Facebook Twitter

№ა-2346-შ-58-2016 22 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ. ჯ-ი ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჯ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – იტალიის პოჯიბონსის კომუნას სიენას რიგითი სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – შვილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. იტალიის პოჯიბონსის კომუნას სიენას რიგითი სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოხდა შვილება (შვილად აყვანა) მ. ჯ-ის (მშვილებელს) და ხ. ჟ-ს (შვილად ასაყვანს) შორის.

2. ხ. ჯ-ი ჟ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. მოგვიანებით, შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მშვილებლის გარდაცვალების შესახებ ცნობა, თუმცა სასამართლომ საქმეზე წარმოების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რადგან, როგორც იტალიის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დგინდება, მშვილებელს კანონით მემკვიდრეები არ ჰყავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. დადგენილია, რომ იტალიის პოჯიბონსის კომუნას სიენას რიგითი სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოხდა შვილება (შვილად აყვანა) მ. ჯ-ის (მშვილებელს) და ხ. ჟ-ს (შვილად ასაყვანს) შორის.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია გადაწყვეტილების გამომტან ქვეყანაში. გადაწყვეტილების მიხედვით, საქმის განხილვას საფუძვლად დაედო მშვილებლის განცხადება, რომელიც სასამართლოში წარმოდგენილი იყო წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სასამართლო სხდომაზე მიღებულ იქნა მშვილებლისა და შვილად ასაყვანის ერთობლივი თანხმობა, აგრეთვე, შვილად ასაყვანის დედის თანხმობა. გადაწყვეტილებით ასევე ირკვევა, რომ მშვილებელს მემკვიდრეები არ ჰყავს, ხოლო შვილად ასაყვანი სარგებლობს, როგორც ეკონომიკური, ასევე, მორალური უფლებებით (მოტივებით).

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, ამიტომ შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს იტალიის პოჯიბონსის კომუნას სიენას რიგითი სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. ჯ-ი ჟ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას იტალიის პოჯიბონსის კომუნას სიენას რიგითი სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა შვილება (შვილად აყვანა) მ. ჯ-ის (მშვილებელს) და ხ. ჟ-ს (შვილად ასაყვანს) შორის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი