3გ-ად-13-კ-ს-03 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ო. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ო. ბ.-ის მოთხოვნას ჭიათურის რაიონის გამგეობის 2002წ. 9 მარტის გადაწყვეტილების “სასწავლო-საგანმათლებო ცენტრის შექმნის შესახებ" გაუქმებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო: ასევე უარი ეთქვა ო. ბ.-ის მოთხოვნას ამავე გამგეობის 2001წ. 25 აპრილის დადგენილების ¹44/4 გაუქმების შესახებ.
ო. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და აღდგენილ იქნა ჭიათურის რაიონის სასწავლო-საგანმანათლებო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ო. ბ.-ს ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 დეკემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ჭიათურის რაიონის გამგებლის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამარლოს ზემოაღნიშნული განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე პალატას.
საქმის სააპელაციო სასამართლოშიOდაბრუნების შემდეგ ო. ბ.-ის მიერ საოლქო სასამართლოში წარდგენილ იქნა სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით იმ მოტივით, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენდა სააპელაციო საჩივარს, ამასთან საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ესწრებოდა ო. ბ.-ე, რომელსაც განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და მისი მხრიდან დარღვეულ იქნა სსკ-ის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.
ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრებულ იქნა ო. ბ.-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
1. სააპელაციო სასამართლოს მიერ ისე ეთქვა ო. ბ.-ის შეგეგებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას უარი, რომ სასამართლომ არ განმარტა, რა განსხვავებაა სააპელაციო საჩივარსა და შეგებებულ სააპელაციო საჩივარს შორის. კანონი არ განმარტავს თუ რა სპეციალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ამდენად, მასზე ვრცელდება სსკ-ს 368-ე მუხლის ნორმები, რის გამოც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თავისი შინაარსით, არის ჩვეულებრივი სააპელაციო საჩივარი;
2. საოლქო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 379-ე მუხლი;
3. დავის საგანს წარმოდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ამდენად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯად დავას, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის განჩინებით იმ მოტივით, რომ ო. ბ.-ის მიერ კერძო საჩივარი შეტანილ იქნა სსკ-ს 416-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 27.09.02წ. განჩინება, რომლის შესაბამისადაც საქმე განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ამდენად, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საქმის განხილვისას გამოყენებულ და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპოროცესო კანონდებლობის მოთხოვნები.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებები, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს.
ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზიდან იკვეთება, ადმინისტრაციული კანონმდებლობა სავალდებულო წესით ითვალისწინებს მხარისათვის სასამართლო აქტის გადაცემას, რომელშიც სრულად იქნება მითითებული გასაჩივრების შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვისას გამოყენებული ვერ იქნება სსკ-ს 416-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმები, კერძოდ, კი განჩინების გამოცხადების მომენტი.
საქმეში წარმოდგენილია გზავნილი კერძო საჩივრის მხარისათვის გადაგზავნის თაობაზე, რაც შეეხება ჩაბარების ფაქტს, აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალებით, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ო. ბ.-ის კერძო საჩივარი დასაშვებია.
რაც შეეხება შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს და ამდენად, დაუშვებელია.
სსკ-ს 379-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგეგებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საქმის დაბრუნების შემდეგ სააპელაციო სასამართლო, ვალდებულია, საქმე განიხილოს ხელმეორედ, არსებითად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს, კანონმდებელი აძლევს თავისი უფლებების რეალიზაციის დამატებით საშუალებას, რის გამოც, საპროცესო ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეზღუდოს მხარის უფლებები.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და ექვემდებარება გაუქმებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ბ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;
2. ო. ბ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინება ო. ბ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და ამავე სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის განჩინება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.