საქმე №ას-708-677-2014 9 დეკემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“, ა. ჯ-ე (მოპასუხე)
კასატორი – ა. ჯ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდგომში _ მოსარჩელე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ისა“ (შემდგომში _ საწარმო, ან მოპასუხე) და მისი დირექტორის _ ა. ჯ-ის (შემდგომში _ საწარმოს დირექტორი ან მოპასუხე) მიმართ მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 924 593 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე საწარმოს საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დაერიცხა ძირითადი გადასახადის _ 403 348 ლარის გადახდა. აღნიშნული გადასახადის დარიცხვის კანონიერება სადავო გახადა მოპასუხე საზოგადოებამ, თუმცა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საწარმოს დირექტორმა თავი აარიდა გადასახადის გადახდას, რის გამოც, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. დარიცხული გადასახადი გაიზარდა და იგი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის შეადგენდა 924 593 ლარს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენი არ არის საბოლოო და შეიძლება შეიცვალოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, განაჩენით დადგენილ გარემოებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს, ამასთანავე, გამორიცხულია იურიდიული პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, რაც მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გამორიცხავს. რაც შეეხება დირექტორს, იგი არ წარმოადგენს სოლიდარულად ვალდებულ პირს. უდავოა, რომ საწარმოსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა სასამართლო დავა, რის გამოც ამავე მხარეებს შორის, ამავე საგანზე კვლავ საქმის წარმოება დაუშვებელია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა საწარმოს დირექტორისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე დირექტორს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 403 348 ლარის ანაზღაურება.
6. კასატორების მოთხოვნა:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.2. ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე დირექტორმაც, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მას სოლიდარულად დაეკისრა 403 348 ლარის გადახდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის გამო, შპს „ჯ-ის“ მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა შეწყდეს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა ა. ჯ-ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თავის მხრივ, ამავე ნორმის შემდგომი ნაწილებით გათვალისწინებულია თუ რა ჩაითვლება კანონის დარღვევად, კერძოდ, მატერიალური სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება-განმარტება ან საპროცესო წესების მხოლოდ იმგვარი დარღვევა, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
1.2. განსახილველი დავის საგანს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, რომლის ფაქტობრივ საფუძვლადაც მოსარჩელე მიუთითებს შემდეგს: საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე შპს „ჯ-ს“ გადასახდელად დაეკისრა 403 348 ლარი. დარიცხვის კანონიერება დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ. სარჩელის თანახმად, ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების აუნაზღაურებლობის გამო გადასახდელმა თანხამ სასამართლოსათვის მიმართვის ეტაპზე 924 593 ლარი შეადგინა, შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა ამ თანხის, როგორც საწარმოსათვის, ისე მისი იმდროინდელი დირექტორისათვის სოლიდარულად დაკისრება.
1.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხე დირექტორს სოლიდარულად დააკისრა გადასახადის დარიცხვის აქტით გათვალისწინებული თანხა. თავის მხრივ კი, სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები:
1.3.1. 2009 წლის 11 სექტემბრის #... საგადასახადო დავალებით შპს „ჯ-ს“ გადასახდელად დაეკისრა 572 594 ლარი. დარიცხვის აქტი მიჩნეულ იქნა კანონიერად, როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე _ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით, რის შედეგადაც საწარმოსათვის დარიცხული თანხა გახდა აღიარებული გადასახადი;
1.3.2. საზოგადოების იმდროინდელმა დირექტორმა 45 სამუშაო დღეში არ გადაიხადა აღიარებული გადასახადი, რის გამოც მის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განაჩენით საწარმოს დირექტორი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
1.3.3. საწარმოსათვის დარიცხული დავალიანების ამოღების მიზნით, აღსრულების ბიუროს მიერ რეალიზებულ იქნა საზოგადოების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, ამოღებულმა თანხამ შეადგინა 44 521 ლარი. 2009 წლის 10 სექტემბრიდან 2013 წლის 22 ოქტომბრამდე საწარმომ დავალიანების დაფარვის მიზნით ჩარიცხა 123 497,07 ლარი.
1.4. სსიპ შემოსავლების სამსახური სადავოდ ხდის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე საწარმოს სოლიდარულად არ დაეკისრა თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ანაზღაურება და ძირითად პრეტენზიას გამოთქვამს სასამართლოს მხრიდან მატერიალური/საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევის თაობაზე. რაც შეეხება ა.ჯ-ეს, მის საკასაციო პრეტენზიას ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, საწარმოსათვის დაკისრებული თანხის გადაუხდელობის გამო, დირექტორისათვის ამავე თანხის სოლიდარულად დაკისრების კანონიერება წარმოადგენს, ამასთანავე, ა.ჯ-ემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა, რომელიც იმ დასაბუთებას ემყარება, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, კომპანია გათავისუფლდა 2011 წლამდე წარმოშობილი ვალდებულებისაგან, რაც აისახა სსიპ შემოსავლების სამსახურის შედარების აქტში და კომპანიას აღარ ერიცხება დავალიანება, რომლის სოლიდარულად ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე.
1.5. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის პრეტენზიას ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ საწარმოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილია სამოქალაქო საქმეთა უწყებრივი დაქვემდებარება სასამართლოსადმი და კანონი პირდაპირ განსაზღვრავს დავათა იმ კატეგორიას, თუ რომელი მათგანი შეიძლება განიხილოს სასამართლომ ამ კოდექსით დადგენილი წესით. მოხმობილ ნორმაში მითითებული არც ერთი დანაწესი სამეწარმეო სუბიექტის (გადასახადის გადამხდელი) მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმის განხილვას არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ წინაპირობებს, სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, ადგენს დელიქტური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრულია დელიქტური ვალდებულების უზოგადესი წესი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და იგი საგადასახადო კანონმდებლობის (საჯარო სამართლის სფერო) საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას, ასევე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული საურავის ანაზღაურებას არ არეგულირებს, არამედ, მითითებული საკითხის მოწესრიგება სრულად ექცევა საგადასახადო კოდექსით დადგენილი რეგულაციის ფარგლებში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალინების, ასევე, დარიცხული სანქცია-საურავების გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებისა თუ ამ თანხის ამოღების მიზნით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების კანონიერების სამოქალაქო წესით შემოწმების წინაპირობები ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებს.
1.5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის. წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობისა და ზემოხსენებული ნორმის დისპოზიციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელზე შპს „ჯ-ის“ მიმართ ზიანის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უნდა შეწყდეს, შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, ვინაიდან აღარ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის განხილვის საგანი, საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე.
1.5.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
1.6. რაც შეეხება ა. ჯ-ის საკასაციო პრეტენზიას მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს მას და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
1.6.1. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ხსენებულ ნორმათა ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც შედეგად ზიანის დადგომა მოჰყვა. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტში აღინიშნა, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა-შესრულების საკითხი სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის არ შეიძლება დელიქტური პასუხისმგებლობის ფარგლებში იქნას განხილული, შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის თანახმადაც ა.ჯ-ე წარმოადგენდა ზიანის მიყენებაში სოლიდარულად ვალდებულ პირს, ხაზგასმით არ იზიარებს საკასაციო სასამართლო.
1.6.2. პალატა აქვე მოიხმობს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელების განხილვისას, გამოიყენება სსსკ-ის XXXIV3 დადგენილი ნორმები. ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920 მუხლის მეორე ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის მთავარი ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).
1.6.3. მოცემულ საქმესთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ა.ჯ-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობასა და მასზე დართულ შედარების აქტს და არ იზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიციას ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით (სსიპ შემოსავლების სამსახურმა წერილობით დაადასტურა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შპს „ჯ-ის“ ბარათზე განხორციელდა ბიუჯეტის წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება, ანუ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შეცვლილია დავის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მოსარჩელემ ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30916, 30917, 30919 მუხლებით მინიჭებული უფლებით და მიმართა სასამართლოს, ამასთან, გარემოებათა შეცვლის მიუხედავად მოპასუხე მხარეს სამოქალაქო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს დაკისრებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება). პალატა განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ჯ-ეს სოლიდარულად დაეკისრა პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, კანონიერ ძალაში არ არის შესული და მისი საფუძვლიანობა სადავოდ გახადა ორივე მხარემ, შესაბამისად, მას სავალდებულო ძალა არ გააჩნია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, ამდენად, საკითხის განხილვის დამაბრკოლებელი ვერ გახდება ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სისხლის სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ მართლმსაჯულების აქტებს, პირველ შემთხვევაში, დადგინდა ა.ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ საგადასახადო ორგანოს აქტის კანონიერება, რომლითაც შპს „ჯ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდხდის ვალდებულება.
1.6.4. პალატა მიუბრუნდება შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივნისის ცნობასა და გადასახადის გადამხდელის შედარების აქტს, რომელთაგან პირველით ირკვევა, რომ შპს „ჯ-ის“ მიმართ განხორციელდა პირადი აღრიცხვის ბარათების კორექტირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეორე დოკუმენტის თანახმად, 02.01.2016-07.07.2016წ. საანგარიშო პერიოდის დასრულების დროისათვის შპს „ჯ-ს“ დავალიანება არ ერიცხება. ამ მტკიცებულებათა შეფასების მიზნით (მტკიცებულებებში მითითებული ფაქტები უდავოა) პალატა მოიშველიებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე, ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).
1.6.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დაკორექტირებულია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი და აღარ არსებობს დავალიანება, მიუხედავად სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა, არ არსებობს ა. ჯ-ისათვის ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, რადგანაც სახელმწიფომ ნებაყოფლობით უარი განაცხადა იმ თანხის (დავალიანების) ამოღებაზე, რომლის გადახდის ვალდებულებაც ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წარმოიშვა.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა.ჯ-ის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი შეადგენს 6 000 ლარს, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გათავისუფლებულია ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურს, ა. ჯ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯის _ 6 000 ლარის ანაზღაურება, რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
3. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება:
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ა. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებს: „შევროლე ტრეკერი“, სახელმწიფო ნომრით B... (გამოშვების წელი1998 წელი, შავი ფერის, VIN:...); „მერსედეს-ბენცი“ E200 (გამოშვების წელი 1996 წელი, ფერი წითელი 7/8, სახელმწიფო ნომრით J..., VIN:...); „ოპელ ვექტრა 1.61“, სახელმწიფო ნომრით B... (გამოშვების წელი 1994, წითელი ფერის, 7/8, VIN:...), ასევე, ა. ჯ-ის კუთვნილ 33%-იანი წილს შპს „თ-აში“ (ს/კ ...).
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მოცემულ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა რა სარჩელი/ნაწილობრივ შეწყდა საქმის წარმოება სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე, პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 1991, 272-ე, 273-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის გამო, შპს „ჯ-ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს „ჯ-ისათვის“ 924 593 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, გაუქმდეს ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.
5. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი ა. ჯ-ის მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ა. ჯ-ისათვის 924 593 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დაუშვებელია.
7. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს ა. ჯ-ის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები: „შევროლე ტრეკერი“, სახელმწიფო ნომრით B... (გამოშვების წელი 1998 წელი, შავი ფერის, VIN:...); „მერსედეს-ბენც“ E200 (გამოშვების წელი 1996 წელი, ფერი წითელი 7/8, სახელმწიფო ნომრით J..., VIN:...); „ოპელ ვექტრა 1.61“, სახელმწიფო ნომრით B... (გამოშვების წელი 1994, წითელი ფერის, 7/8, VIN:...), ასევე, ა. ჯ-ის კუთვნილი 33%-იანი წილი შპს „თ-აში“ (ს/კ ...).
8. სსიპ შემოსავლების სამსახურს (ს/#...) ა. ჯ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის ანაზღაურება.
9. სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
10. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე