საქმე №ა-412-შ-10-2017 16 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ხ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – კ. მ. ლ-ჩ (ლ-ი)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქორწინება კ. მ. ლ-ჩსა და ხ. კ-ეს შორის დასრულდა ცოლქმრული ურთიერთობის გამოუსწორებლობის გამო. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა ალიმენტის დაკისრების საკითხი.
ხ. კ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილების, ასევე მისი სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის შესწავლით ირკვევა შემდეგი:
მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილის თაობაზე, ქორწინების რეგისტრაცია მოხდა თბილსში. ასევე, დგინდება, რომ წარმოდგენილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით, შუამდომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში ზუსტად მიეთითებინა მოწინააღმდეგე მხარის სახელი და სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა გადაწყვეტილებასა და შუამდგომლობაში მითითებული კ. მ. ლ-ისა და ქორწინების მოწმობაში მითითებული კ. მ. ლ-ის იდენტურობა.
2017 წლის 15 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა ხ. კ-ის წარმომადგენელმა ა. ნ-ემ და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად შუამდგომლობის გამოხმობასა და განუხილველად დატოვების თაობაზე. ამასთან, მოითხოვა მის მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტების დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. კ-ის წარმომადგენელ ა. ნ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობაა, შესაბამისად, ამ კატეგორიის საქმეებზე, სპეციალური კანონით დადგენილ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 83-ე მუხლი აზუსტებს მხარეთა საპროცესო უფლებებს და ნორმის პირველი ნაწილის ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით, ხოლო, 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს საქართველოს უზენაესი სასამართლო იხილავს ერთი ინსტანციის წესით, ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხ. კ-ის შუამდგომლობას დადგენილი აქვს ხარვეზი და არ არის მიღებული წარმოებში. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინაარმდეგე მხარის პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობა შუამდგომლობის გამოხომობასა და მის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი (მინდობილობა იხ. საქმეში) მოითხოვს რა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერტორიაზე ცნობის შესახებ მის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის გამოხმობას ისე, რომ უარს არ ამბობს მოთხოვნაზე, პალატა თვლის, რომ მხარის მოთხოვნა სრულად გამომდინარეობს დისპოზიციურობის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით დადგენილ პრინციპებთან, რაც განცხადების დაკმაყოფილების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ. კ-ის წარმომადგენელ ა. ნ-ის განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. კ-ის წარმომადგენელ ა. ნ-ის განცხადება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ხ. კ-ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის უმაღლესი სასამართლოს 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე