Facebook Twitter

საქმე № 340210013000386142

საქმე №ას-1110-1067-2016 10 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ი“, ს. ს.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გურჯაანის მუნიციპალიტეტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გურჯაანის მუნიციპალიტეტმა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ს.–ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ფულადი დავალიანების – 566 565 ლარის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების, თანხის დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. მოგვიანებით საქმეში მოპასუხედ ჩაება შპს „გ.“ (შემდგომში – მოპასუხე საზოგადოება).

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს, როგორც ფიზიკურ პირს ასესხა 500 000 აშშ დოლარი ტურისტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების მიზნით, 5 წლის ვადით 8%-იანი სარგებლის გათვალისწინებით. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. თანხის ნაწილი დაფარა მოპასუხე საზოგადოებამ, რომლის დირექტორსაც მოპასუხე წარმოადგენს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, როგორც ფიზიკურ პირს დაეკისრა დავალიანების – 566 565 ლარის გადახდა, თანხის დაფარვის მიზნით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადინა, რომ 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, დადგენილი ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და აპელანტებს დაევალათ: მიეთითებინათ, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვენ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირები; მიეთითებინათ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; მიეთითებინათ თუ რაში გამოიხატება აპელანტის მიერ მითითებული გარემობები, იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; მიეთითებინათ თუ რას ასაჩივრებს აპელანტი, მხოლოდ პროცესუალურ გარემოებას, რომ მოპასუხე საზოგადოება საქმეში მოპასუხედ კანონის უხეში დარღვევით იქნა ჩართული, თუ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სრულად, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მიეთითებინათ თუ ვინ ასაჩივრებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას, მხოლოდ მოპასუხე საზოგადოება თუ მოპასუხე ფიზიკური პირიც; წარნოედგინათ იმის დამადასტურებელი მტიცებულება, რომ ა) ა. გ.–ს (შემდგომში – წარმომადგენელი), როგორც მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში წარმოედგინათ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, ბ) ა. გ.–ი, როგორც მოპასუხე ფიზიკური პირის წარმომადგენელი, წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციაში, სამოქალაქო სპეციალიზაციით გაწევრიანებულ ადვოკატს, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. სახელმწიფო ბაჟი გადაეხადათ 5 000 ლარის ოდენობით და თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ რობაქიძის 7ა) წარედგინათ შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლითაც დადასტურდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე.

7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით აპელანტს გაუგძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 1 აგვისტოს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში – 2016 წლის 8 აგვისტოს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა, რომელმაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის – 2 500 ლარის გადახდის ნაწილში იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელებაზე 5 დღით იმ მოტივით, რომ კომპანია იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეებს გაუგრძელდათ 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალათ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2500 ლარის ქვითრის დედნის წარდგენა.

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინება აპელანტი საზოგადოების წარმომადგენელ ა. გ.–ს ჩაბარდა პირადად სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 14 სექტემბერს, ხოლო აპელანტ მოპასუხე ფიზიკურ პირს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2016 წლის 19 სექტემბერს (ჩაბარდა მინდობილ პირს გ. გ.–ს (შემდგომში – მეორე წარმომადგენელი)), რაც დასტურდება საქმეში არსებული უკუგზავნილით.

10. ამდენად, ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის ათვლა მოპასუხე საზოგადოებისთვის დაიწყო 2016 წლის 15 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 19 სექტემბერს (ორშაბათი), ხოლო მოპასუხე ფიზიკური პირისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 20 სექტემბერს და ამოიწურა 2016 წლის 24 სექტემბერს, თუმცა ვინაიდან 24 სექტემბერი იყო შაბათი, ხარვეზის შევსების ვადა მოპასუხეს ამოეწურა მომდევნო სამუშაო დღეს – 26 სექტემბერს (ორშაბათს).

11. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე საზოგადოებამ სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ვადის დარღვევით – 2016 წლის 22 სექტემბერს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე ფიზიკურ პირს, მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

12. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის, 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივრის ავტორების შესაძლებლობა, გამოესწორებინათ ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად.

13. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეების სახელით ა. გ.მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. მოპასუხე საზოგადოებამ განმარტა, რომ მას სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 14 სექტემბერს, მოპასუხე ფიზიკურ პირს კი – ამავე წლის 19 სექტემბერს. აღნიშნულ საქმეზე ხარვეზის შევსების განცხადება შეტანილ იქნა სასამართლოში 2016 წლის 22 სექტემბერს მაშინ, როცა თავად სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2016 წლის 26 სექტემბერს. ამდენად, მხარემ ხარვეზი გამოასწორა საპროცესო ვადის ამოწურვამდე 4 დღით ადრე.

16. მხარე არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მითითებას, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიმართა მხოლოდ მოპასუხე საზოგადოებამ, რადგან მოპასუხეების ერთადერთი წარმომადგენელი იყო ა. გ.-ი, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება, შეეტანა შესაბამისი განცხადება ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით.

17. მოპასუხე ფიზიკურმა პირმა განმარტა, რომ მას კანონით დადგენილი წესით სასამართლო განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ ჩაბარებია. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა გ. გ.–ს, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო სპეციალიზაციის მქონე ადვოკატს და მოცემულ შემთხვევაში არაუფლებამოსილი პირია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხე საზოგადოების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხე ფიზიკური პირის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები.

20. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს ეხება სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტებს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შემდეგი საპროცესო მოქმედებების განხორციელება: მიეთითებინათ, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვენ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირები; მიეთითებინათ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; მიეთითებინათ თუ რაში გამოიხატება აპელანტის მიერ მითითებული გარემობები იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; მიეთითებინათ, თუ რას ასაჩივრებს აპელანტი, მხოლოდ პროცესუალურ გარემოებას, რომ მოპასუხე საზოგადოება საქმეში მოპასუხედ კანონის უხეში დარღვევით იქნა ჩართული, თუ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს სრულად, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მიეთითებინათ, თუ ვინ ასაჩივრებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას, მხოლოდ მოპასუხე საზოგადოება თუ მოპასუხე ფიზიკური პირიც; წარნოედგინათ იმის დამადასტურებელი მტიცებულება, რომ ა) ა. გ.–ს, როგორც მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელს მინიჭებული ჰქონდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება, ასეთის არარსებობის შემთხვევაში წარმოედგინათ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, ბ) ა. გ.–ი, როგორც მოპასუხე ფიზიკური პირის წარმომადგენელი, წარმოადგენს ადვოკატთა ასოციაციაში, სამოქალაქო სპეციალიზაციით გაწევრიანებულ ადვოკატს, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი წარმოედგინათ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი. სახელმწიფო ბაჟი გადაეხადათ 5 000 ლარის ოდენობით და თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ რობაქიძის 7ა) წარედგინათ შესაბამისი დოკუმენტების დედნები, რომლითაც დადასტურდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე.

23. მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების მოთხოვნით.

24. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით.

25. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 2016 წლის 30 ივნისის განჩინება მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 1 აგვისტოს.

26. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში – 2016 წლის 8 აგვისტოს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელმა, რომელმაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის – 2 500 ლარის გადახდის ნაწილში იშუამდგომლა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დამატებით 5 დღით იმ მოტივით, რომ კომპანია იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და წლების განმავლობაში ედო ყადაღა.

27. სააპელაციო პალატის 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოპასუხეებს გაუგრძელდათ 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა კიდევ 5 დღით და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2500 ლარის ქვითრის დედნის წარდგენა.

28. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განჩინება აპელანტი საზოგადოების წარმომადგენელ ა. გ.–ს (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დადასტურებულია ტომი 2, ს.ფ. 30-ზე წარმოდგენილი №1 ბრძანებით ა. გ.–ის მოპასუხე საზოგადოების იურისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ) ჩაბარდა პირადად სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 14 სექტემბერს (ტომი 2, ს.ფ. 36), ხოლო აპელანტ მოპასუხე ფიზიკურ პირს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე და 2016 წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა მოპასუხე ფიზიკური პირის მინდობილ პირს გ. გ.–ს. (რწმუნებულება წარდგენილია საქმეში, ტომი 1 ს.ფ. 101), რაც დასტურდება საქმეში არსებული უკუგზავნილით (ტომი 2, ს.ფ. 38).

29. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

30. ამდენად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხე საზოგადოებისთვის დაიწყო 2016 წლის 15 სექტემბრიდან და ამოიწურა 2016 წლის 19 სექტემბერს (ორშაბათი).

31. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე საზოგადოებამ სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა 2016 წლის 22 სექტემბერს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, მოპასუხე ფიზიკურ პირს კი ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვა რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა საზოგადოებამ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი დროულად არ შეავსო, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა და გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში კანონიერია.

33. რაც შეეხება მოპასუხე ფიზიკური პირის კერძო საჩივარს და მის არგუმენტს, რომ მას სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, საკასაციო სასამართლო ყოველივე აღნიშნულზე მოცემული კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს, რადგან განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია უშუალოდ ა. გ.–ის მიერ, რომელიც არის მხოლოდ მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენელი საქმის მასალებში არსებული მოპასუხე შპს-ს №1 ბრძანების საფუძველზე, როგორც კომპანიის იურისტი.

34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებებიდან ხარვეზის დადგენის შესახებ ირკვევა, რომ ა. გ.–ი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხე ფიზიკური პირის სახელით წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ განახორციელებდა, რადგან მან ვერ წარუდგინა სასამართლოს დოკუმენტი სამოქალაქო სპეციალიზაციით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მისი გაწევრიანების შესახებ. სსსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად კი, პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.

35. შესაბამისად, ა. გ.–ის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი ვერ ჩაითვლება მოპასუხე ფიზიკური პირის სახელით წარდგენილ დოკუმენტად. რაც შეეხება ამ უკანასკნელის კერძო საჩივრის არგუმენტებს, რომ არც პირადად და არც მის უფლებამოსილ წარმომადგენელს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარე უფლებამოსილია, აღნიშნულ საკითხებზე იდავოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების გზით.

36. რაც შეეხება მოპასუხე ფიზიკური პირის კერძო საჩივარს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

37. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

38. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს საქმის წარმოების უფლებამოსილება.

39. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოპასუხე ფიზიკური პირის სახელით წარმოდგენილი კერძო საჩივარი შეიტანა არაუფლებამოსილმა პირმა – ა. გ.–მა, რაც მოცემულ ნაწილში კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მოპასუხე საზოგადოების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხე ფიზიკური პირის კერძო საჩივარი კი დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ს. ს.–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე