Facebook Twitter

საქმე № 330210114484048

საქმე №ას-1033-994-2016 25 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.-“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ და მოითხოვა საიჯარო ქირის – 19216.44 ლარის, პირგასამტეხლოს – 4848 ლარის, ასევე, თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 12000 ლარის 0.1%-ის დაკისრება აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2014 წლის 10 იანვრიდან) საიჯარო ქირის დავალიანების დაფარვამდე, 2011 წლის 28 დეკემბრის ელექტრონული აუქციონის საიჯარო პირობების 7.1. პუნქტის დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 100 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 28 დეკემბრის №.. აუქციონის №.. ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც იჯარით გადაეცა მიწის ნაკვეთი. იჯარის ვადად განისაზღვრა 5 წელი, სარგებლობის წლიურმა საფასურმა შეადგინა 12 000 ლარი, რომელიც მხარეს უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, 6 თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე.

3. მოპასუხე ჯეროვნად არ ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას და არ იხდიდა საიჯარო ქირას დადგენილ ვადებში, რის შედეგადაც მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 19216.44 ლარს. ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით ხსენებულ მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლება შეწყდა.

მოპასუხის, შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა შეცდომით ჩარიცხული საიჯარო ქირის – 6000 ლარის დაკისრება.

5. მხარემ განმარტა, მოსარჩელის მიერ გადმოცემული მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარი აღმოჩნდა ჯიხურის განსათავსებლად, რამდენადაც იგი იჭრებოდა სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე და ფარავდა სს „თ.-ის“ ჯიხურს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლების გაუქმება, რაც დაკმაყოფილდა სააგენტოს 2012 წლის 27 მარტის №.. გადაწყვეტილებით. აღნიშნული აქტი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. 2012 წლის 5 ივნისს ქონების მართვის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, სხვა საიჯარო თანხებთან ერთად შეცდომით იქნა ჩარიცხული ხსენებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის საფასური – 6000 ლარი, რის დაბრუნებასაც უკან ითხოვს მოპასუხე და უთითებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე უსაფუძვლოდ გამდიდრდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი კი დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველი არ გამხდარა საიჯარო საგნის ნივთობრივი ნაკლი.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხე საზოგადოების №.. განცხადებაზე, რომლითაც განმცხადებელმა მიუთითა საიჯარო საგნის ნივთობრივ ნაკლზე და ამ საფუძვლით მოითხოვა აპელანტთან საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა.

10. საქმეში, ასევე, წარმოდგენილია ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 27 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხის ზემოაღნიშნული განცხადება აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე აუქციონის შედეგების გაუქმებას ითხოვდა ერთადერთი საფუძვლით – საიჯარო საგნის ნაკლის გამო და აღნიშნული განცხადება ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ დააკმაყოფილა, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პოზიცია, რომ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი საიჯარო საგნის ნაკლი არ გამხდარა.

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე 2012 წლის 5 ივნისს ჩარიცხული საიჯარო ქირა – 6000 ლარი უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე უნდა დაბრუნდეს უკან.

12. ქ.თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 28 დეკემბრის №.. აუქციონის №.. ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც იჯარით გადაეცა მიწის ნაკვეთი.

13. 2012 წლის 27 მარტს ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა №.. ელექტრონული აუქციონის №.. ლოტზე არსებული შედეგები.

14. მოპასუხის მიერ 2012 წლის 5 ივნისს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე ჩაირიცხა სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების საფასური, საიჯარო ქირა 6000 ლარის ოდენობით.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2012 წლის 27 მარტს მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების ნივთობრივი ნაკლის გამო, შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილით და მოცემულ შემთხვევაში დაადგინა, რომ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის გაცემული იჯარა №.. ლოტზე გაუქმდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 27 მარტის №.. გადაწყვეტილებით. ამდენად, მოპასუხე მხარეს არ უსარგებლია იჯარის უფლებით, არც საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოშობია და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე 2012 წლის 5 ივნისს შეცდომით ჩარიცხული 6000 ლარი მხარეს უნდა დაუბრუნდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყევტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რადგან სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა საჩივრის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

19. მხარის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს განმარტება სადავო საკითხებზე, რადგან არსებობს მსგავსი ტიპის არაერთი დავა.

20. კასატორმა განმარტა, რომ სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეს ეკისრებოდა შესაბამისი საიჯარო ქირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობისთვის 2011 წლის 28 დეკემბრიდან 2012 წლის 27 მარტის ჩათვლით, კერძოდ, დარიცხვა განხორციელდა შემდეგნაირად 12000 ლარი (საიჯარო ქირა) : 365 (საანგარიშო წელიწადი) 90 დღეზე (2011 წლის 28 დეკემბრიდან 2012 წლის 27 მარტის ჩათვლით), რაც შეადგენს 2958.9 ლარს. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ საიჯარო ქირის ჩარიცხვა 6000 ლარის ოდენობით შეცდომით განხორციელდა, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

21. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განმარტა, რომ 2011 წლის 28 დეკემბრის №-- აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძველი არ გამხდარა საიჯარო საგნის ნივთობრივი ნაკლი. ამასთან, არასწორია მოპასუხის პოზიცია, რომ შეცდომით განხორციელდა საიჯარო ქირის – 6000 ლარის ჩარიცხვა.

22. სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის, 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეები უფლებამოსილნი არიან, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები. მოცემულ შემთხვევაშიც ქ.თბილისის მერია მოქმედებს ხელშეკრულების ძალით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

23. მხარემ მიუთითა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 416-ე, 417-ე 418-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლები იმ პირობებში, როცა მოპასუხეს, იჯარის ხელკშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება საიჯარო ქირა – 19 216,44 ლარი და პირგასამტეხლო – 4848,00 ლარი, ასევე, აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (2014 წლის 10 იანვრიდან) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო აღსრულებამდე – 12 000.00 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და 2011 წლის 28 დეკემბრის ელექტრონული აუქციონის საიჯარო პირობების 7.1 პუნქტის დარღვევისათვის პირგასამტეხლო – 100 ლარი.

24. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, მხარემ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა ქ. თბილისის მერიის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ.თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ 2011 წლის 28 დეკემბრის №.. აუქციონის №.. ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც იჯარით გადაეცა მიწის ნაკვეთი.

28. 2012 წლის 27 მარტს ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა №.. ელექტრონული აუქციონის №.. ლოტზე არსებული შედეგები.

29. 2012 წლის 5 ივნისს მოპასუხემ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხა სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლების საფასური, საიჯარო ქირა 6000 ლარის ოდენობით.

30. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2012 წლის 27 მარტს მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების ნივთობრივი ნაკლის გამო.

31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არასწორად განმარტების შედეგად უსაფუძვლოდ დაუბრუნა მოპასუხეს სადავო თანხა უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებით და ასევე არასწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რადგან უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებული ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 3.06.2015 წ. საქმე №ას-360-342-2015).

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.

37. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი და საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასაზიარებელი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია კი, რომელიც მოცემულია გასაჩივრებულ განჩინებაში, შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნულ პრაქტიკას.

39. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური