Facebook Twitter

საქმე №ას-59-55-2017 13 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – მ. ქ-ის სარჩელის გამო, კ. ს-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, ასევე კ. ს-ის შეგებებული სარჩელის გამო, მ. ქ-ისა და გ. კ-ის მიმართ გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი და კასატორის წარმომადგენელ თ. ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგი.

საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ თ. ტ-ეს (იხ.რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.132) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 31 იანვარს ჩაბარდა მის მეუღლეს ნ. ლ-ეს (იხ.შეტყობინების ბარათი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2017 წლის 1 თებერვალს და ამოიწურა 2017 წლის 7 თებერვალს. კასატორის წარმომადგენელმა თ.ტ-ემ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით - 2017 წლის 8 თებერვალს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი არის პენსიონერი და მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო პენსიაა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე გ. კ-ისა და სხვათა მიმართ, კ. ს-ის საკუთრების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სადაც კ.ს-ე ცნობილია დაზარალებულად. ბრალი აღიარებულია და დარჩენილია მხოლოდ ფორმალური მხარე.

საკასაციო პალატა მოიშველიებს ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 23 იანვრის განჩინებაში გაკეთებულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარის გათავისუფლებისათვის აუცილებელია არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც პირი დაზარალებულად იქნება მიჩნეული. აღნიშნული მტკიცებულება კი, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ასევე, განუხილველად უნდა იქნას დატოვებული კასატორის წარმომადგენელ თ.ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, როგორც საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კ. ს-ის წარმომადგენელ თ. ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე