Facebook Twitter

საქმე №080210015001086244

საქმე №ას-1196-1156-2016 18 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ბ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.-ა“ (მოპასუხე), ც. გ.-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. ბ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. გ.-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.-ას“ (შემდგომში –მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხის, შეგებებული სარჩელის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო მოპასუხე ფიზიკურმა პირმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის გაუქმება და მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან სადავო ფართის გამოთხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ამხანაგობის საერთო კრების ოქმი, გაუქმდა საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც ძირითადმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

9. საქმის მასალებში წარმოდგენილი ტელეფონით შეტყობინების შესახებ აქტით დგინდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინების შესახებ სატელეფონო შეტყობინება ამავე წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს, რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია წერილობითი რწმუნებულებით (ს.ფ. 23).

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინებას კასატორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, რადგან იგი ეცნობა მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

13. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

14. განსახილველ შემთხვევაში მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2016 წლის 30 დეკემბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 4 იანვარს.

15. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

17. მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, საკასაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი