქმას და განსხვავებულ რეგულაციას იმის მიხედვით, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე საქმეში მოსარჩელის სტატუსით მონაწილეობს, თუ მოპასუხეა. დასახელებული ნორმა იძლევა ზუსტ მითითებას, თუ რა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სააპელაციო პალატამ, კერძოდ, უპირველესად დაადგინოს მხარის გამოუცხადებლობის მართლზომიერება და თუ დადასტურდება მისი არასაპატიობა, შემდგომ გამოკვლევის გარეშე გაიზიაროს სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები, განსაზღვროს, იურიდული თვალსაზრისით ამართლებს თუ არა აპელანტის მიერ მოყვანილი გარემოებები მის მოთხოვნას. საუბარია სააპელაციო საჩივარში და არა სარჩელში მოყვანილ გარემოებებსა და აპელანტის მოთხოვნაზე.
48. შესაბამისად, ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მსჯელობა, რომ, მოპასუხე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის (რომელიც ამავდროულად საქმეში მოსარჩელეს წარმოადგენს) გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის არასაპატიოდ გამოუცხადებლობისას ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.
49. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე ისე გადადო საქმის განხილვა და დაასრულა იგი, რომ მოპასუხე აპელანტის ახსნა-განმარტება არ მოუსმენია.
50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის ახსნა-განმარტების მიცემა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლებაა, თუმცა კასატორის მიერ მითითებული საპროცესო დარღვევის გაზიარების შემთხვევაშიც აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე. აპელანტი მოპასუხის პოზიცია დაფიქსირებული იყო მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა კანონით გათვალისწინებული წესით რაიმე ახალ გარემოებაზე მითითების აუცილებლობა, მხარეს შეეძლო ეშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე ისევე, როგორც ეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განახორციელა.
51. სსსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
52. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ზემოთ დასახელებული არგუმენტი ამგვარი შინაარსის დარღვევას არ წარმოადგენს.
53. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა ემსჯელა საქმეში მსესხებელი პირის ჩაბმის საკითხზე.
54. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გარკვეულ დასაშვებ ფარგლებს უწესებს სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, იგი უფლებამოსილია, იმსჯელოს მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, არ გასცდეს მას და მხოლოდ წარმოდგენილი პრეტენზიებს დაუკავშიროს თავისი შეფასება (სსსკ-ის 384-ე მუხლი).
55. თავად კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში მსესხებლად დაფიქსირებული პირის საქმეში ჩაბმის შესახებ პრეტენზიას მისი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა. მის წინააღმდეგ არ არის მიმართული არც მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც, სსსკ-ის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობიდან გამომდინარე, თავად ირჩევს, ვის მიმართ აღძრას სარჩელი.
56. რაც შეეხება საქმეში მესამე პირად მსესხებლის ჩართვას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 89-ე და 90-ე მუხლებზე, რომლებიც ითვალისწინებენ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად საქმეში ჩართვის წესს.
57. მითითებული ნორმების თანახმად, ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. ამასთან, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.
58. კანონის დასახელებული დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩართვა დასაშვებია ორი გზით: 1. საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით და 2. თავად იმ პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც სურს მესამე პირად საქმეში ჩართვა.
59. ამდენად, სასამართლოს და, მით უფრო, სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით დავაში დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის ჩართვის შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.
60. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შ. ქ.-ის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 734 ლარის 70% – 513,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ფ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ. ფ.-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შ. ქ.-ის მიერ 2016 წლის 11 ნოემბერს №1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 734 ლარის 70% – 513,8 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური