საქმე №ა-3480-ბ-10-2016 5 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - სს „ს-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შ. და მ. ხ-ეები
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. და მ. ხ-ეებმა (შემდგომში _ მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს ზიანის - 1182330 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით შ. და მარინე ხ-ეების განცხადება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირების შესახებ დარჩა განუხილველად. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის საოქმო განჩინებით, აპელანტების წარმომადგენელ რ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმის განხილვა მორიგების მიზნით გადაიდო 2017 წლის 18 იანვარს.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ს-ის“ წარმომადგენელმა შ. დ-ემ, მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა შპს „ს-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძვლად მხარე უთითებდა რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური წარმოადგენდა სს „ს-თან“ დაკავშირებულ პირს და მის მიერ მიღებული იქნებოდა მიკერძოებული გადაწყვეტილება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინების შესაბამისად, მოსამართლე ნინო ბაქაქური მიჩნეულ იქნა მიკერძოებულ პირად სს „ს-ის“ მიმართ, მხარემ მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო სს „ს-ის“ წარმომადგენელ შ. დ-ის განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა ის მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში (სსსკ 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად კი, მიიჩნევს იმას, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური წარმოადგენს სს „ს-თან“ დაკავშირებულ პირს. აღნიშნულის თაობაზე განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს #ა-525-ბ-3-2016 განჩინებით.
პალატა მოხმობილი პრეტენზიის ფორმალური საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე საკასაციო საჩივარი თავდაპირველად მოსამართლე ზ.ძლიერიშვილის წარმოებაში იმყოფებოდა. 2015 წლის 20 მაისს გამართულ სხდომაზე საქმეს იხილავდა სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომლის წევრსაც აგრეთვე წარმოადგენდა მოსამართლე ნ.ბაქაქური. სს „ს-მა“, მართალია, განსხვავებული საფუძვლით, თუმცა ისარგებლა სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის აცილების უფლებით, რაც საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. მოგვიანებით, მოსამართლე ზ.ძლიერიშვილის წარმოებაში არსებული საქმეთა სიმრავლის მოტივით წინამდებარე საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე ნ.ბაქაქურს, თუმცა, ის გარემოება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე ნ.ბაქაქური, მხარისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2015 წლის 20 მაისს, ამასთანავე, საკასაციო პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოების შესახებ მხარისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, რამდენადაც სს „ს-ს“ თავად წარმოადგენს, ხოლო თუკი მოსამართლე ნ.ბაქაქური მასთან დაკავშირებული პირი იყო, იგი, ბუნებრივია, უნდა სცოდნოდა განმცხადებელს, რაც სრულ შესაძლებლობას აძლევდა მას, ამ გარემოებაზე მითითებით ეშუამდგომლა მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე საქმის განხილვის იმ ეტაპზე (სსსკ-ის 29-ე-31-ე მუხლები).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამავე ნორმის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელს საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის საფუძველიც კი არ აქვს მითითებული, რომ არაფერი ითქვას განცხადების წარდგენის ერთთვიან ვადაზე (სსსკ-ის 426-ე მუხლი), რამდენადაც სწორედ ზემოთ განვითარებული მსჯელობა გამორიცხავს განცხადების წარდგენის ვადის ათვლის შესაძლებლობას მხარის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს #ა-525-ბ-3-2016 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეტყობიდან. პალატა დამატებით განმარტავს, რომ განცხადების განსახილველად დაშვების შესაძლებლობას გამორიცხავს #ა-525-ბ-3-2016 განჩინების იმგვარ ახალ გარემოებად მიჩნევაც, რომელიც მანამდე უცნობი იყო მხარისათვის, კერძოდ, სადავო საკითხის თუნდაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონტექსტში შეფასების შემთხვევაშიც კი, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას თავად უზენაესი სასამართლოს #ა-525-ბ-3-2016 განჩინების სამოტივაციო ნაწილზეც. ამ განჩინებით, მართალია, განმცხადებლის მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, თუმცა, მას საფუძვლად არა სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის მიერ საქმის განხილვა, არამედ, მომხსენებელი მოსამართლის ცვლილებისა და საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის შესახებ მხარის ინფორმირების წესის დარღვევა დაედო საფძვლად (იხ. სუსგ #ა-525-ბ-3-2016 , www.supremecourt.ge ).
გარდა ზემოაღნიშნულისა, განცხადების დასაშვებობის საფუძვლების შემოწმებისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის განჩინება არ წარმოადგენს საქმეზე შემაჯამაბელ გადაწყვეტილებას, ამ განჩინებით საკასაციო პალატამ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. იმ ვითარებაში, როდესაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, საკასაციო პალატის შეფასებით, მხარეს არ შეიძლება ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნდეს ზემოხსენებული განჩინების გაუქმების მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განცხადების დაუშვებლად ცნობის გამო განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს ამავე კოდექსის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განცხადების განუხილველად დატოვების გამო სს „ს-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 29.09.2016წ. #1448 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 399-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად მიჩნევის გამო დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს-ს“ (ს/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) მის მიერ 29.09.2016წ. #1448 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე