საქმე № 330210015736277
საქმე №ას-1121-1077-2016 10 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ.-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. გ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ.-ს (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ სესხის ძირითადი თანხის – 50 000 აშშ დოლარის, სარგებლის – 6000 აშშ დოლარის, 2011 წლის 20 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0,05%-ის გადახდის შესახებ. მხარემ ასევე მოითხოვა, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისა და სხვა კრედიტორისაგან ისესხა 50 000 აშშ დოლარი ორი თვის ვადით ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვის პირობით. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,3%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება.
3. მხარემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ორი თვით გაგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მოსარჩელემ ვალდებულება სრულად არ შეასრულა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო. ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.
7. 2016 წლის 4 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, წარადგინა სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 10 დღით დარჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად იმ საფუძვლით, რომ დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა სახელმწიფო ბაჟის სახით გათვალისწინებული თანხის გადახდას, მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო.
8. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით ამ განჩინების ჩაბარებიდან.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 ივლისის განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა მხარის მეუღლეს 2016 წლის 1 აგვისტოს. განჩინებით დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზი არ შევსებულა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რადგან არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ, მართალია, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორს და ჩაბარდა მის მეუღლეს, თუმცა მხარე აღნიშნულ ზაფხულის პერიოდში იმყოფებოდა რაიონში, ტელეფონი გამორთული ჰქონდა და მეუღლემ სასამართლო გზავნილი მას ვერ გადასცა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა უნდა მიეცა აპელანტისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა, ასევე, სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.
17. მითითებული სასამართლოს განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ მისამართზე და ჩაბარდა მხარის მეუღლეს.
18. 2016 წლის 4 ივლისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, ხარვეზი გამოასწორა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენის ნაწილში, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით, აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ამასთან, აპელანტს საკუთარი რთული ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
19. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა დამატებით 10 დღით გაუგრძელდა. აღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა იმავე მისამართზე და კვლავინდებურად ჩაბარდა მის მეუღლეს.
20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.
21. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
22. კანონის მოცემული დანაწესის მიზანია, საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად გაამარტივოს მხარისათვის სასამართლო საპროცესო დოკუმენტების ჩაბარების წესი, რა დროსაც უფლებამოსილი პირის მიერ მხარის მისამართზე გამოცხადებისას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ხსენებული დოკუმენტები ჩააბაროს მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს. ასეთი პირი დაადასტურებს სასამართლო გზავნილისა თუ უწყების მიღების ფაქტს შესაბამის დოკუმენტზე ხელის მოწერით, რომელიც წარედგინება სასამართლოს. მართალია, ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტების მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პირის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და თავად კერძო საჩივრის ავტორმაც დაადასტურა, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტს გაეგზავნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს – მეუღლეს, რომელსაც მანამდე ჩაბარდა სააპელაციო პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებაც. ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს პირველი გზავნილი (2016 წლის 13 ივნისის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ) აპელანტს მეუღლემ გადასცა დასტურდება მხარის 2016 წლის 4 ივლისის განცხადებით, რომლითაც მან მოითხოვა დამატებითი საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
24. დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ არის კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ მეუღლემ, რომელმაც სასამართლო გზავნილი ჩაიბარა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარეს ვერ გადასცა აპელანტის რაიონში ყოფნის გამო.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო მის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობის თაობაზე, შესაბამისად, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა სასამართლოსათვის მითითებულ მისამართზე მის არყოფნას და იქ დარჩენილი ოჯახის წევრებთან კონტაქტის გაწყვეტას. ამასთან, მხარეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა რაიონში, ობიექტური გარემოების გამო, ვერ უკავშირდებოდა ოჯახის წევრებს და სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი კი, სსსკ-ის 102-ე და 215-ე მუხლების თანახმად, აპელანტს ეკისრებოდა.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს სასამართლო გზავნილის აპელანტის მეუღლისათვის ჩაბარება თავად აპელანტისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს.
27. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
28. შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 1 აგვისტოს მომდევნო დღიდან – 2 აგვისტოდან და ამოიწურა 2016 წლის 11 აგვისტოს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
29. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო პალატას უნდა გაეგრძელებინა მისთვის ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან ასეთი მოთხოვნით აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
30. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
31. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.
32. მოცემულ შემთხვევაში მხარეს ზემოაღნიშნული შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სადავო საპროცესო ვადას აპელანტს ვერ გაუგრძელებდა.
33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე