საქმე №160210015770404
საქმე №ას-1094-1051-2016 12 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. გ.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ლ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, სატრანსპორტო საშუალებებით გაწეული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 264 050,57 ლარის გადახდის შესახებ.
მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 94 150,57 ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
კასატორის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6. კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლო ინსტანციებში საქმის წარმოება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამასთან, კასატორი, როგორც ფიზიკური პირი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და მხარეს დაუდგინა ხარვეზი, კერძოდ, განესაზღვრა 7 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად.
8. კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება გონივრული ვადით.
9. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის გამოსწორება დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. ამავდროულად, მხარეს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.
10. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების შესახებ კასატორის წარმომადგენელს ეცნობა 2016 წლის 19 დეკემბრის, თუმცა მხარეს საკასაციო პალატისათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
13. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ მოთხოვნაზე და განესაზღვრა 7 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის სახით 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად.
14. კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელება გონივრული ვადით.
15. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს ხარვეზის გამოსწორება დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. ამავდროულად, მხარეს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
16. საქმეში წარმოდგენილი აქტით სატელეფონო შეტყობინების შესახებ დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინების თაობაზე სატელეფონო შეტყობინება 2016 წლის 19 დეკემბერს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მე-3 ტომის ს.ფ. 62-ზე განთავსებული რწმუნებულებით).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
18. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
20. განსახილველ შემთხვევაში მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2016 წლის 20 დეკემბრიდან და ამოიწურა 26 დეკემბერს (24-25 დეკემბერი იყო უქმე დღეები).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად (თავდაპირველად დაუდგინდა 10 დღე, შემდგომ დამატებით – 5 დღე), თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
23. მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი საკასაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
24. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი