Facebook Twitter

№ას-3-3-2017 31 იანვარი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი (მოსარჩელე) – თ. რ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები, კასატორები) – შპს „ს-ი“, შპს „ა-ი +“

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. რ-ამ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ი + -ისა“ და შპს -ის“ (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის 76 251 აშშ დოლარის, ასევე, პირგასამტხელოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადახდილი თანხის (76 251 აშშ დოლარის) - 0.3%-ის, ანუ 228.7 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება 2009 წლის 01 ივლისიდან 2014 წლის 01 დეკემბრამდე, რაც ჯამში შეადგენს - 14 865.5 აშშ დოლარს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:

- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 76251 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს - 14 865.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხეების საკასაციო საჩივრები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2017 წლის 30 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფა, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #... საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერება წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

8. განმცხადებლის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბერის გაჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ი.მ.ა. ,,ა-ი ''-ს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების: 1. მდებარე: ქ.თბილისი, ს-ის ქუჩა №..., სადარბაზო ..., სართული ..., ბლოკი ..., ბინა ..., ფართი - 83.03 კვ.მ., საკადასტრო კოდი ...; 2. ქ.თბილისი, ს-ის ქუჩა №..., სადარბაზო ..., სართული ..., ბლოკი ..., ბინა ..., ფართი - 64.04 კვ.მ., საკადასტრო კოდი ...-ის - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 იანვარს მას ჩაბარდა აღმასრულებლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე N... (კრედიტორი გ. დ-ა, მოვალე ი.მ.ა. „ა-ი“), კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსრულების მიზნით უნდა განხორციელდეს მოვალის ი.მ.ა. „ა-ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (წინამდებარე განჩინების მე-8 პუქტში მითითებული ქონების) რეალიზაცია. ამასთან, აღმასრულებელის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აუქციონი ჩანიშნული არაა.

10. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან მის სასარგებლოდ დაყადაღებულ ქონებაზე მიმდინარეობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება, საკასაციო სასამართლოს მიერ ამ აღსრულების შეჩერებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აზრს დაკარგავს, რადგანაც შემდგომში მისი აღსრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება. განმცხადებელი თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს სსსკ-ის 198.3 მუხლს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

12. მოსარჩელე მოითხოვს მისი სარჩელის უზრუნველყოფას, კერძოდ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #... საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას, რომელიც, თავის მხრივ, დაიწყო სხვა კრედიტორის განცხადების საფუძველზე და გულისხმობს იმ ქონების აუქციონზე რეალიზაციას, საიდანაც მომავალში უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული განცხადება წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას.

14. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.

15. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონების რეალიზაციის შეჩერება, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) დავა, რომლის გამოც უზრუნველყოფის ზომად ქონების რეალიზაციის შეჩერება გამოიყენება, აღძრული უნდა იყოს ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების თაობაზე და ბ) სახეზე არ უნდა იყოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. გარდა ამისა, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერებას ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან, რომლებზეც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

16. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოცემულ საქმეზე დავის საგანია თანხის დაკისრება, ამასთან, არც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაა შტანილი და არც აღსასრულებლად მიქცეულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა დავის საგანი, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი არ განეკუთვნება სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავათა კატეგორიას და მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა მითითებული საფუძლებით დაუშვებელია.

17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, ასევე, ვერ დაეფუძნება სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილს, ვინაიდან დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებშია შესაძლებელი სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების შეჩერება, შესაბამისად, აღსრულების შეჩერების (მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების) სხვა შემთხვევები ვერ განიხილება ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ „სხვა ღონისძიებად“ (იხ. სუსგ: №ას-1020-975-2013, 19.12.2013; Nას-881-843-2014, 25.12.2014; Nას-75-72-2016, 11.03.2016; Nას-975-939-2016, 26.10.2016).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 193-ე, 194.5-ე, 264.3-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. რ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი