15 ნოემბერი, 2016 წელი,
№ას-919-885-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა.ზ.
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ-ყ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ.ბ-ყ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ....... ქუჩების გადაკვეთა (ნაკვ: 28/1), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - ........ ა.ზ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, არსებული დავალიანების - 5 667 აშშ დოლარის გადახდა ქირის სახით. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ამხანაგობა “.....“-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისში, ..... ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვ:28/1), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - .......
2. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 23 დეკემბერს.
3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით ვ.ყ. (შემდეგში: უფლებამონაცვლე) ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტით დადგენილ სამართალურთიერთობაში.
4. მოსარჩელემ და მისმა უფლებამონაცვლემ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და ამხანაგობა „.....“-ის არსებულ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა.
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით, განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისში, ...... ქუჩების გადაკვეთაზე (ნაკვ: 28/1), მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - .......
6. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შეგებებული სარჩელის ავტორმა (მოპასუხემ).
7. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად უთხრა თუ არა სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს უარი საჩივრის განსახილველად დაშვებაზე. ამ თვალსაზრისით საქმის მასალებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:
9.1. სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განჩინებაზე მისი გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
9.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 6 მაისის განჩინებით საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რომლის თანახმადაც, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა 5 (ხუთი) დღით და მასვე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.
9.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გაგრძელდა 5 (ხუთი) დღით.
9.4. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაიბარა 2016 წლის 21 ივლისს, შესაბამისად, საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსება 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით შეეძლო.
9.5. სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ გზავნილის ჩაბარების შემდგომ საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილისა და 368-ე მუხლის საფუძველზე მართებულად დაუნიშნა საჩივრის ავტორს ხარვეზი, რომელიც, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 21 ივლისს, საპროცესო ვადა, რომლის დენა ამავე წლის 22 ივლისს დაიწყო, ამოიწურა 26 ივლისს, სამუშაო დღეს (სსსკ-ის 60.2).
11. უდავოა, რომ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სსსკ-ის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის, 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 1971, 257-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ზ–ს საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : მზია თოდუა
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი