Facebook Twitter

საქმე № 120210016001309652

საქმე №ას-1065-1025-2016 12 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის (კერძო საჩივრის) ავტორი – ნ. რ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ.-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინება

საჩივრის (კერძო საჩივრის) მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. რ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საჩივრის (კერძო საჩივრის) მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი (კერძო საჩივარი).

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაედასტურებინა, რომ მისი საჩივარი წარმოადგენს კერძო საჩივარს, ხოლო დადებით შემთხვევაში, წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის (კერძო საჩივრის) დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლოს 29 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაედასტურებინა, რომ მისი საჩივარი წარმოადგენს კერძო საჩივარს, ხოლო დადებით შემთხვევაში, წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

10. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს სასამართლო გზავნილით ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა მისივე საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათებით ჩაბარების შესახებ ირკვევა, რომ ადრესატი მისამართზე არც ერთხელ არ იმყოფებოდა. კურიერი დაუკავშირდა მხარეს მობილური ტელეფონის მეშვეობით და ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ თავად მიაკითხავდა გზავნილის ჩასაბარებლად. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო გზავნილები დაბრუნდა მხარისათვის ჩაუბარებლად.

11. მხარისათვის სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების წესს ითვალისწინებს სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილი და 73-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მიერ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამასთან, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

12. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საჩივრის ავტორ მხარეს სასამართლო გზავნილი ორჯერ გაეგზავნა თავად მხარის მიერ მითითებულ მისამართზე და ვერც ერთხელ ვერ ჩაბარდა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ამდენად, ზემოთ აღნიშნული წესის მიხედვით, სასამართლო გზავნილი ხარვეზის განჩინებასთან ერთად მოპასუხისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის ათვლა დაიწყოს მეორე გზავნილზე დასმული თარიღის – 2016 წლის 15 დეკემბრის მომდევნო დღიდან.

13. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

14. განსახილველ შემთხვევაში მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2016 წლის 16 დეკემბრიდან და ამოიწურა 20 დეკემბერს.

15. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ წარმოდგენილი საჩივარი (კერძო საჩივარი) უნდა დარჩეს განუხილველად, სსსკ-ის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომელთა თანახმადაც კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავდროულად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

17. მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, საკასაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. რ.-ის საჩივარი (კერძო საჩივარი) დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი